რუსეთი

პუტინის კორუფციული იმპერია

0 კომენტარი

ვლადიმირ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი კიდევ 6 წლით გახდა. თუმცა მისი სკამი, დარღვევებით გამორჩეულმა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებმა მოარყია. 2000 წელს პუტინი რუსეთის კორუფციისგან გათავისუფლების მთავარ იმედად მიიჩნეოდა. დღეს კი აშკარაა, რომ კვლავაც გაპრეზიდენტებულმა პოლიტიკოსმა, ქვეყანა საკუთარ კორუფციულ ქსელში გაახვია. არჩევნების წინ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი თავისთვის მხსნელის იმიჯის შექმნას ცდილობდა. თუმცა რუსეთის მოსახლეობას აღარ სურს არაკომპეტენტური მთავრობის ხილვა. ხალხი პოლიტიკურ თავისუფლებასა და კანონის უზენაესობას ესწრაფვის, რისი უზრუნველყოფაც პუტინს, სურვილის შემთხვევაშიც, აღარ შეუძლია. მისი მაფიოზური პირამიდა, ერთი მხრივ ძალაუფლების წყაროა, მეორე მხრივ კი – თავად არის მისი მძევალი.

2010 წელს ნიუ იორკში, გაეროს რუსეთის წარმომადგენლობამ წერილი მიიღო. მთავარი თემა პუტინის კორუფციული კლანი იყო. წერილის ავტორი პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი სერგეი კოლესნიკოვია, რომელიც ამჟამად ევროპაში იმალება. პრეზიდენტის კორუფციული გარიგებები მრავალი ავტორიტეტული გამოცემის, მათ შორის ბრიტანული Financial Times-ისა და ამერიკული Washington Post-ის ყურადღების ცენტრში მოხვდა. რუსულმა The New Times-მა ცოტა ხნის წინ საქმესთან დაკავშირებით ახალი მასალები (კერძოდ, აუდიოჩანაწერები და ფინანსური დოკუმენტები) მოიპოვა. ამ ყველაფერს პუტინის პრეზიდენტობის მანძილზე სასამართლომდე მიღწევა არ უწერია.

კორუფციული სქემის ცენტრში სანკტ-პეტერბურგში დაარსებული, ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე კომპანია Петромед-ია. 1990-იანი წლების დასაწყისში, Петромед-ის საკონტროლო პაკეტი (აქციათა 51%) სანკტ-პეტერბურგის მერიის საგარეო ურთიერთობების კომიტეტს ეკუთვნოდა, რომელსაც 1991 წლიდან ვლადიმირ პუტინი ხელმძღვანელობდა. 1996 წელს ანატოლი სობჩაკმა ქალაქის მერის არჩევნები წააგო, რის შემდეგაც პუტინი და მასთან დაახლოებული პირები (КГБ-ს ყოფილი ოფიცერი, ამჟამად Петромед-ის პრეზიდენტი დიმიტრი გორელოვი და ბიზნესმენი ნიკოლაი შამალოვი. თითოეულის ქონებას Forbes-ი 500 მილიონ ამერიკულ დოლარად აფასებს) მოსკოვში გადაბარგდნენ. გორელოვმა Петромед-ი სანკტ-პეტერბურგის მერიისგან გამოისყიდა.

კორუფციული სქემის მიხედვით, Петромед-ი თანხებს რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენებისგან ქრთამის, შემოწირულობების ან სხვადასხვა პროექტების დაფინანსების სახით იღებდა. ფული კომპანიის შვილობილი ფონდების მეშვეობით, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებსა და პანამაში დარეგისტრირებულ ოფშორულ ზონებში (შესაბამისად, Rollins International-სა და Santal Trading-ში) ილექებოდა. პუტინს ოფშორულ ზონებში დაახლოებით 450 მილიონი დოლარი დაუგროვდა. თანხის ნაწილი სამედიცინო აღჭურვილობას ხმარდებოდა. ოფშორულ ზონებში დაგროვილი ფული ისევ ბიზნესში ბრუნდებოდა. ფინანსები ლიხტენშტაინსა და შვეიცარიაში დარეგისტრირებულ კომპანიებში ხვდებოდა, საიდანაც საინვესტიციო კომპანია Росинвест-ში მიედინებოდა. Росинвест-ი კი რუსეთში სხვადასხვა პროექტებს აფინანსებდა, რაც ფულის გათეთრების ჯაჭვის ბოლო ეტაპი იყო. მეორე მხრივ, ამ ინვესტიციებით ბიზნესი ფართოვდებოდა და სხვადასხვა სფეროებს მოიცავდა. სქემაში საკუთარ როლებს თამაშობდნენ პუტინთან დაახლოებული პირების სხვა კომპანიებიც, მაგალითად, მისი შორეული ნათესავის, მიხაილ შამალოვის Акцепт-ი და ბანკ Россия-ს შვილობილი Аброс-ი. აღსანიშნავია, რომ ბანკი Россия კლანის ერთ-ერთ მთავარ აქტივს წარმოადგენს. გორელოვი და შამალოვი მის დაახლოებით 10-10-პროცენტიან წილს ფლობენ. ბანკის უმსხვილეს აქციონერს, იური კოვალჩუკს, მედიაში პუტინის პირად ბანკირსაც უწოდებენ.

წელს, უკვე რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ინიციატივით, კორპორაცია Сибнефть-ის (ახლა უკვე Газпром Нефть-ი) მაშინდელმა მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა Петромед-ს 203 მილიონი ამერიკული დოლარი გადაურიცხა სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად. თანხის 35% (როგორც ჩანს, პუტინის წილი) ოფშორულ ზონებში წავიდა.

2004 წელს კრემლის ბინადარის თანამოაზრეებმა, Газпром-ის შვილობილი სადაზღვევო კომპანია Согаз-ი შეისყიდეს. რიგი მანევრების შემდეგ, Согаз-ის არაპირდაპირი მფლობელი ბანკი Россия გახდა, რითიც მან Газпром-ის ფინანსურ გადარიცხვებზე კონტროლი მოიპოვა.

The New Times-ი გერმანულ კორპორაცია Siemens-საც ახსენებს. შამალოვი 1992-2008 წლებში რუსეთში Siemens-ის წარმომადგენელი იყო. გორელოვი და შამალოვი ტექნიკას Siemens-ის შვილობილი კომპანია Medical Engineering Group-ისგან ყიდულობდნენ. 2008 წელს ამერიკის იუსტიციის სამინისტრომ Siemens-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. გერმანული კორპორაცია სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის რუსეთში, ჯამში 1.3 მილიარდი დოლარის ქრთამის სახით გადახდაში იყო ეჭვმიტანილი. საბოლოოდ, Siemens-ს ჯარიმის სახით 1.3 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწია.

პუტინის კორუფციული იმპერიის სიმბოლო შავი ზღვის პირას, კრასნოდარის მხარეში, ქალაქ გელენჟიკთან მდებარე მისივე სასახლეა. შენობა ოფიციალურად სანატორიუმად იწოდება. მისი თავდაპირველი ბიუჯეტი 350 მილიონი დოლარი იყო, შემდეგ კი 1 მილიარდამდე გაიზარდა. სასახლის მშენებლობის დაფინანსებას რუსი ბიზნესმენები ერთმანეთს ასწრებდნენ.

პუტინმა ქსელის ასაგებად КГБ-ში მუშაობის გამოცდილება გამოიყენა. კლანი ისეა მოწყობილი, რომ სხვადასხვა ბიზნესსფეროში მოღვაწე ადამიანებს ერთმანეთთან კონტაქტი არ აქვთ. ერთი რგოლის ჩავარდნის შემთხვევაში, ჯაჭვის კონფიდენციალობას საფრთხე არ ემუქრება.

კოლესნიკოვის ცნობით, კლანის შეკრებებს რუსეთის მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ. მაგალითად, ჯანდაცვის მინისტრი ტატიანა გოლიკოვა და ეკონომიკური განვითარების მინისტრი ელვირა ნაბიულინა.

პუტინის დაბადების დღეზე მიწვევის ბედნიერება მხოლოდ მასთან ყველაზე დაახლოებულ პირებს აქვთ. მის უახლოეს მეგობრებს საკუთარი მეტსახელებიც გააჩნიათ. იური კოვალჩუკი არის косой (ელამი), 5.5 მილიარდი დოლარის პატრონი ენერგომაგნატი გენადი ტიმჩენკო – гангрена, გაზპრომის შეფი ალექსეი მილერი – солдат, რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა მმართველი ვლადიმირ კოჟინი – тужурка (ერთგვარი ქურთუკი), პრეზიდენტის დაცვის უფროსი ვიქტორ ზოლოტოვი – генералиссимус, ნიკოლაი შამალოვი – профессор Преображенский (მიხაილ ბულგაკოვის მოთხრობის, „ძაღლის გულის” მთავარი პერსონაჟი, ქირურგი), გორელოვს მეტსახელი არ აქვს. ყველა ეს პიროვნება სანკტ-პეტერბურგელია. მათი მეტსახელები კლანურ ფუნქციებზე შეიძლება მიუთითებდეს. თავად პუტინი მიხაილ ივანოვიჩია – სწორედ ასე ეწოდება რუსულ ფოლკლორში დათვს. როგორც რუსი სატირიკოსი ვიქტორ შენდეროვიჩი შენიშნავს, პუტინი გათავხედებული დათვებით სავსე ტაიგის მბრძანებელია.

კოლესნიკოვის თქმით, პრეზიდენტის ახლო მეგობარი არასოდეს ყოფილა. ის მხოლოდ შემსრულებელი გახლდათ და ერთ დღესაც მისი მოშორების დრო დადგა. ამ ინფორმაციის გამოაშკარავება (რაც The New Times-ის მოსაზრებით, პუტინის მაფიოზური აისბერგის მხოლოდ წვერია), როგორც თავად ამბობს, პრეზიდენტის ზღვარგადასულმა მადამ აიძულა. საკითხავია, კიდევ რამდენ ხანს მოუწევს პოლიტიკურ კრიზისში ჩაფლულ რუსეთს პუტინის მადის დაკმაყოფილება.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები