ქართული ოცნება

ქართული ოცნება NATO-ს მისიაში საქართველოს წვლილს აკრიტიკებს

0 კომენტარი

პირველად გამოქვეყნდა Eurasia Daily Monitor | 29 თებერვალი, 2012

 20-26 თებერვალს საქართველოში „ოკუპაციის კვირა” აღინიშნა და 1921 წლის თებერვალში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის, წითელი არმიის მიერ ოკუპაციას და საბჭოთა რუსეთის მიერ ანექსიას მიეძღვნა. 1921 და 2008 წლებში რუსეთის ინტერვენციის შედეგად დაღუპულ და სამშობლოს დასაცავად მებრძოლ ჯარისკაცებს პატივი საჯარო ღონისძიებებით მიაგეს. მმართველი პარტიის და ოპოზიციის (ძირითადად, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის) წარმომადგენლები საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობდნენ.

ქართული ოცნება ამ ღონისძიებებს არ შეერთებია და მხოლოდ თავისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, Facebook-ის გვერდზე მოკლე ტექსტის გამოქვეყნებით შემოიფარგლა. როგორც ჩანს, ივანიშვილმა ან მისმა მრჩევლებმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს, ამ მოვლენის აღნიშვნისაგან თავი შორს დაეჭირათ. ეს ნაბიჯი შეესაბამება მათ პოზიციას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობა ზედმეტად უპირისპირდება მოსკოვს და ივანიშვილის გუნდი რუსეთთან მომლაპარაკებლის როლს უკეთ შეასრულებს. ივანიშვილის გუნდი ცდილობს, ადგილი დაიმკვიდროს როგორც რუსეთთან დიალოგის წარმმართველმა ქართულმა ოპოზიციურმა პარტიამ და, სავარაუდოდ, იმედოვნებს, რომ ამ საკითხში საქართველოს მთავრობას აჯობებს. ქართული ოცნება, როგორც ჩანს, ამ საკითხის წინასაარჩევნო კამპანიაში გამოყენებას აპირებს და სურს, რომ „რუსეთისთვის მისაღები მომლაპარაკებელი მხარე” გახდეს, თუ პარლამენტში ადგილების მნიშვნელოვან რაოდენობას მიიღებს.

გამოუცდელ ივანიშვილს, ახლა, საგარეო პოლიტიკის მრჩეველთა სრულად დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს. ზოგი მათგანი ავღანეთში აშშ-ის ხელმძღვანელობით წარმოებულ ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობას აკრიტიკებს. 22 თებერვალს, საბრძოლო ოპერაციაში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვას (რის შედეგადაც 2011 წლიდან ავღანეთში დაღუპულ ჯარისკაცთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა, მათ შორის ოთხი – 2012-ში), მრჩევლების მხრიდან ავღანეთის მისიის კრიტიკა მოჰყვა.

ქართული ოცნების თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა, პრესაში განაცხადა: „[პრეზიდენტმა] სააკაშვილმა ავღანეთში ამერიკელებთან ერთად ერთობლივი სპეცოპერაცია ჩაატარა.... ეს [ქართველი ჯარისკაცების დაღუპვა] შეიძლება მომხდარიყო დაუგეგმავი სპეცოპერაციის დროს, ან კიდევ სააკაშვილის პიარის საჭიროებისათვის”. სესიაშვილმა ნაციონალური სატელევიზიო არხის პრაიმ-ტაიმშიც განაცხადა: „ეს სპეცოპერაცია იმიტომ განხორციელდა, რომ [პრეზიდენტ] სააკაშვილს პიარისთვის სჭირდებოდა, რათა მისი ვიზიტისთვის ავღანეთში პატივი მიეგოთ”. სესიაშვილი ქართული ოცნების მთავარი პოლიტიკური გუნდის წევრიცაა. ქართული ოცნების რეგიონული პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, მამუკა არეშიძემ კი განაცხადა: „ქართველ ჯარისკაცებს ახლა საზარბაზნე ხორცად იყენებენ. სომხეთის ჯარებს ნაკლები საფრთხე ემუქრებათ, ვიდრე ჩვენს ჯარისკაცებს. ჩვენს ჯარისკაცებს NATO-ს ჯარებზე ბევრად უფრო ნაკლებს უხდიან”.

ივანიშვილის საგარეო პოლიტიკის მრჩეველთა გუნდის ხელმძღვანელს, თედო ჯაფარიძეს, მისი ხელქვეითების ასეთი არაპროფესიონალური განცხადებები, წესით, უნდა აშფოთებდეს. თუმცა, მას ამ განცხადებების უარყოფა არ უცდია. ივანიშვილის მოკავშირე, ირაკლი ალასანია, რომელსაც, გავრცელებული მოსაზრებით, აშშ-სთან აქვს კავშირები, როგორც ჩანს, მსგავსი პრობლემების წინაშე დგას საკუთარ პარტიაში (ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები). ამ პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა, თეა წულუკიანმა, ჟურნალ ლიბერალს ავღანეთის მისიასთან დაკავშირებით განუცხადა, რომ „[პრეზიდენტი] სააკაშვილი ამ თემით მანიპულირებს. მისი აზრით, ჯარისკაცი ომში უნდა წავიდეს და გმირულად იბრძოლოს. სააკაშვილის მთავრობა ჯარისკაცებს საზარბაზნე ხორცად მიიჩნევს. მთავრობამ იმაზე უნდა იზრუნოს, რომ ჯარისკაცები სახლში დაბრუნდნენ”.

თუმცა, საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის მისიაში უმნიშვნელოვანესია, რათა ქვეყანამ, როგორც NATO-ში გაწევრიანების მსურველმა და შეერთებული შტატების სტრატეგიულმა პარტნიორმა (დე ფაქტო მოკავშირემ), საკუთარი კომპეტენცია დაამტკიცოს. ამ თვალსაზრისით, ეს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაში ინვესტიციაა. გარდა ამ სტრატეგიული ინვესტიციისა, ეს მსხვილი ფისკალური ინვესტიციაა ქვეყნის მოსახლეობის მხრიდან, რომლის უმეტესობა NATO-ში გაწევრიანებას უჭერს მხარს. ამჟამად, ავღანეთში 950 ქართველი ჯარისკაცი მსახურობს, ძირითადად ჰელმანდის პროვინციაში, თან „ეროვნული შეზღუდვების” გარეშე (საბრძოლო შეზღუდვები, რომლებიც NATO-ს წევრი ქვეყნების უმეტესობას აქვს დაწესებული). საქართველოს სამხედრო კონტინგენტი, ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, ყველაზე დიდია NATO-ს არაწევრ ქვეყნებს შორის და ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ავღანეთის მისიაში მონაწილე ყველა ქვეყანას შორის. წელს, საქართველო დამატებით 750 სამხედროს გაგზავნას გეგმავს, რის შედეგადაც ჯარისკაცთა რიცხვი 1,700-მდე გაიზრდება, ხოლო საქართველო, ერთ სულ მოსახლეზე ჯარისკაცების რაოდენობით, ალბათ, რიგით მეორე გახდება აშშ-ის შემდეგ.

ოპოზიციის განცხადებები მის მზადყოფნაზე მეტყველებს, ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების თემა საარჩევნო კამპანიაში პრეზიდენტისა და მთავრობის წინააღმდეგ გამოიყენოს. 2011 წლის ოქტომბერში, ივანიშვილმა პოლიტიკური კარიერა საქართველოს NATO-ში გაწევრიანების თაობაზე ორაზროვანი და სკეპტიკური განცხადებებით დაიწყო – იგი საერთოდ ვერ ერკვეოდა ამ საკითხში და საგარეო პოლიტიკაში. მოგვიანებით, როგორც ჩანს, მიხვდა, რომ ასეთი პოზიცია იმ ქვეყანაში, სადაც NATO-ს წევრობა ძალზე პოპულარული მიზანია, ხმებს დააკარგვინებდა. ცოტა ხნის წინ, ივანიშვილის გუნდმა საქართველოს ევროატლანტიკურ (ევროკავშირი და NATO) ინტეგრაციას, როგორც ერთ-ერთ ზოგად მიზანს, მხარი სიტყვიერად დაუჭირა. თუმცა, ქართული ოცნება ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას დააზარალებს – ივანიშვილის პოზიციის მიმართ კი მეტ კითხვებს გააჩენს – თუ ქართული ოცნება NATO-ში გაწევრიანებას მხოლოდ სიტყვიერად დაუჭერს მხარს, მიზნამდე მისასვლელად საჭირო ზომებს შეეწინააღმდეგება და ამ ზომების მიღებისთვის მთავრობას დაადანაშაულებს.

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

GAME OF THRONES-ის მერვე სეზონის მეოთხე სერიის თრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

კომენტარები