ფეხბურთი

ავტოფარეხში მოგებული ჩემპიონთა თასი

0 კომენტარი

ყველამ იცის 1966 წლის მსოფლიო თასის გაქრობის ამბავი და ის, რომ თასი რამდენიმე თვეში შოტლანდიურმა ნაგაზმა პიკლზიმ იპოვა. მაგრამ ევროპის ჩემპიონთა თასის გაქრობის იდუმალებით მოცული საქმის დეტალები თითქმის 30 წლის შემდეგ გამოაშკარავდა.

ეს ამბავი 30 წლის წინ ჰოლანდიაში დაიწყო. როტერდამმა 1982 წლის ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალს უმასპინძლა - გადამწყვეტ მატჩში ასტონ ვილამ, პიტერ უაითის გოლის წყალობით, მიუნხენის ბაიერნი დაამარცხა და გახდა მეოთხე ბრიტანული გუნდი, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო გათამაშება მოიგო.

მეორე დღეს გუნდი ბირმინგემში დაბრუნდა. ოფიციალურ პირებთან შეხვედრის, ქალაქის ცენტრში მარშის, ათასობით გულშემატკივრის წინაშე სიტყვით გამოსვლის და სხვა სტანდარტული პროცედურების შემდეგ, ზეიმმა მოკრძალებული, ტრადიციული მიდლენდური ღრეობის სახე მიიღო.

საღამოს გუნდის წევრებმა, გორდონ კოვანსმა და კოლინ გიბსონმა თასი ჯერ სახლებში, შემდეგ ბირმინგემის ერთ-ერთ პაბში, ტამუორტის მახლობლად, ძველი ვილანსების თავშეყრის ადგილას მიიტანეს, 15-კილოგრამიანი ვერცხლის თასი გინესით მონათლეს და ჩანტებიც დაამღერეს. ბევრი დაილია, დართსი ითამაშეს, როტერდამის ამბები მოყვნენ, რუმენიგეს ნაჯახივით სახე პინტების დაჯახებით, უოლტერ სკოტის ენაზე აღწერეს, უკვე პიტერ უაითის სადღეგრძელოზე არიან მისულები და უცებ “ბიაზიც გასკდა”. თასი აღარ არის, პაბიდან გაქრა.

თასი რამდენიმე საათში დააბრუნეს, ეს ამბავი ყველამ დაივიწყა და ლოკალურ ლეგენდად დარჩა. გაქრობის შემთხვევას, ვითომდა, ადგილიც არ ჰქონია. სად გაქრა, ვინ წაიღო და რამდენიმე საათი სად იყო, ათწლეულების განმავლობაში არავინ იცოდა. ყველაფერს ნათელი მაშინ მოეფინა, როდესაც გაყიდვის მიზნით, აღმოსავლეთ შეფილდის პოლიციის შენობის დასუფთავება და დახურვა დაიწყეს. დასუფთავებისას აღმოაჩინეს სურათი, რომელზეც აღბეჭდილია პოლიციის შვიდი გაღიმებული თანამშრომელი და მათ წინ ლურჯბაფთიანი ჩემპიონთა თასი, რომელიც მეზობელი ქალაქის გუნდმა როტერდამიდან ჩამოიტანა.

ოფიცერ მიკ გრინაფის თქმით, იმ საღამოს აღმოსავლეთ შეფილდის პოლიციის უბანზე მივიდა კაცი, რომელიც აცხადებდა, რომ ავტომობილში ევროპის ჩემპიონთა თასი ჰქონდა. თავი მისტერ სიკესად წარადგინა, განაცხადა, რომ თასი 100 მილის მოშორებით ერთ-ერთი პაბიდან მოიპარა და ახლა სამართალდამცავებს ნებაყოფლობით აბარებს. ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებულ პოლიციელებს მისტერ სიკესი და მისი ქურდობა გადაავიწყდათ, ოთახში შეიპატიჟეს, ჩაი დაალევინეს და სახლში გაუშვეს.

ამის შემდეგ, ამბის გასარკვევად, დასავლეთ მიდლენდის განყოფილებაში, კოლეგებთან დარეკეს. ბირმინგემელებმა მათთან ლაპარაკი

ვერ შეძლეს, იმ მიზეზით, რომ საშინელ ინციდენტს ჰქონდა ადგილი და ამ საქმის გამოძიებით იყვნენ დაკავებულნი. საშინელ ინციდენტში რაც იგულისხმებოდა, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.

პოლიციის თანამშრომელებს შორის იყო ძველი ფეხბურთელი პიტერ სპრინგეტი – მსოფლიო ჩემპიონის და ინგლისის ნაკრების ყოფილი წევრის რონ სპრინგეტის ძმა. სპრინგეტი და მისი თანამშრომლები იქვე ადგილობრივ საკვირაო ლიგის გუნდში თამაშობდნენ. რასაკვირველია, ამ ხალხს შუაღამეს ორი გუნდის შეკვრა არ გაუჭირდა, ოთხი-ოთხზე გაიყვნენ და პოლიციის შენობის ავტოფარეხში ჩემპიონთა თასის ფინალი მოაწყვეს. პრიზი, რაღა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონთა თასი იყო.

“ცხადია, არც ისე ბევრ შეფილდელ ფეხბურთელს შეუძლია იმის თქმა, რომ ჩემპიონთა თასი აქვს მოგებული” – გრემ ურეგი, სადგურის მორიგე.

შეფილდური „ფინალის” შემდეგ, თასი ტამუორტის პაბს და მის ოფიციალურ მფლობელს დაუბრუნდა. სიკესი, როგორც შემდეგ გაირკვა, სინამდვილეში გახლდათ ვინმე ედრიან რიდი, რომელმაც მართლა მოიპარა თასი პაბიდან. სახლში წაიღო, მეგობრებს აჩვენა, სურათები გადაიღო და შემდეგ მიიტანა იმ ქალაქის პოლიციის შენობაში, სადაც საკლუბო და ზოგადად პროფესიულმა ფეხბურთმა, 155 წლის წინ სტარტი აიღო. ედრიან რიდი ამ შემთხვევიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

ვილას მეცხრამეტე საუკუნეშიც მოპარეს ჯილდო – 1895 წლის ინგლისის ასოციაციის თასი, რომელიც შემდეგ გადაადნეს და მისგან ყალბი მონეტები დაამზადეს.

ცოტა ხნის შემდეგ, ევროპის სუპერთასზე ტონი ბარტონის გუნდი თასების თასის მფლობელ ბარსელონას დაუპირისპირდა. საშინაო შეხვედრაში 3-0 გამარჯვების შემდეგ, მათ სუპერთასიც მოიგეს. ვილა პარკზე კატალონიელებთან დაპირისპირება ევროთასების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უხეშ მატჩად ითვლება.

1982 წლის ტრიუმფატორი ასტონ ვილა მომდევნო, 1982-83 წლების ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში ჯოვანი ტრაპატონის იუვენტუსთან დამარცხდა და მას შემდეგ ამ ტურნირში მონაწილეობა აღარ მიუღია.

ასე გაიხსნა ჩემპიონთა თასის საქმე, რომელიც პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად, ეზოს ფეხბურთის და საკვირაო ლიგის ხელით აღიმართა.

 

გამოგვიგზავნეთ თქვენი კითხვები, პასუხები და საინტერესო ისტორიები, მისამართზე sport@tabula.ge

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნატა ტალიკიშვილი

კომენტარები