სომალი

გეგმა სომალისთვის

თებერვალს ლონდონში გამართული საერთაშორისო კონფერენცია სომალის მომავლისთვის გარკვეულ იმედს იძლევა. კონფერენციას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი, არაბი შეიხები, თურქი დიპლომატები და 40 სხვა ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრნენ. კონფერენციის მონაწილეებმა ახლებური დიპლომატიური მიდგომა შეიმუშავეს. დედაქალაქ მოგადიშოში „გარდამავალი ფედერალური მთავრობის” შექმნის ნაცვლად, ისინი ქვეყნის ხუთ-ექვს გავლენის ზონად დაყოფაზე თანხმდებიან. ამით სომალი ფედერალურ სისტემას დაემსგავსება.

ლონდონის გეგმის შემუშავება ტერორისტულ ქსელ შაბაბის უკანდახევას დაემთხვა, რომელიც სომალის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს. ეთიოპიურმა და კენიურმა სამხედრო ძალებმა, ამერიკული, ბრიტანული და ფრანგული ლოჯისტიკური დახმარებით, შეძლეს დასავლეთის და სამხრეთის მხრიდან შაბაბის შევიწროება.

სომალის კანტონიზაციის გეგმა საფრთხეებსაც მოიცავს. მის შედეგად მიღებული სახელმწიფო კვლავ კორუფციული და არალიბერალური იქნება. ამასთან, ტომობრივი ფედერაციები იდეალურ პარტნიორებს არ წარმოადგენენ. გეგმა ასევე დამოკიდებულია უცხოელი ჯარისკაცების წარმატებაზეც. არც საშინაო და არც საგარეო აქტორებს ერთმანეთის ნდობა არ აქვთ. შესაბამისად, ლონდონის გეგმა ახლო მომავალში ნაკლებად გამართლდება.

ომის და ტერორის ორმა ათწლეულმა სომალი საცხოვრებლად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცუდ ადგილად აქცია. გასულ წელს დაახლოებით 80 ათასი ადამიანი დაიღუპა შიმშილით, ხოლო 2,3 მილიონს საკვებით დახმარება ესაჭიროება.

 

 

 

კომენტარები