არჩევნები რუსეთში

პუტინის საგარეო პოლიტიკა

რას შეცვლის საპრეზიდენტო არჩევნები

მარტს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი, სავარაუდოდ, მესამედ და ახლა უკვე 6-წლიანი ვადით, რუსეთის პრეზიდენტი გახდება. საპროტესტო აქციები, რომელიც 4 დეკემბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გრძელდება, რუსეთში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს უსვამს ხაზს. შესაძლოა პროტესტი საპრეზიდენტო არჩევნებმა კიდევ უფრო გაამძაფროს. თუმცა პუტინის წინასაარჩევნო კამპანია ამბიციური რიტორიკითა და გრანდიოზული გეგმებით გამოირჩევა.

რუსულ პრესაში გამოქვეყნებულ წერილებში, პრემიერი ცდილობს მმართველობის, ეთნიკური დაპირისპირების, დემოგრაფიული და სხვა ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემები მიმოიხილოს. დიდი ინტერესი დაიმსახურა პუტინის პუბლიკაციამ, რომელიც რუსეთის ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესებსა და სამხედრო მოდერნიზაციას ეხებოდა. მას ლაიტმოტივად ანტიამერიკული განწყობა გასდევს და სამხედრო რიტორიკითაა გაჟღენთილი. ეს, როგორც დასავლელ, ისე რუს მიმომხილველთა შეფასებით, ზოგჯერ რეალობის ფარგლებს სცდება. სამხედრო სიძლიერეზე აქცენტი რუსეთში ამომრჩეველთა მიმხრობის ნაცადი ხერხია. ამჯერად პუტინი საკუთარ მოსახლეობას, 10 წელიწადში, მსოფლიოს წამყვან სამხედრო ძალად ქცევის გეგმას სთავაზობს.

პრემიერის წერილის მიხედვით, რუსეთისთვის პრიორიტეტული – ბირთვული არსენალის განახლება, მაღალი სიზუსტის სარაკეტო სისტემების, მართვისა და კომუნიკაციის სისტემების განვითარება იქნება. პუტინი კოსმოსურ შეიარაღებაზეც საუბრობს. ამ ამოცანების შესასრულებლად, ის მომდევნო 10 წელიწადში, დაახლოებით, 800 მილიარდი ამერიკული დოლარის დახარჯვას აპირებს. სასურველი შეიარაღების სია შთამბეჭდავია: 2020 წლისთვის რუსეთს უნდა ჰქონდეს 400 ახალი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა, 8 ახალი ბირთვული და 20 მოიერიშე წყალქვეშა ნავი, 50 საბრძოლო გემი, 600 ახალი, ე.წ. მეხუთე თაობის თვითმფრინავი, 2,300 ახალი ტანკი, S-400 საჰაერო თავდაცვის რაკეტების 28 ერთეული და ე.წ. ვიტიაზის საჰაერო თავდაცვის სისტემის 38 კომპლექსი. შედარებით რეალურია რუსეთის არმიაში სავალდებულო გაწვევათა რიცხვის შემცირების გეგმა. ამჟამად არმიის მოსამსახურეთა 60% ჯარში სავალდებულო გაწვევით მსახურობს. 5 წელიწადში მათი რაოდენობა უნდა განახევრდეს, 2020 წლისათვის კი 15 პროცენტამდე დაიწიოს.

საკითხავია, რამდენად შეუძლია რუსეთის ეკონომიკას პუტინის წერილში გამოკვეთილი ტვირთის გაწევა. 1999 წლისთვის ქვეყანა სამხედრო სფეროში, ერთ სულ მოსახლეზე 46 ამერიკულ დოლარს ხარჯავდა – მაშინ მსოფლიო ბაზარზე ერთი ბარელი ნავთობის ფასი 27 დოლარი იყო, 2009 წელს კი – 400 დოლარს. 2010 წლის ბოლოს მიღებული მილიტარიზაციის გეგმის შემდეგ, ეს რიცხვი 600 დოლარამდე გაიზრდება. რუსეთის მოქალაქეები თავდაცვის ბიუჯეტში 1999 წელს საკუთარი შემოსავლების საშუალოდ 2.6 პროცენტს იხდიდნენ, 2009 წელს კი – 4.5 პროცენტს. პუტინის ახალი გეგმის განხორციელების შემთხვევაში, მაჩვენებელი 6.5 პროცენტამდე გაიზრდება. რუსეთი მსოფლიოს ყველაზე მილიტარისტული ქვეყანა გახდება.

2011 წელს ფინანსთა ყოფილი მინისტრის, ალექსეი კუდრინის თანამდებობიდან გადადგომის ერთ-ერთი მიზეზი, პუტინთან სამხედრო მოდერნიზაციის თაობაზე შეუთანხმებლობა იყო. მეორე მხრივ, ეს სფერო რუსეთში ყველაზე კორუმპირებულია. პუტინი კონტროლის გამკაცრებით იმუქრება, თუმცა 800-მილიარდიანი დაფინანსება მაცდუნებლად გამოიყურება.

რუსეთის ეკონომიკა ნედლეულის გაყიდვაზეა დამოკიდებული. ნავთობი ქვეყნის ექსპორტის 2/3-სა და სამთავრობო შემოსავლების 50 პროცენტს შეადგენს. Financial Times-ის გათვლებით, პუტინს საკუთარი პოლიტიკური სისტემის შესანარჩუნებლად, ბარელ ნავთობზე, სულ მცირე, 80-დოლარიანი ფასის შენარჩუნება სჭირდება. ამჟამად მსოფლიო ბაზარზე ერთი ბარელი ნავთობის ფასი დაახლოებით 125 დოლარია. ახლო პერსპექტივა პრემიერისთვის დამაიმედებელია – ირანზე დაწესებული სანქციების გამო, ნავთობის ფასის მნიშვნელოვანი ვარდნა უახლოეს მომავალში არ ივარაუდება.

პუტინის ამბიციების მიუხედავად, რუსეთის საგარეო პოლიტიკა მისივე საზღვრების სიახლოვეს იქნება ორიენტირებული. სამხედრო რიტორიკა და აგრესიული გეგმები ევროკავშირისა და ამერიკის მომხრობაში ვერ დაეხმარება. სავარაუდოდ, ამას პუტინიც უნდა აცნობიერებდეს. შესაძლოა, მას, მსგავსი გამოხტომებით, რუსეთის გავლენის სფეროს შემოფარგვლა სურდეს.

კრემლი შეეეცდება საკუთარი განახლებული სამხედრო არსენალი, დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობებში, დამატებითი ბერკეტების მოსაპოვებლად გამოიყენოს. მოსკოვმა, შესაძლოა, თავისი პოტენციური სამხედრო პროექტებითაც ივაჭროს. რუსეთს იმედი ექნება, რომ სამხედრო არსენალის გაფართოებით ან მის მოდერნიზაციაზე აპელირებით, დასავლეთთან მოლაპარაკებებზე დიპლომატიურ არჩევანს გაიფართოებს.

რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობებში საკუთარი ადგილი აქვს თბილისსაც. ის პუტინის სამიზნეთა სიაში ისევ ცენტრალურ ადგილს დაიჭერს. რუსეთის შიდა პოლიტიკური კრიზისისთვის სტაბილური საქართველო არასასურველი მაგალითია. კრემლი 2012 წლის სექტემბერში კავკასიაში ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებსაც გეგმავს. Независимая Газета-ს მიხედვით, Кавказ-2012-ის სახელწოდებით ცნობილი წვრთნები არა მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიაში, არამედ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშიც ჩატარდება. წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს სომხეთში განლაგებული რუსული სამხედრო კონტინგენტიც. გამოითქვა ვარაუდი, რომ ეს ახალი ომისთვის სამზადისი იქნება და ირანში შესაძლო სამხედრო კონფლიქტს რუსეთი თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. ამ მხრივ,

შესაძლებლობების ფანჯარას გახსნის ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავებაც.

პრობლემური იქნება ჩრდილოეთ კავკასიაც, სადაც 2011 წლის მანძილზე აფეთქებები არ შეწყვეტილა. საპროტესტო აქციებზე გამოსული მოსახლეობა და გარკვეული პოლიტიკური ძალები უკმაყოფილონი არიან – ცენტრალური ხელისუფლება უხვად აფინანსებს ადგილობრივ ლიდერებს. ავტორიტარული სისტემის შენარჩუნებისათვის, პუტინს ჩრდილოეთ კავკასიაში ძალის გამოყენების არ მოერიდება. თუმცა, როგორც მიმომხილველი პოლ გოუბლი აღნიშნავს, ამჯერად მას მოუწევს მოსახლეობას აუხსნას, თუ რატომ დაიძაბა მდგომარეობა ჩრდილოეთ კავკასიაში. ის ხომ სიტუაციის სტაბილიზაციას თავისი პრეზიდენტობის ერთ-ერთ მიღწევად მიიჩნევდა.

რუსეთისა და უკრაინის ურთიერთობებში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს გაზის ფასის შესახებ მოლაპარაკებები. მოსკოვის მადა გაიზარდა და ის ფასების მომატებით არ კმაყოფილდება. რუსებს სურთ უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურა გააკონტროლონ, კონკრეტულად კი ნავთობ და გაზსადენების სახელმწიფო კომპანიის მსხვილი წილი უნდათ. პარალელურად, რუსეთმა ანკარასთან შეთანხმებას მიაღწია – შავ ზღვაში ე.წ. სამხრეთის ნაკადის გაზსადენს თურქეთის ტერიტორიულ წყლებში გაიყვანენ. რუსები იმედოვნებენ, რომ ე.წ. სამხრეთ ნაკადის გაზსადენის მშენებლობის დაწყებას, უკვე 2012 წელს შეძლებენ და 3 წელიწადში დაამთავრებენ. ეკონომიკისთვის ენერგორესურსების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ევროპის ენერგობაზარზე პოზიციების შენარჩუნება და განმტკიცება საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად დარჩება.

კრემლი ეცდება განახორციელოს ევრაზიული კავშირის იდეა, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ითვალისწინებს. წევრებად, რუსეთის გარდა, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები მოიაზრებიან. როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, ამ იდეის რეალური წარმატება უკრაინის მიერთებაზე იქნება დამოკიდებული. თუმცა არც მისთვის და არც კიდევ ერთი პოტენციური წევრის, ჩინეთისთვის, რუსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ საჭიროებებზე მორგებული ორგანიზაცია მომხიბლავად არ გამოიყურება.

ახლო მომავალში საქართველო-რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესება ოპტიმისტური პროგნოზია. მაგრამ ამის შანსი, მას შემდეგ, რაც რუსეთიც გახდა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი, გაიზარდა. ვმო-ში გაწევრიანება კრემლს მრავალ ეკონომიკურ პერსპექტივას ჰპირდება. თუმცა, ერთ-ერთ წინასაარჩევნო წერილში პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყანა ორგანიზაციის წევრობას, მის ფარგლებს გარეთ არსებული რუსული ბიზნესების ლობირებისათვის გამოიყენებს.

ცენტრალურ აზიაში რუსეთის ძირითადი მეტოქე ჩინეთი იქნება. რუსები ეცდებიან ადგილობრივ ენერგეტიკულ ბაზარზე პოზიციები არ დათმონ. ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს, რეგიონში ჩინეთის გავლენის ზრდისა და ამით საგარეო პოლიტიკური ალტერნატივის გაჩენის გამო, მანევრირების მეტი საშუალება ექნებათ.

რუსეთი შეეცდება არ დაკარგოს ინდოეთის სამხედრო ბაზარი. ახლო აღმოსავლეთში, მოსკოვს სირიის სახით ბოლო დასაყრდენი ეცლება. ვენესუელაში უგო ჩავესის ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, რუსეთთან მის კავშირებს საფრთხე არ ემუქრება.

პუტინი მთავარ საგარეო პოლიტიკურ საფრთხედ ამერიკას წარმოაჩენს. როგორც კარნეგის ფონდის მოსკოვის განყოფილების ხელმძღვანელი დიმიტრი ტრენინი აღნიშნავს, მოსკოვმა ანტიამერიკული აკვიატება საბჭოთა კავშირისგან მიიღო მემკვიდრეობით. ამას ამჟამად მისივე სისუსტე უდევს საფუძვლად. ამერიკის მტრად წარმოჩენა, მოსკოვს ნაციონალური პრიორიტეტების სწორად განსაზღვრაში უშლის ხელს. ტრენინი ამატებს, რომ რუსეთისთვის დასავლეთის ფრონტი (აღმოსავლეთ ევროპა) დაიხურა. აღმოსავლეთში ჩინეთთან დაპირისპირება პუტინს ხელს არ აძლევს. შესაბამისად, რესურსები სამხრეთისკენ უნდა მიმართოს.

რუსეთის შიდა პოლიტიკურმა კრიზისმა მისი საგარეო პოლიტიკის გამძაფრება შეიძლება გამოიწვიოს. კრემლი აგრესიულ საგარეო პოლიტიკურ რიტორიკას გააძლიერებს და ხელსაყრელ შემთხვევაში განახორციელებს კიდეც. საზღვრებს გარეთ აქტიურობა შიდა პრობლემებიდან მოსახლეობის ყურადღების გადატანის საშუალებაა. პუტინის წინასაარჩევნო კამპანიაში ასახული სამხედრო გეგმები მის მხარდამჭერებსა და საბჭოთა კავშირზე მეოცნებეთათვის დაყრილი საკენკია. თავად პრემიერს კი ცალი თვალი ნავთობის ფასებისკენ ექნება მიპყრობილი.

 

კომენტარები