ფეხბურთი

დაცლილი არსენალი

არსენ ვენგერი პრაგმატული ფრანგია. ადრე, დევიდ სიმენით და ოთხი ჯიუტი მცველით, არსენალის ტერიტორიაზე ყველას წითელს უნთებდა და დანარჩენი ექვსი კაცით იგებდა. ბევრს იგებდა. ის ჯიუტები ლი დიქსონი, ნაიჯელ უინთრებერნი, სტივი ბოულდი და ტონი ადამსი იყვნენ. ოთხივე ლოთი, ოთხივე დისციპლინაზე აცრილი და ოთხივე ვენგერის ერთგული კაცი. ის არსენალი სხვა თემა იყო. 1997/98 წლების სეზონში, ვენგერის ბიჭებმა სერიოზული ფეხბურთი ითამაშეს. იმ სეზონში არსენალს ჰქონდა სერია, როდესაც 14 თამაშიდან თორმეტში, გუნდმა გოლი არ გაუშვა. ის გუნდი ჰერბერტ ჩეპმენის და ჯორჯ გრემის გუნდებზე დაუნდობელი იყო. ის გუნდი სხვებს არ ინდობდა.

დღევანდელი არსენალი არსენ ვენგერს არ ინდობს.

ვენგერი დროს უსწრებდა და მერე, ერთ მოსახვევში, დრომ არსენს გაუსწრო. ვენგერს კარნახობდნენ, რომ სოლ კემპბელი ვერ დარბის, ძირითადად დგას და ვენგერს ეს არ ესმოდა. სოლი არსენის კაცი იყო. ვენგერმა ვერ წარმოიდგინა, რომ დაცვის ცენტრში ვინმე სოლზე მაგრად, ერთგულად დადგებოდა.

ვენგერმა რუსების ზიდანი, ქოჩორა ანდრიუშა არშავინი იყიდა. არსენს კარნახობდნენ, რომ არშავინი ერთჯერადი ტიპია და ვენგერს ეს არ ესმოდა. ვენგერმა ვერ წარმოიდგინა, რომ არსენალში ბიჭი უგულოდ, ღამის კლუბებისთვის ითამაშებდა.

ვენგერი ვარჯიშზე უღეჭავს ყველაფერს მიკელ არტეტას. მერე იწყება თამაში და არტეტა სადღაც სხვაგან არის. არსენი უყურებს არტეტას და ახსოვს სესკ ფაბრეგასი. არსენი უყურებს ტომაშ როსიცკის და ახსოვს სამირ ნასრი. სებასტიან სკილაჩიმ ცენტრში კემპბელი ვერ შეცვალა. სოლი შეუცვლელი იყო. არშავინი რობერ პირესის როლში ვერ შედის და კიერან გიბსი ვერ ქაჩავს ეშლი კოულამდე.

ვენგერის არსენალი თავიდან თითქმის უნაკლო პროექტი იყო. დარჩი არსენალში და ბევრს მოიგებ, უხსნიდა არსენი ყველა მოთამაშეს. არსენალში ნაკლებს გადაგიხდიან, მაგრამ მოგებას მიეჩვევი და გუნდი შენი საუკეთესო მეგობარი, შენი მეგობარი გოგონა იქნება, ამბობდა ვენგერი. ეს საუბარი არსენალს კრავდა, გუნდი არ იშლებოდა და ოთხი წლის წინ, მეტიუ ფლამინი პირველი მირბის არსენალიდან.

ფრანგმა ფრანგი დატოვა და მილანში გადავიდა. არსენალში, ერთ სეზონში 1.2 მილიონი გირვანქა ჰქონდა. იტალიაში თითქმის 2 მილიონი დაირტყა. ფლამინის მერე, ვენგერის ბორანიდან ჩამოდიან გაელ კლიში, ფაბრეგასი, კოლო ტურე და ნასრი. არსენმა ინერვიულა და წამსვლელებს წასვლაში ხელი არ შეუშალა.

ექვსი წლის წინ გუნდი გადადის ემირეითს სთედიუმზე და ბოსებმა, არსენს ახალ პირესებზე ბევრ მილიონს მივცემთო. ბოსებმა ეს თქვეს და ნათქვამი დაავიწყდათ. არსენალის ბოლო ტრანსფერები (ანდრე სანტოში, პერ მერტეზაკერი, არტეტა, პარკ ჩუ იანგი) ძალიან ცუდი, არსენალისთვის უხერხულია.

ვენგერმა ეს იცის და არსენი ერთი კვირის წინ ბოსებს კიდევ ერთხელ შეხვდა. ვენგერმა მილიარდერებს კლუბის განვითარების ახალი გეგმა აჩვენა. საუბრის პროცესში არშავინი ზენიტში დააბრუნეს. ეს უკვე კარგია.

არსენალი უნდა შეიცვალოს.

ან ვენგერი კლუბს შეიცვლის.

კომენტარები