თურქეთი

ცვლილებების ორი მხარე

0 კომენტარი

უკვე მე-11 წელია, სამართლიანობისა და განვითარების პარტია (AKP) თურქეთის ხელისუფლებას სათავეში უდგას. ამ დროის განმავლობაში AKP-მ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლა და შიდა პოლიტიკური გარდაქმნების დაწყება მოასწრო. 2010 წელს პარტიამ მოქმედი კონსტიტუციის შეცვლის შესახებ რეფერენდუმი ჩაატარა და მოსახლეობის თანხმობაც მიიღო. ახალი კონსტიტუციის მეშვეობით, თურქეთის ხელისუფლება შეზღუდავს სამხედროთა ძალაუფლებას – 1982 წელს, კონსტიტუცია სამხედრო მმართველობის პირობებში შეიქმნა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაში მთავრობას მეტი უფლებები მიენიჭება. შეიმჩნევა მოლოდინი ადამიანის უფლებათა გაუმჯობესების მხრივაც.

მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ ჩამოყალიბებული სეკულარული სახელმწიფოს საყრდენს სამხედროები წარმოადგენდნენ. რესპუბლიკის გამოცხადებიდან (1923 წელს) დღემდე 4 სამხედრო გადატრიალება მოეწყო (ბოლოს – 1997 წელს). სასამართლო სისტემაც მათი გავლენის ქვეშ იყო მოქცეული. სამხედროების, უსაფრთხოების სამსახურების მაღალჩინოსნებისა და სასამართლო სისტემაში მათთან დაახლოებული პირების კოალიციას, ე.წ. ღრმა სახელმწიფოდ მოიხსენიებენ. AKP-ს პოლიტიკა კი სწორედ მისი დემონტაჟისკენ არის მიმართული. ეს ბოლო წლების მანძილზე მრავალი გადამდგარი თუ სამსახურში მყოფი სამხედრო პირის დაპატიმრებაში გამოიხატება.

AKP-ს რეფორმებმა თურქეთის ეკონომიკურ წარმატებას შეუწყო ხელი. Cato Institute-ის მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში, ქვეყანა 2005 წელს 83-ე, 2009 წელს კი 55-ე ადგილზე იყო. Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში, მონაცემების წლიდან წლამდე გაუმჯობესების შემდეგ კი – 73-ე ადგილზე, საშუალოდ თავისუფალ ქვეყანათა შორისაა. მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიადვილის ინდექსში, თურქეთი 71-ე ადგილს იკავებს.

პრემიერ-მინისტრ ერდოღანსა და AKP-ს ქვეყნის ისლამიზაციაში სდებენ ბრალს. თუმცა თურქეთი ახლოაღმოსავლური სახელმწიფოებისთვის დემოკრატიისა და რელიგიის შეხამების მისაბაძ მაგალითად იქცა. ეკონომიკური წარმატება თურქეთს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. ანკარამ საგარეო პოლიტიკაში ორიენტირი დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ შეცვალა. ევროპა გაფართოებით, თურქეთი კი ლოდინით გადაიღალა. თურქები ევროკავშირში გაწევრიანებას 1980-იანი წლებიდან ელოდნენ.

პოზიტიური შიდა პოლიტიკური ცვლილებების ფონზე, თურქეთი ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციათა ყურადღების ცენტრშია. ხელისუფლებას პოლიტიკური ოპოზიციის, პრესის, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების, ქალთა უფლებების დარღვევის გამო აკრიტიკებენ.

მედიის წარმომადგენლები ანტისამთავრობო პოზიციისთვის იდევნებიან. თურქი ადამიანის უფლებათა დამცველების მტკიცებით, ხელისუფლება პრესის თავისუფლებას დაშინების, დაპატიმრებებისა და ფინანსური მაქინაციების საშუალებით ზღუდავს. 2011 წლის მარტში, ნობელის პრემიის ლაურეატი, თურქი მწერალი ორჰან ფამუქი, შვეიცარიის გაზეთში გამოქვეყნებული განცხადებისთვის დააჯარიმეს. პროზაიკოსი წერდა, რომ თურქებმა 30 ათასი ქურთი და ერთი მილიონი სომეხი მოკლეს. გასული წლის დეკემბერში პოლიციამ დაახლობით 40 ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები, ქურთი სეპარატისტების ჯგუფთან შესაძლო კავშირის გამო დააკავა. მიმომხილველების აზრით, დაპატიმრებების მიზეზი ქურთების უფლებების ღიად მხარდაჭერაა.

ხელისუფლება ინტერნეტცენზურასაც არ ერიდება. 15 ათასზე მეტი ვებგვერდი დაბლოკილია. ორი წლის მანძილზე, აკრძალულთა რიცხვში YouTube-იც შედიოდა. საიტზე განთავსებული ზოგიერთი ვიდეო ათათურქს შეურაცხყოფდა. თურქეთის კანონმდებლობა მთავრობის, სახელმწიფოსა და თურქი ერის შეურაცხყოფისთვის, ადამიანის სისხლის სამართლის პასუხისგებაში გადაცემას ითვალისწინებს.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ, თურქეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ პრესისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევის გამო, 2009 წელს 7 ათასამდე, 2011 წელს კი დაახლოებით 9 ათასი სარჩელი მიიღო. 1998 წლიდან დღემდე, მან ადამიანის

უფლებათა ხელყოფისათვის, ამ ქვეყნის წინააღმდეგ დაახლოებით 1,600 განაჩენი გამოიტანა.

თურქეთში გენდერული დისკრიმინაციის გამოვლინებები, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს მოდუნების საშუალებას არ აძლევს. ხშირია ოჯახური ძალადობის გამო ქალთა თვითმკვლელობა. 550 პარლამენტარს შორის მხოლოდ 50 ქალია. 2010 წლის Global Gender Gap-ის კვლევაში, თურქეთი ქალთა უფლებების დაცულობის მხრივ 134 ქვეყანას შორის, 126-ე ადგილზე გავიდა.

ძალადობის მსხვერპლი არიან სექსუალური უმცირესობებიც. 2009 წელს მათი უფლებების დამცველმა ადგილობრივმა ორგანიზაცია Lambdaintanbul-მა მოიგო სასამართლო პროცესი, რომელშიც საკუთარ დახურვას ასაჩივრებდა. თუმცა რამდენიმე ხნის შემდეგ ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტივისტი წამებით მოკლეს.

რელიგიური თავისუფლების კუთხით მდგომარეობა შედარებით უკეთესია. AKP-ს ხელისუფლებაში მოსვლამდე სეკულარული პოლიტიკური ელიტა არა მარტო უმცირესობებს, არც სუნიტ მუსლიმებს სწყალობდა. AKP-მ შეამსუბუქა კანონები, რომლებიც რელიგიურ თვითგამოხატვას ზღუდავდნენ. 2011 წელს მთავრობამ გადაწყვიტა რელიგიური უმცირესობებისათვის, 1936 წლის შემდეგ ჩამორთმეული ქონება დაებრუნებინა. თუმცა რელიგიურ ჯგუფებს არ აქვთ უფლება სახელმწიფო დაწესებულებებში, მათ შორის უნივერსიტეტებში, რელიგიური მრწამსი გარეგნული ნიშნებით გამოხატონ. კანონები რელიგიურ ლიდერებს მთავრობისა და კანონების გაკრიტიკებასა და გალანძღვას უკრძალავს. პირადობის მოწმობაში რელიგიურ კუთვნილებას ისევ აღნიშნავენ.

თურქული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, Mazlumder-ის ანგარიშის მიხედვით, ჯარში დისციპლინის დარღვევის მოტივით, ისჯებიან ჯარისკაცები, რომლებიც რელიგიურ რიტუალებს აღასრულებენ.

პრობლემებია სასამართლო სისტემაშიც. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International-მა 2010 წელს ანგარიში გამოაქვეყნა. მისი მიხედვით, სახელმწიფო მოხელეების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის მრავალი შემთხვევა გამოძიებული არ არის. მართლმსაჯულებაზე ზეგავლენა მოსამართლეების დანიშვნისა და დაფინანსების საშუალებით ხდება.

ბოლო წლების მანძილზე თურქეთში პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და სამხედროები ერგენეკონად წოდებულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. ამ უკანასკნელის მიზანი თურქეთის ახლანდელი ხელისუფლების ჩამოგდება იყო. ოთხწლიანი გამოძიების განმავლობაში, სასამართლოს სამასი ეჭვმიტანილიდან არცერთისთვის არ გამოუტანია განაჩენი.

ერდოღანის მმართველობის პერიოდში თურქეთის მოდერნიზაციის ტემპი დაჩქარდა. საგარეო პოლიტიკის ფოკუსის აღმოსავლეთისკენ მიმართვის მიუხედავად, ქვეყანას დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ხიდად მიიჩნევენ. თუმცა დასავლეთში შიშობენ, რომ AKP თავს შეიკავებს ისეთი რეფორმებისგან, რაც მის ძალაუფლებას შეზღუდავს. პარტიამ შესაძლოა, თურქეთი ქემალიზმის უარყოფითი ელემენტებისგან გაათავისუფლოს, მაგრამ სანაცვლოდ, საკუთარი მმართველობის უარყოფითი ელემენტები არ აღმოფხვრას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები