საუდის არაბეთი

სიკვდილი მკრეხელობისთვის

0 კომენტარი

ადამიანის უფლებების შეზღუდვის გამო, საუდის არაბეთი საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა არაერთხელ გააკრიტიკეს. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა გაზეთ ალ-ბილადის ყოფილი მესვეტის, ჰამზა კაშაგარის დაკავებაა. მას ისლამის შეურაცხყოფის ბრალდებით, სიკვდილით დასჯა ემუქრება. Human Rights Watch-ი და Amnesty International-ი კი საუდის არაბეთის ხელისუფლებისაგან ჟურნალისტისთვის ბრალდებების მოხსნასა და მის გათავისუფლებას ითხოვენ.

კაშაგარიმ, სოციალურ ქსელ Twitter-ზე, ორი კვირის წინ, მუჰამედ მოციქულის დაბადების დღესთან დაკავშირებით კომენტარი დაწერა. იგი წმინდანს წარმოსახვით ესაუბრებოდა. „...შენ შესახებ ბევრი რამ არ მესმის. მე შენ წინაშე თავს არ მოვიხრი, არც ხელზე გეამბორები. ამის მაგივრად, ხელს ჩამოგართმევ თანასწორივით. მე შენ მეგობარივით დაგელაპარაკები. ყველა დიდი ღმერთი, რომლებსაც თაყვანს ვცემთ, ყველა სურვილი, რასაც მოუთმენლად ველით, ჩვენი წარმოსახვის ნაყოფია. ვერცერთი საუდის არაბელი ქალი ჯოჯოხეთში ვერ მოხვდება, რადგან შეუძლებელია იქ ორჯერ წასვლა”, – წერდა კაშაგარი. ამას საუდის არაბელების მხრიდან მყისიერი უარყოფითი რეაქცია მოჰყვა: 24 საათის განმავლობაში ამ პოსტს 30 ათასზე მეტი ნეგატიური კომენტარით უპასუხეს. მართალია, კაშაგარიმ კომენტარი წაშალა, საკუთარი ქმედებისთვის ბოდიში მოიხადა და ამ ნაბიჯს შეცდომა უწოდა, მაგრამ აღნიშნული ფაქტი ხელისუფლების განხილვის საგანი გახდა. პირველ რიგში, იგი სამსახურიდან დაითხოვეს. საუდის არაბეთის მეფემ მისი დაკავების ბრძანება გასცა. ისლამურმა ფატვას კომიტეტმა კაშაგარის შარიათის კანონებით გასამართლება მოითხოვა.

საუდის არაბეთს დაწერილი სისხლის სამართლის კანონმდებლობა არ გააჩნია. ქვეყანაში რელიგიურ საფუძველზე ადამიანთა გასამართლება მიღებული პრაქტიკაა. მკრეხელობა ღვთის წინაშე ჩადენილი იმ ექვსი დანაშაულის რიცხვს მიეკუთვნება, რომლებზეც ყურანით გათვალისწინებული განსაკუთრებული დამსჯელი ღონისძიებები ვრცელდება. მათ შორის ერთ-ერთი სიკვდილით დასჯაა.

კაშაგარიმ, მის მიმართ ამგვარი ბრალდების წაყენებისა და ფიზიკური ანგარიშსწორების შიშით, ქვეყანა დატოვა და თავი მალაიზიას შეაფარა. მიუხედავად ამისა, საუდის არაბეთის პოლიციამ მალაიზიის სამართალდამცველებთან თანამშრომლობით ჟურნალისტი კუალა ლუმპურის აეროპორტში დააკავა. ის თავშესაფრის მისაღებად ახალ ზელანდიაში მიფრინავდა.

აღნიშნულმა ინციდენტმა საერთაშორისო ორგანიზაციების შეშფოთება გამოიწვია. ისინი ორივე მხარეს (საუდის არაბეთი და მალაიზია) ადამიანის უფლების დარღვევაში ადანაშაულებენ. AI-მა კაშაგარის „სინდისის პატიმარი” უწოდა. HRW-ის მტკიცებით, თუ დაკავებულს საუდის არაბეთში სიკვდილით დასჯიან, მალაიზია ამის თანამონაწილე გახდება. ორ ქვეყანას დეპორტაციის შესახებ ხელშეკრულება არ აქვს გაფორმებული, რის გამოც მალაიზიას კაშაგარის საუდის არაბეთისთვის გადაცემა არ ევალებოდა. თანაც, ეს ქვეყანა მკრეხელობას სისხლის სამართლის დანაშაულად არ განიხილავს.

კაშაგარის ინციდენტი კონსერვატიული საუდის არაბეთის მიმართ დაგროვილ უკმაყოფილებებს ეხმიანება. გასულ თვეს გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისმა, იგი სიკვდილით დასჯილთა რაოდენობის სამჯერ გაზრდის გამო გააკრიტიკა. ქვეყნის მოსახლეობის 90%-ს სუნიტი მუსლიმები შეადგენენ. შეზღუდულია ეთნიკური, რელიგიური უმცირესობების როლი: სამთავრობო პოსტს არცერთი შიიტი ფლობს. Freedom House-ის მიხედვით, 2011 წელს საუდის არაბეთი პრესის, ინტერნეტის, პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების თავისუფლების მაჩვენებლებით, არათავისუფალ კატეგორიაში მოხვდა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები