კალათბურთი

უილტის 100

ნახევარი საუკუნის წინ, 2 მარტს, უილტ ჩემბერლენმა 100 ქულა აიღო. დიდი ბიჭის და უეინ გრეცკის რამდენიმე რეკორდი ჯონ ლენონის ლექსებივით უკვდავია. უილტიც. უეინიც.

ჩემბერლენი ერთ ტესტში 100 ქულას იღებს და მერე, ამ სიაში კობი ბრაიანტია. 81 ქულით ტორონტოსთან, ექვსი წლის წინ. კობიმ მაშინ შვიდი სამიანი ჩააგდო. უილტის დროს სამიანი არ იყო. ამერიკულ გარჩევებში სამიანი 33 წლის წინ დაამტკიცეს. ლარი ბერდთან ერთად.

უილტმა 100 ქულა ფილადელფიასთან ერთად გაიფორმა. ფილადელფიაში მაშინ უორიორზი იყო და გუნდმა ნიქსს 169:147 წამოარტყა. ეს 1961/62 წლებში იყო. ის სეზონი უილტმა საკუთარი რეკორდების მტვრევით გადააგორა და ასქულიანი თამაშიც დასვა.

1961/62, რეგულარულში მისტერ ჩემბერლენის სტატისტიკა – 50.4 ქულა, 25.7 მოხსნა, 4 ათასი (და მეტი) ქულა, 2 ათასი მოხსნა (და ცოტა მეტი). მთელ სეზონში უილტმა მხოლოდ ორჯერ ვერ მიარტყა 30 ქულას. იმ ორ სპარინგში უილტს ბილ რასელი ტესტავდა. ის, სელტიქსში სამწამიანს რომ იცავდა და უილტს ბევრს რომ უფარებდა. მაშინ დაფარებებს არ ითვლიდნენ, დაფარებები მოდაში არ იყო.

ჩემბერლენის ბიოგრაფი გარი ემ პომერანცი იყო. ბესტსელერი Wilt (1962) დღესაც იყიდება. პომერანცი წერდა: „უილტი ძალიან დიდი იყო. ცათამბჯენივით იდგა მოედანზე და პატარა ქოხებს უყურებდა, ეცინებოდა. 100 ქულას ერთი გუნდის მთელი ხუთეული ვერ იღებდა და უილტმა ეს მარტომ გააკეთა. 100 სიმბოლურია. 100 ნიშნავს საუკუნეს, იდეალურ შედეგს გამოცდაზე, დამსახურებულ სიბერეს. 100 ნიშნავს უილტ ჩემბერლენს”.

მანამდე, იმ სეზონში ჩემბერლენმა 78 ქულა აკრიფა. ფილადელფია სამმაგ ოვერთაიმში ლეიკერსთან იშლება და უილტი 50 წუთში 78 ქულას აგროვებს. ჩემბერლენს მარჯვენა საჩვენებელი თითი ჰქონდა გაჭრილი და უილტმა 10 წუთით დაისვენა. 10 წუთში 22 ქულა რეალური იყო. ჩემბერლენმა ლეიკერსთან 100 ვერ აიღო. ნიქსისთვის გადადო.

ჩემბერლენის ასქულიანი ამბიდან ორ დღეში, New York Daily News-ის რედაქტორი, ჯიმი ფაუერსი ჩემბერლენს მთელ სვეტს აჩუქებს. იქ იყო სიტყვები: „ჩემბერლენმა ახალი ამერიკა აღმოაჩინა. გიგანტების, გულივერების ამერიკა, სადაც ჩვენ ლილიპუტები, უინტერესო ტარაკნები ვიყავით. ამერიკა იყო ბეიბ რუთი და ბევრი ჰოუმ რანი. ამერიკა იყო ჯეკ დემპსი და ელეგანტური ნოკაუტი. ამერიკა იყო ბობ კუზი და თეთრი ბიჭების კალათბურთი. ამერიკა შეიცვალა. ამერიკამ უილტს თეთრი სახლის გასაღები შესთავაზა და უილტმა გასაღები გადააგდო. უილტი ამერიკაზე დიდი იყო”.

1956, დეკემბერი. ჩემბერლენი კანზასშია და საკოლეჯო თამაშში 52 ქულას, 31 მოხსნას და 23 პასს აგროვებს. გუნდმა 102 ქულა აიღო და

უილტმა მხოლოდ 4 ქულაში ვერ მიიღო მონაწილეობა. მალე ჩემბერლენი დიდ ბიჭებთან მიდის. უილტმა პირველი პროფესიული სეზონიც თავისი მუღამით, ბრექული აგრესიით გადააგორა და 1959 წლის სეზონში ფილადელფიას პირველწლიანმა ცენტრმა 37.9 ქულა და 27.1 მოხსნა შეაგროვა. უორიორზი აღმოსავლეთის ფინალში გადის და იქ სელტიქსთან აგებს. იმ სელტიქსთან ყველა აგებდა.

1960, 24 ნოემბერი. ჩემბერლენმა რასელთან ერთი რეკორდი მაინც დატოვა. უილტმა 44 წუთში 55 მოხსნა აიღო. მიმდინარე რეგულარულში ყველაზე ბევრ მოხსნას შარლოტი იღებს, 46.8. უილტმა 55 წამოიღო. უილტმა მაგრად წამოიღო.

1962, 2 მარტი. ფილადელფია და ნიქსი მიიღო ჰერშის კოხტა დარბაზმა. ჰერში პატარა, კოხტა დასახლება იყო, 15 ათასი ადამიანით და ბევრი ძროხით. ნიუ იორკიდან 170 მილის დაშორებით, ჩემბერლენმა იქ 100 ქულა აითვისა.

იმ თამაშზე ფილადელფია ავტობუსით, გუნდურად მიდის და ჩემბერლენი – თავისი ვარდისფერი კადილაკით.

ნიუ იორკიდან თამაშზე რამდენიმე ჟურნალისტი ჩადის. იმ დღეს ნახევარმილიონიანი ჯეკპოტი თამაშდება და მთელი ნიუ იორკი მედისონ სკვერ გარდენიდან პირდაპირ რეპორტაჟს ჩაუჯდა. ჯეკპოტი ჰერშიმ მიიღო. ვარდისფერი კადილაკიდან უილტ ჩემბერლენი გადმოდის, რამდენიმე ავტოგრაფს ტოვებს და 100 ქულას იღებს.

ჰერშიში არ ჩადიან ტელეჟურნალისტები. უილტი 50-60 ქულას აიღებს და ეს უკვე უინტერესოა. ის ჩემბერლენი 50-60 ქულას თითქმის ყველა გარჩევაში იღებდა.

პირველი მეოთხედის შემდეგ, ჩემბერლენს 23 ქულა აქვს.

დიდი შესვენების წინ ჩემბერლენმა ორი საჯარიმო გამოიყენა და უილტს უკვე 41 ქულა აქვს. სერიოზულია.

ბოლო მეოთხედის წინ უილტს 69 ქულა აქვს. რაღაც მაგარი მოდის. ფილადელფია ბოლო მეოთხედის წინ 125:106 იგებს. გუნდი უილტზე გადაერთო. ნიქსიც უილტზე გადაერთო. ნიუ იორკის ორი, სამი, მომენტებში ოთხი ტიპი ჩემბერლენს იჭერს. უილტს ხელები, სახე მოპორტნილი აქვს. და მაღალი ბიჭი ძირითადის დასრულებამდე 46 წამით ადრე იწევა, რკალზე ოდნავ მაღლა ადის და იმ ჩატენვაში 99-ე, მეასე ქულებს კრავს. თამაში ჩერდება, უილტს ვიღაცამ პეპსი დაასხა, ვიღაცამ შორტი ჩაუწია, ვიღაცამ ყურში აკოცა.

ჩემბერლენმა 63 სროლიდან 36 ჩასვა. 32 საჯარიმოდან 28 გამოიყენა. ჩემბერლენმა მთელი ნიქსი გამოიყენა და უილტი არ დაღლილა.

უორიორზის გასახდელში გუნდის მესვეტემ, ჰარვი პოლაკმა თაბახის ფურცელზე მიახატა 100 და უილტს ხელში დააჭერინა. ეიპის ფოტოგრაფმა, პოლ ვატისმა ისტორიული ფოტო გადაიღო.

ნახევარი მილიონი დოლარი 62 წლის ქალბატონმა, ჰელენ ბაუმგარტნერმა მოხსნა.

ჰერშიში სხვა ჯეკპოტი მოიხსნა.

უილტონ ნორმან ჩემბერლენი არ იყო მეჯიქივით ან ბერდივით პოპულარული. ჯორდანს და რასელს უფრო დიდ პატივს სცემდნენ.

ჩემბერლენმა ჰერშიში ერთი საუკუნე, 100 აიღო.

იმ თამაშის მერე ნახევარი საუკუნე გავიდა.

და უილტი აღარ არის.

 

კომენტარები