აშშ

სავალდებულო დაზღვევა

პრეზიდენტ ობამას მიერ გამოცემული ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტი, მისი დამტკიცების დღიდან კამათის და უკმაყოფილების საგანია. აქტი სრულად 2014 წლიდან ამოქმედდება და საყოველთაო დაზღვევის ვალდებულებას ითვალისწინებს. ის, ვინც უარს იტყვის, დაჯარიმდება. დღეს ამერიკაში მილიონობით ადამიანს სამედიცინო დაზღვევა არ აქვს. ნაწილი ახალგაზრდა და ჯანმრთელია, შესაბამისად, ამაში ფულის დახარჯვა არ უნდა. ზოგს კი ხელს ფინანსების ნაკლებობა უშლის.

სულ ახლახან, მას კიდევ ერთი სადავო თემა დაემატა – აქტის საფუძველზე აშშ-ის ჯანდაცვის მინისტრმა ბრძანება გამოსცა. მისი მიხედვით, ეკლესიების მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებს, იქნება ეს საავადმყოფო, სასწავლებელი, თუ სხვა რამ, საკუთარი თანამშრომლებისთვის ისეთი სადაზღვევო პაკეტის შეძენა დაევალათ, რომელიც აბორტის და კონტრაცეფციის ხარჯების დაფარვასაც გულისხმობს. ეს მაშინ, როდესაც ბევრი კონფესიისთვის აბორტი და კონტრაცეფცია მორალურად მიუღებელია. გასაკვირი სულაც არ არის, რომ რელიგიურმა ორგანიზაციებმა გადაწყვეტილება სინდისზე ძალადობად მონათლეს.

ობამა გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდა – საარჩევნო წელს მას არც მორწმუნე ამომრჩევლის დაკარგვა სურს და არც ფემინისტების განაწყენება. პრეზიდენტი ერთგვარ კომპრომისზე წავიდა – რელიგიურ დაწესებულებებს პირდაპირი მოთხოვნა მოუხსნა. სამაგიეროდ, მან სადაზღვევო კომპანიები დაავალდებულა, რომ ამ ორგანიზაციების თანამშრომლებს აბორტისა და კონტრაცეფციის მომსახურება უფასოდ შესთავაზონ. ობამას ბუღალტრული ილეთი, რელიგიურმა ორგანიზაციებმა სწორი მიმართულებით გადადგმულ, მაგრამ არასაკმარის ნაბიჯად მიიჩნიეს. ბუნებაში უფასო არაფერია. შესაბამისად, სავარაუდოდ, სადაზღვევო კომპანიები აბორტისა და კონტრაცეფციის ღირებულებას, საბოლოო ჯამში, მაინც რელიგიურ ორგანიზაციებს დააკისრებენ. ბუღალტრულ საბუთებში კი ამას არ მიუთითებენ.

ეს თემა, ობამას სადაზღვევო ინიციატივის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის მცირე დეტალია. ამჟამად, ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტის განხილვა უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს. ამერიკის 26 შტატი მოცემული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს. ერთი მხრივ იმიტომ, რომ, მათი მტკიცებით, ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტით ფედერალური მთავრობა შტატის უფლებამოსილებაში იჭრება. ჯანდაცვისა და დაზღვევის რეგულირება კი შტატის პრეროგატივას წარმოადგენს. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ კანონი ინდივიდუალურ თავისუფლებას ლახავს. მოწინააღმდეგეები შიშობენ, რომ ამ ტენდენციის ლოგიკურ გაგრძელებად, შესაძლოა, თითოეული ამერიკელისთვის ყოველდღიურად ბოსტნეულისა და ხილის მიღების ვალდებულება მივიღოთ.

ობამას ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება მართებულია, რადგან ბაზარი ჯანმრთელობის დაზღვევის ხელმისაწვდომობას ვერ უზრუნველყოფს.

არჩევანის თავისუფლება, ისტორიულად, ამერიკის ჯანდაცვის მთავარი პრინციპი იყო. ინდივიდები საკუთარ ჯანდაცვაზე თავად აგებდნენ პასუხს და არჩევანიც მათ ხელში იყო – სურდათ დაზღვევას შეიძენდნენ, სურდათ თითოეულ შემთხვევაში საკუთარი ჯიბიდან გადაიხდიდნენ. როგორც მილტონ ფრიდმანი თავის ერთ-ერთ სტატიაში იხსენებს, საავადმყოფოში მოხვედრის შემთხვევაში, პირველი კითხვა იყო „რა გჭირთ?” და არა – „რა ტიპის დაზღვევით სარგებლობთ?”.

მეორე მსოფლიო ომის დროს მდგომარეობა შეიცვალა – დაწესდა ფასებისა და ხელფასების კონტროლი. დამსაქმებლებს აეკრძალათ თანამშრომლებისთვის სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ განაკვეთზე მაღალი ხელფასის მიცემა. ამან კადრების მოზიდვისა და შენარჩუნების პრობლემა შექმნა. თუმცა, საკანონმდებლო ხვრელი იოლად მოიძებნა – დამსაქმებლებმა თანამშრომლებისთვის არაფულადი სიკეთეების შეთავაზება დაიწყეს. მათ შორის ყველაზე გავრცელებული, ჯანმრთელობის დაზღვევა აღმოჩნდა. არსებული რეალობა კონგრესმაც გაითვალისწინა – დამსაქმებელს თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაში გადახდილი ფული იმ ხარჯში ჩაუთვალა, რომლის გამოქვითვაც მოგების გადასახადიდან მოხდებოდა. ინდივიდუალური დაზღვევის მყიდველს საგადასახადო შეღავათი არ შეხებია.

საგადასახადო რეჟიმებს შორის უთანასწორობის შედეგად, თითქმის ყველა, სამედიცინო დაზღვევას დამსაქმებლის მეშვეობით იღებს. მათ ინდივიდუალური პაკეტის შეძენის სტიმული დაკარგული აქვთ. ეს ვითარება, სამედიცინო მომსახურების ღირებულების ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი გახდა. პაციენტებს სამედიცინო მომსახურების ხარჯებს დამსაქმებელი უფარავს. შესაბამისად, ისინი ფასების მიმართ ნაკლებად მგრძნობიარენი გახდნენ. ამან სამედიცინო დაწესებულებებს შორის, მომსახურების ღირებულების კუთხით კონკურენცია მკვეთრად შეასუსტა. დაზღვევის ფასი გაიზარდა, რამაც ეს პროდუქტი ბევრისთვის ხელმიუწვდომლად აქცია.

დაზღვევის ფასის მომატებას, კიდევ რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ერთი ის, რომ შტატებს შორის კონკურენცია აკრძალულია – მომხმარებელს არ აქვს უფლება, სხვა შტატში მოქმედი კომპანიის უფრო იაფი პოლისი იყიდოს. ამასთანავე, ყველა სადაზღვევო კომპანია ვალდებულია, მინიმალურ პაკეტში შეიტანოს სამედიცინო შემთხვევათა ფართო კატეგორია. პაკეტი სავალდებულოა. შესაბამისად, გამოდის, რომ მისი მყიდველი იმაზე მეტს იხდის, ვიდრე მაშინ გადაიხდიდა – მისთვის არასასურველი დამატებითი სერვისები გათვალისწინებული რომ არ ყოფილიყო. კიდევ ერთი მიზეზი, რაც სადაზღვევო მომსახურების გაძვირებას იწვევს, სასამართლოა. საქმე ისაა, რომ ამერიკული კანონმდებლობა არ აწესებს ლიმიტს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. შეერთებულ შტატებში ხშირად ჩივიან სამედიცინო შეცდომის გამო. არცთუ იშვიათად, სასამართლოს მიერ სამედიცინო დაწესებულებაზე დაკისრებული ჯარიმა, ასტრონომიულ მასშტაბებს იღებს. ეს ორგანიზაციები იძულებულნი არიან, ერთი მხრივ, შეიძინონ სასამართლო დაზღვევა; მის ღირებულებასაც, საბოლოო ჯამში, ისევ მომხმარებელი იხდის. მეორე მხრივ, დაუდევრობაში ბრალდების თავიდან ასაცილებლად, პაციენტებს არასაჭირო პროცედურებს უტარებენ. კვლევები მოწმობს, რომ სამედიცინო ხარჯების მესამედი სწორედ ასეთ თავდაცვით მკურნალობაზე მოდის.

შეერთებული შტატების მოსახლეობა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. განაჩენი ზაფხულამდე გახდება ცნობილი.

კომენტარები