აფხაზეთი

სახალხო კრების შემადგენლობა საბოლოოდ 25 მარტს გაირკვევა

აფხაზური პარლამენტის არჩევნებში 10 მარტს 35 დეპუტატიდან მხოლოდ 13-ის არჩევა მოხერხდა. არჩევნები თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მხოლოდ მაჟორიტარული წესით ტარდება. დანარჩენ საარჩევნო ოლქებში მეორე ტური 25 მარტისთვის დაინიშნა.

ამომრჩეველთა აქტიურობამ 44 პროცენტი შეადგინა. „დამკვირვებლებმა” არჩევნები სამართლიანად შეაფასეს. ისინი რუსეთს, არაღიარებულ სახელმწიფოებს, პოსტსაბჭოთა სივრცესა და ევროპაში მოქმედ სხვადასხვა ორგანიზაციებსა და წყნარი ოკეანის სახელმწიფო ტუვალუს წარმოადგენდნენ.

სულ არჩევნებზე 148 კანდიდატი იყო რეგისტრირებული. მათი უდიდესი უმრავლესობა – 125 – ეთნიკური აფხაზია.

ქართველები აფხაზეთში, სოხუმის მიერ გასულ წელს ჩატარებული აღწერის თანახმად, მოსახლეობის 19 პროცენტს შეადგენენ (თუმცა, სავარაუდოდ, მათი რეალური წილი უფრო დიდია).

ამავე დროს, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ მაჟორიტარული ოლქები ისე გაანაწილა, რომ გალის რაიონს 35-დან მხოლოდ სამი დეპუტატის არჩევა შეუძლია. იმ დროს, როდესაც, მაგალითად, გუდაუთის რაიონში ექვსი მაჟორიტარული ოლქია. ამ უკანასკნელის მოსახლეობა კი გალის რაიონზე უფრო ნაკლებია,

მომავალ პარლამენტში მხოლოდ ერთი ქართველი მოხვდება – ბეჟან უბირია, რომელიც მოქმედ პარლამენტშიც ერთადერთი ქართველი დეპუტატია. გალის რაიონის დანარჩენ ორ ოლქში მანდატები აფხაზური წარმომავლობის კანდიდატებს შეხვდათ.

რაც შეეხება სხვა ეროვნებების წარმომადგენლებს, არჩევნების პირველ ტურში სომხური წარმომავლობის ორი მოქალაქე გავიდა. კიდევ ორი კენჭს მეორე ტურში იყრის. სომხები აფხაზეთში მოსახლეობის დაახლოებით 18 პროცენტს შეადგენენ. აფხაზეთის სხვა წარმომავლობის მცხოვრებლები – რუსები, ბერძნები და ა.შ., პარლამენტში წარმოდგენილნი არ იქნებიან. ამჟამად მოქმედ პარლამენტში ერთი ქართველი, სამი სომეხი და სამი რუსი ეროვნების დეპუტატია.

თბილისი აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებს „ასობით ათასი ადამიანის ეთნიკური წმენდის დაფარვის მორიგ წარუმატებელ მცდელობად” აფასებს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. თბილისმა მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, „რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დადგმული ფარსი” ჯეროვნად შეაფასოს.

იმის შესახებ, რომ აშშ არ აღიარებს აფხაზეთში გამართული არჩევნების ლეგიტიმურობას, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა განაცხადა. მისი თქმით, ვაშინგტონი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთს 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კი განაცხადა, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომლის ფარგლებშიც აფხაზეთში არჩევნები ჩატარდა.

საპარლამენტო არჩევნებზე აფხაზეთში აქტიურობა არც პროსახელისუფლებო, არც ოპოზიციურ პარტიებს გამოუჩენიათ. პროსამთავრობო პარტია ედინაია აბხაზიამ 148-დან მხოლოდ 11 კანდიდატი წარადგინა. ოპოზიციურმა პარტიებმა, მათ შორის ძირითადმა ოპოზიცურმა ძალამ – სახალხო ერთობის ფორუმმა, ეკონომიკური განვითარების პარტიამ და კომუნისტებმა კი – 23.

არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ უკვე ნათელი გახდა, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მომავალი პარლამენტი უპარტიო იქნება. მასში უმრავლესობის ფორმირებას ვერც პროსახელისუფლებო ძალები და ვერც ოპოზიცია შეძლებენ. ეს იმის მიუხედავად, რომ პარლამენტში ოპოზიციური ფორუმის ლიდერი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და რამდენიმე სხვა ცნობილი ოპოზიციონერი აირჩეს.

სოხუმში ვარაუდობენ, რომ რეჟიმის ლიდერმა ალექსანდრ ანქვაბმა სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე უარი თქვა. ამან ბაღაფშის პრეზიდენტობისას ბევრი გავლენიანი პირის არჩევნებში წარუმატებლობა განაპირობა.

პარტიების პასიურობა იმითაც აიხსნება, რომ, ტრადიციულად, სახალხო კრებას ნაკლები გავლენა აქვს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე. მთავრობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტებს, როგორც წესი, პარლამენტში პრობლემები არ შეხვედრია. წინა წლებში დეპუტატები მთავრობის გადაწყვეტილებების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოვიდნენ. მათ შორის, პოლიტიკოსების პროტესტი რუსეთისთვის ქონების გადაცემასა და გალის რაიონში აფხაზური პასპორტების დაჩქარებული წესით გაცემას უკავშირდებოდა.

 

კომენტარები