ფეხბურთი

ვიდეო-რეფერის მოლოდინში

საფეხბურთო ასოციაციათა საერთაშორისო საბჭომ – IFAB – ლონდონში გამართულ ყოველწლიურ სხდომაზე დაადასტურა, რომ წლის ბოლომდე ვიდეო-რეფერის ტექნოლოგიის გამოცდა გაგრძელდება.

IFAB-მა 3 მარტს გამართულ სხდომაზე იმ რვა კომპანიის დასკვნა განიხილა, რომლებიც შარშან, ნოემბერსა და დეკემბერში სხვადასხვა ტურნირებში ხსენებულ ტექნოლოგიას ცდიდნენ. საბოლოოდ, ამ კომპანიებიდან მეორე ეტაპის მოთხოვნები მხოლოდ ორმა – Hawk-eye და GoalRef – დააკმაყოფილა. ისინი მარტიდან ივნისის ჩათვლით მეორე ეტაპით გათვალისწინებულ ცდებს ჩაატარებენ.

2 ივლისს, უკრაინის დედაქალაქ კიევში IFAB-ის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც ვიდეო-რეფერის შესახებ საბოლოო დასკვნა გამოქვეყნდება.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შორს აღარაა ის დრო, როცა საკამათო საკითხებს მსაჯი კომპიუტერის დახმარებით გადაწყვეტს.

საგულისხმოა, რომ ფეხბურთისგან განსხვავებით, ვიდეო-რეფერი კარგა ხანია დაინერგა სპორტის ისეთ სახეობებში, როგორიცაა ჩოგბურთი, ამერიკული ფეხბურთი, ჰოკეი და რაგბი.

 

კომენტარები