კალათბურთი

დინკას ტომის ჩიკაგოელი ბიჭი

ხუთი წლის წინ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევებისთვის საფრანგეთში, პოში ემზადებოდა. მაშინ, თითქმის სულ პოში ჩავდიოდით, ვერთობოდით და მერე უფრო საინტერესო ამბები იწყებოდა. ნაკრების კაპიტანი ვატო ნაცვლიშვილი იყო და ლეგიონერად ტაირონ ელისი გვყავდა. პოში რამდენიმე დღით ვიყავით. იქ ჩვენები დიდ ბრიტანეთს ესპარინგებოდნენ. ორ დღეში ორი ტესტი იყო. პირველი – 9 აგვისტოს...

საქართველოს ნაკრების ბოსი კენ შილდსია. დიდ ბრიტანეთთან პირველ თამაშს 65:63 ვიგებთ. მანუჩარ მარკოიშვილმა სერიოზულად აკრიფა, 4 სამიანი გაუშვა და ყველა ჩასვა. მანუზე ერთი მაგარი ბრიტი ადის, რომელსაც სწორედ 9 აგვისტოს ნაკრებში დებიუტი აქვს. მარკოიშვილმა დებიუტს გემო გაუფუჭა. ბრიტმა 19 ქულა წაიღო და მეორე თამაშისთვის უფრო მეტს აიღებს.

მეორე თამაში მეორე დღეს იყო. მანუმ 11 ქულა აკრიფა. თავისი 4 მოხსნით. იმ ბრიტმა, მოქნილმა ტერორისტმა 29 ქულა, 9 მოხსნა, 5 პასი, 3 ჩაჭრა შეაფუთინა და დიდი ბრიტანეთი 82:64 გვიგებს. დიდ ბრიტანეთში ლუოლ დენგი იყო. ჩვენმა, ქართველმა დენგმა რეალურ ლუოლს სანაკრებო დებიუტი მოუგო და მეორე დღეს დენგმა გაგვტეხა.

ლუოლი ერთ კაცთან ზედიზედ ორჯერ არ აგებს. თითქმის არ აგებს.

ადრე, სუდანში, ფეხბურთში უბნის ჩემპიონატი წააგო. ლუოლმა უკეთესი გუნდი შეკრიბა, კარში თვითონ ჩადგა და დენგის ბიჭებმა ტურნირი მოიგეს. გუნდი სუდანის ჩემპიონატზე დაუშვეს.

ლუოლის მამა, მისტერ ალდო დენგი სუდანში, ტრანსპორტის მინისტრი გახდა. ლუოლი მეგობრის მამის ცხვრებს ყიდის, ფულს აგროვებს. მამა ტრანსპორტის მინისტრია და ლუოლი ცხვრებს ყიდის. სუდანში ეს მოსულა. იქ შენი ფული უნდა გქონდეს.

დენგი დინკას ტომიდან მოდის. იქ, ძირითადად მაღალი ბიჭები არიან. დინკას ტომიდან NBA-ში მიდის მანუტე ბოლი. ბოლი 231 სანტიმეტრია. მერე, დენგი ფეხბურთიდან კალათბურთზე რომ გადავა, მანუტე ახალგაზრდა ლუოლს ბევრ რაღაცაში დაეხმარება, ამერიკაში ჩაიყვანს, ბინას უქირავებს. ბოლი ყველას უყვარდა და მანუტემ ეს სიყვარული თან წაიღო. შარშანწინ, როდესაც ბოლი ვირჯინიის სამედიცინო ცენტრში უგონოდ იწვა, დენგი იქ იყო. NBA-ს სეზონი მორჩა, ლუოლს უნდა დაესვენა და დენგი უფროს მეგობართან ჩავიდა. მანუტე 19 ივნისს წავიდა. ბოლო გზაზე დინკას ტომის ყველაზე მაღალი კაცი მეგობარმა გააცილა.

დენგი დღეს ჩიკაგოშია. ბულზი დენგის გუნდია. დენგი ბულზის კაპიტანია.

წელს, როდესაც ბულზში დერიკ როუზი ვერ დარბოდა (ზურგის ტრავმით), ლუოლმა არარეალური კალათბურთი ითამაშა და ჩიკაგომ ექვსში ხუთი მოიგო. მერე, როდესაც დენგი დაილეწა, როუზმა გუნდს შვიდიდან მხოლოდ ოთხი თამაში მოაგებინა. როუზი არის ლიგის მოქმედი MVP. დენგი მთელი გუნდია.

დენგი დიდი ბრიტანეთის ნაკრებშიც ბოსია. ჩიკაგოში ლუოლი საშუალოდ 17 ქულას, თითქმის 7 მოხსნას და 3 პასს უპრობლემოდ იღებს. დაცვაში ლებრონზე ადის, კობის კეტავს, ჯინობილის დერეფანს ართმევს. დენგს ენდობიან.

ლუოლი წელს, ორლანდოში All Star Game-ზე აირჩიეს. სუდანელი, რომელიც ადრე, მეგობრის მამის ცხვრებით ვაჭრობდა, ორლანდოში, კრისტინა აგილერასთან და ჯასთინ თიმბერლეიქთან ჩავა.

ხდება ხოლმე.

კომენტარები