საქართველო-ისრაელი

პარტნიორობის განახლება

0 კომენტარი

გასული თვის ბოლოს ქართული დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფებოდა. მხარეებმა თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს – განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში. დიალოგი მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობასაც შეეხებოდა – თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებების გაფორმების მიზნით.

ამ ვიზიტმა, ორი ქვეყნის დიპლომატიურ ურთიერთობებში წერტილი ხანგრძლივ პაუზას დაუსვა. ეს უკანასკნელი აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას, ასევე საქართველოსა და ისრაელს შორის რამდენიმე უსიამოვნო ინციდენტს უკავშირდებოდა.

თბილისისთვის ყველაზე მტკივნეული, რუსეთ-საქართველოს სამხედრო კონფლიქტამდე რამდენიმე თვით ადრე, ისრაელის მიერ სამხედრო თანამშრომლობის შეწყვეტა იყო. ეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე უარყოფითად აისახა. მანამდე, ისრაელი საქართველოს, რამდენიმე წლის განმავლობაში: უპილოტო მზვერავ აპარატებს აწვდიდა, თანამშრომლობდა საბრძოლო თვითმფრინავებისა და ტექნიკის მოდერნიზაციაში, ამარაგებდა ელექტრონული მოწყობილობებით, აწვდიდა მსუბუქ შეიარაღებას და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებსაც. ებრაული კომპანიების ინსტრუქტორები ქართველი სამხედროების მომზადებით იყვნენ დაკავებულები. ეს რუსეთის მიერ ისრაელის მოწინააღმდეგეების – ირანისა და სირიის – შეიარაღებაზე ერთგვარ პასუხად აღიქმებოდა.

თუმცა, ისრაელის მედიის ცნობით, საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობა იერუსალიმმა 2008 წლის აპრილში, რუსეთის თხოვნით შეაჩერა. მას შემდეგ, რაც რუსულმა გამანადგურებელმა აფხაზეთის თავზე ისრაელის წარმოების ქართული უპილოტო აპარატი ჩამოაგდო.

ქართული დელეგაციის ისრაელში ყოფნას, Wikileaks-ის მიერ სკანდალური და ორივე მხარისთვის უსიამოვნო ცნობის გამოქვეყნება დაემთხვა. საიტზე ამერიკული ანალიტიკური ორგანიზაცია Stratfor-ის თანამშრომლებს შორის მიმოწერა გამოქვეყნდა. ერთ-ერთი გზავნილი 2009 წლის თებერვლით არის დათარიღებული. მისი მიხედვით, 2008 წლის აგვისტოს ომის წინ, ისრაელმა რუსეთს საქართველოსთვის მოწოდებული უპილოტო საფრენი აპარატების მართვის კოდები გადასცა. სანაცვლოდ, რუსეთისგან ირანისთვის მიწოდებული Тор-М1 ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის კოდები მიიღო.

საეჭვო წყაროზე დაყრდნობით გავრცელებული ცნობის მიმართ დამატებითი ინტერესი, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებამ გამოიწვია. ის 3 მარტს, ქართული საარტილერიო სისტემის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა. სამამულო სამხედრო წარმოების უპირატესობებზე საუბრისას, მიხეილ სააკაშვილმა შეიარაღების მომწოდებელთა არაკეთილსინდისიერებაზე მიანიშნა. მისი თქმით, შეიარაღების ადგილობრივი წარმოების პირობებში „აღარ ხარ დამოკიდებული იმაზე, რომ ვიღაცამ სადღაც მოგატყუოს, ინფორმაცია სხვას გაუზიაროს ან გადამწყვეტ მომენტში უარი გითხრას [იარაღის მოყიდვაზე] და არ შეგიჩეროს ამის მოცემა”.

ის, რომ საქართველო-ისრაელის ურთიერთობებზე ზეგავლენა აგვისტოს ომმა მოახდინა, მიმდინარე წლის იანვარში, საქართველოში ისრაელის ელჩმა იცხაკ გერბერგმა, რუსული სააგენტო რეგნუმისთვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა. ელჩის განცხადებით, „ომმა 2008 წლის აგვისტოში კავკასიის რეგიონში გეოპოლიტიკურ სიტუაციაზე იმოქმედა. ეს ისრაელსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზეც აისახა”.

გასულ წელს ისრაელი საქართველოსთვის გამაღიზიანებელ ფაქტთან აღმოჩნდა დაკავშირებული. 2011 წლის აპრილში უსაფრთხოების დარგში ებრაული საკონსულტაციო კომპანიის, Global CST-ის დელეგაცია სოხუმს ეწვია. კომპანიის ხელმძღვანელებმა – ისრაელის ყოფილმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის თაობაზე გამართეს.

ამ ვიზიტის გამო, განმარტებების გაკეთება საქართველოს საგარეო უწყებისთვის ისრაელის ელჩს იცხაკ გერბერგს მოუხდა. მისი თქმით, ისრაელი არ აღიარებს აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და არც შეიარაღებას მიჰყიდის. აფხაზეთში „კერძო ბიზნესის წარმომადგენლების” ვიზიტთან იერუსალიმს კავშირი არ ჰქონდა. ამ განმარტებამ ოფიციალური თბილისი დააკმაყოფილა. ეს საქართველოში ებრაელი ბიზნესმენების – რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის დაკავებაზე ისრაელის პასუხი არ ყოფილა. აფხაზი მაღალჩინოსნების განცხადებით, ამ ვიზიტისთვის მზადება ჯერ კიდევ 2010 წლის ზაფხულში, ბიზნესმენების დაპატიმრებამდე დაიწყო.

ფუქსისა და ფრენკელის საქმე ისრაელ-საქართველოს ურთიერთობებში ყველაზე სკანდალური ინციდენტი გახდა. ქართველი სამართალდამცავების მიერ მათმა დაკავებამ 2010 წლის ოქტომბერში, ისრაელში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

სასამართლომ ისინი დამნაშავეებად ცნო ქართველი მაღალჩინოსნის მოქრთამვის მცდელობაში, საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ დაკისრებული თანხის – 100 მილიონი დოლარის – მიღებაში დახმარების სანაცვლოდ. საქართველოს და ისრაელის ხელისუფლება ბიზნესმენების დაკავების შემდეგ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუარესებას ოფიციალურად არ აღიარებდა. თუმცა, ქართული დელეგაციების დაგეგმილი ვიზიტები ისრაელში გაურკვეველი ვადით გადაიდო. ქვეყნებს შორის ოფიციალური კონტაქტები, ფაქტობრივად, შეწყდა.

2011 წლის აპრილში, თბილისი ახალ სასამართლო დავაში ჩაერთო. ებრაულმა კომპანიამ, Elbit Systems, ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მან 100 მილიონი აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა. ეს საქართველოსთვის მოწოდებული უპილოტო საფრენი აპარატებისა და სხვა მოწყობილობების ღირებულება იყო. ამ დავალიანების ხარსებობას ოფიციალური თბილისი დიდი ხნის განმავლობაში უარყოფდა.

თუმცა, ინციდენტებისა და დავების გარდა, ორი ქვეყნის „დაშორებას” უფრო გლობალური განზომილებაც ჰქონდა. ისრაელმა მოსკოვის გულის მოგება საგარეო გამოწვევების საპასუხოდ გადაწყვიტა. ისრაელის თვალში, ვაშინგტონის, როგორც უპირობო მოკავშირისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტის, სტატუსი საკმაოდ შესუსტდა.

2006 წლის არჩევნების შედეგად, აშშ-ის კონგრესის უმრავლესობა დემოკრატებმა მოიპოვეს. ახლო აღმოსავლეთში მკაცრი პოლიტიკის მომხრე ნეოკონსერვატორების გავლენა ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაზე შესუსტდა. არჩევნების შემდეგ თავდაცვის მდივანი დონალდ რამსფელდი გადადგა. მის ადგილას რობერტ გეიტსი დაინიშნა. ეს უკანასკნელი ირანის ბირთვული პრობლემის მოგვარების დიპლომატიურ გზას ანიჭებდა უპირატესობას. ადმინისტრაცია შეეცადა, ისრაელი პალესტინის საკითხში დათმობებზე, ასევე სირიასთან და პალესტინელებთან მოლაპარაკებებზე დაეთანხმებინა. ვაშინგტონი იერუსალიმს ირანის მხრიდან საფრთხეზე ძალისმიერი პასუხისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა.

ვაშინგტონში ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, აშშმა გააძლიერა ზეწოლა იერუსალიმზე ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის საკითხებში. ობამამ ისრაელი-პალესტინის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა. ვაშინგტონის შუამავლობით მხარეებს შორის მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი ჩატარდა. ობამას განცხადებით, ამ მოლაპარაკებების საბოლოო მიზანი პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა უნდა გახდეს, თანაც – 1967 წლის საზღვრებში. ისრაელისთვის საზღვრების მიმართ ასეთი მიდგომა და პალესტინური სახელმწიფოს შექმნის ფორსირება კატეგორიულად მიუღებელია.

2009 წლის გაზაფხულზე ისრაელში საპარლამენტო არჩევნებზე მესამე ადგილი პარტიამ Yisrael Beiteinu (ჩვენი სახლი ისრაელი) მოიპოვა, ეს ძალა დიდწილად საბჭოთა კავშირიდან წამოსულ ისრაელის მოქალაქეთა მხარდაჭერას ეყრდნობა. ბინიამინ ნეთანიაჰუს კოალიციურ მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრად პარტიის ლიდერი ავიგდორ ლიბერმანი დაინიშნა. იგი წარმოშობით მოლდოვიდანაა და ისრაელში 70-იანი წლების ბოლოს ოჯახთან ერთად გადასახლდა. საგარეო უწყების სათავეში მოსვლის შემდეგ ლიბერმანმა რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებაზე ზრუნვა დაიწყო.

რეპატრიანტების ფაქტორი როგორც ისრაელი-საქართველოს, ასევე ისრაელი-რუსეთის ურთიერთობებშიც დიდ როლს თამაშობს. ისრაელში დღესდღეობით საქართველოდან 70-80 ათასი რეპატრიანტი და მათი შთამომავალი ცხოვრობს. დიასპორა ჩვენს ქვეყანასთან მჭიდრო კულტურულ და ეკონომიკურ კავშირს ინარჩუნებს. ქართველი ებრაელები სხვადასხვა დროს წარმოდგენილნი იყვნენ როგორც ქნესეთში, ასევე მთავრობასა და ადგილობრივ თვითმმართველობაში. ისინი სამეცნიერო წრეებსა და ბიზნესშიც მოღვაწეობენ. ეს ხელს უწყობს საქართველოს ცნობადობას, როგორც ისრაელის საზოგადოებაში, ისე პოლიტიკურ სივრცეში.

ამავე დროს, პოსტსაბჭოთა რეპატრიანტთა მრავალრიცხოვანი წარმომადგენლობა ისრაელში (მილიონზე მეტი) რუსეთს აძლევს ხელს. ისრაელის მოქალაქეების ეს ნაწილი რუსულენოვან საინფორმაციო სივრცეშია ჩართული. ეს მოსკოვს ქვეყნის შიგნით მისთვის სასურველი საზოგადოებრივი აზრის ფორმირების შესაძლებლობას აძლევს. რაც ისრაელის შიდა თუ საგარეო პოლიტიკაზე აისახება.

2009 წლის ივნისში ავიგდორ ლიბერმანი პირველი ვიზიტით მოსკოვს ეწვია. მან კრემლს „ერთ-ერთი უმთავრესი პარტნიორი” უწოდა. პოლიტიკოსმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთთან ურთიერთობა „ახალ ხარისხს” შეიძენს. თუმცა იმ დროისთვის იერუსალიმს მოსკოვის მიმართ უამრავი პრეტენზია ჰქონდა – ჰამასის პოლიტიკური მხარდაჭერის, სირიისა და ირანისათვის თანამედროვე შეიარაღების გადაცემის გამო.

რუსეთთან „სტრატეგიული დიალოგი” ისრაელმა ავანსად დაიწყო. ქვეყანას იმედი ჰქონდა, რომ მოსკოვი მისი მტრების შეიარაღებაზე და პოლიტიკურ მხარდაჭერაზე უარს იტყოდა. ამის სანაცვლოდ, ისრაელი პირობას დებდა საქართველოსთვის იარაღი აღარ მოეწოდებინა. როგორც ავიგდორ ლიბერმანი 2009 წლის ივნისში აცხადებდა, „სტრატეგიული დიალოგის ერთ-ერთი თემაა მხარეების მიერ ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინება იარაღის ექსპორტის საკითხში, ჩვენი ქვეყნებისთვის მგრძნობიარე რეგიონებში. მხედველობაში მაქვს ახლო აღმოსავლეთი და კავკასია”.

2010 წლის თებერვალში ისრაელის პრემიერმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ უარყო ცნობები საქართველოსთვის შეიარაღების მოწოდების შესახებ, რომელსაც იმ დროს რუსული მედია ავრცელებდა. „რაც შეეხება შეიარაღების მიწოდებას, ჩვენ ყველა მხარის შეშფოთებას ვითვალისწინებთ და ველით, რომ რუსეთი იმავეს გააკეთებს”, – განაცხადა პრემიერმა.

ისრაელმა რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობაც დაიწყო – გასული წლის მაისში მოსკოვს უპილოტო საფრენი აპარატების პირველი პარტია მიაწოდა. თანაც, იერუსალიმმა მოსკოვს მათი წარმოების ტექნოლოგიაც გადასცა.

გასული წლის ბოლოდან ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო კრიზისმა, ისრაელისთვის უსაფრთხოების საკითხი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა. იერუსალიმს სურს, თეირანმა ატომური პროგრამა შეწყვიტოს, სანამ ის შეუქცევად ხასიათს მიიღებს და ირანული ატომური ბომბის შექმნა გარდაუვალი გახდება. თუ სანქციებმა შედეგი ვერ გამოიღო, ისრაელი მზადაა სამხედრო ოპერაცია განახორციელოს. თუნდაც, ამაში მხარი აშშ-მა და დასავლეთმა არ დაუჭირონ. ვაშინგტონი აცხადებს, რომ ირანის ბირთვულ შეიარაღებას არ დაუშვებს. თუმცა, თეთრი სახლის აზრით, სამხედრო ჩარევა ამ ეტაპზე ნაადრევია. ამას, დასავლური მედიის ცნობით, იერუსალიმი არ ეთანხმება.

ისრაელში არ უნდა მოსწონებოდათ საქართველოს დაახლოება ირანთან. 2010 წელს ქვეყნებს შორის სავიზო რეჟიმი გაუქმდა და ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა გააქტიურდა. თუმცა, სწორედ ამ მოლაპარაკებების წყალობით, თბილისმა ირანისგან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის დეკლარირებას მიაღწია.

ისრაელის თანამშრომლობას რუსეთთან, რაც თბილისისათვის სასიამოვნო არ არის, იერუსალიმისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება მზარდი საფრთხის გამო. პრობლემები ირანისგან და მეზობელი სირიისგან მომდინარეობს – ამ ქვეყნიდან შეიარაღება ჰეზბოლას ტერორისტთა ხელში ხვდება, სამოქალაქო ომი და არეულობა კი საშიშროებას კიდევ უფრო ზრდის.

იერუსალიმის მრავალგზის თხოვნის მიუხედავად, მოსკოვი სირიისთვის შეიარაღების მიწოდებას განაგრძობს. ისრაელის მედიის ცნობით, გასული წლის ნოემბერში რუსეთმა სირიას Яхонт-ის ტიპის რაკეტებით აღჭურვილი ანტისაზღვაო კომპლექსები – Бастион მიაწოდა. ამის შემდეგ ავიგდორ ლიბერმანმა კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ მოსკოვი, შემდგომში მაინც, „გაითვალისწინებს ისრაელის შეშფოთებას ისეთ საკითხებში, როგორიცაა ირანი, ჰეზბოლა და ჰამასი”.

ისრაელმა, როგორც ჩანს, ვერ მიაღწია იმ მიზანს, რის გამოც საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის გაწყვეტაზე წავიდა. მისი მოწინააღმდეგეების ხელში რუსული იარაღი ისევ ხვდება. იერუსალიმთან მიღწეული შეთანხმება კრემლისთვის ნაკლებად ღირებული აღმოჩნდა. მას „არაბული გაზაფხულის” უფრო ეშინია. მოსკოვი ასადის რეჟიმის დიპლომატიურ და სამხედრო დახმარებას განაგრძობს.

ამ ვითარებაში, არ არის გამორიცხული, ისრაელმა საქართველოსთან უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა რაიმე ფორმატით ისევ განაახლოს. ამ საკითხს კვლავ მოსკოვზე ზეწოლის ხერხად გამოიყენებს.

სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ, რომელშიც შესაძლოა აშშ და დასავლეთის სხვა ქვეყნები ჩაერთონ, საქართველოსთვისაც გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს. ამ შემთხვევაში დასავლეთის ყურადღება პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ მოდუნდება. ეს კრემლს ახალი ავანტიურებისთვის ხელებს გაუხსნის. თანაც, რუსული წყაროები ირწმუნებიან, რომ ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დაწყების შემთხვევაში, მოსკოვი გულხელდაკრეფილი არ იჯდება. მოსკოვი მზადაა საქართველოზე სამხედრო გზით „კორიდორი გაჭრას”. ამგვარი სცენარი – რუსეთსა და ირანს შორის დერეფნის შექმნა – ისრაელს ხელს არ უნდა აძლევდეს.

ბოლო დროს, ისრაელის უსაფრთხოების თვალსაზრისით, სამხრეთ კავკასიის რეგიონმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრისას ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა 13 თებერვალს, საქართველოში ისრაელის საელჩოს პერსონალზე თავდასხმის აღკვეთისათვის. ეს ფაქტი ისრაელმა სხვა ქვეყნებში ებრაელი დიპლომატების წინააღმდეგ ჩადენილ ტერაქტებს დაუკავშირა და პასუხისმგებლობა ირანს დააკისრა.

ტერაქტის მცდელობამ ცხადყო, რომ საქართველო, შესაძლოა, მისდა უნებურად, ირანის და ისრაელის სპეცსამსახურების ომში ჩაერთოს. მით უმეტეს, რომ მასში უკვე მონაწილეობს მეზობელი აზერბაიჯანი. იანვარში ბაქოში აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც, გამოძიების ცნობით, ირანის სპეცსამსახურების დავალებით ისრაელის მოქალაქეთა წინააღმდეგ ტერაქტები უნდა განეხორციელებინათ. ირანი, თავის მხრივ, ბაქოს ისრაელის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს, რომლებიც ირანის ტერიტორიაზე მოქმედებენ.

ომის რეალური საფრთხის პირობებში, ისრაელს კავკასიის რეგიონში პოზიციების გამყარება სჭირდება. თბილისიც, თავის მხრივ, დაინტერესებული იყო ისრაელთან ყველა სადავო საკითხი რაც შეიძლება სწრაფად „დაეხურა”. ეს ცოტა ხნის წინ განხორციელდა კიდეც. 2 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა ფუქსი და ფრენკელი შეიწყალა. იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ დავა ფუქსის კომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის მორიგებით დასრულდა – თბილისს კომპანიის სასარგებლოდ 100 მილიონის ნაცვლად 30 მილიონის გადახდა დაეკისრა.

29 დეკემბერს მორიგებით დასრულდა დავა საქართველოსა და Elbit Systems-ს შორის. ებრაული კომპანია, რომელიც 100 მილიონ დოლარს ითხოვდა, 35 მილიონს და საქართველოსთვის მოწოდებული ტექნიკის ნაწილის დაბრუნებას დათანხმდა.

საფუძველი ორი ქვეყნის დაახლოებისთვის, ტრადიციული კულტურული კავშირების გარდა, გარკვეულწილად, მსგავსი გეოპოლიტიკური მდგომარეობა და ისტორიული გამოცდილებაა.

ორივე ქვეყანას ძლიერი საგარეო საფრთხე ემუქრება. ისინი იძულებულნი არიან ძირითადად საკუთარ ძალებს დაეყრდნონ. მათ ბოლო პერიოდში რამდენიმე სამხედრო კონფლიქტი გადაიტანეს.

ისრაელმა რამდენიმე ათეული წლის წინ გაიარა სახელმწიფოებრიობის ხელახლა შექმნის ეტაპი ხანგრძლივი წყვეტის შემდეგ. ამ გზას ახლა საქართველო ადგას.

იერუსალიმისთვის, გარკვეულწილად, აქტუალურია სოციალისტური მემკვიდრეობის დაძლევაც – რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში სოციალისტების მმართველობის შემდეგ, მემარჯვენე კოალიცია ხელისუფლებაში პირველად 1996 წელს მოვიდა.

შესაბამისად, ისრაელის გამოცდილებიდან საქართველოსთვის ყველაზე სასარგებლო იქნებოდა – სახელმწიფოს მშენებლობის, მტრულ გარემოში უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მუდმივი საფრთხის პირობებში ეკონომიკის წარმატებით განვითარების მაგალითის გაზიარება. ამავე დროს, ქვეყნებს ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განასხვავებს დიასპორის ფაქტორი. ებრაული დიასპორა მსოფლიოში ბევრად მრავალრიცხოვანია. დიდწილად მისი დამსახურებაა, რომ დასავლეთის მხრიდან ისრაელს უსაფრთხოების გარანტიები აქვს.

ისრაელისგან განსხვავებით, საქართველოს ასეთ დონეზე დასავლური მხარდაჭერის იმედი ვერ ექნება. ისრაელის შემთხვევაშიც ეს უპირობო და მუდმივი არ არის. თუმცა, ამ ქვეყანას სიმტკიცის გარკვეული მარაგი აქვს, რაც საქართველოს დღესდღეობით არ გააჩნია.

უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის გარდა, საქართველო ისრაელთან ურთიერთობებში ეკონომიკური კავშირების განვითარებით არის დაინტერესებული. 2010 წელს ისრაელის პირდაპირმა ინვესტიციებმა საქართველოში დაახლოებით 8 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს მთლიანი უცხოური ინვესტიციების მხოლოდ ერთ პროცენტამდეა. ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებამ ინვესტიციების, ასევე ტურისტების რაოდენობის ზრდას უნდა შეუწყოს ხელი.

ერთ-ერთი საკითხი, რომლის გადაწყვეტაში თბილისს ისრაელის დახმარების იმედი აქვს, საქართველოს პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ გაახმოვანა. ეს იერუსალიმის ისტორიული ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნებაა.

ისრაელისთვის საქართველოსთან, ისევე როგორც რეგიონის სხვა ქვეყნებთან, ურთიერთობებში მთავარი ფაქტორი უსაფრთხოებაა. იერუსალიმი ცდილობს, სამხრეთ კავკასია არ იქცეს ისრაელისთვის მტრული ძალების პლაცდარმად, მით უმეტეს, რომ თურქეთთან ურთიერთობა ბოლო წლებში საკმაოდ გაურთულდა.

დღეისთვის ისრაელი, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საქართველოსთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაღრმავებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. თბილისმა ეს ურთიერთობა პრაგმატულ, ურთიერთმომგებიან საწყისებზე, ზედმეტი მოლოდინების და გადაჭარბებული ოპტიმიზმის გარეშე, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განავითაროს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები