საკონსტიტუციო სასამართლო

დაკმაყოფილებულია საიას სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ

საკონსტიტუციო სასამართლომ 28 თებერვალს დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, რომლითაც საია მოითხოვდა „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას.

 ხსენებული ნორმა განსაზღვრავდა ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებების ჩატარების ვადების გაგრძელების შესაძლებლობის საკითხს. მოსარჩელე მხარე კი მიიჩნევდა, რომ ეს სამართალდამცავ ორგანოებს შესაძლებლობას აძლევდა, ექვსი თვის განმავლობაში, მოსამართლის ბრძანების გარეშე, ფარული მოსმენები ეწარმოებინათ კონკრეტული პირების მიმართ, რაც წინააღმდეგობაშია კონსტიტუციით განსაზღვრულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან.

 საქმის განხილვის შედეგად, საკონსტიტუციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სადავო ნორმა უშვებდა შესაძლებლობას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მომხდარიყო ისეთი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების გაგრძელება,რომლებიც უშვებს ადამიანებზე ფარულ თვალთვალსა და მიყურადებას. სასამართლომ საკითხის ასე გადაწყვეტა მიიჩნია საქართველოს კონსტიტუციის მე-20-ე მუხლის პირველი პუნქტთან შეუსაბამოდ, რაც გულისხმობს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა ადამიანის ამ კონსტიტუციური უფლების განსაკუთრებული მნიშვნელობა.

 

კომენტარები