არქივი

სამოქალაქო აზროვნებასა და ადამიანის უფლებებზე

0 კომენტარი

იაკობ გოგებაშვილის შეფასებისას ხშირად მხოლოდ დედაენასა და წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოიხსენიებენ. გასახსენებელი და დასაფასებელი ამ პიროვნების გარშემო კი ძალიან ბევრია. გოგებაშვილი საკუთარი ეპოქის ადამიანის უფლებების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამცველი და ქომაგი იყო. ამას მისი პუბლიცისტური წერილებიც ადასტურებს. ის ყოველთვის ადევნებდა თვალს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და მათზე ქართულ საზოგადოებას მოუთხრობდა. პრინციპული, მამაცი, მაგრამ სხვებთან შედარებით თავმდაბალი და ჩუმი იაკობ გოგებაშვილი ქართველ ლიბერალთა შორის ერთ-ერთი პირველი გახლდათ.

ერეკლე ჯანელიძე

ი. გოგებაშვილის მუზეუმის კურატორი, ისტორიკოსი

 

ამერიკის სამოქალაქო ომზე

თუმცა ბევრი წინასწარმეტყველებდა ამერიკის შინაური ბრძოლა დიდ ხანს გაგრძელდებაო, თუ ჩრდილოეთის შტატები არ დათანხმდებიან კავშირის დარღვევაზე და ამ კავშირიდან სამხრეთის შტატების გასვლაზედო; მაგრამ ჩრდილოელებმა არც ერთს თავის მოთხოვნილებაზედ ხელი არ აიღეს და სამხრეთელების სრული დამარცხებით მთელი ქვეყანა გააკვირვეს. კავშირი უწინდელს საფუძველზედ აღზდგა, უფრო-კი მეტი სიმძლავრის გრძნობით, რადგანაც საუკუნოდ დაირღვა მონობა, სენი შეერთებული შტატებისა... ლინკოლნი კიდევაც ემზადებოდა, მოეკრიფა ნაყოფი თავისი მხნე და გონივრული პოლიტიკისა. ყოველი მისი აზრი და წადილი იყო მიქცეული იმაზედ, რომ ჩქარა განეკურნა თავისი ხალხი ყოვლის ომის გამო წამომდგარი ნაკლისა და სენისაგან, მაგრამ 2 აპრილსა ლინკოლნის ძვირფასი სიცოცხლე საზიზღარი მკვლელის ხელით მოისპო... ამერიკის ერმა ამ საშინელ შემთხვევაში მთელს ქვეყანას წარუდგინა გასაოცარი მაგალითი თავისი პოლიტიკური ჭკუისა... ჩრდილოეთი თავის ერთხელ მოწადინებულ საქმეს ერთი ნაბიჯითაც არ განშორდა... ახლა შეერთებულის შტატების სახელმწიფო პირნი მოვალენი იყვნენ რამდენიმე მილიონ ზანგებისათვის ეზრუნათ. ზანგები ჩრდილოეთის შტატების გამარჯვებით მონობისაგან განთავისუფლდნენ... მომავალი აღყვავება და სიძლიერე შეერთებული შტატების ბევრის მხრით დამოკიდებულია იმაზედ, თუ როგორ წარიმართვის და გარდაწყდება ზანგების საქმე.

სამოქალაქო აზროვნების შესახებ

როცა რომელიმე უფლება უმაღლესი სახელმწიფოს ძალის მიერ ჩამორთმეული აქვს ადამიანსა, ან მთელს ერსა, და ესენი იძულებულნი არიან დაემორჩილნონ თავისს ბედსა, ეს უძლურებას და არაფრობას მორჩილისას როდი მოასწავებს, თუნდაც ეს ჩამორთმევა უსამართლოდ მომხდარიყოს. მოგეხსენებათ, რომ ძალა აღმართსაცა ხნავსო და ლომსაც ჰბოჭავსო. გარნა ამის გამო არც აღმართი იქცევა დაღმართად, არც ლომი – კურდღლად. მაგრამ თუ ადამიანი, ან ხალხი სიტყვა-ამოუღებლივ, ქედ-მოდრეკით ემორჩილება დაბალი ღობის ბედსა, რადაც, წინააღმდეგ კანონისა, გაუხდიათ იგი წვრილ-ფეხობა მოხელეებსა, ეს იმისი უტყუარი ნიშანია, რომ მონობას, ყურმოჭრილს ყმობას შეუპყრია საზოგადოების სული და გული, ამაზედ მომაკვდინებული სენი აღარ იქმნება ერისათვის, ეს სწორედ განგრენაა, მჭამელაა, საშინელი შინაგანი ავადმყოფობა, რომელიც ხალხს ათანასწორებს ჭირით შეპყრობილ პირუტყვ-ნახირთანა, და ემუქრება გაუქარწყლოს მას ყოველი მომავალი.

 იაკობ გოგებაშვილი

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები