ევროკავშირი-საქართველო

გუხტმა და გილაურმა თავისუფალი ვაჭრობის საკითხი განიხილეს

ევროკავშირის კომისარმა ვაჭრობის საკითხებში კარელ დე გუხტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საქართველოსა და ევროკავშირის შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებები განიხილეს.

 როგორც შეხვედრის შემდეგ გილაურმა განაცხადა, ბოლო რამდენიმე თვის ტექნიკური მოლაპარაკებების შემდეგ, დეკემბერში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ამ საკითზე ოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყო. მისი თქმით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი იანვარში შედგა, ხოლო მომავალი 18-24 თვის განმავლობაში კიდევ რამდენიმე რაუნდი გაიმართება.

 „თავისუფალი ვაჭრობა არის ეკონომიკური დაახლოების ყველაზე მკაფიო და მარტივი გზა. ეს იქნება უდიდესი ეკონომიკური წინსვლის საწინდარი, საქართველოში დამატებითი ინვესტიციების შემოსვლის და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის ზრდის საფუძველი“, - აღნიშნა ნიკა გინალურმა.

 გარდა ამისა, გილაურმა განაცხადა, რომ საქართველო და ევროკავშირი აწარმოებენ მოლაპარაკებას ასოცირების ხელშეკრულებაზე და ასევე დაწყებულია ვიზის ლიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებებიც.

 თავის მხრივ, ევროკომისარმა კარელ დე გუხტმა განაცხადა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ყოვლისმომცველი მოლაპარაკებების დაწყება საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო ურთიერთობებს ადასტურებს. „ხელშეკრულების გაფორმების შედეგად საქართველოს პროდუქციისათვის მსოფლიოს ბაზარი გაიხსნება და ამით ქვეყანა დიდ სარგებელს ნახავს“, - განაცხადა დე გუხტმა.

თბილისში ჩამოსვლამდე ევროკომისარი კიშინიოვში იმყოფებოდა. საქართველოსა და მოლდავეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყება ევროკავშირმა შარშან დეკემბერში გადაწყვიტა.

კომენტარები