სამშვიდობო მისია

რატომ ვიბრძვით ავღანეთში?

წლებია, რაც საქართველო ავღანეთში NATO-ს ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობს. ამჟამად მისიაში 936 ჯარისკაცი მსახურობს. უკვე გადაწყვეტილია დამატებითი ბატალიონის გაგზავნაც, რაც 749 სამხედროს შეადგენს. ამით საქართველო NATO-ს ის არაწევრი სახელმწიფო ხდება, რომელსაც ყველაზე მეტი ჯარისკაცი ეყოლება ავღანეთში. ეს მაშინ, როდესაც NATO-ს წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი ამცირებს ჯარის შემადგენლობას, რის გამოც ზოგი კრიტიკით ეკიდება საქართველოდან სამხედროების დამატებით გაგზავნის გადაწყვეტილებას. ამასთან, ქართველები ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში – ჰელმანდის პრივინციაში იბრძვიან. ამ დროისთვის მისიაში 15 ჯარისკაცია დაღუპული. ხანდახან სვამენ იმ კითხვასაც, თუ საერთოდ რატომ იბრძვიან ქართველები ავღანეთში.

გლობალურად რომ შევხედოთ, ISAF-ის მისია რეგიონში სტაბილურობის დამყარებას ესწრაფვის. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მსოფლიო უსაფრთხოებისთვის. თალიბანის, ალ-ყაიდასა და მსგავსი დაჯგუფებების განადგურება დღეს თავისუფალი სამყაროსათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე თავის დროზე ნაციზმისა და კომუნიზმის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. ამ დაჯგუფებებს ისლამოფაშისტების სახელითაც მოიხსენიებენ, რითაც არა რელიგიაზე, არამედ რელიგიის ფასადს ამოფარებულ ექსტრემისტული ძალების პოლიტიკურ იდეოლოგიაზე მიუთითებენ. ისლამოფაშიზმს, რომელიც ბუნებით ტოტალიტარულია, ბევრი რამ ნაციზმისა და კომუნიზმისაგან აქვს მემკვიდრეობით მიღებული. უშუალოდ ფაშიზმთან მსგავსების რამდენიმე ელემენტს გამოყოფენ, მათ შორის: სიკვდილისა და ძალადობის კულტს, მოდერნულობის მიმართ მტრობას, წარსული დიდების გაღმერთებას. ყველაზე მთავარი კი, რაც ამ ტოტალიტარულ იდეოლოგიებს აერთიანებს, თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაა – იმ ფუნდამენტის, რაზეც დასავლური სამყარო დგას.

დღეს გლობალიზაცია და მზარდი ტექნიკური პროგრესი ისლამისტ ტერორისტებს სულ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს – მათთვის მეტად ხელმისაწვდომი ხდება ტრანსპორტისა და კომუნიკაციის თანამედროვე სისტემები, მასობრივი განადგურების იარაღის ტერორისტების ხელში აღმოჩენა კი, ფაქტობრივად, მხოლოდ დროის საკითხი შეიძლება იყოს. ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, მსხვერპლი, სავარაუდოდ, მილიონებს მიაღწევს, რომ აღარაფერი ვთქვათ ეკონომიკურ კატასტროფაზე. ვარაუდობენ იმასაც, რომ ავღანეთში წარუმატებლობა ბირთვული სახელმწიფოს, პაკისტანის, დესტაბილიზაციასაც გამოიწვევს.

ტერორისტები არა მხოლოდ მზად არიან სიკვდილისთვის, არამედ სიხარულითაც სწირავენ თავს. თუ კომუნისტები ათეისტები და მატერიალისტები იყვნენ, იმქვეყნიური ცხოვრებისა და სამოთხის არ სჯეროდათ, ისლამისტ ტერორისტებს სიკვდილის შიში ვერ აკავებთ. მათ არც ეროვნული სახელმწიფოსი სჯერათ, არც ქვეყნის განადგურების შიში აფერხებთ. შესაბამისად, შეკავების სტრატეგია, რომელიც საბჭოთა კავშირთან ბირთვული ომის თავიდან ასაცილებლად მუშაობდა, ისლამისტების შემთხვევაში წარმატებული ვერ იქნება. ცივი ომისას, როდესაც იარაღი ორი ბანაკის ხელში იყო, ისინი თანაარსებობას ახერხებდნენ. ორმხრივად გარანტირებული განადგურება შემაკავებელ როლს თამაშობდა. ამ შემთხვევაშიც კი, 60-იან წლებში, კარიბის კრიზისისას, მსოფლიო ლამის ბირთვულ ომამდე მივიდა. მხოლოდ ბოლო წამს მოხერხდა ამ საფრთხის განეიტრალება. თუ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმი დაირღვა – ის ბევრი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო აქტორის ხელში აღმოჩნდა – ჭკუიდან შემცდარი დიქტატორებისა და სხვადასხვა ჯურის ბელადებისათვის მსგავსი შემაკავებელი ფაქტორები ვერ იმუშავებს.

თანამედროვეობა ახალ სტრატეგიას ითხოვს. ასეთი იყო, მაგალითად, ბუშის დოქტრინა, რომლის მიხედვითაც, აშშ-ს უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში პრევენციული ომი აწარმოოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის. ამას გარდა, დოქტრინამ დემოკრატიის განვითარება და ხელშეწყობა სხვა ქვეყნებში ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა. იდეა ისაა, რომ დემოკრატიული სახელმწიფოები უფრო მშვიდობისმოყვარე და სტაბილურები არიან. იმ საზოგადოებებში კი, რომლებიც დემოკრატიას არ ესწრაფვიან, სამხედრო ოპერაციითაც კი ძალიან გაჭირდება ტერორიზმის აღმოფხვრა. ცალკეულ ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლა არ არის საკმარისი. უნდა აღმოიფხვრას ტერორის გამომწვევი მიზეზები, რისთვისაც ტერორისტების მშობლიურ ქვეყნებში პოლიტიკური წყობა უნდა შეიცვალოს. უფრო დემოკრატიულ საზოგადოებებში, სადაც სახელმწიფო საზოგადოების წინაშეა ანგარიშვალდებული, ნაკლები გაბოროტებული ადამიანი იქნება. უკმაყოფილო ჯგუფებიც ცვლილებებს მშვიდობიანი მეთოდებით მიაღწევენ. ავღანეთი ამჟამად არ ესწრაფვის ბირთვულ იარაღს, თუმცა, თუ შეუმდგარ სახელმწიფოდ დარჩება, აქ კვლავ აღდგება ტერორიზმის ბუდე, სადაც, დიდი ალბათობით, ექნებათ მასობრივი განადგურების იარაღის მოპოვების მისწრაფება.

ის, რომ ავღანეთის უყურადღებოდ მიტოვება არ შეიძლება, თავისუფალმა სამყარომ უკვე იწვნია. მსგავსი შეცდომა, როდესაც საბჭოთა ჯარების გამოსვლის შემდეგ ქვეყანა ყურადღების მიღმა დარჩა – ძვირი დაჯდა. ეთნიკური დაპირისპირება სამოქალაქო ომში გადაიზარდა და მას შემდეგ ავღანეთში მშვიდობას არ დაუსადგურებია. საბჭოთა ოკუპაციისა და სამოქალაქო ომის შედეგად ავღანური სახელმწიფოებრიობა მოიშალა და ეს ვაკუუმი ექსტრემიზმმა შეავსო. ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო რადიკალური ისლამური პოლიტიკური ძალის, თალიბანის, აღმოცენებასა და ხელისუფლებაში მოსვლას. ეს უკანასკნელი ეხმარებოდა და ხელს უწყობდა ტერორისტებს. მათვე აფარებდა თავს 11 სექტემბრის შემდეგ ოსამა ბინ ლადენი და ალ-ყაიდას წევრების დიდი ნაწილი. თუ თერთმეტი სექტემბრის ტრაგედიას 3 ათასი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მსგავსი შეცდომის კიდევ ერთხელ განმეორების შედეგი ბევრად სავალალო შეიძლება იყოს. 9/11-მა აჩვენა, რომ სანამ ტერორიზმის აქტიური ბუდეები არსებობს, მშვიდად ვერავინ იქნება.

თავის მხრივ, საქართველო აქ საკუთარ, ეროვნულ ინტერესსაც იცავს. იგი სასიცოცხლოდაა დაინტერესებული ამ ბრძოლაში დასავლეთის გამარჯვებით და რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფით. საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია, არსებული საერთაშორისო წესრიგი არ შეირყეს. ამ ბრძოლაში დასავლეთის და, პირველ რიგში, ამერიკის მარცხი მწვანე შუქს აუნთებს ნებისმიერ ანტიდასავლურ ქვეყანას არსებული წესრიგის გადასასინჯად – იქნება ეს ირანი, რუსეთი, ჩინეთი თუ სხვა. მით უმეტეს, რომ ეს

ქვეყნები ისედაც მუდმივად ცდიან ამერიკის შეერთებულ შტატებს სხვადასხვა სიტუაციებში სტრატეგიულ პერიფერიებზე. განსაკუთრებით იქ, სადაც ვაშინგტონის მოკავშირეები ყველაზე დაუცველები არიან და ამერიკის ძალა სუსტადაა გავრცელებული.

ისტორიულად, ტოტალიტარული ქვეყნები ცდილობენ, ისარგებლონ თავისუფალი სამყაროს ნებისმიერი სისუსტით, რომ საკუთარი სარგებლისათვის არსებული წესრიგის რევიზია მოახდინონ. მსგავსი სიტუაციის მაგალითად 2008 წლის აგვისტოს ომი გამოდგება რუსეთსა და საქართველოს შორის, როდესაც რუსული სამხედრო ძალები შეიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე და ამით დაარღვიეს ცივი ომის შემდგომი რეგიონული უსაფრთხოების წესრიგი ისე, რომ აშშ-ის მხრიდან ეფექტური პასუხი არ მიუღიათ. შემდგომში რუსეთმა არ შეასრულა საქართველოსთან ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებაც; დატოვა სამხედრო ძალები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.

აშშ-ის მხრიდან გულგრილობისა თუ სისუსტის ნებისმიერი გამოვლინება მომავალში, შეიძლება, ჯაჭვური რეაქციის გამომწვევად იქცეს. ამ პროცესში, გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, დიდი ალბათობით, საქართველოც მოყვება. ქვეყანას უსაფრთხოების თვალსაზრისით ისედაც გართულებული მდგომარეობა აქვს. მას შემდეგ კი, რაც ვლადიმირ პუტინი ბრუნდება პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი რევანშისტული პოლიტიკით, საქართველოს მდგომარეობა ნამდვილად არ გაუმჯობესდება. დასავლეთის მარცხი ავღანეთში ქვეყანას მდგომარეობას კიდევ უფრო გაურთულებს.

ამასთან, ოპერაციაში მონაწილეობით ქართული ჯარის ნაწილი უმნიშვნელოვანეს გამოცდილებასაც იძენს. საქართველოს გაწვრთნილი ჯარი უდავოდ სჭირდება – უფრო მეტად, ვიდრე NATO-ს წევრ ევროპულ ქვეყნებს. ავღანეთში კი, სადაც ჯარისკაცები, საბჭოთა პერიოდისგან განსხვავებით, არა გაწვევის საფუძველზე, არამედ ნებაყოფლობით იბრძვიან – რეალური ბრძოლა მიმდინარეობს. ამგვარ გამოცდილებას კი ვერცერთი წვრთნა ვერ შეცვლის.

საქართველოს ჯარისთვის მნიშვნელოვანია, რომ შემაკავებელი ფუნქცია ჰქონდეს. რუსეთისგან არსებული საფრთხის კიდევ ერთხელ რეალობად ქცევის შემთხვევაში, მან მაქსიმალურად უნდა შეძლოს მტრის შეკავება, სანამ მობილიზება მოხდება. ასევე მნიშვნელოვანია პარტიზანული ბრძოლისთვის საჭირო უნარების განვითარება. ამისთვის ქართულ ჯარს კიდევ ბევრი რამის სწავლა სჭირდება – ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობა ამის ნაწილია. უმჯობესდება საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობაც NATO-ს ძალებთან. საქართველო ავღანეთში უფრო რელევანტურ გამოცდილებას იღებს, ვიდრე ერაყის ომში მონაწილეობისას. ერაყში, როდესაც ჩვენი ჯარისკაცები ბრძოლაში ჩაერთნენ, ომის ძირითადი ნაწილი დასრულებული იყო. ქართველები ძირითადად საპატრულო – სამშვიდობო ამოცანებს ასრულებდნენ.

არაერთხელ აღუნიშნავთ – მათ შორის, NATO-ს წარმომადგენლებს – რომ NATO-ს წევრობის მოსურნე საქართველო, ოპერაციაში მონაწილეობით დასავლეთს აჩვენებს, რომ თავად არა მხოლოდ პრობლემა, არამედ პრობლემების მოგვარების ნაწილი შეიძლება იყოს. ილუზია, რომ ამ ოპერაციაში მონაწილეობა ალიანსში გაწევრიანების გარანტიაა, ალბათ, არავის აქვს. თუმცა, ფაქტია, რომ NATO-ში მის ინტეგრაციას, სულ მცირე, ირიბად უწყობს ხელს – საქართველო არა მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელი, არამედ მისი მწარმოებელიცაა.

 

კომენტარები