ლონდონი 2012

ანთებული ჩირაღდნების ისტორია

0 კომენტარი

ოლიმპიური ცეცხლი ოლიმპიური თამაშების განუყოფელი სიმბოლოა: ის უდიდესი სპორტული მოვლენის გახსნის ცერემონიალზე ინთება და ტურნირის დასრულებამდე გიზგიზებს.

თანამედროვეობის პირველ ოლიმპიადას 1896 წელს ათენმა უმასპინძლა, მაგრამ თამაშებზე ცეცხლი 32 წლით გვიან, 1928 წელს, ჰოლანდიის დედაქალაქ ამსტერდამში დაინთო საგანგებოდ აგებულ კოშკურაზე.

1936 წელს ბერლინში პირველად მოეწყო ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა: ცერემონიალში, რომელიც მომდევნო თამაშების განუყოფელ ნაწილად იქცა, სამი ათასამდე სპორტსმენი მონაწილეობდა, ესტაფეტა კი ადოლფ ჰიტლერის მარჯვენა ხელის, იოზეფ გებელსის ინიციატივით გაიმართა.

მას შემდეგ ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქის მესვეურები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ ესტაფეტა გამორჩეულად ლამაზად ჩაატარონ. დღეს, ცეცხლის პირველად დანთებიდან 84 წლის შემდეგ, ოთხწლეულის მთავარი სპორტული ფორუმის ერთ-ერთი სიმბოლო უამრავ საინტერესო ისტორიას იტევს:

1952 წელს, ჰელსინკის ოლიმპიადის წინ, თამაშების მასპინძელ ქალაქში ცეცხლის ჩასატანად პირველად გამოიყენეს თვითმფრინავი.

1956 წელს, მელბურნში, ესტაფეტაში პირველად მონაწილეობდნენ ცხენოსნები.

1964 წელს, ტოკიოს ოლიმპიადაზე ცეცხლი სტუდენტმა იოსინორი საკაიმ აანთო – ის 1945 წლის 6 აგვისტოს დაიბადა ჰიროსიმაში, ქალაქში ატომური ბომბის ჩამოგდების დღეს.

1968 წელს, მეხიკოს ოლიმპიადისთვის, ცეცხლი საბერძნეთიდან მექსიკაში სახელგანთქმული ზღვაოსნის ქრისტეფორე კოლუმბის განვლილი გზით ჩაიტანეს, საამისოდ კი პირველად გამოიყენეს გემი, კანჯო და წლის თხილამურები.

1972 წელს, მიუნხენის ოლიმპიადაზე, ესტაფეტაში მოტომრბოლელები მონაწილეობდნენ.

1976 წელს, კანადის ქალაქ მონრეალში ცეცხლი კოსმოსური თანამგზავრის დახმარებით გადაიტანეს: საბერძნეთში დანთებული ალიდან მიღებული ენერგიის ნაწილი ლაზერის სხივად აქციეს და თანამგზავრით ატლანტის ოკეანის გაღმა ხელმეორედ ააგიზგიზეს.

1984 წელს, ლოს ანჯელესამდე, ანთებული ჩირაღდანი ერთ-ერთ მონაკვეთზე ვერტმფრენით გადაიტანეს.

1992 წელს, ბარსელონას ოლიმპიურ თამაშებზე ცეცხლი მშვილდ-ისრის დახმარებით დაინთო – მშვილდოსანმა ანტონიო რობოლიომ ცეცხლმოკიდებული ისარი კოშკს ზუსტად სტყორცნა.

1996 წელს, ატლანტაში დანთებამდე ოლიმპიურმა ჩირაღდანმა კანოეთი, მატარებლით, პონი-ექსპრესით (ცხენებშებმული საფოსტო ეტლი) და გემით მოგზაურობა „მოასწრო”.

2000 წელს, სიდნეის ოლიმპიადის წინ, ცეცხლმა მთელი სამი წუთი პირველად „ჩაყვინთა” წყალში.

მსოფლიოს გარშემო ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა პირველად და უკანასკნელად 2004 წელს, ათენის თამაშებისთვის მოეწყო: 11300-მა ადამიანმა ოლიმპიური ჩირაღდნით 78 ათასი კილომეტრი დაფარა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ცეცხლის ესტაფეტა დედამიწის გარშემო უკვე აკრძალულია და თამაშების საორგანიზაციო კომიტეტს მხოლოდ მასპინძელ ქვეყანაში აქვს მისი ჩატარების უფლება.

უკვე გარკვეულია როდის დაინთება ოლიმპიური ცეცხლი ლონდონის თამაშებისთვის და რა გზას გაივლის: ჩირაღდანს, 10 მაისს, ტრადიციულად საბერძნეთში, ოლიმპიაში ააგიზგიზებენ.

17 მაისს, ერთკვირიანი მოგზაურობის შემდეგ, ცეცხლის გადაცემის ცერემონიალი გაიმართება – მას დედაქალაქი ათენი, პანათენაიკის სტადიონი უმასპინძლებს.

18 მაისს ბრიტანეთის ავიახაზების ლაინერი BA2012 ანთებულ ჩირაღდანს სპეციალური რეისით ათენიდან დიდ ბრიტანეთში ჩაიტანს – თვითმფრინავი კორნუოლში, სამეფო საზღვაო-საჰაერო ძალების აეროდრომზე დაეშვება.

19 მაისს ბრიტანეთში ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა დაიწყება, რაც 70 დღის მანძილზე გაგრძელდება და 27 ივლისს, ლონდონში, ოლიმპიურ სტადიონზე, თამაშების გახსნის ცერემონიალზე აგიზგიზებით დასრულდება.

„მე და ჩემი გუნდი ბედნიერნი ვართ – ვიცით, რომ ეს ესტაფეტა კარგად ჩაივლის! გვჯერა, ლონდონის ოლიმპიური თამაშები ერთ-ერთი საუკეთესო იქნება ისტორიაში, ცეცხლის დანთების ცერემონიალი კი – დაუვიწყარი”, – განაცხადა ლონდონი 2012-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ სებასტიან კოემ.

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

GAME OF THRONES-ის მერვე სეზონის მეხუთე სერიის თრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

კომენტარები