გიორგი დევდარიანი

საქმე ცივი გონებით უნდა ვაკეთოთ

ზამთრის შესვენების შემდეგ თბილისის დინამომ საქართველოს ჩემპიონატი ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით განაახლა: ესპანელი სპეციალისტი ალექს გარსია დუბლშემადგენლობის ყოფილმა თავკაცმა გიორგი დევდარიანმა შეცვალა.

მისი ხელმძღვანელობით დინამომ 2012 წელს გამართული პირველივე ოფიციალური მატჩი მოიგო: ჩემპიონატის XIX ტურში, რუსთავში, კონკურენტი მეტალურგი 2:0 დაამარცხა.

ტაბულა გიორგი დევდარიანს კლუბის საწვრთნელ ბაზაზე შეხვდა.

თბილისის დინამოს მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ესპანეთში გამართული შეკრების მიწურულს დაინიშნეთ. საწვრთნელ შეხვედრებში კლუბს ესპანელი სპეციალისტი ალექს გარსია ხელმძღვანელობდა, თქვენი თავკაცობით კი გუნდმა მხოლოდ ვარჯიშები ჩაატარა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საინტერესოა, რამდენად აკმაყოფილებს დინამო თქვენს მოთხოვნებს?

მთავარია, დღეს კლუბმა ის მოთხოვნები დააკმაყოფილოს, რასაც, პირველ რიგში, ქვეყანა და მისი მეპატრონე ითხოვს. ჩემი სურვილები მხოლოდ ამის შემდეგ მოდის – დინამო ხომ მხოლოდ გიორგი დევდარიანის არ არის?! მეოცე საუკუნეში გუნდი თბილისის ერთგვარი სავიზიტო ბარათი გახდა, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ დგას სასურველ დონეზე – წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდებოდა ის ცვლილებები, რაც ბოლო ერთ თვეში განხორციელდა. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად აკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნებს, გეტყვით, რომ აქამდე ჯერ ადრეა – ის დრო, რაც მე კლუბში ვარ, ნამდვილად არ არის საკმარისი საიმისოდ, რომ გუნდის საერთო დონე ჩემს მოთხოვნებს შეესაბამებოდეს.

დღევანდელი მზადყოფნის გათვალისწინებით, სეზონის ბოლოს რა შედეგი იქნება თქვენთვის მისაღები?

როგორ გითხრათ... უეფას საგზურის მოპოვება.

ევროპის ლიგას გულისხმობთ?

დიახ.

მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, დუბლშემადგენლობიდან, რომელსაც აქამდე ხელმძღვანელობდით, პირველ გუნდში ორი მოთამაშე დააწინაურეთ: არჩილ ტვილდიანი და თედო კაკულია. მანამდე ალექს გარსიამ გადაიყვანა ძირითადში დუბლების სამი წევრი... ახალგაზრდა მოთამაშეებზე აქცენტი თქვენი პოლიტიკაა თუ ეს ნაბიჯები დინამოში კონკურენციის ზრდას ემსახურება?

დუბლშემადგენლობამ შარშანდელი პირველობა მაღალ დონეზე ჩაატარა და ცხადია, ახალგაზრდებს თავის გამოჩენის შანსიც მივეცით. ამ ნაბიჯის გადადგმა გვაიძულა გუნდში შექმნილმა მდგომარეობამაც – სამწუხაროდ, ბევრი ტრავმირებული გვყავს. რაც შეეხება კონკურენციის ზრდას, არც უამისობაა – ფეხბურთელები აუცილებლად უნდა იბრძოდნენ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრისთვის.

ზაფხულში დინამომ დიდი თანხა დახარჯა ესპანელ ფეხბურთელებში. მოლოდინი, რომ მათი დახმარებით კლუბი შიდა სარბიელზე მაინც უკონკურენტო იქნებოდა, არ გამართლდა. ახლახან, ესპანეთში საწვრთნელ შეკრებაზე დინამომ კიდევ ერთი ესპანელი ლეგიონერი დაიმატა. დინამოს დღევანდელი შედეგების გათვალისწინებით, მოსალოდნელია თუ არა ესპანელი ფეხბურთელების რაოდენობის შემცირება?

ყველა მათგანს კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებს და ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია მათი დარჩენა-გაშვების საკითხი...

მაგრამ მათი ბედი თქვენს აზრზეც ხომ არის დამოკიდებული?

იცით, თუ არ ჩავთვლით ჩისკოს, რომელიც მართლა მაღალი კლასის მოთამაშეა და ყოველდღიურად ამტკიცებს იმას, რომ გუნდისთვის ნამდვილად საჭირო ფიგურაა, არ ვთვლი, რომ სხვები შეუცვლელები არიან. მათი საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი მაქვს, მაგრამ რომ ვთქვა, რომ ქართველებს ორი-სამი თავით სჯობნიან, არ ვიქნები მართალი.

ალექს გარსიას ხელმძღვანელობით თბილისის დინამომ უეფას ევროპის ლიგაზე საკმაოდ შთამბეჭდავად ითამაშა, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონატში და თასის გათამაშებაში აღებული ტემპი ვერ შეინარჩუნა: თასის გათამაშებიდან გამოვარდნას თავი რომ დავანებოთ, რამდენიმე შეხვედრაში გაუმართლებლად დაკარგა ქულები, რის გამოც დღეს ჩემპიონატში საკმაოდ ჩამორჩება ლიდერ ზესტაფონს. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ეს ჩავარდნა?

ევროპის ლიგაზე დინამოს ნამდვილად სასურველი მეტოქეები შეხვდა. თუ არ ჩავთვლით საბერძნეთის აეკ-ს, რომელთანაც გუნდი გათამაშებას გამოეთიშა, სხვები ნაღდად არ მიეკუთვნებოდნენ თუნდაც ევროპის საშუალო დონის კლუბებს. ჩემი აზრით, დინამოს თამაში ევროპის ლიგაზე არ იყო განსაკუთრებულად შთამბეჭდავი, მიმაჩნია, რომ კლუბს სასწაული არ მოუხდენია, მაგრამ ამავდროულად, ცხადია, დასაფასებელია ის საქმე, რაც ალექს გარსიამ და ფეხბურთელებმა გააკეთეს. მოდით ასე ვთქვათ: ვთვლი, რომ დინამოს მეტოქეები ნამდვილად არ იყვნენ იგივე ზესტაფონზე თუ რუსთავის მეტალურგზე ძლიერნი...

მაგრამ, ზესტაფონელებს და რუსთაველებს თავი რომ დავანებოთ, დინამომ საქართველოს ჩემპიონატში ისეთ კლუბებთან დაკარგა ქულები, რომლებიც ნამდვილად არ იყვნენ იგივე მოლდოვის მილსამიზე, უელსის ლანელიზე თუ ისლანდიის რეიკიავიკზე ძლიერნი...

იცით, საქართველოს ჩემპიონატს ახასიათებს ასეთი უცნაური მოულოდნელობები...

იქნებ უფრო კონკრეტულად ვთქვათ: რის ხარჯზე დაამარცხა დინამომ მოლდოვის, უელსის და ისლანდიის კლუბები და რატომ ვერ აჯობა მათი დონის და უფრო სუსტ მეტოქეებს საქართველოს ჩემპიონატში და თასზე?

ვფიქრობ, ევროპის ლიგის თამაშების შემდეგ, ბიჭებმა ვერ მოახერხეს შიდა სარბიელისთვის სათანადოდ განწყობა. ევრომატჩებისთვის კლუბში ყველა მოტივირებული იყო, ფეხბურთელები მთელი ძალით თამაშობდნენ – მაქსიმალურად იხარჯებოდნენ, მერე კი, ვთქვათ, მარტვილის მერანთან და ზუგდიდის ბაიასთან თამაშისას, ჩანს, აღარ ჰქონდათ ასეთივე განწყობა. შესაძლოა, მეტოქეები არ დააფასეს სათანადოდ...

ანუ, ჩემპიონატში ლიდერთან საგრძნობი ჩამორჩენა და თასის გათამაშებაში მარცხი არასაკმარისი მოტივაციით უნდა ავხსნათ?

გარკვეულწილად, ალბათ ასეა.

როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს ამ ნაკლის აღმოსაფხვრელად?

პირველი და ყველაზე მთავარი ისაა, რომ თითოეულ დარჩენილ მატჩს, როგორც ფინალურ შეხვედრას, ისე უნდა მივუდგეთ! ამავდროულად, საქმე ცივი გონებით უნდა ვაკეთოთ: არასასურველი შედეგებიდან სათანადო დასკვნები უნდა გამოვიტანოთ, რომ კვლავ არ დაგვიცდეს ფეხი. გუნდში ყველამ უნდა გაიაზროს, რომ იოლი გასეირნება არასდროს გვექნება – თუნდაც იგივე აუტსაიდერებმა, რომლებსაც კონკურენტად არავინ აღიქვამს, შესაძლოა, ძალიან დიდი პრობლემები შეგვიქმნან. მათთვის დინამოსთან ფრეც მიღწევაა და საამისოდ ყველაფერს გააკეთებენ, ჩვენ კი მხოლოდ მოგება გვსურს. ასეთ დროს, თუ ყურადღება წამით მაინც მოადუნე, მარცხის შანსი იზრდება. აქედან გამომდინარე, მოტივაციასთან ერთად მაქსიმალური კონცენტრაციაც აუცილებელია... რამდენიმე კვირაა, რაც ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ვარ და ნელ-ნელა ვხვდები, რაოდენ საპასუხისმგებლო საქმე მაბარია – დინამოსგან ხომ ყოველთვის პირველობას ითხოვენ. მართალია, წარმატება ადვილად არ მოდის, მაგრამ არაფერს დავიშურებთ, რომ გავიმარჯვოთ!

თქვენი გაწვრთნილი გუნდები, საფეხბურთო კლუბი თბილისი იქნებოდა ეს თუ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები, შემტევი ფეხბურთით გამოირჩეოდნენ. დინამოშიც თქვენი პრინციპების ერთგული დარჩებით?

რა თქმა უნდა!

და რამდენად მზად არიან დღეს დინამოელები თქვენი მოთხოვნების შესასრულებლად?

დღეს გუნდში არასახარბიელო მდგომარეობაა: ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ მჯერა, როცა გუნდი სრულად შეიკრიბება, დინამო ნამდვილად ითამაშებს იმ ფეხბურთს, რომელსაც მისგან მთავარი მწვრთნელი და, ზოგადად, გულშემატკივრები ითხოვენ.

დღევანდელი შემადგენლობიდან თქვენი ხელმძღვანელობით არაერთს უთამაშია სხვადასხვა გუნდებში. რამდენად დაგეხმარებათ ეს ფაქტორი წარმატების მიღწევაში?

ვთვლი, რომ ეს პლუსია, მაგრამ არ ვფიქრობ, ეს გადამწყვეტი მომენტი იყოს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ადრე გიორგი დევდარიანთან თამაშობდა და ამის გამო რაიმე შეღავათი ექნება, ეს სისულელეა – ასეთი რამ არასდროს მოხდება! ზოგადად, მიმაჩნია, რომ რაც უფრო კარგად იცნობ ფეხბურთელებს, მით უფრო მეტია წარმატების შანსი.

რუსეთსა და უკრაინას თუ არ ჩავთვლით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან უეფას ჩემპიონთა ლიგაში უკვე ბელარუსის და მოლდოვის ჩემპიონებმაც ითამაშეს. ბოლო ათწლეულების განმავლობაში მუდმივად საუბრობდნენ, რომ დინამო მზად იყო ჩემპიონთა ლიგისთვის, წელს თუ არა, გაისად მაინც შეაღებდა საოცნებო ლიგის კარს, მაგრამ სამწუხაროდ, ამ წარმატებას ჯერ ვერც დინამომ მიაღწია და ვერც სხვა ქართულმა კლუბმა. თქვენ, როგორც საქართველოს ყველაზე ტიტულიანი კლუბის მწვრთნელი, როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო ამ წარმატების მისაღწევად?

ძნელია ამ კითხვაზე პასუხის მოკლედ გაცემა... ჩემი აზრით, ორი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი. პირველი: ის, რომ საქართველოს ჩემპიონი ლიგაში მოხვედრას ვერ ახერხებს, პირველობის დაბალი დონით აიხსნება. წარმოუდგენელია მხოლოდ ორი-სამი კლუბი იყოს წელგამართული და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების იმედი გვქონდეს – როცა გუნდებს შორის საგრძნობი სხვაობაა, ეს უარყოფითად აისახება საერთო დონეზე – კი არ იზრდება, პირიქით, ეცემა. არის მეორე მომენტიც: მწვრთნელებს უნდა მივცეთ დრო, რომ გუნდი სათანადოდ მოამზადონ. ხანგრძლივი თანამშრომლობის ნათელი მაგალითი იყო ზესტაფონის და გია გეგუჩაძის ურთიერთობა – მწვრთნელი წლიდან წლამდე ამზადებდა კლუბს და გარკვეული პროგრესიც იყო. ზოგადად, თუ გუნდს არ ექნება განვითარების კონკრეტული გეგმა, მხოლოდ დროს დაკარგავს. ასეთ შემთხვევაში ყველაფერი, მათ შორის მწვრთნელების ხშირი ცვლა, არაფრისმომტანი იქნება.

 

კომენტარები