მონეტარული პოლიტიკა

პირველი ათწლიანი სახაზინო ფასიანი ქაღალდები

საქართველომ 10 მილიონი ლარის ღირებულების ათწლიანი სახაზინო ფასიანი ქაღალდები გამოუშვა. პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის თქმით, ეს პირველი შემთხვევაა: ათწლიან ტრანზაქციაზე მოთხოვნა სამჯერ მაღალი იყო, ხოლო საპროცენტო განაკვეთი – 12%.

2012 წლის ბიუჯეტით მთელი წლის განმავლობაში მთავრობას 100 მილიონი ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდის გამოშვება აქვს დაგეგმილი. ამ გეგმის 85% უკვე შესრულებულია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, სახაზინო ფასიანი ქაღალდების მოცულობა მიმოქცევაში 15 მილიონი ლარით გაიზარდა.

როცა მთავრობას ფული სჭირდება, თანხას კერძო კომპანიებისგან ან მოსახლეობისგან სესხულობს. ყიდის ფასიან ქაღალდებს და აფინანსებს მიმდინარე დეფიციტს. 2005 წლიდან ეროვნულ ბანკს ფულის დაბეჭდვა და მთავრობისთვის მისი სესხება აეკრძალა. თუმცა ფულის გასესხების ირიბ გზას მაინც მიაგნო: კომერციულ ბანკებზე რეფინანსირების სესხებს გასცემს და შემდეგ კომერციული ბანკები სახაზინო ვალდებულებებს შეისყიდიან. ამ სქემის მიხედვით, კომერციული ბანკები ეროვნული ბანკისგან სესხს დაბალ პროცენტად იღებენ და შემდეგ, უფრო სარფიანად მთავრობაზე ასაღებენ. რეფინანსირების სესხების კომერციულ ბანკებზე გაცემით ეროვნული ბანკი ხელოვნურად აიაფებს ფულს და საპროცენტო განაკვეთს ამცირებს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2012 წლის იანვარში იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე გასაცემი სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 21%, ხოლო ამავე თვეში ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების აუქციონზე საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 6.56% იყო. შესაბამისად, გაუგებარი ხდება, რატომ შეეცდებიან კომერციული ბანკები დეპოზიტები მოიზიდონ 20-ზე მეტ პროცენტად, როცა ეროვნული ბანკი მათ ამ ფულს თითქმის სამჯერ იაფად ასესხებს. მათ ურჩევნიათ, რომ თავისუფალი ფული ფასიან ქაღალდებში დააბანდონ. მოგება პრაქტიკულად გარანტირებული აქვთ: სახაზინო ობლიგაციები რისკს არ შეიცავს.

იმისთვის, რომ საპროცენტო განაკვეთები ხელოვნურად დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდეს, ფულის მოცულობა უნდა გაიზარდოს და პირიქით: როცა ფული იაფია, სესხებზე მოთხოვნა მატულობს და, შესაბამისად, ფულის მოცულობა იმატებს. ეს პრაქტიკულად იგივეა, რაც ფულის ბეჭდვა. ხაზინის განკარგულებაში ჩნდება ახალი ფული, რომელიც კერძო სექტორიდან არ შემოსულა. გამოდის, რომ ბაზრის ყველა მოთამაშეს აქვს იმდენივე თანხა, რამდენიც ჰქონდა და მხოლოდ ხაზინას აქვს მეტი.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში ფულის მასა 1995 წლიდან ყოველწლიურად იზრდება. 2011 წელს, 2003 წელთან შედარებით, ფულის მასამ ქვეყანაში 15%-ით მოიმატა. საქსტატის მონაცემებით, პროდუქციის გამოშვების წლიური მოცულობა ფულის მასის ზრდას მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ამგვარი მატებისას მომხმარებელს დასახარჯად მეტი თანხა აქვს. თუ ამ დროს პროდუქციის მიწოდებაც არ იზრდება, საქონელი ძვირდება. ხაზინის ახალ ფულზე მოთხოვნა არ არსებობს და შედეგად, ბრუნვაში არსებული ფულის მსყიდველუნარიანობა იკლებს. თუმცა პრობლემები ამით არ მთავრდება. პროდუქციის გაძვირებაზე მომხმარებელს თავდაცვის რეაქცია უჩნდება: ფულის მსყიდველუნარიანობის გაზრდის მიზნით, ის დაგროვებას იწყებს.

გამოდის, რომ დეფიციტის ინფლაციური მეთოდებით დაფინანსება ავტომატურად იწვევს ფულზე დამატებითი მოთხოვნის გაჩენას. ამ ჩაკეტილ წრეს, შემდეგ პრობლემამდე – ვალის გაზრდამდე მივყავართ. ეროვნული ბანკის 2003-2011 წლების მონაცემებით, 2008 წლიდან საშინაო ვალი ყოველწლიურად იზრდება.

ეროვნული ბანკის პოლიტიკის კიდევ ერთი უარყოფითი ეფექტი ინფლაციის ზრდაა. 2010 წელს საქართველოში წლიურმა ინფლაციამ რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია – 11.2%. ამავე წელს დაემთხვა ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების განსაკუთრებით დიდი მოცულობის გაყიდვაც – ბაზარზე 608 მილიონი ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდი გამოიტანა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2010 წელს სახაზინო ფასიანი ქაღალდების მოცულობა მიმოქცევაში 186 მილიონი ლარით, ხოლო ამავე წელს, ფულის მასა 2.3 მილიარდი ლარით გაიზარდა.

ახალი ფული მიმოქცევაში შემოსვლისას თანაბრად არასდროს ნაწილდება: ამ შემთხვევაში ე.წ. პირველი მხარჯველის პრივილეგია კომერციულ ბანკებს აქვთ: მომხმარებელი იმავე დაბალი საპროცენტო განაკვეთით ვერ სარგებლობს. ეროვნული ბანკის აუქციონშიც, შესაბამისად, მხოლოდ კომერციული ბანკები მონაწილეობენ. ბანკებს სახაზინო ობლიგაციები მეორად ბაზარზე არ გააქვთ, რადგან ამ შემთხვევაში მათ მოგება ფიზიკურ პირებს უნდა გაუყონ.

გამოდის, რომ რეალურად, ფინანსური ბაზარი არ ჯანსაღდება. მეტიც, როდესაც სახელმწიფო ფინანსური რესურსების მობილიზაციას ახდენს სახაზინო ვალდებულებების ხარჯზე, ის სინამდვილეში თავისუფალი ბაზრიდან აძევებს კერძო კაპიტალს და თავისუფალ ინიციატივებს ამცირებს.

სამუშაო ადგილების შექმნის ერთადერთი საშუალება კაპიტალის (ინვესტიციის) ზრდაა. 2011 წლის მშპ-სა და დასაქმების მაჩვენებლის გათვალისწინებით, შეგვიძლია დაახლოებით გამოვთვალოთ, რა შემოსავალს უნდა იღებდეს კაპიტალის მფლობელი, ერთი ადამიანი რომ დაასაქმოს.

ეკონომიკის კეთილდღეობის ინიციატივის (EPI) მიერ მოწოდებული მონაცემებით, 2011 წელს მშპ 22.5 მილიარდი ლარი იყო. მის 30%-ს შეადგენს ხელფასი, დანარჩენი 70% კაპიტალზე შემოსავალია – აქ შედის კაპიტალის მოხმარება და კაპიტალის მფლობელის მოგება. ამ წელს დაახლოებით 1.6 მილიონი ადამიანი იყო დასაქმებული. გამოდის, რომ ერთი დამატებითი სამუშაო ადგილის შექმნა, კაპიტალის მფლობელს 9500 ლარი უჯდება.

შესაბამისად, რაც უფრო მეტ 9500 ლარს დაუტოვებს მთავრობა კომპანიებს თავისუფალ ბაზარზე ასათვისებლად, მით მეტი თანხა დარჩებათ ინდივიდებს ჯიბეში და მით უფრო სწრაფად შეივსება დეფიციტი. მანამდე ყოველთვის იარსებებს საშიშროება, რომ დეფიციტი ინფლაციური გზით დაფინანსდეს – ფულის დაბეჭდვით, პირდაპირ თუ ირიბად.

 

კომენტარები