დამამძიმებელი გარემოება

სიძულვილის დანაშაული

0 კომენტარი

დამამძიმებელი გარემოება

დანაშაულის ჩადენა რასობრივი, ენობრივი, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე დამამძიმებელი გარემოება გახდება. შესაბამისი ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში განიხილება. კანონპროექტის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები – კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა არიან. მათი განცხადებით, დოკუმენტს საფუძვლად ევროკომისიის „შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ზოგადი პოლიტიკის რეკომენდაცია N 7” დაედო.

მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს სასჯელს რასობრივი, ეროვნული ან ეთნიკური მოტივით ჩადენილი კონკრეტული დანაშაულებებისთვის – მკვლელობა, სხეულის დაზიანება და წამება. ახალი კანონპროექტის მიხედვით, შეუწყნარებლობის მოტივი დამამძიმებელი გარემოება უნდა გახდეს კოდექსით გათვალისწინებული ყველა დანაშაულისთვის.

„თანამედროვე მსოფლიოში ამ ტიპის დანაშაულთან ბრძოლა აქტუალური საკითხია. შესაბამისად, მივიჩნიეთ, რომ ზოგადი ჩანაწერი სისხლის სამართლის კოდექსში წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა”, – განუცხადა ტაბულას პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრმა ზვიად კუკავამ.

დეპუტატის განმარტებით, „თუ გამოძიება დაადგენს, რომ ადამიანის მიმართ იქნა ჩადენილი დანაშაული მხოლოდ იმის გამო, რომ, მაგალითად, ის არის ებრაელი, მუსლიმი ან საუბრობს თურქულად და ამას სასამართლო გაიზიარებს, ეს დამამძიმებელ გარემოებად ჩაეთვლება”. თუ დამტკიცდა, რომ დანაშაული ჩადენილია სწორედ რასობრივი, რელიგიური ან ეთნიკური ნიშნით, ეს „არ მისცემს მოსამართლეს იმის შესაძლებლობას, რომ შედარებით მსუბუქი განაჩენი გამოიტანოს”. იგი ვალდებული იქნება, დამნაშავეს მაქსიმალური ვადა შეუფარდოს.

„ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ დაცულები მსგავსი ტიპის დანაშაულისგან, ეს ტენდენცია რომ არ გაჩნდეს ჩვენს ქვეყანაში და მას პროგრესირებადი სახე არ მიეცეს. ვინაიდან ვიცით, რაც ხდება მეზობელ რუსეთში ან თუნდაც იმ ქვეყნებში, რომლებსაც მეტ დემოკრატიულობაზე აქვთ პრეტენზია”, – განმარტა ზვიად კუკავამ ტაბულასთან საუბრისას.

როგორც პარლამენტის სხდომაზე დეპუტატმა კახაბერ ანჯაფარიძემ განაცხადა, შესაძლოა კანონმდებლებმა გაითვალისწინონ არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნები. შესაბამისად, დამამძიმებელ გარემოებებს, სექსუალური ორიენტაციის ან პოლიტიკური შეხედულებების ნიშნით შეუწყნარებლობაც დაუმატონ.

დანაშაული სიძულვილის ნიადაგზე (hate crime), რომელიც რასობრივი, რელიგიური, ეროვნული კუთვნილებისა და პოლიტიკური შეხედულებების გამო შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ კრიმინალს გულისხმობს, მრავალი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით დამამძიმებელ გარემოებად ითვლება. ასეთი ნორმა დასავლეთ ევროპის მრავალ ქვეყანაში, აშშ-ის ზოგიერთ შტატში და კანადაში მოქმედებს. დანაშაულის ამ მოტივის დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელის მნიშვნელოვნად გამკაცრებას ითვალისწინებს.

ევროპის თხუთმეტ ქვეყანაში სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლს ასევე ლგბტ პირები განეკუთვნებიან. ზოგიერთ ქვეყანაში სიძულვილის მოტივი შეიძლება დადგინდეს საწინააღმდეგო სქესისა და უნარშეზღუდულების მიმართ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში.

ზოგიერთ ქვეყანაში hate crime-ის ფორმალური ნორმა არ მოქმედებს და ამ კატეგორიის დანაშაული ჩვეულებრივ კრიმინალს – მაგალითად, მკვლელობას ან სხეულის დაზიანებას – უტოლდება. იქ „სიძულვილის დანაშაული”, დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, როგორც წესი, მაინც უფრო მკაცრად ისჯება.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები