პიტერ კლაინი

ისტორიულად, მთავრობა აქტიური მენეჯერის როლში სუსტია

0 კომენტარი

უკვე ერთი კვირაა თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ლექციებს მისურის უნივერსიტეტის პროფესორი, მრავალი წიგნისა და პუბლიკაციის ავტორი პიტერ კლაინი კითხულობს. მისი კვლევისა და ინტერესის ძირითადი სფეროებია მეწარმეობა, ბიზნესგანათლება, სტრატეგია. მეწარმეობის მნიშვნელობაზე, მახასიათებლებზე, ბიზნესგანათლების თავისებურებებზე, ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობასა და სხვა საინტერესო თემებზე დოქტორი კლაინი ტაბულას ესაუბრა.

რას ნიშნავს ტერმინი მეწარმეობა და რა ევოლუცია განიცადა მისმა განსაზღვრებამ დროთა განმავლობაში?

მეწარმეობის შესახებ ბევრს წერენ და უფრო მეტს ლაპარაკობენ. მთავრობა თუ არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად გვახსენებენ, თუ რამდენად აუცილებელია ქვეყანაში, განსაკუთრებით კი გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში, მეწარმეობის განვითარება ეკონომიკური ზრდისთვის. სამწუხაროდ, ხშირად ისე მიმოიხილავენ ამ საკითხს, რომ ზუსტად თვითონაც არ აქვთ განსაზღვრული, რას გულისხმობენ. თვითონ ტერმინი – მეწარმე კარგად ჟღერს. ინგლისურ ენაში, მაგალითად, ეს კომპლიმენტად აღიქმება. თუ ვინმეს ეუბნებით, რომ ანტრეპრენერია, ე.ი. გულისხმობთ, რომ გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი აქვს, ნოვატორი და ინიციატივიანი პიროვნებაა. ტერმინის განმარტებას უფრო მეცნიერულად თუ მივუდგებით, ის შეიძლება გულისხმობდეს, როგორც ინდივიდებს, ისე კომპანიებს: მაგალითად, თვითდასაქმებულები, ახალი კომპანიების მფლობელები ან ნოვატორი კომპანიები, მცირე ფირმები, რომლებმაც მოკლე დროში მოახერხეს გაზრდა. ტერმინი ზოგჯერ აბსტრაქტული მნიშვნელობითაც გამოიყენება: შემოქმედებითობა, რესურსების განაწილების თუ გადაწყვეტილების მიღების უნარი. ყოველთვის, განსაკუთრებით კი, როცა ამ ტერმინს პოლიტიკოსი ახსენებს, კარგია, ვთხოვოთ, განმარტოს, რას გულისხმობს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

ყოველდღიურ საუბარში, მეწარმე და ბიზნესმენი პრაქტიკულად სინონიმებია. თუმცა თქვენს წიგნში „კაპიტალიზმი და მეწარმეობა” ამ ცნებებს ერთმანეთისგან მიჯნავთ. რატომ?

ბიზნესმენად შეიძლება ჩაითვალოს ყველა, ვისაც ბიზნესთან რაიმე შეხება აქვს – მაგალითად, მენეჯერი ან ჩვეულებრივი თანამშრომელი. მეწარმე, როგორც წესი, ამაზე მეტია: ეს არის ადამიანი, რომელსაც მნიშვნელოვან რესურსებზე მიუწვდება ხელი და თვითონ იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, ეს რესურსები როგორ განაწილდეს. ჩემს წიგნში ამ ადამიანის მთავარი ფუნქცია რისკების მართვაა – იქნება ეს ბაზრის, პოლიტიკური თუ სხვა ტიპის რისკი. მეწარმე კრიტიკულ ვითარებაში იღებს გადაწყვეტილებას. ეს განასხვავებს მას ჩვეულებრივი ბიზნესმენისგან. მეორე მხრივ, შეგვიძლია ვიდავოთ, რომ თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს. მართალია. თუმცა როცა მეწარმეობას შევისწავლით, მისი მასშტაბი გვაინტერესებს – ისეთი გადაწყვეტილებები, რომელთაც ბევრი ადამიანის ცხოვრებაზე აქვთ გავლენა და ეკონომიკის ზრდა მოაქვთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პიტერ კლაინი, როგორც ანტრეპრენერი, ნაკლებად საინტერესოა, ვიდრე ბილ გეიტსი ან სტივ ჯობსი. ეს ადამიანები ეკონომიკისთვის ბევრად უფრო წონიანი ფიგურები არიან.

თვითდასაქმება ახსენეთ. საქართველოში თვითდასაქმების დონე უფრო მაღალია, ვიდრე დაქირავებით დასაქმების. თუ შეგვიძლია ამის მიხედვით ვიმსჯელოთ საქართველოში მეწარმეობის დონის განვითარების შესახებ?

ზოგიერთი კვლევა აქცენტს ფინანსურ სექტორზე აკეთებს. რაც უფრო მეტია საწარმოო კაპიტალი, მით უფრო განვითარებულია ქვეყანაში მეწარმეობა. თქვენს კითხვას რომ ვუპასუხო, თვითდასაქმებასა და მეწარმეობის დონეს შორის კავშირი ნამდვილად არის, თუმცა – არასრულყოფილი. რა თქმა უნდა, თვითდასაქმებულებს მეტი ხარისხით უწევთ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, რისკების შეფასება, შესაძლებლობების დანახვა, რესურსების იდენტიფიცირება და შემდეგ მათი ეფექტიანი განაწილება. თუმცა ბაზარზე სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც მოქმედებს.

არსებობს ინდიკატორები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში ზომავს როგორც მეწარმეობის განვითარების დონეს, ისე გარემოს. რამდენად შედარებადია ეს მაჩვენებლები?

არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც სწორედ ამ საქმით არიან დაკავებულნი. მაგალითად – მსოფლიო ბანკი. ეს ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ბიზნესის დაწყების სიმარტივეზე და იმ ინსტიტუციონალურ თუ მარეგულირებელ გარემოზე, რომელიც ამ მიზანს ან ამარტივებს ან ართულებს. ამ შემთხვევაში წამყვანი ინდიკატორებია: ბიზნესის დაწყების დრო, პროცედურების რაოდენობა, ხარჯი. სხვათა შორის, საქართველოს საკმაოდ კარგი პოზიცია უჭირავს: აქ ბიზნესის დაწყება უფრო ადვილია და უფრო იაფი, ვიდრე ვთქვათ საფრანგეთში, ან იგივე შეერთებულ შტატებში. თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ ახალი ბიზნესების გაჩენა ქვეყანაში მნიშვნელოვანია მისი ეკონომიკური ზრდისთვის, მაშინ ხელს შევუწყობთ ისეთი გარემოს ჩამოყალიბებას, რომელიც ამას ამარტივებს. მსოფლიო ბანკი და მსგავსი ორგანიზაციები სწორედ ასეთი ხელსაყრელი გარემოს იდენტიფიცირებას ახდენენ.

რადგან ინდექსები ახსენეთ, ჩაგეკითხებით. საქართველოს მართლაც კარგი ქულები აქვს იმ ინდექსებში, რომლებიც ლიბერალურ ბიზნესგარემოს ზომავს. თუმცა მოიკოჭლებს იქ, სადაც წამყვანი ინოვაციაა. დაბალი ინოვაციურობის ეს ტენდენცია ზოგადად განვითარებადი ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი და როგორია ინოვაციისთვის ხელსაყრელი გარემო?

გამართული კანონმდებლობა, ლიბერალური ბიზნესგარემო, საკუთრების უფლებების დაცულობა, მყარი ვალუტა, ეკონომიკაში მთავრობის მინიმალური ჩარევა – ეს ყველაფერი აუცილებელია ინოვაციისა და მეწარმეობის განვითარებისთვის და ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის. თუმცა შეიძლება – არასაკმარისი. ბოლო ორასი წლის ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ინდუსტრიული რევოლუციების პერიოდში მეწარმეობა ძალიან კარგად იყო განვითარებული. თუმცა ევროპაშიც, ინდუსტრიული რევოლუციის დროს და შეერთებულ შტატებშიც, განვითარების მოდერნიზაციულ და ინდუსტრიულ ეტაპებზე, ბევრი დიდი საწარმო მუშაობდა. ყველა ქვეყანაში, რომელმაც ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს მიაღწია, ადამიანების უმეტესობა მეწარმეები კი არა, სხვადასხვა ქარხნებში დასაქმებული მუშახელი იყო. მაშინდელი პირობები დღეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია – ადამიანებს აღარ სურთ ქარხანაში მუშად მუშაობა, მათ საკუთარი ბიზნესის მართვა ურჩევნიათ. და ამაში ცუდი არაფერია. თუმცა ჩვენ დაბეჯითებით მაინც ვერ ვიტყვით, რამდენად შეძლებს ქვეყანა, ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს მიაღწიოს მხოლოდ მცირე ბიზნესის განვითარებით და ახალი ბიზნესების გახსნით. იქნებ ამისთვის მეტი დიდი საწარმოა საჭირო, იქნებ მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. ეს ჩვენ უბრალოდ არ ვიცით.

ვარდების რევოლუციის მთავარი გზავნილი იყო საქართველო კორუფციის გარეშე. მას შემდეგ, საერთაშორისო ინდექსების მიხედვით, კორუფციის აღქმა საქართველოში თითქმის 10-ჯერ შემცირდა. კიდევ რა ინსტიტუციური რეფორმებია საჭირო იმისთვის, რომ ქვეყანაში მეწარმეობისთვის ხელსაყრელი გარემო მივიღოთ?

კორუფციასთან ბრძოლა ნებისმიერი მთავრობის ნომერი პირველი ამოცანა უნდა იყოს. ეს გულისხმობს დაცულ საკუთრების უფლებებს, თავისუფალ ბაზარს, სადაც ადამიანებს შეუძლიათ შეზღუდვების გარეშე გაცვალონ საქონელი და სერვისი, დერეგულირებულ შრომით ბაზარს, სადაც დამსაქმებელი და დასაქმებული კონტრაქტის საფუძველზე აგვარებენ ურთიერთობას. ეს ყველაფერი მეწარმეებს ეხმარება აკეთონ ის, რაც მათ ყველაზე უკეთ გამოსდით: რესურსების მოძიება და განაწილება, ახალი პროდუქტების და სერვისების შეთავაზება, საწარმოების შექმნა ან მათი დაშლა და ა.შ. მე მხოლოდ ის მოდელი მაფიქრებს, სადაც მთავრობა აქტიურ მენეჯერად არის წარმოდგენილი. ამის საუკეთესო მაგალითია სილიკონის ველი კალიფორნიაში. აქ უამრავი მწარმოებელია და მათთვის ყველანაირი პირობა არსებობს წარმატებას მისაღწევად. ბევრი ქვეყნის მთავრობა უყურებს ამ ადგილს და აღფრთოვანებული ამბობს, რომ იმავეს მიღწევა თავის ქვეყანაშიც უნდა. და რას აკეთებს ამისთვის? ადგენს ათას გეგმას, მაგალითად, თბილისისთვის და ამბობს, ჩვენ მოვახდენთ გარკვეული ბიზნესების სუბსიდირებას, რომ ისინი აქ ჩამოვიდნენ და თავიანთი ბიზნესი აქ აწარმოონ – ჩვენ ავაშენებთ აქ ინფრასტრუქტურას, ბიზნესინკუბატორებს, ლაბორატორიებს. ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ მთავრობებს ამ ტიპის დაგეგმვა კარგად არ გამოსდით. სილიკონის ველის მსგავსი კლასტერები დამოუკიდებლად იქმნება. მათი დაგეგმვა პრაქტიკულად შეუძლებელია.

რა როლი აქვს მენეჯმენტის სწავლებას და ბიზნესგანათლებას?

მენეჯმენტი, ფართო გაგებით, ვფიქრობ, უნდა ისწავლებოდეს ზუსტად ისე, როგორც ისწავლება მათემატიკა, ლიტერატურა, ისტორია და სხვა საგნები. რაც შეეხება ბიზნესგანათლებას, ბევრ სტუდენტს ვასწავლი და ვფიქრობ, ისინი აუცილებლად უნდა ერკვეოდნენ ფინანსებში, ბუღალტერიაში, მარკეტინგის საფუძვლებში. თუმცა არა ვარ დარწმუნებული, რომ იმის სწავლება შეიძლება, თუ როგორ გახდება ადამიანი წარმატებული ბიზნესმენი ან მეწარმე. ტექნიკურ დონეზე, რა თქმა უნდა, შეიძლება ადამიანს ვასწავლოთ, როგორ აიღოს, მაგალითად, ლიცენზია იმისთვის, რომ ბიზნესის წამოწყების უფლება გაუჩნდეს. ამის სწავლება რთული არ არის, თუმცა შეგვიძლია თუ არა ვასწავლოთ – როგორ შეძლოს შემოქმედებითობა, როგორ შენიშნოს შესაძლებლობები, როგორ იფიქროს კრიტიკულად – ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ. აუცილებლად სამხატვრო სკოლა უნდა დაემთავრებინა პიკასოს, რომ დიდი მხატვარი გამოსულიყო? რაღაც არ მგონია, რომ ბევრი ადამიანი სერიოზულად ფიქრობდეს, თითქოს პიკასო იმიტომ არის პიკასო, რომ მან რომელიღაც სამხატვრო სკოლა დაამთავრა. რა თქმა უნდა – არა. ჩვენ ირგვლივ ძალიან ბევრია ისეთი წარმატებული ადამიანი, რომელსაც უმაღლესი განათლება საერთოდ არ მიუღია – მაგალითად, ბილ გეიტსი, ის კოლეჯიდან გააგდეს, დიპლომიც კი არ აქვს. სწორედ ეს მაფიქრებინებს, რომ მეწარმეობის და ბიზნესის სწავლებისას, ჩვენი როლი სახელმწიფოს როლის მსგავსი უნდა იყოს: შევქმნათ სათანადო გარემო იმისთვის, რომ ადამიანი ამ საკითხებით დაინტერესდეს და საკუთარი უნარების გამოცდა მოუნდეს. ეს არის მაქსიმუმი, რაც ამ სფეროში შეგვიძლია მათ შევთავაზოთ.

ჩვენი საუბარი რომ შევაჯამოთ, შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ მეწარმეობა ეკონომიკური განვითარების მთავარი მიზეზია?

მე საკითხს ასე არ დავსვამდი. მეწარმეობა უდავოდ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. თუ მეწარმეობას ფართო მნიშვნელობით ვგულისხმობთ – კერძოდ, სწორი და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარს – მაშინ, რა თქმა უნდა, სტაბილური ეკონომიკური განვითარებაც სწორედ ამას ნიშნავს. თუმცა აქ, ჩემი აზრით, კიდევ ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ეს არის სოციალური ან არამომგებიანი საწარმოს ცნება – როცა ადამიანები ცდილობენ, მაგალითად, დაეხმარონ ღარიბებს ან დაავადებულებს, ან დაიცვან გარემო. ამ ტიპის საქმიანობა მშპ-ის და ეკონომიკური ზრდის ტრადიციულ ინდიკატორებში არ აისახება. მეორე მხრივ, შეიძლება ამ ადამიანებს ეკონომიკური განვითარება საერთოდ არ აინტერესებდეთ და მათთვის მთავარი იყოს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, ამით კმაყოფილების განცდა. ასეთი რამ ეკონომიკური ზრდის სტატისტიკურ მონაცემებში, რა თქმა უნდა, ვერ მოხვდება.

რადგან სოციალური საწარმოს ცნება ახსენეთ, ბოლო შეკითხვას დაგისვამთ. მოდაში შემოვიდა კომპანიებისთვის ე.წ. სოციალური პასუხისმგებლობის დაკისრება. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის ნებისმიერი საწარმოს მთავარი პასუხისმგებლობა?

ამ შემთხვევაში ცნობილი ეკონომისტის, მილტონ ფრიდმანის აზრს ვიზიარებ. მან ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა ერთ-ერთ სტატიაში გააკრიტიკა. რეალურად, ბიზნესმა ფული უნდა აკეთოს. ეს საქმე ყველაზე უკეთ გამოსდის. ფული შემდეგ კომპანიის მფლობელებთან, პარტნიორებთან, თანამშრომლებთან მიდის. მათ უნდა გადაწყვიტონ რა უყონ ამ ფულს – გაფლანგონ, დაზოგონ თუ გარემოს დაცვას ან სხვა სოციალურ მიზანს მოახმარონ. აქ მთავარია, რომ ამ ფულს ანაწილებს არა კომპანია, არამედ ცალკეული ინდივიდები, რადგან ფული რეალურად მათია. თუ დახარჯვა სოციალური მიზნებისთვის უნდათ, ან თუ კომპანია მათთან შეთანხმების საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას, აქ პრობლემა არ არსებობს. მაგრამ თუ კომპანიისგან ვინმე მოითხოვს კონკრეტული მიზნისთვის თანხის დახარჯვას და ამისთვის სპეციალურ რეგულაციებს აწესებს – ჩემთვის ეს უკვე პრობლემაა. ვფიქრობ, ბიზნესს არ გამოსდის სოციალური პასუხისმგებლობის ეფექტიანი დემონსტრირება. მისი საქმე ფულის კეთება და ინდივიდებისთვის ამ თანხის დახარჯვის არჩევანის გაფართოებაა. ადამიანი ყველაზე კარგად გადაწყვეტს, როდის, როგორ და რაში დახარჯოს საკუთარი ფული.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები