არენა

პანკვედრება

0 კომენტარი

ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, განაგდე პუტინი!

ცოტა ხნის წინ, რუსეთის „ქრისტე მაცხოვრის” ტაძარში, სადაც მოსკოვის საპატრიარქო კათედრა დგას და უწმინდესი კირილ გუნდიაევი ყოველკვირეულად წირავს, მლოცველები უჩვეულო სანახაობის მომსწრე გახდნენ. ტაძარში ფერადნიღბიანი გოგონები გამოჩნდნენ და კათედრალის ამბიონი პანკსცენად გადააქციეს. „ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, განაგდე პუტინი!” – მღეროდნენ და ცეკვავდნენ პანკროკ ჯგუფ Pussy Riot-ის წევრები და საკურთხევლისგან ზურგშექცევით დიდ მეტანიებს აღასრულებდნენ. მოგვიანებით, მათ განმარტეს, რომ შესრულება „პანკვედრება” იყო – „რადგან ასიათასიან მიტინგებს არ მოაქვთ სწრაფი შედეგი, ჩვენ ღვთისმშობლის იმედზე ვართ!”. ჯგუფის წევრები, ოპოზიციის აქციების პარალელურად, არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ.

სიმღერაში პანკროკ შემსრულებლებმა, რუსეთის პატრიარქი კირილი არსებული ხელისუფლების მეხოტბედ და მისი უკანონო ქმედებების ქომაგად შერაცხეს. ვიდეომ, რომელიც „პანკვედრებას” ასახავს, სოციალური ქსელები და მედიაგამოცემები რამდენიმე დღეში სრულად დაიპყრო. ამ შესრულების შემდეგ, მილიონობით ადამიანმა შეიტყო, რომ არსებობს ფემინისტური პანკჯგუფი, რომელიც რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ მუსიკალურ აქციებს მართავს. აქამდე, კიდევ ერთი სპონტანური კონცერტი მათ კრემლის წინ „პანკვედრებამდე” გამართეს. „საპროტესტო გამოსვლებით შეშინებულ პუტინს” ჯგუფის წევრებმა პანკჰიმნი მიუძღვნეს, რის შემდეგაც ისინი პოლიციამ დროებით დააკავა.

თუ პირველ ჯერზე გოგონები გრძელვადიან სასჯელს გადაურჩნენ, მოსკოვის კათედრალში გამართული კონცერტი, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეთ. ორი კვირის წინ ხელისუფლებამ ისინი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა. ორ გოგონას – ნადეჟდა ლოკინიკოვასა და მარია ალიხინას, შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

რუსეთის საპატრიარქოს საზოგადოებისა და ეკლესიის ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, პროტოპრესვიტერმა ვსევოლოდ ჩაპლინმა, გოგონების დაკავება დადებითად შეაფასა. მან მიმართა ხელისუფლებას, გაამკაცროს სასჯელი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის – „ნორმა, რომელიც გვაქვს, ძალიან რბილია. ჩვენ ვსაუბრობთ ქმედებებზე, რომელთაც ქვეყანაში სიტუაციის აფეთქება შეუძლია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნორმა სისხლის სამართლის კოდექსში უნდა გადავიტანოთ. ახლა კი ვკითხოთ პოლიტიკოსებს, არიან თუ არა ისინი მზად ეს გააკეთონ, ან – გმობენ თუ არა ამ აქციას”. პუტინის პრესმდივანმა გოგონების აქცია დაგმო და მათ გასამართლებას დაუჭირა მხარი, ხოლო რუსეთის დუმაში შევიდა კანონპროექტი, რომელიც მკრეხელობისთვის სასჯელის 15 წლამდე გამკაცრებას ითვალისწინებს.

უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ პანკმომღერლების წინააღმდეგ მიმართული სასამართლო პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია. ის მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების დაცვას კი არა, რეიტინგული, ანტისახელისუფლებო მუსიკალური ჯგუფის გაჩუმებას ისახავს მიზნად. მომღერლები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დააკავეს. „ეს საქმე პოლიტიკური შეკვეთაა. რეჟიმს სურს ჩვენგან ისეთივე პოლიტპატიმრები შექმნას, რომელთა გათავისუფლებასაც ჩვენი აქციებით ვითხოვდით”, – თქვეს გოგონებმა დაკავების შემდეგ. საგულისხმოა, რომ იმავე დღეს, მართლმადიდებელ ეკლესიაში დიდმარხვის დაწყებასთან დაკავშირებული „შენდობის დღე” იყო გამოცხადებული.

დაკავების შემდეგ Pussy Riot-ს მხარდამჭერები მთელ მსოფლიოში გამოუჩნდნენ, მათ შორის, მართლმადიდებლებიც კი. შეიქმნა პეტიციები, რომელთაც უკვე მრავალმა ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი. რუსული ოპოზიციური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ალექსეი ნავალნიც მათი გასამართლების წინააღმდეგია. მისი განცხადებით, პანკჯგუფი „იდიოტურად” მოიქცა, მაგრამ საშიში პუტინის ხელისუფლებაა და არა ჯგუფის წევრები. ოპოზიციის მხარდამჭერ მიტინგებზე პანკჯგუფის წევრების გათავისუფლების მოთხოვნას, არაერთი ტრანსპარანტი მიეძღვნა – „Pussy პუტინის წინააღმდეგ”, „Pussy Riot ევროვიზიაზე” და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საპატრიარქო გოგონების გასამართლებას კვლავ მოითხოვს, პროტესტის შემდეგ ტონი შეარბილა და მისთვის უჩვეულო არგუმენტების მოხმობას შეუდგა. რუსეთის საპატრიარქოს იერარქიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ეკლესიამ გოგონებს უკვე შეუნდო – მაგრამ რადგან ეკლესია და სახელმწიფო გაყოფილია, ის გამოძიებაში ვერ ჩაერევა. debita animadversione puniendum – „განისაჯოს დამსახურების მიხედვით” – სწორედ ასე მიმართავდა წმინდა ინკვიზიცია საერო ხელისუფლებას, როცა ბრალს გამოიტანდა და ჩათვლიდა, რომ ეკლესიას ცოდვილი სულის სახსნელად სხვა აღარაფერი შეუძლია. ამ ფრაზით ინკვიზიტორი ხელისუფალს მწვანე შუქს აძლევდა მის დასასჯელად, ხოლო ეკლესია ფორმალურად განზე რჩებოდა. რუსეთის საპატრიარქომაც სწორედ ასე დაიბანა ხელი.

თუმცა, სასულიერო პირებსა და მრევლს შორის გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც ოფიციალურ პოზიციას არ ეთანხმება. მაგალითად, მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორმა, ცნობილმა მისიონერმა ანდრეი კურაევმა დაგმო ჯგუფის წევრების ქმედება, თუმცა მართლმადიდებელთა რეაქციის შეფასებისას განაცხადა: „მე რომ ვიყო ქრისტე მაცხოვრის ტაძრის დაცვის წევრი, გოგონებს ბლინებით და ჩაით გავუმასპინძლდებოდი, ხოლო შემდეგ სინანულისკენ მოვუწოდებდი”. მამა ანდრეი სისტემატურად გმობდა ნებისმიერ მოწოდებას ძალადობისკენ, რომელსაც აგრესიულად განწყობილი მრევლი ავრცელებდა. მიტროპოლიტმა აგაფანგელმა კი, მამა ვსევოლოდ ჩაპლინისა და ტელეწამყვან ქსენია სობჩაკის დებატების შეფასებისას, სადაც პირველი Pussy Riot-ის დაკავებას ამართლებდა, განაცხადა, რომ „ქსენია სობჩაკი უფრო ახლოს არის ქრისტესთან, ვიდრე მამა ვსევოლოდი”.

ორი წლის წინ, მკრეხელობის თემა ქართულ საზოგადოებაშიც აქტიურად განიხილებოდა. მართალია, საღვთისმსახურო სივრცეში არავინ შეჭრილა, მაგრამ საქართველოს საპატრიარქო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის აკრძალვის მოთხოვნაში იგივენაირად იყო მოწადინებული. აღსანიშნავია, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად შერწყმულია სახელმწიფო სისტემასთან, მეტი პლურალიზმით გამოირჩევა, ვიდრე საქართველოს საპატრიარქო. ორი წლის წინ მწერალ ერეკლე დეისაძის დასაცავად, რომელსაც მართლმადიდებელი ფუნდამენტალისტები წიგნისთვის – „საიდუმლო სირობა” – ემუქრებოდნენ, არცერთ სასულიერო პირს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. როცა რუსეთში თავად მართლმადიდებელი მრევლის ნაწილმა, გოგონების გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციების შედგენა დაიწყო.

საპატრიარქოს დღის წესრიგში დღემდე დგას მკრეხელობის აკრძალვის თემა. თავი დავანებოთ იმას, რომ ქრისტიანისთვის „არა შემავალი გულისაგან შეაგინებს კაცსა... არამედ გამომავალი გულისაგან კაცისა” – ამგვარმა მოთხოვნებმა შეიძლება აბსურდამდე მიგვიყვანოს. ერთი მხრივ, ცხადია, რომ მორწმუნეებს სიწმინდეების მიმართ ემოციური დამოკიდებულება აქვთ და საკრალურთან შეხებამ, შესაძლოა, ისინი შეურაცხყოს. მაგრამ თუ ამგვარ კანონს მივიღებთ, ის უნდა შეეხოს ყველა კონფესიის წარმომადგენელს. მაგალითად, არსებობს „მფრინავი სპაგეტის მონსტრის ეკლესია”. ეს უკანასკნელი ხშირად აცხადებს, რომ სპაგეტის ჭამა საზოგადოებრივ ადგილებში, მისი მიმდევრების რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს. რაოდენ სულელურადაც უნდა მოგვეჩვენოს მათი მტკიცება, არც ჩვენ, არც სახელმწიფოს და არც რელიგიათმცოდნეებისა თუ თეოლოგების არმიას, არ გვაქვს ტესტი, რომელიც გაზომავს, ვინ დარჩა შეურაცხყოფილი და ვინ არა – ქრისტიანი, რომელმაც ღვთისმშობლის შარჟი იხილა თუ ზემოხსენებული მფრინავი სპაგეტის მონსტრის მიმდევარი, რომელიც პიცერიაში სპაგეტის დიდ პორციასთან მსხდომ ადამიანებს გადააწყდა.

დიაკონმა ანდრეი კურაევმაც მკრეხელობის ამკრძალავი კანონის გამკაცრებასთან დაკავშირებით, სწორედ ეს ფაქტი შენიშნა: „წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ამ კანონის მიღების შემდეგ ადგება და იტყვის – „მე ვაცხადებ ჩემს დეიდას ქალღმერთად და კაცობრიობის მხსნელად და ამიტომ, თუ ვინმე, დეიდამ დაგვიფაროს და, მას ალმაცერად გახედავს – მე სასიკვდილოდ შეურაცხმყოფს და ის მკრეხელი იქნება!”.

ამასთან, არსებობს მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი თემა. როცა სახელმწიფოს ხელში უვარდება ძალაუფლება, მოქალაქეებს ბრალი დასდოს სხვა მოქალაქეთა შეურაცხყოფაში მკრეხელობის მოტივით, არსებობს შანსი, რომ ის ამას პოლიტიკური მიზნებისთვის

გამოიყენებს. რუსეთის მაგალითმა აჩვენა, რომ სახელმწიფოს აქვს საშუალება მსგავსი კანონები მისთვის არასასურველი პირების გასაჩუმებლად გამოიყენოს.

სამართლებრივი თემის გარდა, არსებობს მორალური მხარე, რომელიც ეკლესიის მისიას შეეხება. თუ ეკლესია „კაცთა მებადურობისკენაა” მოწოდებული, რაც ქადაგებასა და ყოველი ცოდვილი სულის მოქცევაზე პასუხისმგებლობის აღებას გულისხმობს, რამდენად მიაღწევს ის ამ შედეგს აგრესიული და შეუვალი რიტორიკით, სადაც ადამიანების მიმართ სიყვარული არ იგრძნობა. როცა ეკლესია, თუნდაც მისთვის მიუღებელი ქცევის ადამიანებს შეაჩვენებს, ის კარგავს შანსს, იქცეს საერთო სახლად ყოველი ცოდვილი სულისთვის. ამგვარი ქმედება არ შეეფერება ქრისტიანთა ღმერთის მოწოდებას. ეკლესიის იერარქთა ყურადღება და შეჩვენება კი, ხელს უწყობს საერო წმინდანების ფორმირებას და კიდევ უფრო აღრმავებს ეკლესიის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას. ასე მოხდა რუსეთშიც, Pussy Riot-ის მხარდასაჭერად უკვე შექმნეს და ქალაქის ქუჩებში, სარეკლამო ლაითბოქსებზე გამოფინეს „ხატები”, სადაც გამოსახულია ქალი, შარავანდედით, რომელსაც ხელთ უპყრია ახალშობილი გოგო. ხატი ღვთისმშობლისა და ყრმა იესოს ხატის შარჟს წარმოადგენს, რომელზეც ქარაგმებით გამოსახულია მოწოდება „თავისუფლება Pussy Riot-ს”. რომ არა რუსეთის ეკლესიის აგრესიული რეაქცია გოგონების პერფორმანსზე, მსგავსი გაგრძელება, რომელიც სავარაუდოდ მრევლის უფრო მეტ წარმომადგენელს შეურაცხყოფს, არ გაჩნდებოდა. როგორც ჩანს, დიაკონი ანდრეი კურაევის ინიციატივა, ჩაით და ბლინებით გამასპინძლებოდნენ გოგონებს, ეკლესიისთვის ბევრად მომგებიანი იქნებოდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები