მალდივის რესპუბლიკა

რევოლუცია მალდივებში

0 კომენტარი

ერთი შეხედვით მცირე მალდივის რესპუბლიკა ბოლო დროს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა. თებერვალში მომხდარი გადატრიალების შემდეგ გაჩნდა შიში, რომ არქიპელაგი, რომელიც 1200-მდე კუნძულს აერთიანებს, შეიძლება ფუნდამენტალისტი ისლამისტების მმართველობის ქვეშ აღმოჩნდეს და ტერორისტების თავშესაფრად იქცეს.

მალდივის რესპუბლიკა მსოფლიო ყურადღების ცენტრში 2008 წელს მოხვდა. დიქტატორი მაუმუნ აბდულ გაიომი, რომელიც ქვეყანას 1978 წლის შემდეგ მართავდა, თანამდებობიდან ჩამოაგდეს. ოქტომბერში პრეზიდენტად გაიომის წინააღმდეგ დემონსტრაციების ლიდერი მოჰამედ ნაშედი აირჩიეს. თუმცა 2009 წლის ბოლოს ნაშედის წინააღმდეგ გაჩნდა ბრალდებები მისი კორუფციაში ჩართვის შესახებ. ნაშედს მთავრობის დათხოვნა მოუხდა, თუმცა მალევე, იგივე მთავრობა ხელმეორედ დანიშნა. 2011 წლის ბოლოს პროტესტი ნაშედის წინააღმდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. მთავრობამ ოპოზიციის ლიდერები დააკავა და 16 იანვარს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, აბდულა მოჰამედის დაპატიმრება სცადა. გაზრდილი საპროტესტო აქციების გამო ნაშედს 7 თებერვალს თანამდებობიდან გადადგომა მოუწია – მისი თქმით, მოკვლითაც კი ემუქრებოდნენ. ნაშედის შემდეგ პრეზიდენტის თანამდებობა ვიცე-პრეზიდენტმა, მოჰამედ ვაჰედ ჰასანმა დაიკავა. ახალი მთავრობა აშშ-მა და ინდოეთმა ლეგიტიმურად ცნეს. თუმცა ამის მთავარი მიზანი ისლამისტური რევოლუციის თავიდან აცილება იყო.

ნაშედის გადადგომის დღესვე, ეროვნულ მუზეუმში შეიჭრა ნიღბოსნების ჯგუფი და ყველა პრეისლამური ნიმუში გაანადგურა. ოფიციალური განცხადებით, ისლამური კანონის მიხედვით, ისინი არალეგალური იყო. პარალელურად, სულ უფრო აქტიური გახდა ისლამისტური პარტია, დჰივეჰი კვამი. პარტიას ქვეყანაში შარიათის კანონის დამკვიდრება სურს და ნაშედის პარტიას სიონიზმში ადანაშაულებდა.

თუმცა, გარდა ადგილობრივი ისლამისტებისა, ინდოეთს განსაკუთრებით ეშინია, რომ მალდივის კუნძულები, შეიძლება, ტერორისტების თავშესაფრად იქცეს. ეს მთლიანად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისთვის სახიფათოა. რეგიონში 2008 წლის შემდეგ დემოკრატიული

რეჟიმების რაოდენობა სწრაფად იზრდება და სტაბილურობის განცდაც გაჩნდა. რადიკალი ისლამისტების მმართველობა და ტერორისტებისთვის თავშესაფრის მიცემა მთლიანად რეგიონის სტაბილურობას საფრთხის ქვეშ დააყენებს. 2010 წელს პაკისტანში რამდენიმე მალდიველი დააკავეს, რომლებიც ტერორისტების ბანაკებში იწვრთნებოდნენ. ინდოეთის თავდაცვის მინისტრმა ანტონიმ მუმბაის ტერორისტული აქტის შემდეგ საზღვაო ტერორიზმის საფრთხეების შესახებ ისაუბრა. სწორედ მალდივის კუნძულები შეიძლება იქცეს ტერორიზმის ასეთ წყაროდ. ეს რეგიონში ჩინეთის კიდევ უფრო გააქტიურებას გამოიწვევს, რაც ინდოეთისთვის მიუღებელია.

თუმცა ზოგიერთი ექსპერტი ასეთ შიშებს გადამეტებულად მიიჩნევს. მათი თქმით, მალდივების მთავარი შემოსავლის წყარო ტურიზმია (ეკონომიკის თითქმის ერთი მესამედი). ტერორიზმის გავრცელება მთავრობისთვის წამგებიანია. ისინი ყველაფერს გააკეთებენ ამის თავიდან ასაცილებლად.

მეორე მხრივ, ეს ექსპერტები ჩინეთის გააქტიურებასაც ნაკლებსავარაუდოდ მიიჩნევენ. ჩინეთი ერთადერთი სამხრეთაზიური ქვეყანაა, რომელსაც მალდივებში საელჩო აქვს და ყველაზე მეტ ტურისტს აგზავნის კუნძულებზე. თუმცა ინდოეთის კულტურული და სამხედრო კავშირი იმდენად ძლიერია ამ არქიპელაგთან, რომ ქვეყნის გავლენის სფეროდან ამ კუნძულების გასვლის შესაძლებლობა საეჭვოა. მალდივების მთავრობა ინდოეთში ტერიტორიის ყიდვასაც გეგმავდა მოსახლეობის გადასახლების მიზნით, თუ კუნძულები ბუნებრივი კატაკლიზმების მსხვერპლი გახდებოდა. ამასთან ერთად, მალდივები მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას იღებს ინდოეთისგან: ანტიტერორისტული და ანტიმეკობრეობის წვრთნები, საზღვრის კონტროლი.

ქვეყანაში ისლამისტების დაწინაურების შემთხვევაში, ინდოეთს შეიძლება სამხედრო ჩარევა მოუწიოს. ეს უპრეცედენტო არ იქნება: 1988 წელს გაიომმა ინდოეთს სთხოვა თამილის ვეფხვებისგან დაცვა, რის შემდეგაც ქვეყანამ სამხედრო დახმარება გაუწია.

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნატა ტალიკიშვილი

კომენტარები