გამოფენა

საფეხური. ალექსანდრე რეხვიაშვილი

0 კომენტარი

ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თანამედროვე ხელოვნების ცენტრმა თბილისმა კინორეჟისორ ალექსანდრე რეხვიაშვილის შემოქმედებას მიუძღვნა. ფართო აუდიტორიისათვის უცნობი მისი ფერწერული ნამუშევრების, კოლაჟებისა და ესკიზების გვერდით, პლაზმებზე დემონსტრირებული თუ უშუალოდ თეთრ კედლებზე ერთდროულად პროეცირებული ხუთი მხატვრული ფილმისაგან შემდგარი უჩვეულო ექსპოზიცია ერთგვარი ექსპერიმენტია. ის მაყურებელს ალტერნატიულ სივრცეში ამ თვითმყოფადი ხელოვანის მხატვრული სამყაროს აღქმის შესაძლებლობას სთავაზობს.

ფრაგმენტი ალექსანდრე რეხვიაშვილის ძველი ინტერვიუდან: „ყოველთვის ვიღებ რაიმე ამბავს, რომელშიც, რაღაც მორალური კონცეფციის გარდა, არის ფორმისადმი პიროვნული დამოკიდებულება. მე ყოველთვის ვანგრევ სიუჟეტს. < ... > ფორმალურ მხარეს ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ახალი ფორმა ძველი, ტრადიციული კონცეფციის უხილავ მხარეს წარმოაჩენს. როგორც კუბიზმში. კუბიზმი არის საგნის აღქმა ერთდროულად რამდენიმე წერტილიდან. ვცდილობ იგივე გავაკეთო კინოში – უხილავი მხრიდან დავინახო ნივთები და მოვლენები, და ამის მიღწევას მინიმალური საშუალებებით ვცდილობ...”

გამოფენის ორგანიზატორებმა კინოხელოვანის შემოქმედების პრეზენტაციის მოულოდნელი ფორმა აირჩიეს. ამან დაინტერესებულ მაყურებელს ოცდღიანი ექსპერიმენტის განმავლობაში „ერთდროულად რამდენიმე წერტილიდან დაანახა” ალექსანდრე რეხვიაშვილის ფილმების ენობრივი სტრუქტურის თავისებურებანი.

ეს გამოფენა, რომელიც 1 მარტამდე გაგრძელდება, საბაბია კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ალექსანდრე რეხვიაშვილი გამორჩეული მოვლენაა ქართულ კინოში; შეიძლება ითქვას, უნიკალურიც კი – როგორც რეჟისორის ეთიკით, ისე პოეტიკით.

ალექსანდრე რეხვიაშვილის ორი მოკლე („ნუცა”, „მწვანე მდელო”), ოთხი სრულმეტრაჟიანი მხატვრული („XIX საუკუნის ქართული ქრონიკა”, „გზა შინისაკენ”, „საფეხური”, „მიახლოება”) და ხუთი დოკუმენტური („აღთქმული მიწა”, „სამკუთხა წრეში”, „რუსული პალესტინა”, „უკანასკნელნი”, „იგორ სანოვიჩი. ესკიზები პორტრეტისათვის”) ფილმი და მაღალი პროფესიონალიზმით აღბეჭდილი საოპერატორო ნამუშევრები (გიორგი შენგელაიას „ალავერდობა”, ელდარ შენგელაიას „მიქელა”, ლეილა გორდელაძის „ძაღლი”) განსაკუთრებული ელვარებით ამდიდრებენ ქართულ კინოს.

„კინემატოგრაფს უშუალო კავშირი აქვს იმ რეალობასთან, რომელშიც ცხოვრობ. ძალიან ახლოს და ღრმად უნდა იცნობდე იმ გარემოს, რომელსაც იღებ. ერთადერთი ადგილი, სადაც ქართული ფილმების გადაღება შეიძლება, საქართველოა. < ... > საკუთარი ნიადაგიდან მოწყვეტა კინემატოგრაფში სავალალო შედეგის მეტს ვერაფერს მოიტანს. < ... > „ვგიკი” რომ დავამთავრე, მოსკოვში დარჩენა და მუშაობა შემომთავაზეს. საბედნიეროდ, კარგი ურთიერთობა მქონდა შესანიშნავ ადამიანთან და დიდ კინორეჟისორთან მიხეილ კალატოზოვთან. რჩევა ვკითხე: გერასიმოვი მოსკოვში დარჩენას მთავაზობს და როგორ მოვიქცე-მეთქი. იქაურ კინემატოგრაფიულ ცხოვრებაში ღრმად ჩახედულმა დაუფიქრებლად მიპასუხა: აქ არ დარჩე, საქართველოში წადიო. მეც უყოყმანოდ დავემორჩილე და საქართველოში წამოვედი. ამისთვის სიცოცხლის ბოლომდე მადლიერი ვიქნები მისი, იმიტომ რომ ჩემი შეხედულებებით კინოზე და ცხოვრებაზე იქ ვერასოდეს ვერაფერს გადავიღებდი...”

ალექსანდრე რეხვიაშვილის ფილმების საფუძველი ქართული სინამდვილეა – ირონიული დრამები აბსურდის ელემენტებით, რომლებიც განსხვავებულად წარმოაჩენს ქართულ სინამდვილეს და ხასიათს. მან შექმნა გრძნობით აღქმული და შემდეგ გონებით მკაცრად ჩამოყალიბებული, უაღრესად პიროვნული სამყარო, ჩამოაყალიბა პოეტურ-მეტაფორული კინოს კანონებზე აგებული საკუთარი მხატვრული სისტემა. მარტივ ფაბულაზე, იგავური განზოგადების პრინციპით აგებულ მის ფილმებში მთავარი ამბავი კი არა, პოეზიის კანონებით ამ ამბის თხრობაა, რომ კინემატოგრაფიული მხატვრული სახეების მეშვეობით ხილული გახადოს ის, რასაც მის გარეშე, ვერასოდეს დავინახავდით.

მის ფილმებში არ არის კონკრეტული დრო და ადგილი. ყოფითი დეტალებისაგან განტვირთულ, „გაუცხოებულ” სამყაროში ყოველი ნივთი, პერსონაჟი და თვით გარემო ფილმის იდეის გამოხატვას ემსახურება. შეუთავსებელ ნივთთა ერთობით ახალი რეალობის შექმნა და მოვლენათა ფარული არსის წარმოჩენა, თხრობის ასკეტური მანერა, ძუნწი დიალოგები, შენელებული, შეუმჩნევლად მფეთქავი შინაგანი რიტმი, გამოსახულების ფოტოგრაფიულობა ქმნის რეხვიაშვილის სტილის თავისებურებას, რომლის სრულყოფა რეჟისორმა თავისი შემოქმედების ესთეტიკურ პრინციპად აქცია.

კიდევ ერთი ფრაგმენტი ძველი ინტერვიუდან: „ხელოვნების ნაწარმოებში ყოველთვის მჟღავნდება მისი ავტორის სოციალური პოზიცია. ყველა მხატვრული ფილმის გადაღება საბჭოთა იდეოლოგიური წნეხის პირობებში მომიხდა. ცენზურის გამო არსებობდა უხილავი ბარიერი, რომლის იქით გასვლა იკრძალებოდა. ფილმებს ამ ბარიერის გათვალისწინებით ვიღებდი, ისე, რომ მისი გადალახვა არ მიცდია, ბევრი რამ განზრახ არ განვახორციელე, ამიტომაც ყველა ჩემი ფილმი დაუსრულებელ ესკიზებად მიმაჩნია... შემდეგ ეს დაუსრულებლობა, სათქმელის ბოლომდე ართქმა ჩემი სტილის განუყოფელი ელემენტი გახდა...”

ალექსანდრე რეხვიაშვილის ფილმების ერთ-ერთი თემა, საქართველოს რთული ისტორიაა. რეჟისორის ფილმების უმეტესობის სიუჟეტი ძალადობის ირგვლივ იკვრება. თუმცა ყველაზე სახიფათო მისთვის სულიერი ძალადობაა, რომელიც სახეს იცვლის და სხვადასხვა დროში სხვადასხვაგვარად ვლინდება. ხელოვანს სწორედ ამ ძალადობასთან პირისპირ მდგომი ადამიანი აინტერესებს, უფრო ზუსტად, მისი რეაქცია ძალადობაზე და სულიერი გზა, რომელსაც ამ უთანასწორო დაპირისპირების პროცესში გაივლის.

უპატრონო და მიუსაფარი, ღვთის ნებას დამორჩილებული ნუცასთვის („ნუცა”) ძალადობა გარდუვალი ბედისწერაა, რომელსაც ის უდრტვინველად ემორჩილება. გამოსავალს ამ ცხოვრებიდან ნებით წასვლაში პოულობს. სტუდენტი ნიკო („XIX საუკუნის ქართული ქრონიკა”) ბიუროკრატიის უსამართლობასთან შეჯახებისას სოფლის ქომაგის გზას ირჩევს. ფილმში „გზა შინისაკენ” ძალადობა ანთიმოზს თვალს უხელს ცხოვრებაზე და საკუთარი თავის შეცნობაში ეხმარება. ეს არის გზა საკუთარი თავისაკენ, რომელიც რეჟისორს ადამიანის ერთადერთ ჭეშმარიტ გზად მიაჩნია; ფილმში „საფეხური” ძალადობა სულიერი დახუთულობის ფორმით ვლინდება. ალექსის გადაწყვეტილება ძველი ცხოვრებიდან წასვლის შესახებ არის პირველი ნაბიჯი, პირველი საფეხური ახალი ცხოვრების დაწყების გზაზე. ნამუშევარში „მიახლოება”, სადაც სიუჟეტი ნანგრევებად ქცეული სახლის გამო დავის ირგვლივ ვითარდება, სულიერი დახშულობის ატმოსფეროში, ცრუ მიზნებითა და ყალბი ფასეულობებით ცხოვრების სავალალო შედეგებს ვხედავთ – პიროვნების ნგრევას და საბოლოო გადაგვარებას. ეს ერთგვარი სატირაა ჩვენს ცხოვრებაზე, რომელსაც დასავლეთში „კომუნიზმის ოდისეის აღსასრული” უწოდეს.

„ჩემი ფილმებით გამოვხატე დამოკიდებულება საბჭოთა კავშირში არსებული სინამდვილის მიმართ. აქ იყო ძლიერი სულიერი ზეწოლა, რომელიც ზედმიწევნით ინიღბებოდა. და იყო არააქტიური – ხაზს ვუსვამ – არააქტიური წინააღმდეგობა. ჩემთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის ბრძოლა და მებრძოლები, რომლებიც იარაღით ან თუნდაც ქადაგებით ცდილობენ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას”.

საბჭოთა სინამდვილე ისტორიის ნაწილად იქცა. მაგრამ ალექსანდრე რეხვიაშვილის „რთული” ფილმები გულგრილს დღესაც არ გვტოვებს. მისი მზერა მიმართული იყო არა იმწუთიერზე, არამედ იმ ჭეშმარიტებებზე, რომელიც ყოველთვის იყო და იქნება ადამიანის თანამდევი.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ლორია

კომენტარები