საგადასახადოს ინიციატივა

ითხოვ სალარო აპარატის ჩეკს, ერთვები თამაშში

0 კომენტარი

მარტის ბოლოდან, მომხმარებელი შეძენილ პროდუქტზე სალარო აპარატის ჩეკს თუ მოითხოვს, ის წამახალისებელ გათამაშებაში ავტომატურად ჩაერთვება. მისი ჩეკი გათამაშების ბილეთის როლს შეასრულებს. გამარჯვებული ამ ჩეკზე არსებული უნიკალური კოდის მიხედვით გამოვლინდება. ამ გათამაშების ორგანიზატორი, არც მეტი, არც ნაკლები, საქართველოს შემოსავლების სამსახური იქნება. პროექტი ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ინიციატივას ორი ძირითადი მიზანი აქვს: 1. რეალიზებული საქონლის აღრიცხვის კონტროლი. გათამაშებაში ჩართულ მომხმარებელს ჩეკების მოთხოვნის მოტივაცია უნდა გაუჩნდეს. 2. ახალი GPRS სისტემით აღჭურვილი სალარო აპარატების პოპულარიზაცია.

ძველი საკონტროლო სალარო აპარატების გამოყენება თებერვლიდან აიკრძალა. ახალი აპარატები საქონლის რაოდენობას უფრო ზუსტად ასახავს, ხოლო ინფორმაციის მიღება ელექტრონული წესით ხდება. შემოსავლების სამსახურს ამ ინფორმაციის მოპოვება დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია.

ბოლო მონაცემებით, მეწარმეების 90%-ზე მეტი ახალ სისტემაზე უკვე გადაერთო. აქედან 30-დან 100 ათას ლარამდე წლიური ბრუნვის 10 ათასზე მეტ მცირე მეწარმეს შემოსავლების სამსახურმა ახალი საკონტროლო სალარო აპარატები უსასყიდლოდ გადასცა. საქართველოს ბიუჯეტს ახალი აპარატების შეძენა 3.1 მილიონი ლარი დაუჯდა.

შემოსავლების სამსახურის გათვლებით, ჩეკების აღურიცხაობის გამო, ყოველთვიურად საშუალოდ 1400 მეწარმე ჯარიმდება: საქართველოს ბიუჯეტში, ჯარიმის სახით, ყოველთვე 700 ათასი ლარი შედის.

შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის, ნინო გორგაძის განმარტებით, საჭიროა, მომხმარებელს ჩეკის მოთხოვნის ჩვევა გამოუმუშავდეს. წამახალისებელი გათამაშება, მისი აზრით, ჩეკის მოთხოვნის სტიმულირებას მოახდენს, ხოლო ერთი წლის განმავლობაში ეს ჩვევა კიდევ უფრო გამტკიცდება.

ტაივანში მსგავსი მოტივაციით წამოწყებული გათამაშება უკვე 60 წლის მანძილზე გრძელდება: კვარტალში ერთხელ გადასახადებისგან შემოსული შემოსავლის გარკვეული წილი ლატარიის ფონდში გროვდება და შემდეგ ჯილდოებზე ნაწილდება. კრიტიკოსების შეფასებით, ეს სისტემა ხელს უშლის ადმინისტრირების სფეროში სიახლეების დანერგვას. ელექტრონული ჩეკი შეიძლება იყოს ერთ-ერთი გამოსავალი, მაგრამ იმის გამო, რომ მოსახლეობა ამ გათამაშებებს შეჩვეულია, ვეღარ აუქმებენ და იყენებენ იმ მაღაზიების და ბიზნესების წასახალისებლად, რომლებიც ელექტრონულ ჩეკებს გასცემენ. კრიტიკოსების აზრით, მომხმარებლის მოტივაციის გასაზრდელად უფრო ფუნდამენტური ცვლილებებია საჭირო, ვიდრე მათი ფრაგმენტული წახალისება.

რამდენი იქნება შემოსავლების სამსახურის საპრიზო ფონდი, ბიუჯეტი გასცემს თუ კერძო ბიზნესი და რა სიხშირით გაიმართება წამახალისებელი გათამაშებები – საქართველოს მთავრობა ამას თვის ბოლომდე განსაზღვრავს.

ელექტრონული ჩეკების სისტემის დანერგვისთვის, მაგალითად, რომელიც ადმინისტრირებას საგრძნობლად გააიოლებს, მთავრობას გათამაშების ჩატარება ამ კონკრეტული მომსახურების რეალიზების მიზნით უხდება.

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

GAME OF THRONES-ის მერვე სეზონის მეხუთე სერიის თრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

კომენტარები