ნავთობის ბაზარი

ირანისთვის დაწესებული სანქციების ფასი

ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციების სანაცვლოდ, მსოფლიოს ნავთობში რეკორდულად მაღალი თანხის გადახდა მოუწევს. ბოლო რამდენიმე დღეში, ნავთობის ხარჯი იმპორტიორ ქვეყნებში 2008 წლის კრიზისულ დონეს გაუტოლდა. ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა.

აშშ-მა და ევროკავშირმა ირანისთვის სანქციების დაწესების გადაწყვეტილება, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს უახლესი ანგარიშის შემდეგ მიიღეს. მის მიხედვით, ირანი არა მხოლოდ ამდიდრებს ურანს, არამედ ამზადებს ტექნიკას, რომლითაც მის აფეთქებას შეძლებს. ამერიკამ ნავთობის იმპორტიორ ქვეყნებს, ირანის ცენტრალურ ბანკთან თანამშრომლობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. პირველი ივლისიდან ამ ქვეყანასთან ევროკავშირი ახალ კონტრაქტებზე ემბარგოს დააწესებს.

ევროპის და ამერიკის პოზიციის პასუხად, ირანმა გასულ კვირას საფრანგეთსა და ბრიტანეთში ნავთობის ექსპორტი შეწყვიტა. შედეგად, ნავთობზე და ბენზინზე ფასი მთელ მსოფლიოში გაიზარდა – ევროპასა და ამერიკაში კი თითქმის გაორმაგდა. ნავთობის გაძვირებამ ამ ქვეყნებში ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია. ევროპაში გაზი გაძვირდა, ამერიკაში – ბენზინი.

ამერიკაში ბენზინის ფასმა რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია. ბევრ შტატში მომხმარებელს ერთ გალონ (დაახლოებით 4 ლიტრი) ბენზინში 3.5 აშშ დოლარის გადახდა უწევს. ამერიკის ენერგეტიკის სამინისტროს შეფასებით, თუ წლის განმავლობაში ბენზინის ფასის ზრდა შენარჩუნდა, წლის ბოლოს ქვეყნის ეკონომიკა 35 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდება. Heritage Foundation-ის გათვლებით, ამ შემთხვევაში, ამერიკის შრომის ბაზარი, სულ მცირე, 300 ათას სამუშაო ადგილს დაკარგავს.

არჩევნების წელს ეკონომიკის გაუარესებამ, პრეზიდენტ ობამას რეიტინგს, შესაძლოა, დიდი დარტყმა მიაყენოს. ეკონომისტების შეფასებით, თუ ბენზინის ფასმა გალონზე 4 აშშ დოლარს მიაღწია, ეკონომიკური დაღმასვლა, სავარაუდოდ, შეუქცევად ხასიათს მიიღებს. მათი შეფასებით, ბენზინის ფასის ყოველი შემდგომი ერთცენტიანი ზრდა, ამ ქვეყნის ეკონომიკას 1.4 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდება.

თუ ამერიკაში ნავთობის გაძვირების გვერდითი ეფექტი ბენზინის ფასების ავარდნა იყო, ევროპაში ამას გაზის ფასის ზრდა მოჰყვა. ბებერი კონტინენტის ქვეყნების 75%-ისთვის გაზის ფასი ნავთობის ფასზეა მიბმული. ჯერ კიდევ 2010 წელს, ევროკავშირისთვის ნავთობის იმპორტის ხარჯი 70 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა. სხვადასხვა გათვლებით, თუ ევროკავშირში ნავთობზე ფასი – დღეის მდგომარეობით ბარელზე 101 აშშ დოლარი – მთელი წლის განმავლობაში შენარჩუნდა, შემოსავლის დანაკარგი კიდევ უფრო გაიზრდება. იმპორტის ხარჯი მშპ-ის 2.1%-ს მიაღწევს. ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისთვის ეს მაჩვენებელი მშპ-ის 1% იქნება.

ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ევროპელ და ამერიკელ მომხმარებლებზე აშკარად უარყოფითად მოქმედებს. თუმცა ჯერ კიდევ გაუგებარია, ექნება თუ არა გავლენა ამ სანქციებს თვითონ ირანის რეჟიმზე. თეორიულად, შეერთებული შტატების ახალი სანქციები, რომლებიც ირანის ცენტრალურ ბანკთან საქმის დაჭერას გამორიცხავს, თეირანისთვის მტკივნეული თემაა. ქვეყნის ბიუჯეტის 80% ნავთობის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზეა დამოკიდებული. არაერთი სახელმწიფო და კომპანია კი ნავთობს სწორედ ირანის ცენტრალური ბანკის მეშვეობით ყიდულობს.

1 ივლისიდან ევროკავშირის ემბარგოც ამოქმედდება: ირანთან ახალი კონტრაქტები აღარ გაფორმდება. შესაბამისად, ექსპორტი ამ ქვეყნებში ყოველდღიურად 450 ათასი ბარელით შემცირდება. თუმცა მხოლოდ ევროპისა და შეერთებული შტატების პროტესტი საკმარისი არ არის. ამერიკა თეირანისგან ნავთობს არ ყიდულობს. ევროპაში კი ირანული ნავთობის მთელი ექსპორტის მხოლოდ 16% გადის. ამასთან, ირანმა უკვე შეუწყვიტა ნავთობის მიწოდება ამ ქვეყნის რეჟიმის ორ ყველაზე დიდ კრიტიკოსს ევროპაში – საფრანგეთს და ბრიტანეთს.

ირანის ნავთობის უდიდეს წილს აზიური ქვეყნები, მზარდი ეკონომიკის მქონე ჩინეთი და ინდოეთი და ამერიკის მოკავშირეები – იაპონია და სამხრეთ კორეა ყიდულობს. ამ ქვეყნებზე ექსპორტის 60% მოდის. თეირანისთვის ეს ყოველწლიურად 100 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალს ნიშნავს.

ამერიკა მაქსიმალურად ცდილობს, ირანული ნავთობის იმპორტზე თავის მოკავშირეებს მაინც ათქმევინოს უარი. თუმცა სამხრეთ კორეას და იაპონიას არ სურთ იმპორტის მოცულობის შემცირება. ჩინეთმა და ინდოეთმა კი, შეიძლება, პირიქით, გაზარდონ კიდეც: ევროკავშირის ემბარგოს ამოქმედების შემდეგ, ირანი იძულებული გახდება მთელი ნაკადი აზიისკენ მიმართოს. თეირანი, დანაკარგის ასანაზღაურებლად, ამ ქვეყნებს სხვადასხვა ფასდაკლებას შესთავაზებს,

ირანის ბიუჯეტს წინ მძიმე დღეები ელის. თუმცა რა დაუჯდება ეს დანარჩენ მსოფლიოს, ამას ევროკავშირის ემბარგოს ამოქმედების შემდეგ, ნავთობის ფასები უფრო ზუსტად დაადგენს.

კომენტარები