პრეზენტაცია

ქართული წარმოების ზალპური, რეაქტიული ცეცხლსასროლი სისტემა

დღეს , ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ქართული წარმოების ახალი ზალპური ცეცხლსასროლი რეაქტიული სისტემის პრეზენტაცია გაიმართა. რეაქტიული სისტემის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების დემონსტრირებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია დაესწრნენ.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა განკუთვნილია მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, ჯავშანტექნიკის, საარტილერიო ბატარეების, გამაგრებული ობიექტების, საკომანდო პუნქტების და საფორტიფიკაციო ნაგებობების გასანადგურებლად.საბრძოლო მანქანას ცეცხლის წარმოება, პოზიციის წინასწარი მომზადების გარეშე და გათვლის კაბინიდან გადმოუსვლელად შეუძლია, რაც ზალპის განსახორციელებლად საჭირო დროს მინიმუმამდე ამცირებს.

მანქანას გააჩნია დაჯავშნული კაბინა, რომელიც მასში მყოფ ხუთკაციან გათვლის დაცვას, ტყვიებისა და ნამსხვრევებისგან უზრუნველყოფს.მიმმართველების რაოდენობა - 40-დან 80 ერთეულამდე, რეაქტიული ჭურვის კალიბრი - 122 მმ, მიმმართველებიანი პაკეტის ამაღლების კუთხე - მინიმალური - 0 გრადუსი, მაქსიმალური - 60 გრადუსი, ჰორიზონტალური დამიზნების კუთხე - შასიდან მარჯვნივ - 80 გრადუსი, შასიდან მარცხნივ - 120 გრადუსი. სრული ზალპის ხანგრძლივობა 20 წმ. სროლის სიშორე რაკეტის ტიპიდან გამომდინარე - მინიმალური - 1000 მ, მაქსიმალური - 40 000 მ. მანქანის გადაადგილების მაქსიმალური სიჩქარე - 80 კმ/სთ. სვლის მარაგი-500 კმ. გათვლა -5 კაცი.

თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ ზალპური ცეცხლსასროლი რეაქტიული სისტემის შექმნისას მისმა ავტორებმა საერთაშორისო სამხედრო ინდუსტრიაში დაგროვილი გამოცდილება გაითვალისწინეს. ის თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში მყოფ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის "დელტას" ბაზაზე შეიქმნა.

 25 თებერვალს, ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე მუხლუხებიანი, ქვეითთა საბრძოლო მანქანის „ლაზიკას" პრეზენტაცია გაიმართა, მაშინ თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ ჟურნალისტებს უთხრა: „ დიდგორის მერე ეს არის მეორე მანქანა და რეალურად შინაარსობრივად, თვისობრივად ეს არის სულ სხვა დანიშნულების და სულ სხვა დატვირთვის მანქანა. ”დიდგორი” არის საპატრულო, სადაზვერვო, მსუბუქად შეჯავშნული. დღეს წარმოდგენილი ”ლაზიკა” არის მძიმეჯავშნიანი, საკმაოდ მობილური და ძლიერი შემტევი იარაღი, რომლის წარმოება პრინციპში ბევრ სახელმწიფოს არ გააჩნია. ბოლო ორი წელი ამაზე საკმაოდ სერიოზულად ვიმუშავეთ. ამ ამოცანის გადაჭრა ნიშნავს იმას, რომ მომავალში კიდევ უფრო შევძლებთ ამ მიმართულების განვითარებას."

 

კომენტარები