რასიზმი

პოზიტიური დისკრიმინაცია, როგორც რასიზმი

0 კომენტარი

უმცირესობების, რასობრივი, ეთნიკური თუ სქესობრივი ჯგუფების ინტეგრაცია, ანტიდისკრიმინაციული მიდგომების შემუშავება დღემდე მტკივნეული და ფაქიზი საკითხია. „ჩვენი დროის ბრძოლა ადამიანის უფლებებისათვის” – ხანდახან ასეც მოიხსენიებენ ე.წ. Affirmative Action-ს, იგივე პოზიტიურ დისკრიმინაციას.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ განსახილველად მიიღო საქმე – ფიშერი ტექსასის უნივერსიტეტის წინააღმდეგ. პროცესი ოქტომბერში გაიმართება და შესაძლოა, დაასრულოს პოზიტიური დისკრიმინაციის პრაქტიკა, რომელსაც აშშ-ის უნივერსიტეტები ათწლეულებია მიმართავენ. საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილი სტუდენტებს რასაზე დაფუძნებული კრიტერიუმებით იღებს – „განსხვავებულობის” მიღწევისა და შენარჩუნების მოტივით. ამრიგად, სერიოზული გამოწვევის წინაშე დგება 2003 წელს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მაშინ, უმაღლეს საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებებში რასობრივი ნიშნით წარმოებული პოლიტიკა, ლეგალურად ცნეს.

აშშ-ში პოზიტიური დისკრიმინაცია ხშირად გამხდარა სასამართლო განხილვების საგანი. 1990-იანი წლების ბოლოს რასობრივი ნიშნით უპირატესობის მინიჭების მაჩვენებელმა იკლო – ფედერალურმა სასამართლომ პოზიტიური დისკრიმინაცია ანტიკონსტიტუციურად მიიჩნია და ტექსასის უნივერსიტეტში გააუქმა. არსებობდა მოლოდინი, რომ პოზიტიურ დისკრიმინაციას უზენაესი სასამართლო ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადებდა. ის შეუსაბამოა კონსტიტუციის მე-14 შესწორებასთან, რომელიც თანასწორობასა და კანონის მიერ ყველას თანაბრად დაცვას გულისხმობს. თუმცა, 2003 წელს, უზენაესმა სასამართლომ პრინციპი ძალაში დატოვა. დღეისთვის სასამართლოს შემადგენლობა შეცვლილი და, საერთო ჯამში, მეტად კონსერვატიულია – ცენტრისტი სანდრა დეი ო’კონერი კონსერვატორმა სემუელ ალიტომ შეცვალა. ფიშერის საქმემ კვლავ გააჩინა მოლოდინი, რომ უზენაესი სასამართლო პოზიტიურ დისკრიმინაციას გააუქმებს, ან კიდევ უფრო შეავიწროებს მის გამოყენებას.

პოზიტიური დისკრიმინაცია სახელმწიფოს მიზანმიმართულ პოლიტიკას გულისხმობს. მისი მიზანი რასობრივი, სქესობრივი თუ სხვა ჯგუფების დისკრიმინაციის აღმოფხვრაა. მთავარი დაშვება ამგვარია: ჯგუფები, რომლებიც წარსულში დისკრიმინაციის მსხვერპლნი იყვნენ, დახმარებას საჭიროებენ. ამისათვის მათ უპირატესობა უნდა მივანიჭოთ – იქნება ეს კარიერული წინსვლის ხელშეწყობა, საგანმანათლებლო დაწესებულებებში გამოყოფილი კვოტები და სტიპენდიები თუ სხვა სოციალური ბენეფიტები. ამ გზით სხვადასხვა დისკრიმინებული ჯგუფისთვის სამუშაოს მიღებისა და განათლების შესაძლებლობები უნდა ამაღლდეს.

პირველად ტერმინი „Affirmative Action” 1961 წელს, პრეზიდენტმა კენედიმ გამოიყენა. მისივე პრეზიდენტობის დროს დაიწყო პოზიტიური მოპყრობის დანერგვა შრომით სფეროში – დამქირავებელს მხედველობაში არ უნდა მიეღო დაქირავების კანდიდატის კანის ფერი, რასობრივი თუ რელიგიური კუთვნილება. რამდენიმე წელიწადში დისკრიმინირებულთა სიას სქესის კრიტერიუმიც დაემატა. დღესაც, მწვავე დებატი ამ თემის გარშემო ფუნდამენტური ღირებულებების ჩარჩოში მიმდინარეობს. მთავარი კითხვაა: ვინ იბრძვის რეალურად ადამიანის უფლებებისთვის – ის, ვინც პოზიტიური დისკრიმინაციის მომხრეა, თუ პირიქით – ვინც ეწინააღმდეგება?

პოზიტიური დისკრიმინაციის სასარგებლოდ ამგვარ არგუმენტებს იშველიებენ: მიზანმიმართული პოლიტიკა კანის ფერისადმი „ბრმა” საზოგადოებას დაბადებს და, საბოლოოდ, დისკრიმინაციის დასასრულთან მიგვიყვანს – სარგებელი ბევრად მეტია, ვიდრე სოციალური და ფსიქოლოგიური ფასი, რასაც მისი ფუნქციონირება საჭიროებს. მომხრეები გარკვეულ „უპირატესობას” ფლობენ იმ თვალსაზრისით, რომ მორალისტური არგუმენტებით სპეკულირება შეუძლიათ – ვინც „დაჩაგრულთა” პრივილეგირებას არ ემხრობა, მას დისკრიმინაციის დასრულებაც არ სურს, შესაბამისად – რასისტია. ამ ფონზე, პოლიტკორექტულობით ზედმეტად გატაცებულ მსოფლიოში, უნივერსიტეტებისთვის გარკვეულწილად მომგებიანია შერჩევითი პოლიტიკის წარმოება. ასე „არადისკრიმინაციულის” იმიჯი გარანტირებული ექნებათ. მოკლევადიან პერიოდში, ეს შესაბამისი ჯგუფებისთვისაც ხელსაყრელია – კონკურენციის დასაძლევად ნაკლები, ან ნულოვანი ძალისხმევა სჭირდებათ.

პოზიტიური დისკრიმინაციის განსხვავებული მხარეები, აშშ-ის განათლების სისტემაში მისი დანერგვის მაგალითზე კარგად ჩანს. შტატებში რასობრივი პრობლემები დღემდე აქტუალურია, მიუხედავად იმისა, რომ შავკანიანი მოსახლეობის ნახევარზე მეტი ამჟამად საშუალო ფენას შეადგენს. პრობლემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე საგანმანათლებლო სისტემაში შავკანიან სტუდენტთა დაბალი მოსწრებაა. პოზიტიური დისკრიმინაციის დამსახურებით, უმაღლეს სასწავლებლებში მეტი შავკანიანი ირიცხება, მაგრამ დაბალია მათი აკადემიური შედეგები. ამრიგად, განათლების სფერო პოზიტიური მოქმედების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.

პოზიტიური დისკრიმინაციის აპოლოგეტები ხშირად აღნიშნავენ, რომ მომავალში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისათვის განათლების მიღება მნიშვნელოვანია. რასობრივი ნიშნით სტუდენტებისთვის უპირატესობის მინიჭებას კი ამ ჯგუფებისთვის კონკრეტული სარგებელი მოაქვს. ამავე მოსაზრებით, ხელშეწყობის გარეშე ამერიკული უნივერსიტეტები სეგრეგაციული გახდებოდა, ხოლო აფრო-ამერიკელ სტუდენტთა რიცხვი 60-70%-ით შემცირდებოდა. მსგავს გათვლებს დებატის მეორე მხარე კონტრარგუმენტად განიხილავს: სტუდენტთა შესაძლო შემცირება მიუთითებს არა არასასურველ მომავალზე, არამედ არასასურველ აწმყოზე – მათი რიცხვი მეტია, ვიდრე თანაბარ პირობებში უნდა იყოს.

დაბალ აკადემიურ მოსწრებასთან ერთად, მაღალია აფრო-ამერიკელთა და ლათინოამერიკელთა სასწავლებლიდან გარიცხვის მაჩვენებლებიც. თანაც ამ პრობლემის დაძლევას სახელმწიფოს დიდი ძალისხმევა და ფინანსები ხმარდება. ოპონენტთა აზრით, მიზეზი სწორედ პოზიტიურ დისკრიმინაციაში უნდა ვეძებოთ. შავკანიანი სტუდენტები უნივერსიტეტებში ნაკლები ქულებით ირიცხებიან – ეს, აკადემიური მომზადების თვალსაზრისით, შესამჩნევ ნაპრალს აჩენს სხვადასხვა რასის სტუდენტებს შორის და დაბალ აკადემიურ მოსწრებას განაპიროებს. კვლევები აჩვენებს, რომ სტუდენტები ბევრად მარტივად ამთავრებენ უნივერსიტეტს, როდესაც სწავლის დასაწყისში თანაბარი აკადემიური უნარები აქვთ. საბოლოოდ, პოზიტიური მოპყრობა ზრდის იმავე აფრო-ამერიკელი სტუდენტების სასწავლებლიდან გარიცხვის მაჩვენებელს – მათი მომზადება და სასწავლებლის შემდგომი მოთხოვნები ერთმანეთს არ ემთხვევა.

ცუდ ნიშნებს ხშირად რასობრივი ჯგუფების სიღარიბესაც მიაწერენ. ფინანსურ წარუმატებლობას მემარცხენე ფრთის წარმომადგენლები „სტრუქტურულ რასიზმს” აბრალებენ. რეალურად, შედარებითი სიღარიბის და განუვითარებელი აკადემიური უნარების მიზეზი ბევრად ღრმაა, ვიდრე წარსული დისკრიმინაცია, რომელიც ახლა პოზიტიურით უნდა დაბალანსდეს. მისი ფესვები ამ ჯგუფში გაბატონებულ სოციალურ ნორმებში, პრაქტიკებსა და ინსტიტუტებში უნდა ვეძებოთ.

შავკანიანი მოსახლეობის პრობლემების, მათ შორის სიღარიბის, ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ოჯახის ინსტიტუტის სისუსტეა. სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, დაბალი აკადემიური მოსწრების, ისევე როგორც ეკონომიკური წარმატებისა და კანონმორჩილების მთავარ განმსაზღვრელს ის ოჯახი წარმოადგენს, რომელშიც ორივე მშობელია. აფრო-ამერიკულ მოსახლეობაში ქორწინების გარეთ დაბადებულ ბავშვთა პროცენტული მაჩვენებელი ძალიან მაღალია – მათი 4/5 უმამოდ იზრდება. სწორედ ამ ჯგუფს აქვს პრობლემები კანონთან, სწავლასთან და ფინანსური კეთილდღეობის მოპოვებასთან. სრულფასოვანი ოჯახის პირობებში, შავკანიანები თეთრკანიანების თანაბარ წარმატებას აღწევენ.

ზოგიერთი მკვლევრის მოსაზრებით, დაბალი სოციალური კაპიტალის (მათ შორის, ნდობის დაბალი რადიუსის) მიზეზები წარსულ დისკრიმინაციაშია საპოვნელი. შავკანიანებს კანონი თანაბრად არ იცავდა, რამაც ნდობისა და თვითორგანიზაციის უნარი შეამცირა. ამან საბოლოოდ მთელი რასობრივი ჯგუფის დესოციალიზაცია და დეცივილიზაცია განაპირობა. ამავე მოსაზრებით, პრობლემას პოზიტიური დისკრიმინაცია და სოციალური შემწეობები ვერ მოაგვარებს – რადგან შედეგებს, პრობლემის გარეგნულ გამოვლინებებს ებრძვის და არა მის მიზეზს. მეტიც, რიგ შემთხვევაში, მსგავსი მიდგომა პრობლემას აღრმავებს. მაგალითად, 60-იანი წლების შემდეგ, ქორწინების გარეთ დაბადებულ შავკანიანთა პროცენტული მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. აღმოჩნდა, რომ პოზიტიურმა დისკრიმინაციამ და მარტოხელა დედებისათვის შემწეობების მიცემამ, შავკანიანებში ტრადიციული მორალის და ოჯახის ინსტიტუტის ეროზია გააღრმავა. ამას გარდა, სტატისტიკა ადასტურებს, რომ მეუღლეების თანაცხოვრებისას, მეტია იმის ალბათობა, რომ ორივე დასაქმებული იყოს. შესაბამისად, იზრდება უსახსრობისგან თავის დაღწევის შანსი. სოციალური შემწეობები, საბოლოო ჯამში, სიღარიბეს ახანგრძლივებს, რადგან შრომისმოყვარეობას ასუსტებს.

არსებობს არგუმენტი, რომ უნივერსიტეტებში პოზიტიური დისკრიმინაცია ფინანსურ მობილობას უწყობს ხელს. უმაღლეს განათლებამიღებულ სტუდენტებს მომავალში მეტი შემოსავალი აქვთ. საქმე ისაა, რომ შავკანიანები უფრო ხშირად ირჩევენ „ადვილ” დისციპლინებს, ამიტომ დასაქმების ნაკლები შანსები და დასაქმების შემთხვევაში, დაბალი ხელფასი აქვთ. ამას გარდა, კვლევები და მონაცემთა შედარება აჩვენებს, რომ ასეთი უნივერსიტეტების სტუდენტები სულაც არ გამოიმუშავებენ მეტს, ვიდრე იმ სასწავლებლების, რომლებიც გარკვეული ნიშნებით, სტუდენტებს პრივილეგიებს არ ანიჭებენ.

პოზიტიური დისკრიმინაციით გამოწვეული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა რასობრივი ნიშნით სეგრეგაციაა. მაგალითად, უნივერსიტეტში ერთი ჯგუფისთვის პრივილეგიების მინიჭება აჩენს ნაპრალს სტუდენტებთან, რომელთაც მაქსიმუმს სთხოვენ. საბოლოოდ, ეს ერთმანეთის მიმართ უნდობლობაში გადაიზრდება. კვლევების მიხედვით, თეთრკანიანი და აზიელი სტუდენტების უმრავლესობას პოზიტიური დამოკიდებულება აქვს სხვა რასობრივი ჯგუფის სტუდენტების მიმართ. თუმცა ფიქრობენ, რომ პოზიტიური დისკრიმინაციის გარეშე, შავკანიანი სტუდენტები უნივერსიტეტში ვერ მოხვდებოდნენ. ეს, თავის მხრივ, ამ უკანასკნელთა სტიგმატიზებასა და იზოლაციას იწვევს – მოქმედებს თვითშეფასებაზე და დაბალი აკადემიური მაჩვენებლის დამატებით მიზეზად იქცევა.

ხშირად ადამიანებს დამსახურება ეკარგებათ – შესაძლოა, წარმატებას საკუთარი უნარებით, ნიჭითა და კონკურენტუნარიანობით მიაღწიონ, მაგრამ საზოგადოება ამას აკნინებს. დომინანტი ჯგუფები თავს მორალურად აღმატებულად გრძნობენ. სხვები კი მიიჩნევიან ადამიანებად, რომელთაც წარმატებას მხოლოდ „თეთრების” მოწყალებით მიაღწიეს. გამოდის, რომ მათგან ნაკლებს მოელიან და ცოტას ითხოვენ – გაუცნობიერებლად, აქცენტი ამ ჯგუფის სისუტეებზე კეთდება და არა ძლიერ მხარეებზე. მაგალითად, არავის მოუვა აზრად, შოუბიზნესის ან სპორტის სფეროში შავკანიანთა წარმატება კვოტებით გაამაგროს. ამ შემთხვევაში კარგად ჩანს, რომ მსგავსი ღონისძიებების გარეშეც, საზოგადოება არც ისე რასისტულია.

ამიტომაა, რომ ხშირად პოზიტიურ დისკრიმინაციას რასიზმის გამოვლინებად მიიჩნევენ. სახელმწიფოს ძალდატანებითი თუ ნებაყოფლობითი პროგრამები რასობრივ კრიტერიუმებს ბიზნესებს, საჯარო სამსახურებს და უნივერსიტეტებს ახვევს თავს. ეს ორგანიზაციებს ფინანსურადაც ძვირი უჯდებათ. ამას გარდა, დამსახურებების მაგიერ, კადრის რასობრივი და გენდერული ნიშნით აყვანა, ადამიანური რესურსების თვალსაზრისითაც წამგებიანია. ინდივიდების კატეგორიზაცია რასის ან რაიმე სხვა ნიშნის მიხედვით ხდება. ეს პრინციპი უკვე რასიზმადაც შეიძლება შეფასდეს.

„მე ვოცნებობ, რომ ჩემმა ოთხმა შვილმა ერთ დღეს იცხოვროს საზოგადოებაში, სადაც მათ განსჯიან არა კანის ფერის, არამედ მათი შესაძლებლობების მიხედვით” – სხვათა შორის, ეს სიტყვები აშშ-ში 60-იანი წლების სამოქალაქო მოძრაობის ლიდერის, მარტინ ლუთერ კინგის ცნობილი გამოსვლიდანაა – „მე მაქვს ოცნება”.

 

 

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები