წლიური ანგარიში

პრეზიდენტის ანგარიში

თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგა. ქვეყნის პირველი პირის შემაჯამებელ გამოსვლას მნიშვნელობას ისიც მატებდა, რომ 2012 საარჩევნო წელია. წინა რამდენიმე გამოსვლის მსგავსად, მან ძირითადი აქცენტი კვლავ სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე გააკეთა. პრეზიდენტმა ამ მიმართულებით მთელი რიგი ახალი პროგრამები თუ ინიციატივები წარადგინა.

„საქართველო ისევ წინ მიდის” – იყო მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის ლაიტმოტივი. კრიზისისა და ომის შემდგომ, ეკონომიკური ზრდის ტემპმა ისევ იმატა. მმართველმა პარტიამ 2007 წლის შემდეგ დაკარგული ინიციატივა და თავდაჯერებულობა დაიბრუნა. აღსანიშნავია ისიც, რომ რევოლუციის შემდგომ პირველ წლებში, პარტია თავის დომინანტურ პოლიტიკურ მდგომარეობას რეფორმებისთვის იყენებდა. დღეს იმ პერიოდისათვის დამახასიათებელ იდეალიზმს პრაგმატიზმი ანაცვლებს. ეს ცვლილება თავად პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლების რიტორიკაზეც აისახა. ლიბერალურ ღირებულებებზე აპელირება უფრო ნაკლებად ხდება. სამაგიეროდ, მეტი ყურადღება ეთმობა ამომრჩეველთა სხვადასხვა ჯგუფების საჭიროებებს და მათ მოსაგვარებლად სახელმწიფოს მიერ გაწეულ, ან გასაწევ ღონისძიებებს.

არსებობის პირველ წლებში, ნაციონალური მოძრაობა საარჩევნო ბაზარზე საკუთარი თავის პოზიციონირებას ახდენდა, როგორც მომავალზე ორიენტირებული, ტრანსფორმაციული პოლიტიკური ძალა. დღეს მისი მიზანი სტატუსკვოს შენარჩუნებაა. ეს ვითარება მის საარჩევნო სტრატეგიაზეც აისახება. მმართველი პარტიის მიზანი უკვე არსებული ამომრჩევლის შემომტკიცებაა. ნაკლები ძალისხმევა ხმარდება მხარდამჭერთა წრის თვისობრივ გაფართოებას. ამის მიზეზი, შესაძლოა, შიდა გამოცდილება და გართულებული საგარეო ფონიც იყოს. რეფორმებს, მოტანილ შედეგთან ერთად, თავისი პოლიტიკური ფასიც აქვს. ამის გამო, მმართველ გუნდს გარისკვა შეიძლება აღარც უღირდეს.

ასეთ მიდგომას გარკვეული, პრაგმატული ახსნა გააჩნია. არსებული საარჩევნო ბაზა, მმართველი პარტიისა და მისი კანდიდატების, 6 სხვადასხვა სახის საერთონაციონალურ არჩევნებში გასამარჯვებლად საკმარისი აღმოჩნდა. წესით, მხარდაჭერის იმავე მასშტაბის შენარჩუნების შემთხვევაში, ნაციონალებს 2012 და 2013 წლების არჩევნებში წარმატება არ უნდა გაუჭირდეთ. თუმცა, მზარდი საარჩევნო კონკურენციის პირობებში, ამომრჩეველთა თუნდაც ყველაზე მცირერიცხოვანი ჯგუფის იგნორირება, შესაძლოა, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას ძვირი დაუჯდეს.

პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლიდან ჩანს, რომ ამ პრობლემას მმართველი პარტია გარკვეულწილად აცნობიერებს და უკმაყოფილო მოქალაქეებს ბოლომდე უყურადღებოდ არ ტოვებს. თუმცა, ძნელი სათქმელია, რამდენად საკმარისია ამ ამომრჩევლის მისამხრობად ის, რასაც დღეს ნაციონალები სთავაზობენ – მათ შორის, პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით წარმდგარი პრეზიდენტის პირით.

უარყოფითად განწყობილნი, პირველ რიგში, ქალაქში მცხოვრები შუახნისა და საშუალოზე ნაკლები შემოსავლის მოქალაქეები არიან. მათ იმდენად არ უჭირთ, რომ სახელმწიფოს სხვადასხვა სოციალური პროგრამების ბენეფიციარები გახდნენ. ამ ადამიანებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში სამუშაო არ გააჩნიათ და იმედიც არ აქვთ, რომ უახლოეს მომავალში იშოვიან. ნაკლებსავარაუდოა, რომ სააკაშვილის მიერ შეთავაზებული პროფესიული გადამზადების ვაუჩერებმა, მათი მდგომარეობა ხელშესახებად შეცვალოს.

რევოლუციის შემდგომ პირველ წლებში გატარებულმა რეფორმებმა მთლიანი შიდა პროდუქტის საგრძნობი ზრდა მოიტანა. თუმცა დასაქმების სტატისტიკაზე ეს ჯერჯერობით არ ასახულა. შრომის ბაზარზე გარდატეხის შესატანად ეკონომიკური რეფორმების ახალი ტალღაა აუცილებელი. ასეთი ინიციატივები კი ბოლო დროს სულ უფრო და უფრო იშვიათია. ამ მხრივ გამონაკლისი არც პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლა ყოფილა.

ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკით უკმაყოფილების მეორე თემა დემოკრატიის სფეროში არსებულ ნაკლოვანებებს უკავშირდება. ამ საკითხებით დაინტერესებული ამომრჩეველი ბევრად უფრო მცირერიცხოვანია და ძირითადად დედაქალაქშია კონცენტრირებული. თუმცა მათ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე დისპროპორციულად დიდი გავლენა აქვთ. ბოლო დროს მმართველი პარტია სულ უფრო მეტად ცდილობს, პოლიტიკური სისტემის ხარვეზებით შეშფოთებულ მოქალაქეთა წუხილებს უპასუხოს, მაგრამ ჯერჯერობით ეს მცდელობები რიტორიკის სფეროს მნიშვნელოვნად არ ცდება.

არჩევნები ნაციონალურ მოძრაობას მხარდამჭერებთან პოლიტიკური კონტრაქტის განახლების შესაძლებლობას აძლევს. 2012-13 წლებში მისი წარმატება მეტწილად იმით იქნება განპირობებული, თუ რამდენად შეძლებს თავისი სტაბილური მომხრეების მობილიზებას. პრეზიდენტი საპარლამენტო გამოსვლაში, პირველ რიგში, მათზე ახდენდა აპელირებას. ამიტომ, პოლიტიკური კონტრაქტის უმთავრესი ადრესატები სწორედ ტრადიციული მხარდამჭერები არიან – ასაკოვანი და ახალგაზრდა ადამიანები, სოფლის მოსახლეობა, ღარიბები, უმცირესობები და ახალი ურბანული შეძლებული მოსახლეობა. განსაკუთრებული კონკრეტიკით მათზე მიმართული პასუხები გამოირჩეოდა. უმუშევრობისა და დემოკრატიის საკითხებით შეშფოთებულმა ამომრჩეველმა კი მისთვის საინტერესო პრობლემებზე მხოლოდ ზოგადი ფრაზები მოისმინა.

პრეზიდენტის განცხადებით, უამრავი მოქალაქე, ქვეყნის წარმატებას საკუთარ ოჯახებში ჯერ კიდევ ვერ გრძნობს. ამიტომ, მმართველ გუნდს აქვს დამატებითი გეგმები, რათა სახელმწიფოს წინსვლა „უფრო მეტი ოჯახის წინსვლად” იქცეს. სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეკონომიკა არ არის მხოლოდ ციფრები, არამედ ის, თუ როგორ გრძნობენ ადამიანები თავს – ქვეყნის წარმატება მათ პირად წარმატებად უნდა იქცეს.

მოსახლეობის პრობლემები, იმავდროულად, ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო გამოწვევებია. საკითხავი ისაა, როგორ უნდა გადაიჭრას ისინი – ხელისუფლების ჩარევით თუ კერძო სექტორის მეშვეობით. ადრე ხელისუფლებას უფრო ლიბერალური მიდგომები ჰქონდა, ხოლო ბოლო რამდენიმე წელია, ამ პროცესებში სახელმწიფოს როლი იზრდება. თუმცა, ამავე დროს, მათ გაცნობიერებული აქვთ, რომ დახმარება დროებითია და შემდგომში მოქალაქეებმა დამოუკიდებლად უნდა შეძლონ საკუთარ თავზე ზრუნვა.

პრეზიდენტმა კონკურენტუნარიანობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, სამუშაო ადგილების გაჩენა ყოველთვის არ ნიშნავს დასაქმებას, რადგან არსებობს კვალიფიკაციის პრობლემა. კადრები უცხოელებს კონკურენციას ხანდახან საკუთარ ქვეყანაშიც ვერ უწევენ. „არც ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვა და ეკონომიკური თვითიზოლაციაა სწორი გზა”, – განაცხადა სააკაშვილმა და დაამატა, რომ ჩვენი კონკურენტუნარიანობა თავად უნდა გავზარდოთ. ეს ფილოსოფია საგარეო პოლიტიკაზეც ვრცელდება.

გამოსვლის იმ ნაწილში, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებისკენ იყო მიმართული, სააკაშვილმა ქვეყნის ურყევ დასავლურ კურსსა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა. მისი თქმით, თუ დასავლეთი საქართველოს ისტორიული არჩევანია, ჩვენი რეგიონი კავკასიაა და საქართველოს გრძელვადიანი უსაფრთხოება, კავკასიური უსაფრთხოების გარეშე არ უნდა განიხილონ. ამისთვის, კავკასიელ ხალხებთან და ქვეყნებთან მუშაობა და მეგობრობა უნდა გაგრძელდეს. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო მათთვის ფანჯარაა ევროპაში. სააკაშვილი დაინტერესებულია რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებით. საქართველო რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ცალმხრივად გააუქმებს.

პრეზიდენტის გამოსვლას ხმაურიანი და უხარისხო დებატები მოჰყვა. რიგ შემთხვევებში, ეს ურთიერთშეურაცხყოფაშიც კი გადაიზარდა. მიზეზი, შესაძლოა, პრაგმატული მიდგომები იყოს – მოსახლეობის ის მცირე ნაწილი, რომელსაც ხარისხიანი დებატი სჭირდება, ნაკლებმნიშვნელოვანია. როგორც ჩანს, განსხვავებული აზრის, თუნდაც აბსურდულის, მოთმინებით მოსმენა და საგნობრივი დებატიც პოლიტიკოსებს ჯერ კიდევ უჭირთ. საგარეო ასპარეზზე გამოსვლები მათ აშკარად უკეთ გამოსდით.

კომენტარები