ნინო ანანიაშვილი

30 წელი დიდ სცენაზე

0 კომენტარი

The most important ballerina of her generation – ასე მოიხსენებენ ნინო ანანიაშვილს პრესტიჟული დასავლური გამოცემები. მისი კარიერა 1981 წელს, მოსკოვის ბოლშოიში დაიწყო. მას შემდეგ იგი მსოფლიოს თითქმის ყველა პრესტიჟული თეატრის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მოცეკვავეა. თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბალერინა წელს საბალეტო კარიერის ოცდაათი წლისთავს თბილისში, მსოფლიოს სხვადასხვა თეატრებიდან მოწვეულ მეგობრებთან ერთად აღნიშნავს.

საიუბილეო დღეებთან დაკავშირებით, მარტის თვეში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი: კულტურის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნება ექსპოზიცია. გამოფენა ერთ კვირას გასტანს და მასზე წარმოდგენილი იქნება პრიმაბალერინას სასცენო კოსტიუმები, აქსესუარები, სხვადასხვა პრესტიჟული გამოცემები, რომლის ყდაზეც ნინო ანანიაშვილია გამოსახული. გარდა ამისა, იგეგმება მოცეკვავის ახალი ფოტოალბომის პრეზენტაცია (შემდგენელი და რედაქტორი ილია თავბერიძე).

16 მარტს, რუსთაველის თეატრში ერთმოქმედებიანი ბალეტების საღამო გაიმართება. ამ დღისთვის იგეგმება ფრედერიკ ეშტონის „მარგარიტა და არმანის” ჩვენება, რომელშიც მთავარ პარტიებს ნინო ანანიაშვილი და ვასილ ახმეტელი შეასრულებენ; ასევე ესტონელი ქორეოგრაფის – ტეეტ კასკის დადგმაც. ამ უკანასკნელს საქართველოში უკვე იცნობენ: გასული წლის სექტემბერში მან თბილისური

დასისთვის ოთარ ჭილაძის პოემის „სინათლის წელიწადის” მიხედვით ერთმოქმედებიანი ბალეტი „უფრთოდ ფრენა წყვდიადში” დადგა.

ალექსანდრე დიუმა-უმცროსის რომანის „ქალი კამელიებით” მიხედვით შექმნილი „მარგარიტა და არმანი” ინგლისელმა ქორეოგრაფმა, ფრედერიკ ეშტონმა, 1963 წელს ლონდონის კოვენტ გარდენში ლეგენდარული წყვილისთვის – რუდოლფ ნურიევისა და მარგო ფონტეინისთვის – შექმნა. მას შემდეგ, მთავარი პარტიების ცეკვის უფლება თითქმის ორმოცი წლის განმავლობაში არავისთვის მიუციათ. ხელმეორედ ეს ბალეტი მხოლოდ 2000 წელს, პარიზის ოპერა გარნიეს სცენაზე დაიდგა. წამყვანი როლების შესრულება ნურიევის საყვარელ მოცეკვავეს – სილვი გილემსა და პარიზის ნაციონალური ბალეტის პრემიერს – ნიკოლა ლე რიშს მიანდეს. ნინო ანანიაშვილი მესამე ბალერინაა, ვისაც მარგარიტას პარტიის ცეკვის პატივი ერგო, მისი დებიუტი ამ როლში 2008 წელს, თბილისში შედგა.

საიუბილეო დღეები 18 მარტს, თბილისის საკონცერტო დარბაზში გამართული გალაკონცერტით დასრულდება. საღამოს პირველ ნაწილში წარმოდგენილი იქნება იური პოსოხოვის მიერ ფელიქს მენდელსონის პირველ სიმფონიაზე დადგმული ბალეტი „ანარეკლი”. ნაწარმოები ქორეოგრაფმა 2005 წელს, სან ფრანცისკოს საბალეტო დასისთვის დადგა და მას ქართველი მაყურებელი თბილისში პირველად იხილავს.

გალაკონცერტის მეორე ნაწილში წარმოდგენილი იქნება პა დე დეები და მინიატურები სხვადასხვა ბალეტებიდან. მათ ნინო ანანიაშვილთან და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა თეატრებიდან ჩამოსული მოცეკვავეები შეასრულებენ.

18 მარტს თბილისში ამერიკული ბალეტის თეატრის (ABT) პრემიერი, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ქარიზმატული მოცეკვავე – ანხელ კორელა იცეკვებს. მან ქართველ მაყურებელს 2010 წელს, ვახტანგ ჭაბუკიანის საიუბილეო საღამოზე შესრულებული ორი ნომრით დაამახსოვრა თავი. ანხელ კორელა, ისევე როგორც საღამოს კიდევ ერთი ვარსკვლავი – ხოსე მანუელ კარენიო, წლების მანძილზე უწევდა ანანიაშვილს პარტნიორობას ამერიკული ბალეტის თეატრში. ამავე თეატრიდან მოიწვევენ მარია

რიჩეტოსა და ბლეინ ჰოვენის.

გალაკონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა თეატრებში მოღვაწე ქართველი მოცეკვავეები: ლონდონის სამეფო ბალეტის პრემიერი დავით მახათელი, ინგლისის ნაციონალური ბალეტის პრიმაბალერინა ელენე გლურჯიძე. ამერიკიდან ჩამოდიან ჯოფრი ბალეტის სოლისტები თემურ სულუაშვილი და ვიქტორია ჯაიანი.

მოსკოვის ბოლშოის დიმიტრი გუდანოვი და ევგენია ობრაზცოვა წარმოადგენენ. პეტერბურგის თეატრ მარიინსკის ყოფილი ბალერინა, ევგენია ობრაზცოვა, მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, რამდენიმე საბალეტო კონკურსის ლაურეატი და ტიტულოვანი მოცეკვავეა. ამასთან, ის პირველი ბალერინაა, რომელსაც ნინო ანანიაშვილმა 2008 წელს, მისი და ფრანგი იუველირის, ჟილბერ ალბერის დაწესებული პრემია „ვარსკვლავი” გადასცა. გალაკონცერტზე, ანხელ კორელასთან ერთად იცეკვებს ესპანეთის კორელა ბალეტის სოლისტი, მომოკო ჰირატა და თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოცეკვავე – უკრაინელი დენის მატვიენკო. მონაწილეები პრიმაბალერინამ პირადად მოიწვია. სტუმრებს შორის იქნებიან ისინიც, ვისთანაც ანანიაშვილს კარიერის საუკეთესო წლები აკავშირებს: პირველი პარტნიორი – ანდრის ლიეპა, დასთან, ილზე ლიეპასთან ერთად. ასევე მისი მოსკოველი მეწყვილეები – ალექსეი ფადეეჩევი და სერგეი ფილინი.

„საიუბილეო თარიღების აღნიშვნის გამოცდილება, შეიძლება ითქვას, რომ, გარკვეულწილად, დამიგროვდა. თუმცა, წლევანდელი საღამოები მაინც განსაკუთრებული, სულ სხვა მნიშვნელობის მოვლენა იქნება ჩემს ცხოვრებაში. ოცდაათი წელი სცენაზე მართლაც რომ არაა ცოტა და თანაც, ამ თარიღს სამშობლოში აღვნიშნავ. განსაკუთრებით მახარებს, რომ გალაკონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ის ადამიანები, რომლებთანაც დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს სცენაზე. ჩამოვლენ ისინიც, ვინც ცეკვას თავი დაანება, მაგრამ ჩვენი შემოქმედებითი და მეგობრული ურთიერთობები კვლავ გრძელდება”.

რას იცეკვებენ ანანიაშვილის მეგობრები თბილისში და ვინ გაუწევს მას პარტნიორობას გალაკონცერტზე, ორგანიზატორები ამ დრომდე არ ახმაურებენ. თუმცა თავად პრიმა ბევრ სიურპრიზს ჰპირდება მაყურებელს: „ასეთ დღესასწაულებს გარკვეული სევდა ყოველთვის ახლავს თან. მრგვალი თარიღები გვახსენებს კიდეც, რომ პროფესიული კარიერა ბალეტში ხანმოკლეა. თუმცა მე ვაგრძელებ ცეკვას და სამომავლო გეგმებიც მაქვს. ამას სწორედ იმ ადამიანების თანადგომით ვახერხებ, რომლებიც მთელი ჩემი კარიერის მანძილზე თვალს ადევნებენ ჩემს მოღვაწეობას, ჩემთან ერთად უხარიათ ჩემი ყოველი წარმატება: ეს უპირველესად მაყურებელია. გალაკონცერტი კიდევ ერთხელ მომცემს საშუალებას უდიდესი მადლიერება გამოვხატო მათ მიმართ. ამიტომ დავთანხმდი მეგობრების წინადადებას სასცენო მოღვაწეობის 30 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით. ვნახოთ, როგორი ზეიმი გამოვა. ზოგიერთ რამეს სიურპრიზად დავტოვებ. ვეცდები, ამჯერადაც სასიამოვნო საღამო გაჩუქოთ”.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები