ნინო ანანიაშვილი

ნინო ანანიაშვილი - 30 წელი სცენაზე

მარტს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, ნინო ანანიაშვილმა და ნიკოლოზ რურუამ პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც პრიმა-ბალერინას სასცენო მოღვაწეობის 30 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო დღეებზე ისაუბრეს.
პრესკონფერენციას ესწრებოდნენ თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მმართველი დავით საყვარელიძე, ქორეოგრაფები ალექსეი ფადეევი, ტეეტ კასკი, დიზაინერი ნინო ჩუბინიშვილი და „ტრიო პერტე“.

ნინო ანანიაშვილმა და ნიკოლოზ რურუამ, იმ ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც 14 მარტიდან 18 მარტამდე გაიმართება.

14 მარტს, 20:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, პრიმა-ბალერინას სასცენო კოსტიუმების და აქსესუარების გამოფენა გაიხსნება, სადაც ნინო ანანიაშვილის ასზე მეტი სასცენო კოსტიუმის ექსპოზიცია იქნება წარმოდგენილი, რომელსაც დიზაინერი ნინო ჩუბინიშვილი წარმოადგენს.

16 მარტს, 19:45 საათზე, რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში წარმოდგენილი იქნება ერთმოქმედებიანი ბალეტები.
საბალეტო დასი მაყურებელს შესთავაზებს ესტონელი ქორეოგრაფის, ტეეტ კასკის ახალი ერთმოქმედებიანი ბალეტის „Tampopo”-ს პრემიერას, რომელშიც მთავარ პარტიას, საბალეტო დასის სოლისტებთან ერთად, ნინო ანანიაშვილი შეასრულებს.
წარმოდგენაში ასევე იღებს მონაწილეობას „ტრიო პერტე“ - თეა ჭკუასელის, ლელა მჭედლიძის და გიორგი ჯორჯაძის შემადგენლობით.
„Tampopo”-ს კოსტიუმების მხატვრობაზე იმუშავა ნინო ჩუბინიშვილმა.
პროგრამაშია ასევე ფრედერიკ ეშტონის ბალეტი „მარგარიტა და არმანი“, ასევე იური პოსოხოვის მიერ ქართულ მელოდიებზე შექმნილი ბალეტი - „საგალობელი“.

17 მარტს, 12:30 საათზე „თბილისი მარიოტში“ გაიმართება ფოტოალბომის „ნინო ანანიაშვილი“ პრეზენტაცია, რომელშიც პრიმა-ბალერინას შემოქმედებითი მოღვაწეობის ოცდაათწლიანი გზა არის ასახული.

საიუბილეო დღეები 18 მარტს, 19:00 საათზე, მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავების გალა-კონცერტით დასრულდება, რომელიც თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

კომენტარები