ფილმის რევიუ

გასეირნება რეკლამებიან ყარაბაღში

დევიდ ფინჩერის ფილმში „სოციალური ქსელი” 45-მდე ბრენდის სხვადასხვა სახის რეკლამა შეგიძლიათ იხილოთ. ნაწილი Product Placement-ია, ნაწილის რეკლამირება კი სიუჟეტიდან გამომდინარე, უსასყიდლოდ, მოხდა. 20-მდე ბრენდის რეკლამაა კრისტოფერ ნოლანის ფილმში „დასაწყისი”. თუმცა პირველ და მეორე შემთხვევაში Product Placement-ი იმდენად კარგადაა გაკეთებული, რომ ძალიან გაგიჭირდებათ იმ ბრენდების დასახელება, რომლის რეკლამაც ფილმებში ნახეთ. საუბარი არაა იმაზე, რომ რომელიმე კომპანიის ლოგო ან ბრენდის სახელი ცუდად მოგხვედროდათ თვალში. ის, რაც ძალიან კარგად იციან ამერიკელმა პროდიუსერებმა და რეჟისორებმა, საქართველოში ჯერ კიდევ უცხო ხილია. ჩვენთან რეკლამა კინოში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფილმის სიუჟეტი, მას ქრონომეტრაჟის საკმაოდ დიდი ნაწილი მიაქვს და თავისუფლად შეგვიძლია ფილმის მეორეხარისხოვანი პერსონაჟი ვუწოდოთ. ზაზა ურუშაძის „ბოლო გასეირნება: ყარაბაღის ტრილოგიის დასასრული” ამის სამწუხარო და ნათელი მაგალითია.

გოგლიკოზე (მიშა მესხი) და მის მეგობრებზე გადაღებული ფილმები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ტრილოგიაა. მესამე ნაწილი წინა ორისგან განსხვავებით აწმყოში, თბილისში, ვითარდება. ფილმი 1994 წლის ამბებით იწყება. გიოს (ლევან დობორჯგინიძე) კლავენ, გოგლიკოს ციხეში სვამენ, საიდანაც ის 15 წლის შემდეგ გამოდის, თუმცა გზაში პოლიციასთან შელაპარაკება მოუვა და ერთ წელს ისევ სატუსაღოში გაატარებს. პოლიციელთან შელაპარაკების ეპიზოდი თავისი ფინალით სასაცილოა. ფილმში ბევრი სასაცილო სცენაა და ეს პირველ რიგში მიშა მესხის დამსახურებაა, რომელიც ამ ფილმის მოტორი, ნათელი წერტილია. გოგლიკო ციხიდან გამოსვლის შემდეგ გიოს შვილს, ლუკას (თაზო ცხაკაია) დაუმეგობრდება და ცდილობს პრობლემების გადაჭრაში დაეხმაროს. ყარაბაღში

წასვლას აპირებს, რადგან ხვდება, რომ თბილისში მისი ადგილი არ არის. ყველა მისი მეგობარი მკვდარია. ის თავისი თაობის სიმბოლოა, უკანასკნელი წარმომადგენელი იმ ახალგაზრდობის, რომელმაც აფხაზეთის ომი გადაიტანა, საუკეთესო წლები ნარკოტიკებსა და ქუჩურ გარჩევებში გაატარა. მისთვის უცხოა ინტერნეტი, სკოლაში წესრიგი, პოლიცია, რომელსაც პირში არ აგინებენ. ლუკას თავისი სკოლელი გოგო უყვარს, რომელიც ბედის ირონიით მამამისის მკვლელის შვილია. გიოს მკვლელს კაბუ თამაშობს. ის თანამდებობის პირია და ჰგონია, რომ შვილის სასიყვარულო ისტორია, მის მიმართ მიმართული შურისძიებაა.

ფილმის სცენარი, მუსიკა, ატმოსფერო ნორმალურია, მიშა მესხი გოგლიკოს როლში, დოკუმენტური ფილმის პერსონაჟს ჰგავს. ნამუშევარი ტრაგიკომედია უნდა ყოფილიყო და არის კიდევაც – ოღონდ ამ სიტყვის ცუდი გაგებით. ფილმში სასაცილო ეპიზოდები მართლაც შეინიშნება, მაგრამ ტრაგიკული მხოლოდ დიდი რაოდენობით რეკლამაა, რომელიც თითქმის ყოველ ეპიზოდში თვალში გეჩხირებათ. თითოეული Product Placement-ი ძალიან უგემოვნოდ არის გაკეთებული, რეკლამა არღვევს ფილმის ბალანსს და სხვა დეტალებით

გამოწვეულ დადებით ემოციებს ფარავს. ლუდის, ინტერნეტის, ძეხვის, არაყის, ტოტალიზატორის, აფთიაქის რეკლამები გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ფილმს, რომელიც მხატვრულ ნამუშევარზე მეტად სუპერ ბოულის ძალიან ცუდად დადგმულ შოუს ემსგავსება.

ქართველი პროდიუსერებისა და რეჟისორებისგან ხშირად მსმენია, რომ კომპანიების დაფინანსების გარეშე ფილმის გადაღება წარმოუდგენელია, რომ სწორედ ისინი ითხოვენ ასეთ რეკლამებს სურათებში. ეს გამართლება არ არის. სანამ ფილმებში ასეთი უხეში Product Placement-ი იქნება, მანამდე რამე მხატვრულ ღირებულებებზე საუბარი ზედმეტია. ბევრად უკეთესია ქრონომეტრაჟის ხარჯზე ბიუჯეტის შემცირება, ან კომპანიებთან სხვა სახის ფლეისმენთზე შეთანხმება. სამაგიეროდ, უფრო მაღალი ხარისხის მხატვრულ ფილმს მივიღებთ – ვიდრე დაუსრულებელი ქართული ტრუმენის შოუს ყურებაა, რომელიც აგერ უკვე წლებია, თბილისის კინოთეატრებში სხვადასხვა კინოს სახით გვევლინება.

 

კომენტარები