სსრკ ისტორია

რამდენიმე ეპიზოდი ნასალდათარის ცხოვრებიდან

პაემანი

აქ რომ დარჩეს და პაემანზე უარი თქვას, ფიქრით მაინც იქ იქნება, ბაღში, ვიკასთან ერთად, ძაფსაღები კომბინატის საერთო საცხოვრებელთან. ერთდროულად ორგან ყოფნის აუტანელ სურვილს ვერ გაუძლებს, ნერვები დააწყდება და ასე გახლეჩილი უფრო იქ იქნება, სადაც ძალიან უნდა, რომ იყოს; ხოლო ჯერ ყაზარმასა და მერე "პოსტზე" მხოლოდ მისი იმედგაცრუებული სხეული იბორიალებს, მთელი არსებით კი, წარმოსახვით მაინც, იქ წაიყვანს _ ბაღში, ვიკასთან, ძაფსაღები ქარხნის საერთო საცხოვრებელთან, სადაც რამდენიმე ნაბიჯზე "კაზაჩკასთან" მიახლოებისას, იაფფასიანი სუნამო და ცისფერი კაბის მოფრიალე კალთა გაზაფხულის ისედაც აგზნებულ ჰაერს უფრო აამჩატებს და სხეულებრივი შეგრძნებები, უნებლიეთ, არსაიდან რომ ჩნდებიან და თვალების ფერსაც უცვლიან წყვილებს, მთლიანად შთანთქავს ლოგიკური აზროვნების უნარს და მიზიდულობის შეუცნობელი ძალით დამუხტული სივრცე, რომელიც არავინ იცის, სად იწყება და სად მთავრდება, მხოლოდ ერთადერთ სურვილს გაამძაფრებს.

ზემდეგმა სასტიკი უარი უთხრა, ქალაქში ვერ წახვალო, კაპიტანმა "პოსტზე" წასვლაც გაუჩალიჩა. ყაზარმიდან გაპარვაც გამოირიცხა. შაბათი დღე იყო და მორიგეობის დრო ვიდრე მოაწევდა, უაზროდ დაეხეტებოდა დივიზიის ვეებერთელა ტერიტორიაზე. პაემანი საღამოს ჰქონდა დანიშნული, შვიდ საათზე, ამ დროისათვის კი იგი უკვე საგუშაგოზე უნდა ყოფილიყო. ერთადერთი გამოსავალი, რამაც ჟვანიას გაუელვა თავში, მეტად რომანტიკული ეჩვენა, მაგრამ მისი აღსრულება მაინც გადაწყვიტა. ჩაუარა სპორტულ მოედანს, კინოკლუბს, მეკავშირეთა ყაზარმას. მოყვავილე აკაციის ხეივანი გაიარა. გზად მიმავალი უფრო და უფრო რწმუნდებოდა, რომ მისი თხოვნა გაჭრიდა, თუ პირდაპირ, გულწრფელად აუხსნიდა პოლიტხელს, მაიორ აგუზაროვს, რა გასაჭირში იყო ჩავარდნილი და ნაბიჯს აუჩქარა. შემცვლელს ადვილად ნახავდა, არც ბუთიკო ეტყოდა უარს, არც სოსო, არც კაკულია, თუ მაიორი დაეთანხმებოდა და ქალაქში წასვლის ნებართვას მისცემდა. ჟვანია კანონმორჩილი ჯარისკაცი იყო და პოლკში წარჩინებულ და წესიერ სამხედრო მოსამსახურედ ითვლებოდა. დემობილიზაციამდე ათიოდე თვე რჩებოდა და ვიკას გაცნობის შემდეგ აღმოაჩინა, რომ დღეებს აღარ ითვლიდა; ჯერ ეგონა, რომ გაუვლიდა, დაშოშმინდებოდა, ჩვეულებრივი, ნაცრისფერი ფინალი სიყვარულობანას თამაშისა თანდათან მოახლოვდებოდა, მაგრამ მოსალოდნელ განშორებაზე ფიქრი თავში აღარ უჭაჭანებდა და დროთა განმავლობაში უფრო და უფრო იძირებოდა სასიამოვნო ბუნდოვანებაში. მხოლოდ ერთხელ გაივლო გულში: ერთი მაგის!.. მაგრამ გულშივე ინანა. თითქმის ყოველ შაბათს ან კვირა დღით ზემდეგისაგან "უვალნიტელნს" _ ქალაქში თორმეტსაათიანი გასვლის უფლებას შოულობდა და ვიკასთან ერთად დაძვრებოდა ბაღებში, გარეუბნის ყანებში, ერთი მიყრუებული სახლის სხვენზე, სადარბაზოდან რომ ჰქონდა ასასვლელი და, როგორც გითხარით, დემობილიზაციამდე დარჩენილ დღეებს აღარ ითვლიდა. ზემდეგთან მისასვლელი პირი აღარ ჰქონდა, ისედაც ნისიებში იყო ჩაფლული, სამი "პოლლიტროვკა" ემართა და მეოთხედაც რომ ხელცარიელი მიეტუზა, პასუხიც ცივი უარი მიიღო. ფულიც ვერსად იშოვა და საგონებელში ჩავარდა. საგუშაგოზე წასვლა რომ არ აეკიდებინა ამ მათხოვარს, დათესვას შეძლებდა და ვიკას ცოტა ხნით მაინც შეხვდებოდა.

ვიკა, დონელი კაზაკების შთამომავალი, კიროვაბადში (ახლანდელ განჯაში, ასევე უძველეს განჯაში), ძაფსაღებ კომბინატში კომკავშირული საგზურით ახალი ჩამოსული იყო. პირველივე საღამოს, ჩამოვიდა თუ არა, საერთო საცხოვრებელში თავისი ადგილი მიუჩინეს. ტანსაცმელი კარადაში ჩამოკიდა, მოწესრიგდა, მომავალი დაქალები გაიცნო და მათთან ერთად საცეკვაო მოედანზე ამოყო თავი.

შაბათ-კვირას აქ თავს იყრიდნენ სამხედრო მოსამსახურეები და ძაფსაღები კომბინატის გოგოები, რომლებიც ადგილობრივ მამაკაცებს არ წყალობდნენ და, ძირითადად, ჯარისკაცებზე ეჭირათ თვალი. პატრულიც აქვე იყო ჩასაფრებული, წამდაუწუმ საბუთებს სთხოვდნენ სამხედროებს და ვისაც უსაბუთოდ გამოიჭერდნენ, ჰაუპტვახტის გზას გაუყენებდნენ. საბჭოთა კიროვაბადში "კაზაჩკა" ვიკამ პირველად ჟვანიასთან იცეკვა. ჟვანია ნაღდი კოლხი იყო, ღია ფერის თმა და მწვანე თვალები ჰქონდა. აღარ გავაგრძელებ მისი აღნაგობისა და სახის ძველმოდურ აღწერას. ერთი სიტყვით, მაგარი ბიჭი იყო, იმდენად მაგარი, რომ ვიკამ დაინახა თუ არა შეჯგუფებული გოგოებისაკენ მიმავალი ჟვანია (სხვებიც მოემართებოდნენ, მაგრამ ჟვანიას დაადგა თვალი), გაიფიქრა, ნეტავ მეცეკვოსო! ეცეკვა, რუსულიც ამტვრია, გაეცნო, მეორედაც ეცეკვა, მესამედაც და ორივე მშვენივრად ხვდებოდა, როგორ მცირდებოდა დისტანცია მოცეკვავე წყვილს შორის, უნებლიეთ იკარგებოდა სიუცხოვით გამოწვეული რიდი. მეოთხედ აღარ უცეკვიათ, ჟვანიამ სთხოვა, გავისეირნოთო და "კაზაჩკამ" თამამად გაუყარა ხელკავი. ჟვანიამ მაშინ პირველად შეისუნთქა ვიკას იაფფასიანი სუნამოსა და განსაკუთრებული, ზედმეტი სისუფთავის სურნელი, რაც ხშირად ახსენდებოდა აქოთებულ ყაზარმაში, "ოტბოის" შემდეგ; საწოლში კარგა ხანს წრიალებდა და წარმოსახვაში ვიკას ეძებდა, იქვე იყო და თან არ იყო; ამ ყოფნა-არყოფნას შორის არსებულ სიცარიელეს ბალიშის გადაბრუნება-გადმობრუნება ან მალიმალ გვერდის შეცვლა არ შევლოდა. ჟვანია ახლა უკვე შაბათამდე ითვლიდა დღეებს და დემობილიზაციისაკენ მიმავალი დრო თვალსა და ხელს შუა გაურბოდა. თვითონაც უკვირდა, როცა აღმოაჩენდა, რომ სახლში დაბრუნების დროის მოახლოება უხაროდა, მაგრამ რაღაც სწყინდა _ და ეს რაღაც თუ ვიღაც, არა მხოლოდ "კაზაჩკას" თამამი, ვნებიანი გამოხედვა, მაღალი, ჯანმრთელი ფეხები და ა.შ. კი არ იყო, არამედ კიდევ გაურკვეველი რამ, რის ამოხსნასაც ჟვანია ვერ ახერხებდა და თუ ამასაც ამოიცნობდა, შეიძლებოდა, ყველაფერი შეცვლილიყო. სწორედ ეს ამოუცნობლობა, ამოუხსნელი სიღრმის კვლავწვდომის გამძაფრებული სურვილი თავის ჭკუაზე ატარებდა და მამის სიტყვები დროდადრო ახსენდებოდა: იმით კი არა, თავით უნდა იაზროვნოო. მაგრამ ჟვანიას თავიც და ტანიც ვიკასაკენ მუდმივ სწრაფვას ემორჩილებოდა, ამ ერთადერთ გრძნობაზე მიბმულიყო უხილავი ძაფით, რომლის გაწყვეტა არაფერს შეეძლო. იქნებ, ამგვარი აკვიატება, სიყვარული თუ კვლავშერწყმის აუცილებლობა იმის ბრალი იყო, რომ ცეცხლოვან "კაზაჩკას" კვირაში ერთხელ ხვდებოდა და ყაზარმისაკენ მიმავალს რამდენჯერ მონდომებია ისევ უკან მიბრუნებულიყო, ისევ იმავე სიღრმეში ჩაძირულიყო, სადაც შესაძლებელი რომ ყოფილიყო, სამუდამოდ დარჩებოდა კიდეც.

სხვებივით ჯარიდან თავის დახსნა ათასგვარი სიმულაციით არასდროს უცდია. არც იმათ აჰყოლია, ჩაის რომ გაზეთის ქაღალდში ახვევდნენ სიგარასავით, ეწეოდნენ, იქნებ ფილტვები დაგვიავადმყოფდეს და დროზე ადრე გაგვათავისუფლონო, არც იმათ, საგულდაგულოდ დაგუნდავებულ პურის ცომში რომ კარბიდის ნატეხს ათავსებდნენ და დაუფიქრებლად, ინდაურივით ყლაპავდნენ კუჭის წყლულის გაჩენის იმედით, ჰოსპიტალში წვებოდნენ და "გაკომისიავებას" ელოდნენ. ჟვანია სამხედრო წესდებას ერთგულად ასრულებდა, უმცროსი სერჟანტის სამხრეებს ორ-ორი წითელი ხაზი ამშვენებდა და სერჟანტობაზე ოცნებობდა. თუმცა, ბოლო დროს გამოჩენილმა "კაზაჩკამ" ერთიანად გადაასხვაფერა მისი ცხოვრება და სამხედრო წესდება რაღაც სხვა, დაუწერელმა, ყველაზე მძლავრმა და სასიამოვნო მოლოდინისაკენ გამუდმებული სწრაფვის უნებლიე სურვილმა შეცვალა.

ჟვანიას ძმაკაცები ბევრად უფროს ქალებთან დაძვრებოდნენ ღამღამობით, იქ არყით ილეწებოდნენ და მრავალგზის იმედგაცრუებულ ქალებს არა მხოლოდ სიყვარულს უხსნიდნენ, პრაქტიკულადაც უმტკიცებდნენ. გამთენიისას, "პადიომამდე" ერთი საათის ადრე, "სამავოლკიდან" ბრუნდებოდნენ და ერთი საათის შემდეგ, სხვებთან ერთად, ზემდეგის ბრძანებაზე ისე წამოცვივდებოდნენ, თითქოს მთელი ღამე იმ ქალებთან კი არა, ყაზარმაში ყოფილიყვნენ. მეორე დღეს "სამავოლკიდან" დაბრუნებული ბიჭები გულისამრევ სცენებს აღწერდნენ დეტალურად და სიცილით იგუდებოდნენ. უმცროს სერჟანტს, ტანკისტ ჟვანიას როცა ეტყოდნენ, მოდი, შენც მოყევი, როგორ ხერხავ "კაზაჩკას", იპარსავს თუ მასაც გაბანჯგვლული ფეხები აქვსო, იბოღმებოდა. ერთხელ, კინაღამ ჩხუბიც მოუვიდა ძმაკაცებთან, მეორედ არ გაბედოთ, ასეთი რამეები მკითხოთო. მაშინ ისე აიფოფრა, ისეთი სიშმაგე ჩაიგუბა თვალებში, რომ ბიჭები მიხვდნენ: ამასთან ხუმრობა არ გამოვაო. ყველამ შეატყო, რომ ჟვანია შეყვარებული იყო და თავი დაანებეს.

ოცი წლის ვიკა, მართლაც ბევრად განსხვავდებოდა დივიზიის ახლომდებარე უბანში დაქირავებულ ყუთებში მცხოვრები ტურფებისაგან, რომლებიც გათხოვებაზე აღარც ოცნებობდნენ და სიტყვაში "სიყვარული" აშკარად დროებით თანაცხოვრებას, სასიამოვნო "თანამშრომლობას" ან, იქნებ, სულაც, ბიოლოგიურ ვარჯიშს გულისხმობდნენ, რომელსაც ისე შესჩვეოდნენ, რომ ამის გარეშე უკვე აღარ შეეძლოთ არსებობა. "სიყვარული" მათთვის რაღაც აუცილებელ ატრიბუტად ქცეულიყო ან იმ ილუზიად, რითაც თავს იტყუებდნენ და ნებაყოფლობით თავის მოტყუების პროცესი ან მხოლოდ გარყვნილება იყო, ან საკუთარი იმედგადაწურული, საბრალო არსებობის სამალავი, ნიღაბი, მოჩვენებითად არსებული ფარდა, რომლის იქითაც მაინც აშკარად ჩანდა უბადრუკი, ჩაჩანაკი ცხოვრება, უიმედო ყოფა, ამოუწურავ სიბრალულს რომ აღძრავდა დაძლეულ ზიზღთან ერთად.

_ დიდება ბოზებს! _ შეჰყვირა ერთხელ ბუთიკომ. _ ეგენი რომ არა, რა გაიყვანდა ამ დაუსრულებელ სამ წელს, ის ღამეები რომ არა, როცა დრო იკარგება, ქრება, თითქოს არ არსებობს, ჩვენთან ერთად გადის და რომ გადის, არც დრომ იცის და არც ჩვენ. ეს ის დროა, როცა ჩვენც ვეღარ ვგრძნობთ დროს, ისევე, როგორც იგი ვერ გვამჩნევს ჩვენ. ერთმანეთისათვის აღარ ვარსებობთ. ჩვენი და დროის პირობითი დინება, ფაქტობრივად, ერთი ადგილის ტკეპნაა და ისე ერწყმის ერთმანეთს, რომ ჩვენი გამოცალკევება მხოლოდ აუტანელ სიზმარს შეუძლია, ჩვენ რომ ცხადს ვუწოდებთ და სინამდვილეში საბჭოთა ჯარში სამსახური ჰქვია.

ბუთიკოს უყვარდა წაფილოსოფოსება. იგი ჩემსავით მესამე კურსიდან იყო გაწვეული და შეეძლო აქა-იქ ამოკითხული ფრაზების, ცალკეული წიგნების ეპიზოდების დროულად, ეფექტურად გამოყენება, გადაკეთება ან უკუღმა წარმოჩენა, ვიდრე მათ, თითქმის არაფერი რომ არ ჰქონდათ წაკითხული და არსებული რეალობის გაცნობიერებასაც ვერ ახერხებდნენ. ჟვანიას ძალიან უნდოდა დაევიწყებინა ბუთიკოს სიტყვები და გულში სულელად თვლიდა ამ ავყია ნასტუდენტარს.

ამასობაში შტაბის შენობას მიუახლოვდა. გზად შემხვედრ ოფიცრებს წესისამებრ სამხედრო სალამს აძლევდა, მარჯვენა ხელის გაშეშებულ მტევანს საფეთქელთან უსწრაფესად მიიტანდა და ასევე მკვეთრი მოძრაობით დაბლა უშვებდა. ისინიც ესალმებოდნენ. ამ მისალმება-მოსალმებაში აიარა კიბე, მდოგვისფრად შეღებილი კედლებიდან გადმომზირალ გისოსებიან ფანჯრებს ახედა და შენობაში შეიძურწა. კინაღამ გადაიფიქრა მაიორ აგუზაროვთან მისვლა, მაგრამ, როგორც ჩანს, იმედი ბოლომდე არ გადასწუროდა, თან ვიკასთან შეხვედრის სურვილს ისე მიჰყვებოდა, როგორც სახედარი დრუნჩთან დაკიდებულ თივის ბულულს.

დააკაკუნა.

_ შემოდით!

შევიდა: ამხანაგო მაიორო, ნება მომეცით, მოგმართოთ!

_ მომმართეთ!

მიმართა: ამხანაგო მაიორო, ცოლის შერთვას ვაპირებ!

_ მშვენიერია! განაგრძეთ!

განაგრძო: მე და ვიკას დიდი ხანია გვიყვარს ერთმანეთი. გადავწყვიტეთ, ვიქორწინოთ, მაგრამ...

_ მაგრამ რა?! მითხარით!

უთხრა: დღეს შვიდ საათზე უნდა შევხვდეთ. ზემდეგს ვთხოვე, კაპიტანსაც ვთხოვე, მაგრამ ნება არ დამრთეს, საგუშაგოზე გამამწესეს. შვიდ საათზე ვიკას უნდა შევხვდე...

_ ვიკას?! ვინ არის ვიკა?

_ ჩემი საცოლე! შვიდზე უნდა შევხვდე, მე კი ექვს საათზე საგუშაგოზე უნდა ვიყო. იქნებ მიშველოთ რამე, თქვენი გულისხმიერების მწამს. დამეხმარეთ, ძალიან გთხოვთ.

_ დაგეხმარო?! როგორ დაგეხმარო!

_ საგუშაგოზე ნებისმიერი ქართველი ჯარისკაცი შემცვლის, მერე მე შევცვლი, ეს არის და ეს.

_ ნებისმიერი ქართველი ჯარისკაცი თუ ნებისმიერი ჯარისკაცი?! რა შუაშია ეროვნება, ამხანაგო უმცროსო სერჟანტო?!

პაუზა გაიწელა. მაიორის, ანუ დირიჟორის ნება იყო, პაუზას მყისვე შეწყვეტდა თუ უსასრულოდ გააგრძელებდა. კედელზე ლენინის სურათი ეკიდა. რა თქმა უნდა, კეთილად იღიმებოდა. კეთილი ღიმილის ავტორი, რომელიღაც სოცრეალისტი "ფერმწერი" იყო. ამ ცრუკეთილ ღიმილში მისი შემოქმედების მუღამი იმალებოდა. აგუზაროვმა ჟვანიას მზერას გაადევნა თვალი. თვითონაც შეხედა ლენინის სურათს და ლენინივით გაიღიმა:

_ კარგი, კარგი. დამშვიდდი. უმჯობესია გეთქვა: ნებისმიერი ჯარისკაცი შემცვლისო. ჩვენ აქ ეროვნება არ გვაქვს. მართალია, მე ოსი ვარ წარმომავლობით, შენ ქართველი, ის რუსი, _ ფანჯარაში გაიხედა, იქ ვიღაც დალანდა, მერე შემობრუნდა, _ მაგრამ ყველა სამხედროები ვართ, ეს არის ჩვენი მთავარი და უპირველესი ეროვნება. ე.ი. ვიღაც შეგცვლის, შენ პაემანზე წახვალ, ის ვიღაც კიდევ შენ მაგივრად ოცდაოთხი საათი იყარაულებს. მერე შენ არ გრცხვენია?!

_ ამხანაგო მაიორო, მე ხომ მის ნაცვლად ვიმორიგევებ ხვალვე ან როცა იქნება?!

_ უმცროსო სერჟანტო, როგორც ჩანს, წესდება დაგავიწყდა! ერთადერთი, რაც მე შემიძლია, ის არის, რომ ზემდეგს გავგზავნი ქალაქში თქვენ ნაცვლად. მითხარით, სად და როდის უნდა შეხვდეთ თქვენს ეგრეთ წოდებულ საცოლეს, როგორ გამოიყურება და თქვენ ნაცვლად ზემდეგი შეხვდება. _ მაიორმა ცბიერად ჩაიღიმა და განაგრძო, _ რა ჰქვია შენს საცოლეს?

_ ვიკა! _ ამოილუღლუღა ჟვანიამ.

_ ჰოდა, ზემდეგი შეხვდება ვიკას, _ ისევ ცბიერად გაიცინა, _ და შეატყობინებს, რომ შენ მორიგეობამ მოგიწია და მომავალ შაბათს შეხვდები იმავე ადგილას, იმავე დროს, დღეს კი ზემდეგი შეგცვლის.

_ როგორ თუ ზემდეგი შემცვლის?! _ წამოჭარხლდა ჟვანია.

_ აბა, შენ როგორ უნდა შეგცვალოს ვინმემ, შენ მაგივრად რატომ უნდა წავიდეს საგუშაგოდ, სად არის ლოგიკა?! იქნებ იმ სხვასაც თავისი სასიამოვნო წუთები აქვს დაგეგმილი?! ტვინში ჩაიჭედე ერთხელ და სამუდამოდ, რომ შენ სამხედრო ხარ და სამხედრო მოვალეობა უნდა იდგეს ყველაფერზე მაღლა!

_ სიყვარულზე მაღლაც?! ხომ აგიხსენით, რომ მიყვარს და ცოლად ვირთავ?!

_ მოკეტე! _ განრისხდა, მაგიდას ხელი დაჰკრა, _ ასეთ ერთდღიან ქორწილებს ყოველდღე იხდის მილიონობით ადამიანი. ეგეც არ იყოს, შვიდ საათზე ხომ მმაჩის ბიუროები დაკეტილია?! წახვალ და შენს უპირველეს მოვალეობას შეასრულებ. ისე, თუ გინდა, შენ ნაცვლად ზემდეგს გავგზავნი! _ კრუგომ! შაგომ, მარშ! _ იღრიალა აგუზაროვმა და თვალი თვალში გაუყარა ჟვანიას. ესეც მხედრულად შებრუნდა, კარი გამოაღო და დერეფანში რომ გავიდა, რაღაც ისეთი იგრძნო, რისთვისაც სახელის დარქმევა ვერ მოეხერხებინა.

ექვსის ნახევრამდე ძელსკამზე იჯდა ყაზარმასთან. სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა. მერე ყაზარმაში ავიდა, სხვა გუშაგებთან ერთად მზადებას შეუდგა. დაგრაგნილი "შინელი", ავტომატი თავისი მჭიდებით, ხიშტი და ა.შ. აკრიფა და გუშაგებთან ერთად საყარაულოსაკენ გაემართა. იმ დღესაც, როგორც ყოველთვის, სატანკო პარკში მორიგეობდა.

ექვსიდან რვამდე ჟვანიას უწევდა მორიგეობა. შვიდის ნახევარზე საათს რომ დახედა, ზუსტად ნახევარი საათი რჩებოდა ვიკასთან შეხვედრამდე. ტანკზე ავიდა, ლიუკი ახადა, ხაკისფერ "მახინაში" ჩაძვრა, ძრავა აამუშავა, გამოგრიალდა პარკიდან, ალაყაფის კარი გაანგრია და ქალაქისაკენ, ძაფსაღები კომბინატის საერთო საცხოვრებლისაკენ გაემართა. იქ, პარკის წინ, ყვავილებს რომ ყიდიან აზერბაიჯანელი ქალები, ზუსტად შვიდ საათზე ვიკა გამოჩნდებოდა, მაგრამ იგი ტანკის ძრავის გრუხუნში ვეღარ გაარჩევდა მისი ცისფერი კაბის იდუმალ შრიალს, სალიარის სუნით მოწამლულ ჰაერში ვეღარც ვიკას იაფფასიან სუნამოს და ზედმეტი სისუფთავის ანუ მარწყვის საპნის სურნელს შეიგრძნობდა, მაგრამ ვიკას მაინც შეხვდებოდა.

საერთო საცხოვრებლამდე ისე მიაღწია, რომ სულ ფრთხილობდა, რომელიღაც მანქანას არ წამოსდებოდა ან სულაც ვინმე არ გაეჭყლიტა, მაგრამ მისი სიფრთხილე უსაფუძვლო გამოდგა, რადგან მანქანებიც და ფეხით მოსიარულეებიც ტანკის დანახვაზე დამფრთხალები გარბოდნენ და გზას უთმობდნენ ჯავშნიანი გიგანტის მუხლუხებსა და ავად მომზირალ ლულას. მათ შიშს ტანკის ძრავას გამაყრუებელი გრუხუნი აასკეცებდა.

შვიდი საათი რომ შესრულდა, ჟვანიამ ტანკის ლიუკი ახადა, ვიკას ხელი დაუქნია, ამოდიო, ანიშნა დაბნეულობისაგან თვალებგაფართოებულ "კაზაჩკას"; ვიკამ ერთხანს იყოყმანა, მერე ადგილს მოსწყდა და ტანკთან რომ მივიდა, ჟვანიამ ორივე ხელი შეაგება, აიტაცა და გაოცებული ხალხის თვალწინ მორიგეობით ჯერ ვიკა, მერე კი ჟვანია, ორივე ტანკში ჩაძვრა.

მალე საპატრულო მანქანებიც გამოჩნდნენ. წითელსამკლავურიანი ოფიცრები, სხვადასხვა რანგის მაღალჩინოსნები ერთხანს გარშემო უვლიდნენ ტანკს, მერე პარკთან შეჯგუფდნენ და სახელდახელო თათბირი გამართეს. ყველაზე ჭკვიანური აზრი ორმოც წელს მიღწეულ უფროს ლეიტენანტ გამიდოვს მოუვიდა თავში და ამხანაგ პოლკოვნიკს გაუმხილა:

_ ამხანაგო პოლკოვნიკო, მოვიყვანოთ ქვემეხი და პირდაპირ დამიზნებით ავაფეთქოთ!

_ მოკეტე, სულელო! საერთოდ მოშორდი აქაურობას, შე გამოთაყვანებულო!

ოფიცრებს ოთხ საათს მოუწიათ ყურყუტმა. ტანკი არ იძვროდა, სიბნელეში უფრო ავისმომასწავებლად მოჩანდა მისი შემაშფოთებელი სილუეტი. მალე დივიზიის მეთაური, 38 წლის გენერალი სოკოლოვი გამოჩნდა. ოფიცრები გაიჭიმნენ.

ტანკში "კაზაჩკას" მკლავებში გონს მოსული, გარინდებული ჟვანია გრძნობდა, რომ დაპატიმრება თუ არა, დისბატი არ ასცდებოდა.

გენერალი კი ნატრობდა, რომ ამ უტვინო ტანკისტს რაიმე უარესი სისულელე არ ჩაედინა და მშვიდობით დაბრუნებულიყო ნაწილში, მერე ამ საქმეს თვითონ ჩაფარცხავდა, რადგან დასაწინაურებლად გამზადებული გენერლისათვის ამ შემთხვევას, თუ გაბაზრდებოდა, ხელი არ შეეშალა.

ზუსტად ოთხი საათის შემდეგ, ვიკა ტანკიდან ამოძვრა, მოხერხებულად ჩამოფოფხდა ქვევით, აჩაჩული კაბა და აბურდული თმა შეისწორა და ძაფსაღები ქარხნის საერთო საცხოვრებლისაკენ გაემართა. ერთმა ოფიცერმა დააპირა ვიკასთან გასაუბრება, მაგრამ ამასობაში ტანკი აგრუხუნდა, შემობრუნდა და დივიზიისაკენ აიღო გეზი, უკან სამხედრო მანქანების მთელი ესკორტი მიჰყვებოდა. გენერალმა გაიღიმა, ჭირის ოფლი მოიწმინდა, მიხვდა, რომ მის დაწინაურებას ხელს არაფერი შეუშლიდა და გუნებაში გაიფიქრა: თხუთმეტ "სუტკას" ვაკმარებო! მერე მძღოლს ანიშნა, მანქანა დაძარიო. ვიდრე დივიზამდე მიაღწევდა, გენერალმა გზად რამდენჯერმე გადაიხარხარა. ყოველი გადახარხარების წინ ერთსა და იმავე ფრაზას იმეორებდა:

_ ახ, ეტოტ გრუზინ!

 

კომენტარები