რელიგია

ეკლესიის სამი ცთუნება

უმთავრესი საკითხი, რაც დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე დგას – ქრისტეს მოძღვრების დაკარგვის საფრთხეა. ეკლესია, რომლის პოზიციას გამოხატავენ პატრიარქი, მღვდელმთავრები, მღვდლები და მრევლი, საუბრობს საქართველოს სულიერ მისიაზე, დასავლეთის დეგრადაციაზე, ეკონომიკასა და კულტურაზე, აფასებს საშინაო და საერთაშორისო მოვლენებს, მაგრამ ის არაფერს ამბობს თავად ქრისტეზე, იმაზე, თუ ვინ არის ეკლესიის ნამდვილი წინამძღოლი. სამღვდელოება თითქოს საგულდაგულოდ მალავს ჯვარცმულ ღმერთს, რადგან გრძნობს, რომ ქრისტეს მოძღვრების თავისუფალი გავრცელება, მის ძალაუფლებას, მის მიერ შეთხზულ მითებსა და სიმდიდრეს შეიძლება დაემუქროს.

ამ დღეებში ეკლესია უმნიშვნელოვანეს თარიღს – ავტოკეფალიის აღდგენის დღეს იზეიმებს. მაგრამ ავტოკეფალურობა არაფერს ნიშნავს, თუკი მთავარ კითხვას არ გაეცა პასუხი – არის კი იგი ქრისტეს მიმდევართა საკრებულო?

ცთუნება პურით

სახარება მოგვითხრობს, რომ იესო ქრისტე ქადაგების დაწყებამდე, უდაბნოში განმარტოვდა და ორმოცდღიანი მარხვის შემდეგ სამი საცდურის წინაშე აღმოჩნდა.

იუდეის უდაბნო აღმოსავლური ლავაშის მსგავსი ბრტყელი პატარა ქვებით იყო მოფენილი. თუ ძე ხარ ღვთისა, თქვი, რომ ეს ქვები პურად იქცნენ, – გაისმა ხმა. იმ დროს ყველა იუდეველმა იცოდა, რომ მესიის მოსვლა მათ ეკონომიკურ პრობლემებსაც მოუღებდა ბოლოს. დააპურე მშიერი ხალხი, აჩუქე მათ ბედნიერება და გამოგყვებიან. მოახდინე ეკონომიკური სასწაული და ყველანი შენი რელიგიის ადეპტებად იქცევიან. მაგრამ იესო ამ, ერთი შეხედვით, ეფექტურ გამოსავალს უარყოფს. იგი პასუხობს, რომ არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი, არამედ ყოველი სიტყვით, რომელიც გამოვალს პირისაგან ღვთისა.

ჩვენთვის ეს იმას ნიშნავს, რომ ეკლესიამ და ადამიანმა თავად უნდა განაგონ თავიანთი ცხოვრება, თავად უნდა გააკეთონ სწორი არჩევანი თავსმოხვეული ბედნიერების გარეშე. მაცთური ქრისტეს სთავაზობს, აირჩიოს იოლი გზა და შეუთანხმოს ღვთის სიტყვა, უშრომლად, დაუმსახურებლად მოპოვებულ მატერიალურ კეთილდღეობას.

ორასი წლის წინ კათალიკოს-პატრიარქმა ანტონ მეორემ რუსეთის ნაწილად აქცია ეკლესია, თითქმის შეუწინააღმდეგებლად ჩააბარა იმპერიულ სახელმწიფოს აღმოსავლეთ საქართველოს 1500-წლიანი საყდარი. მას, ალბათ, ეგონა, რომ ერთმორწმუნესთან ამ გარიგებით, დაიცავდა მართლმადიდებლობას და გაპარტახებულ ქვეყანას ამ გზით მოუტანდა მატერიალურ სიკეთეს. ყოველივე ამის სანაცვლოდ, რუსი იმპერატორისგან ბრილიანტებით მოოჭვილი ჯვარ-პანაგიები, მწვანე ხავერდის მანტია, პეტერბურგსა და ნიჟნი ნოვგოროდში ძვირფასი აპარტამენტები და იმპერატრიცა ელიზავეტას ექვსცხენიანი მოოქროვილი ეტლი მიიღო საჩუქრად.

მაგრამ, კეთილდღეობის მაგივრად, ამ დათმობას ეკლესიის იმპერიულ კანტორად ქცევა, ქართული ენისა და საგალობლების დევნა, მანამდე არნახული ძარცვა და საქართველოში მონური სულის დანერგვა მოჰყვა შედეგად. ბედისწერისა და ისტორიის კანონზომიერების არა მჯერა და მგონია, რომ საქართველოს ავტოკეფალიის გაუქმება რომ არა, თბილისის სასულიერო სემინარია კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ ტირანსა და მკვლელს – სტალინს ვერანაირად გამოზრდიდა.

თუმცა, ამ გარიგების გარდა, საქართველოს ეკლესიამ სხვაგვარადაც უპასუხა იმპერიასა და მის რელიგიურ ძალადობას – დასავლეთ საქართველოს ორმა მოხუცებულმა მღვდელმთავარმა – ექვთიმემ და დოსითეოსმა, უარი თქვა თავისუფლების დათმობაზე. ერთმა მათგანმა ერთმორწმუნეთა ხელით მოწამებრივად დაასრულა სიცოცხლე, მეორე კი, რუსეთის შორეულ მონასტერში გადაასახლეს.

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, ვინ აირჩია ქრისტეს გზაზე სიარული – ანტონმა თუ იმერეთის ეპისკოპოსებმა.

ცთუნება სასწაულით

თუ ძე ხარ ღვთისა, გადაეშვი ტაძრის ქიმიდან, რადგან დაწერილია: თავის ანგელოსებს უბრძანებს, და აგიტაცებენ, რათა არ წამოჰკრა ქვას ფეხი, – ეუბნება მაცთუნებელი. როცა ამ საოცრებით სახელს გაითქვამ, ყველანი შენ გამოგყვებიან. არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი, – უპასუხებს იესო.

როგორ პასუხობს დღეს ამ ცთუნებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია?

ფაქტია, რომ პოსტსაბჭოთა საეკლესიო ძალაუფლება ორ საყრდენზე დგას – სიმდიდრესა და სასწაულზე, რომლებიც ეკლესიაში უწყვეტ ნაკადად მოედინება. დავიწყებასაა მიცემული სახარებისეული სწავლება იმის შესახებ, რომ სასწაულს ურწმუნონი ეძიებენ და მდიდრებიც ნემსის ყუნწში უნდა გაძვრნენ, ღვთის წყალობა რომ ჰპოვონ.

მართლმადიდებლობა ერთადერთი ჭეშმარიტებაა, იმიტომ რომ აქ სასწაულები ხდება, – ტრადიციულობის არგუმენტთან ერთად, ასეთია უწყება, რომლითაც ეკლესია, საბჭოეთის დაშლის შემდეგ, რელიგიურ ბაზარზე გამოვიდა ადამიანების სულების მოსაპოვებლად. ქართული მართლმადიდებლობა სხვაზე უპირატესობას სწორედ სასწაულების დემონსტრირებით ამტკიცებს. ამით ახდენს იგი თავისი გამორჩეულობისა და ბატონობის ლეგიტიმაციას. მთელი საეკლესიო ცხოვრება გაჯერებულია სასწაულების შესახებ მოთხრობილი ამბებით. ხატებს უხვად სდის მირონი, მღვდლები ლოცვით კურნავენ, საქართველოს ბედი პატრიარქის ლოცვაზეა დამოკიდებული.

რა არის ეს, თუ არა საეკლესიო მაგიზმი, რომელიც ღმერთს ადამიანური მისწრაფებებისა და სურვილების ასრულების საშუალებად განიხილავს. ეს არის ერთგვარი ვაჭრობა ღმერთთან – მორწმუნემ რაც შეიძლება დიდი სანთელი უნდა დაანთოს და ხშირად აკურთხოს სახლი, რომ საპასუხოდ მიიღოს წყალობა. ნიშანდობლივია, რომ მაგიზმი არა მარტო ეკლესიის საკრალური ავტორიტეტის გაზრდას, არამედ გამდიდრებასაც ემსახურება – ამ სერვისებში, ცხადია, ფულიც უნდა გადაიხადო. იგი მოდებულია მთელს რელიგიურ ყოფას – სანთლებით, ათასნაირი ზეთებითა და ქვებით დაწყებული, ლიტურგიული პრაქტიკით დამთავრებული, ყველაფერი ჯადოსნობით არის გაჟღენთილი. საეკლესიო ცხოვრების ამ გარეგნულმა, ფორმალურმა მხარემ ეკლესიიდან თითქმის მთლიანად განდევნა ღვთის სიტყვა, სახარება და ისიც მაგიურ წრეში აღმოჩნდა – მისი რიტუალური კოცნა უფრო მნიშვნელოვანი საქმეა, ვიდრე წაკითხვა.

კლასიკურ მართლმადიდებლურ თეოლოგიას თავი რომ დავანებოთ, რომელიც მეტისმეტად სკეპტიკურად უყურებს სასწაულის ფენომენს, სრულიად მივიწყებულია ასკეტიკური გამოცდილებაც, რომლის თანახმად, სასწაულები სულიერი ცხოვრებისთვის, უმეტესწილად, ავის მომასწავებელი ნიშანია. საკმარისია გადავავლოთ თვალი პატერიკებს – ბერებსა და საეკლესიო მამებზე მოთხრობილ ამბებს, რომ ვნახავთ, ისინი, როგორც წესი, გაურბიან ზებუნებრივს, ანდა მაქსიმალურად ერიდებიან სასწაულების გასაჯაროებას.

დღეს კი საეკლესიო სასწაული მედიაყოველდღიურობად, თავმოწონებისა და რელიგიური ამპარტავნობის მიზეზად არის ქცეული. თუმცა, ერთადერთი სასწაული, რომელსაც ქრისტეს ბეჭედი ადევს ნიშნად, სიყვარული და თავგანწირვაა სხვა ადამიანისთვის, განურჩევლად მისი მრწამსისა და ეროვნებისა. გასულ საუკუნეში მხოლოდ ერთი ასეთი სასწაულმოქმედი ბერი გამოუჩნდა ქართულ მართლმადიდებლობას – გრიგოლ ფერაძე. ეს იმაზეც მიანიშნებს, რომ ეკლესიაში ადამიანისადმი სიყვარული და მისთვის თავდადება იშვიათი გამონაკლისი გახდა.

ცთუნება ძალაუფლებით

ბოლო, მესამე, გამოცდაც: „აიყვანა ეშმაკმა იგი ძალიან მაღალ მთაზე და უჩვენა მას ქვეყნის ყველა სამეფო და დიდება მათი, და უთხრა: ყოველივე ამას მოგცემ, თუ დაეცემი და თაყვანს მცემ მე”. მიწიერი, აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვების შესაძლებლობა გადაიშალა ქრისტეს თვალწინ. გამშორდი, სატანა, რადგან დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე, – უცხადებს ქრისტე.

ქრისტემდე ასე მკაფიოდ ბოროტების ძალაუფლების სტრუქტურა არავის წარმოუჩენია. პური და სანახაობა – ეს იყო იმ ტრადიციული წესრიგის საფუძველი, რომელზედაც იდგა კაპიტოლიუმიც და ტაძარიც.

უშრომლად ბოძებული პური და სასწაულების ეკვილიბრისტიკაზე დაფუძნებული რელიგია ქმნის ბატონობის იმ ხატს, რომელზეც ბელზებელია გამოსახული. ეს სახარებისეული უკეთურებისა და ილუზიის სამყაროა, რომელშიც რელიგია პოლიტიკის სახელით მეტყველებს, ხოლო პოლიტიკა რელიგიის რანგშია აყვანილი.

ნუ თანა ხატ ექმნებით სოფელსა ამას, – აფრთხილებს პავლე მოციქული ქრისტეს მიმდევრებს. მოციქულის სიტყვები ლათინურად ასე ჟღერს – ნოლიტე კონფორმარე – ნუ გაურიგდებით, ნუ დაუთმობთ წუთისოფელს.

თავისი არსებობის განმავლობაში, ალბათ, ყველაზე მთავარი და ტრაგიკული ცთუნების წინაშე ეკლესია მაშინ აღმოჩნდა, როდესაც დღის წესრიგში კომუნისტური ხელისუფლებისადმი დამოკიდებულების განსაზღვრის საკითხი დადგა. 1920-იან წლებში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ორად გაიყო – მისმა მეთაურმა, ამბროსი ხელაიამ, კომუნიზმს ბოროტება, ხოლო ოკუპანტს – დამპყრობელი უწოდა და მოწამებრივ გზას დაადგა. მაგრამ იყო სამღვდელოებისა და მრევლის მეორე ნაწილიც, რომელმაც, რელიგიურ ენაზე რომ ვთქვათ, თაყვანი სცა ამა სოფლის ბატონს – განსხეულებულ პოლიტიკურ, მორალურ და რელიგიურ ბოროტებას – კომუნიზმს და ლამის ქრისტეს მოძღვრებადაც კი გამოაცხადა იგი.

კონფორმიზმმა გაიმარჯვა და საბჭოეთში ეკლესიამ, რომელიც მხოლოდ ფორმალურად იყო დამოუკიდებელი სახელმწიფოსგან, დაკარგა თავისი ქრისტიანული სახე. ახლაც, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ისევ ამ საუკუნისწინანდელი გარიგების, საბჭოური ტოტალიტარიზმის ზემოქმედების ქვეშ რჩება. ამაზე, უპირველეს ყოვლისა, გარესამყაროსადმი მისი დამოკიდებულება მეტყველებს – ერთი მხრივ, თავისუფალი, ლიბერალური, დემოკრატიული მსოფლიოს მიუღებლობა და, მეორე მხრივ, რუსული ერთმორწმუნეობის სასოება.

საბოლოო ჯამში, „ეშმაკთან” კონტრაქტის გასაუქმებლად, თავისუფლების მისაღებად საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავისი ავტოკეფალიის არსი უნდა შეიმეცნოს და კვლავ განახორციელოს იგი. რა თქმა უნდა, ეკლესია არც ჩრდილოეთზე და დასავლეთზე, არც აღმოსავლეთსა და სამხრეთზე არ უნდა იყოს ორიენტირებული. მასზე გავლენის ერთადერთი წყარო არასმქონე, დევნილი, უძლური, უსახური ნაზარეველი უნდა გახდეს, მხოლოდ და მხოლოდ ჯვარცმული ღმერთის „ზემოქმედებამ” უნდა განსაზღვროს ეკლესიის ყოველდღიურობა, მისი დამოკიდებულება თითოეულ ადამიანთან, პოლიტიკასთან, კულტურასთან, თანამედროვეობასა თუ, საერთოდ, მთელ სამყაროსთან.

კომენტარები