აშშ

ამერიკა უზბეკეთისთვის სამხედრო დახმარების აკრძალვას ხსნის

0 კომენტარი

ობამას ადმინისტრაციამ უზბეკეთზე დაწესებული სამხედრო დახმარების აკრძალვა მოხსნა. ეს ნაბიჯი ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობით – ავღანეთთან სიახლოვით არის განპირობებული. ამას ემატება პაკისტან-აშშ-ის ბოლოდროინდელი ურთიერთობის გამწვავება და ავღანეთთან საზღვრის ჩაკეტვა. ექსპერტთა ნაწილი ვაშინგტონის გადაწყვეტილებას, ამის პასუხად განიხილავს. საგულისხმოა რუსეთის გააქტიურება ცენტრალური აზიის ქვეყნებთან დაკავშირებით.

შეზღუდვის მოხსნის გადაწყვეტილებას სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, ხელი 18 იანვარს მოაწერა. საბოლოოდ დასამტკიცებლად კონგრესის ორივე პალატის თანხმობაა საჭირო. კანონპროექტის მიხედვით, ვაშინგტონი უზბეკეთისთვის არალეტალური თავდაცვითი იარაღის (GPS-ის სისტემა, თერმული სენსორები სასაზღვრო პოლიციისთვის, ჯავშანი, ღამის თვალსაფარი) მიწოდებას შეძლებს. რაც შეეხება იარაღს, ჭურვებსა და სხვა საბრძოლო მასალას, ადმინისტრაციის თქმით, აკრძალვის მოხსნა ამ ტიპის აღჭურვილობაზე არ გავრცელდება. მომავალ წელს ამერიკა უზბეკეთისთვის 100 ათასი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფას აპირებს. მომდევნო წლებში თანხა კიდევ უფრო გაიზრდება. აღნიშნული დახმარება უზბეკეთის თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლებას მოხმარდება – სასაზღვრო და ავღანეთში მიმავალი სახმელეთო, სატრანზიტო სისტემის, ჩრდილოეთის მიწოდების ქსელის (NDN) უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ამ უკანასკნელზე აშშ დაახლოებით 315 მილიონ დოლარს ხარჯავს, რაც მისი მნიშვნელობითაა განპირობებული: NDN ავღანეთში ჩასული ტვირთის 40%-ს ატარებს.

ტაშკენტი ამ ქსელის საკვანძო მონაწილეა. ამერიკელი მაღალჩინოსნების ინფორმაციით, NDN-ის 98% სწორედ უზბეკეთზე გადის. მათივე გამოთვლებით, ავღანეთისკენ მიმავალი უზბეკეთის სახმელეთო გზა, ყირგიზეთის საჰაერო მარშრუტთან შედარებით, სატრანსპორტო ფასებს მნიშვნელოვნად ამცირებს. დღეს NDN არალეტალურ სამხედრო ტვირთს ატარებს. მომავალში დასავლეთი ავღანეთიდან ჯარების გამოსაყვანად, სწორედ ამ მარშრუტის გაფართოებასა და გამოყენებას გეგმავს.

მარშრუტის მნიშვნელობა აშშ-პაკისტანის ურთიერთობაში ბზარის გაჩენის შემდეგ გაიზარდა. ორ ქვეყანას შორის უთანხმოების გაჩენის მიზეზი, ამერიკის საჰაერო ძალების მიერ საზღვარზე ნოემბერში განხორციელებული თავდასხმის დროს, 24 პაკისტანელი ჯარისკაცის სიკვდილი გახდა. ამის შემდეგ ოფიციალურმა ისლამაბადმა ქაბულთან საზღვარი ჩაკეტა. შედეგად, ავღანეთში NATO-ს ჯარებისთვის, პაკისტანის გავლით ტვირთის მიწოდება შეფერხებულია.

საგულისხმოა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან სამხედრო თანამშრომლობის კუთხით რუსეთის გააქტიურება. ოქტომბერში მიღწეული შეთანხმებით, რუსული ბაზა ტაჯიკეთში კიდევ 49 წელი დარჩება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ყირგიზეთის კანტის ბაზის მოსკოვისთვის დათმობასთან დაკავშირებით.

2003 წელს ამერიკამ უზბეკეთს დახმარება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გამო შეუწყვიტა. ქვეყნის პრეზიდენტს, ისლამ კარიმოვს, რელიგიური ჯგუფების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში, ოპოზიციური პარტიების დევნაში, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მოქმედების თავისუფლების შეკვეცაში ადანაშაულებდნენ. ამას დაერთო 2005 წლის ანდიჯანის გამოსვლების დროს სამთავრობო ძალების მიერ დემონსტრანტების დარბევა და მათი მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება. ვაშინგტონის მიერ აღნიშნულ ინციდენტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნას ტაშკენტმა უპასუხა. აშშ-ს უზბეკეთში სამხედრო ბაზა დაუხურა. კარიმოვის რეჟიმი თავს ყოველთვის ტერორისტებთან და ექსტრემისტებთან ბრძოლის არგუმენტით იმართლებდა. დღეს შეზღუდვების მოხსნას, ამერიკელი მაღალჩინოსნები ქვეყანაში ადამიანის უფლებების გაუმჯობესებით ხსნიან. სახელმწიფო დეპარტამენტმა 20 იანვარს კონგრესს ამის დამადასტურებელი ანგარიშიც კი წარუდგინა. მისი მიხედვით, ქვეყანამ არალეგალურ შრომით ტრეფიკინგთან ბრძოლისას მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. გამოუშვეს პოლიტიკური პატიმრები. მიუხედავად ამისა, უფლებადამცველი ორგანიზაციების მტკიცებით, ქვეყანაში ვითარება ამ მხრივ არ გაუმჯობესებულა.

ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში უზბეკეთისთვის სამხედრო დახმარების განახლების შესახებ გადაწყვეტილება დამტკიცდება. იგი 2013 წლის სექტემბრამდე იქნება ძალაში და ყოველ ექვს თვეში ერთხელ განახლდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დააკავეს პირი, რომელმაც დიდ დიღომში ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა

კომენტარები