გენდერული თანასწორობა

ოდეს ყოფილ არს აქამომდე...

“ის, რაც ყველა ქმარმა უნდა იცოდეს”, ასე ჰქვია წიგნს, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოვაყოლე მორიგი მოგზაურობისას მაღაზიიდან ხელს – სტერეოტიპებზე აგებული სულელური შეგონებების კითხვა ერთი სიამოვნებაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ქალისა და კაცის ურთიერთობის გაცვეთილ თემას ეხება. “დაიმახსოვრე და შეეგუე, ყველაფერი, ყოველთვის შენი ბრალია”, – ასეთ რჩევას აძლევს ავტორი ქმრებს და სთავაზობს, მეორე ნახევარს ხშირად მიართვან ლოგინში საუზმე და არასოდეს დაიშურონ ისეთი ფრაზები, როგორიცაა: “საყვარელო, რით გემსახურო?”, ან – “ასე არ უნდა მოვქცეულიყავი, ბოდიშს ვიხდი”. ხოლო შემდეგი რეპლიკები – “თმას რა უქენი?!”, “წონაში მომატებულხარ!”, “დედაჩემი მართალი იყო!” – სამუდამოდ დაივიწყონ.

ფაქტია, კაცისა და ქალის ურთიერთობის შესახებ ჩამოყალიბებული, ტრადიციული სტრერეოტიპები ემანსიპაციის შედეგად მკვეთრად შეიცვალა. 2010 წელს ამერიკულ გამოცემა The Atlantic-ში გამოქვეყნდა საკამათო წერილი, არანაკლებ საკამათო სათაურით “კაცების დასასრული”. სტატიის ავტორი, ჰანა როსინი ამტკიცებს, რომ პოსტინდუსტრიულმა ეკონომიკამ კაცების მრავალსაუკუნოვან დომინაციას ბოლო მოუღო და ასპარეზი ქალებისთვის გახსნა. ავტორს დასტურად ამერიკული სტატისტიკა მოჰყავს – ხელოვნური განაყოფიერების მსურველთა 75% ქალიშვილს ირჩევს, რაც ვაჟის ტრადიციული უპირატესობის დასუსტებაზე მიუთითებს; 2010 წელს, პირველად ამერიკის ისტორიაში, დასაქმებული ქალების ხვედრითმა წილმა, კაცებისას გადააჭარბა; განათლებას რაც შეეხება, ორ კოლეჯდამთავრებულ კაცზე, სამი ქალი მოდის.

სტატიაში მოყვანილი სტატისტიკა შთამბეჭდავია. ცხადია, რომ სქესთა შორის ძალაუფლების გადანაწილებაზე ეკონომიკური წესრიგი დიდ გავლენას ახდენს, განვითარებულ დემოკრატიებში ქალის როლი მკვეთრად გაიზარდა, კაცი ადაპტაციის პერიოდს გადის, მაგრამ რამდენად მოასწავებს ეს ტენდენცია “კაცების დასასრულს”, სადავო საკითხია. განსაკუთრებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მდედრობითი სქესის საკუთრებაში მსოფლიო სიმდიდრის ჯერჯერობით მხოლოდ 1 პროცენტია, უმაღლესი განათლება წარმატების წინაპირობა სულაც არაა, ქალების მთლიანი შემოსავალი მსოფლიოს მასშტაბით, კაცების მთლიანი შემოსავლის ნახევარსაც კი არ შეადგენს. ამერიკაში, კაცის მიერ გამომუშავებულ დოლარზე, ქალის ნაშოვნი 75 ცენტი მოდის. საქართველოში კაცის ხელფასის 1 ლარზე, ქალს 57 თეთრი აქვს.

სქესთა შორის მატერიალურ უთანასწორობას სხვადასხვაგვარად ხსნიან. ზოგი მიიჩნევს, რომ ეს კაპიტალისტური და პატრიარქალური საზოგადოებისთვის დამახასიათებელი უსამართლობის გენდერული ეფექტია. ზოგიერთი კი თვლის, რომ ამ სტატისტიკაზე დაყრდნობით ქალების დისკრიმინაციაზე შფოთვა, რბილად რომ ვთქვათ, შეცდომაა. ისინი ამბობენ, რომ კაცის მაღალ ანაზღაურებას, სხვა მიზეზებთან ერთად, მის მიერ სამსახურში გატარებული მეტი დრო განსაზღვრავს.

გენდერული განსხვავებების მხოლოდ სქესთა ანტაგონიზმის ჭრილში განხილვა, რთული მოვლენის ზედაპირული ანალიზის შედეგია. ქალისა და კაცის როლს უამრავი სხვა ფაქტორი განსაზღვრავს.

ნობელის პრემიის ლაურეატი, ეკონომისტი გარი ბეკერი ამტკიცებს, რომ ოჯახური ფუნქციების ტრადიციულ განაწილებას (ცოლი – დიასახლისი, ქმარი – მარჩენალი), ისტორიულად, ეკონომიკური ფაქტორი განაპირობებდა. ამასვე ეფუძნებოდა ტრადიციული მორალიც. ძველი ეკონომიკური წესრიგის პირობებში, ქალის დიასახლისობა ფინანსურად უფრო მომგებიანი იყო. სახლს გარეთ ქალი სარფიანს ვერაფერს გააკეთებდა, რადგან აგრარულ ეკონომიკაში, შრომის ბაზარზე ძირითადი მოთხოვნა ფიზიკურ ძალაზე მოდიოდა.

ვითარება რადიკალურად მე-19 საუკუნეში შეიცვალა, როდესაც ინდუსტრიული ეკონომიკა განვითარდა და ადამიანის პროდუქტიულობამ მკვეთრად იმატა, რამაც თავის მხრივ ადამიანური რესურსის ფასის ზრდა გამოიწვია. შრომის გაზრდილმა ფასმა – დამქირავებელს იაფი მუშახელის ძიებისკენ უბიძგა მდედრობითი სქესის სახით. შექმნილმა გარემოებებმა კი ქალებს სტიმული მისცა ის კვალიფიკაცია მიეღოთ, რაც მათ სახლს გარეთ დასაქმებას უზრუნველყოფდა. რადგანაც უფრო მეტი ფულის შოვნის პოტენციალი გაუჩნდათ, ვიდრე მათი ოჯახური ფუნქციების შესრულება ღირდა.

ამას გარდა, გართულდა ერთი მარჩენალის იმედად ყოფნაც, რადგან დღის წესრიგში დადგა შვილების განათლება. გაიზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა, რამაც მოხუცი მშობლების რჩენის ტვირთი გაზარდა. ასევე გასათვალისწინებელია ჯანდაცვის ხარჯებიც – რაც ადრე, განუვითარებელი მედიცინის პირობებში, პრობლემასაც არ წარმოადგენდა.

მატერიალურმა დამოუკიდებლობამ ქალებს კაცებისგან განსხვავებული მოთხოვნები გაუჩინა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა მოანდომა. შედეგად მივიღეთ ქალები პოლიტიკაში.

ქალების დასაქმებამ დასავლეთში მასშტაბური ხასიათი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიიღო, რაც უმეტესწილად მომსახურების სფეროს განვითარებას უკავშირდებოდა. ქალების სახლებიდან მასობრივმა გადინებამ დამატებითი სამუშაო ადგილები შექმნა უმეტესწილად ისევ ქალებისთვის – მოთხოვნილება გაჩნდა იმ სამსახურზე, რასაც ტრადიციულად შინ ოჯახის დედა ასრულებდა. დროთა განმავლობაში მომრავლდა ისეთი დარგები, სადაც ქალები ცალსახად დომინირებენ, იქნება ეს განათლება, სამედიცინო სფერო, სოციალური სამსახურები თუ სხვა რამ.

ქალების როლის შეცვლამ, ბუნებრივია, გავლენა იქონია ოჯახის ინსტიტუტზე და ტრადიციულ მორალზე: მკვეთრად გაიზარდა განქორწინებათა რიცხვი – სტატისტიკა მოწმობს, რომ ფინანსურად დამოუკიდებელი ქალები უფრო იოლად იღებენ ქმართან გაყრის გადაწყვეტილებას. დაპატარავდა ოჯახი – ოთხი და ხუთი შვილი დასავლეთის იმ ქვეყნებშიც კი, სადაც მშობლებს საუკეთესო სადეკრეტო პირობებს უქმნიან, იშვიათობად იქცა. მიზეზად აქაც ეკონომიკურ ფაქტორს ასახელებენ – ის დრო, რაც დედ-მამამ შვილის აღზრდას და განათლებას უნდა მოახმაროს, გაცილებით უფრო ძვირი ღირს, ვიდრე აქამდე ღირდა.

ქალის ახალი როლი საზოგადოებრივ ფასეულობათა უფრო მასშტაბური ცვლილების ჭრილში უნდა განვიხილოთ. მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი, რონალდ ინგლჰარტი მიიჩნევს, რომ განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, იქ, სადაც ადამიანი გადარჩენაზეა ორიენტირებული, ქალიც შესაბამისად იქცევა – მატერიალური სიკეთის მისაღებად იბრძვის და თვითგამოხატვა ნაკლებად აინტერესებს. ყველას კარგად გვახსოვს პოსტსაბჭოთა საქართველო, სადაც ქალებმა ადაპტაციის უკეთესი უნარი გამოავლინეს, იმ სამუშაოს დათანხმდნენ, რაზეც მოთხოვნა არსებობდა ან თავი დაისაქმეს და ოჯახის მარჩენალებად იქცნენ. მაშინ როდესაც კაცები დეპრესიას მისცემოდნენ ან დიპლომებს ითვლიდნენ, ქალები აცხობდნენ, ალაგებდნენ, ქსოვდნენ, კერავდნენ,

ვაჭრობდნენ.

საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ ყოფილა. თუ გადავავლებთ თვალს პოსტსოციალისტური, ლათინური ამერიკის და აღმოსავლეთ აზიის განვითარებადი ქვეყნების სტატისტიკას, შევნიშნავთ, რომ ქალების თვითდასაქმების მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე დასავლეთის განვითარებულ ეკონომიკებში. ეს იმიტომ, რომ დამოუკიდებელი ეკონომიკური საქმიანობის წამოწყება განვითარებადი ქვეყნების წარმომადგენელი ქალებისთვის, ხშირად გადარჩენის ერთადერთი გზაა – ამ ქვეყნებში ქალს დამქირავებლის საკუთარ უპირატესობაში დარწმუნება უჭირს და თავის სარჩენად, იძულებულია იმოქმედოს.

ინგლჰარტი მიიჩნევს, რომ განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში, იქ, სადაც ერთ სულ მოსახლეზე წლიური შემოსავალი 15000 დოლარს აღემატება, გადარჩენის თემა ირელევანტური ხდება. წინა პლანზე გამოხატვაზე ორიენტირებული პოსტმატერიალისტური ღირებულებები გამოდის. ეს თავისთავად უწყობს ხელს მდედრობითი სქესის პოლიტიკურ გააქტიურებას.

თუკი დასავლეთში ქალების გაზრდილი პოლიტიკური როლი ქვემოდან წამოსული პროცესის ლოგიკური გაგრძელება იყო, საქართველოსა და ზოგიერთ სხვა განვითარებადი ეკონომიკის ქვეყანაში ამ პროცესის ფორსირებას ხშირად ზემოდან და გარედან ცდილობენ. ამის მაგალითია რბილი კვოტირების სისტემა, რომელიც ჩვენი დასავლელი მეგობრების მეცადინეობით დამკვიდრდა და მეტ საბიუჯეტო ფულს სთავაზობს იმ პარტიებს, რომელთაც მეტი ქალი ეყოლებათ საარჩევნო სიაში.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ პრაქტიკამ რეალურად რამე შეცვალოს ქართული საზოგადოებისთვის, ან საკუთრივ ქალებისთვის. პარლამენტარი ქალები მხოლოდ მას შემდეგ შეიძენენ გენდერულად განსხვავებულ პოლიტიკურ დატვირთვას, როდესაც მათ ეკონომიკურად ემანსიპირებული მდედრობითი სქესის სახით, სოციალური დასაყრდენი გაუჩნდებათ. მანამდე კი საპარლამენტო “სუფრის მშვენების” როლს უნდა დასჯერდნენ.

დასავლელი მეგობრების გულისტკივილი გასაგებია. პარლამენტში ქალების შემადგენლობა მათი ემანსიპაციის ხარისხის კრიტერიუმად

გამოიყენება. მაგრამ, რამდენად სწორადაა კრიტერიუმი შერჩეული, ცალკე საკითხია. მაგალითად, რუანდა პარლამენტარი ქალების რაოდენობით მსოფლიოში პირველია. ამის მიუხედავად, არავის მოუვა თავში აზრად, რუანდელი ქალები შვედებზე ემანსიპირებულებად ჩათვალოს.

ბუნებრივია, საქართველოს შეუძლია ხელოვნურად დაეწიოს და გაუსწროს რუანდას ერთ სულ მოსახლეზე პარლამენტარი ქალების ოდენობით. მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ ქვეყნის წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევად, სიღარიბის დაძლევას და დასაქმებას მიიჩნევს ქალიცა და კაციც, ბავშვიცა და მოხუციც. მანამდე, სანამ ჩვენი მოსახლეობის ნახევარი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, სადაც პროდუქტიულობა ათჯერ ნაკლებია, ვიდრე ეკონომიკის სხვა დარგებში, ადამიანის შრომას ფასი არ დაედება.

სანამ ეს არ მოხდება, ამომრჩევლის დაკვეთა სიღარიბის დაძლევა იქნება. ამ პრობლემების მოგვარება ბუნებრივად გააუმჯობესებს ქალების მდგომარეობას, რაც თავისთავად გამოიწვევს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას. თუმცა, როგორც რონალდ ინგლჰარტი სხვა ნაშრომში ჰარვარდის პროფესორ პიპა ნორისთან ერთად ამტკიცებს, გენდერული ბალანსი ყველა დემოკრატიის თანამდევი მოვლენაა, მაგრამ ქალების წარმომადგენლობას პარლამენტში და დემოკრატიის ხარისხს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს.

არასწორი იქნება, რომ ქალთა ემანსიპაციის კაცებზე გავლენის შესახებ არაფერი ვთქვათ – სულ ცოტა, კონკურენტი შეიძინეს ქალის სახით შრომის ბაზარზე. ამას გარდა, დაქორწინებულებს, თუ ცოლი მუშაობს და დამხმარე არ ჰყავთ, უწევთ ისეთი ტრადიციული ფუნქციების განაწილება, რომელიც ადრე მხოლოდ ქალების “კომპეტენცია” იყო – ბავშვების მოვლა, სამზარეულოში ტრიალი.

ეს ტენდენცია კონსერვატიული წრეების კრიტიკას განვითარებულ ქვეყნებშიც აწყდება. “ქალების აღზევებამ კაცები ბიჭებად აქცია”, – ამტკიცებს ამერიკელი ავტორი ქეი ჰიმოვიცი. 30 წლის ჯეელებს მულტსერიალ South Park-ზე ობსესიის გამო დასცინის და პრობლემის მიზეზად გვიან ქორწინებას ასახელებს – ტრადიციული წარმოდგენებით, ეს არის ადამიანის გაზრდის ათვლის წერტილი. თუ 1970-იან

წლებში 25-29 წლის ამერიკელების მხოლოდ 16% არ იყო დაოჯახებული, დღეს ეს მაჩვენებელი 55%-ია.

პოსტსაბჭოთა საქართველოში ჯერ მსგავსი არაფერი ხდება. პირიქით, მაღალია არასრულწლოვანთა და ადრეულ ასაკში დაოჯახების ფაქტები – თუმცა ეს მშობლებისა და შვილების დიდი ნაწილისთვის “გაზრდას” ხშირად სულაც არ ნიშნავს.

ჰიმოვიცის სტატიის კითხვისას ნაცნობ სიტუაციას გადავეყარე – საუბარი იყო იმაზე, რომ კაცები, იმის შიშით, რომ თანასწორობის დარღვევაში არ დაადანაშაულონ, ქალისთვის გზის დათმობას, ან მათ დაპატიჟებას ერიდებიან. ასე შევიძინე ბილეთი უნგრულ კინოზე ფრანგული სუბტიტრებით, რომელზეც ჩემმა უნგრელმა მამრობითი სქესის წარმომადგენელმა კოლეგამ დამპატიჟა (იმ დროს ორივენი ევროპის საბჭოში, სტრასბურგში ვმუშაობდით). აღსანიშნავია, რომ მაშინ ფრანგული არ ვიცოდი, ხოლო უნგრული, არც დღეს ვიცი. ერთადერთი მიზეზი, რატომაც დავთანხმდი – არ მინდოდა, უარი მისი კულტურისადმი გულგრილობაში ჩამომრთმეოდა. როცა ვკითხე ბილეთი რატომ არ ამიღო – მიპასუხა, დღევანდელ დღეს, არ ვიცოდი, როგორ მიიღებდიო.

“სტერეოტიპები ქალებისა და კაცების შესახებ, ძირითადად, სწორია”, – ამტკიცებს ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, ჰარვი მანსფილდი. ის გენდერული როლების გადანაწილებას ევოლუციის მიერ განსაზღვრულად მიიჩნევს და თვლის, რომ ბუნებასთან ბრძოლა უაზრობაა. ტრადიციული სტერეოტიპების დამცველები ქალისა და კაცის თანასწორობას პოზიტიურ მოვლენად განიხილავენ, მაგრამ თან კვლევებს იმოწმებენ – ქალების უმეტესობას მაინც მდიდარ და ძლიერ კაცებთან სურთ ოჯახის შექმნა. ისეთებთან, ვისაც ოჯახის შენახვა შეუძლია.

კომენტარები