პარტიების დაფინანსება

კომპრომისი შედგა - კამპანიის დაფინანსების კანონმდებლობა იცვლება

0 კომენტარი

კამპანიის დაფინანსების კანონმდებლობა იცვლება

კანონი პოლიტიკური პარტიების დაფინანსების რეგულირების შესახებ კვლავ იცვლება. შეთანხმებას გასულ კვირაში საპარლამენტო უმრავლესობამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, კოალიციის – „ეს შენ გეხება” – მონაწილეებმა, მიაღწიეს. 21 თებერვალს ცვლილებების პროექტი პარლამენტს წარედგინა.

საკანონმდებლო ცვლილებები პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ, პარლამენტმა გასულ წელს დაამტკიცა. კანონის მიზანი, ცვლილებების ინიციატორთა განმარტებით, პოლიტიკური პარტიების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და პოლიტიკური კორუფციის აღკვეთა იყო – ვენეციის კომისიის რეკომენდაციებისა და იმ პრაქტიკის გათვალისწინებით, რომელიც ევროპის მრავალ ქვეყანაში მოქმედებს.

ამ კანონის თანახმად, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება იურიდიულ პირებს აეკრძალათ. დაწესდა პარტიების დაფინანსების ლიმიტები. პოლიტიკურ ორგანიზაციებს შემოწირულობებისა და ხარჯების დეკლარირების ვალდებულება დაეკისრათ. მათზე კონტროლი კი კონტროლის პალატის ახალშექმნილ სამსახურს დაევალა. შემოვიდა პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირის ცნება, რომელზეც შეზღუდვები გავრცელდა.

ამ კანონის მიღების პარალელურად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდა ამომრჩეველთა მოსყიდვისთვის, ასევე პოლიტიკური პარტიისგან სარგებლის მიღებისათვის.

ვენეციის კომისიამ ეს კანონპროექტი დადებითად შეაფასა და მიიჩნია, რომ დოკუმენტი საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკას შეესაბამება. ამავე დროს, კომისიამ საქართველოს კანონის გასაუმჯობესებლად რიგი რეკომენდაციები მისცა. მათი აზრით, საჭიროა, მკაფიოდ განისაზღვროს კონტროლის პალატის უფლებამოსილებები. ასევე – შემუშავდეს მექანიზმი იურიდიული პირების მიერ პარტიების ფარულად, მესამე პირების მეშვეობით დაფინანსების წინააღმდეგ.

ოპოზიციამ ახალი კანონის მიღება პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას დაუკავშირა. არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი კი კანონის ამოქმედებას პროტესტით შეხვდა. კოალიციამ „ეს შენ გეხება”, კანონის შეცვლის მოთხოვნით, პეტიცია მოამზადა. ავტორების მტკიცებით, ახალი ცვლილებები ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, საკუთრების უფლებას, გამოხატვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას – რადგან კანონის ბუნდოვანებიდან გამომდინარე, მაკონტროლებელ ორგანოებს სანქციების და შეზღუდვების დაწესება ნებისმიერი პირისთვის შეეძლოთ, რომელსაც რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან კავშირს რაიმე ფორმით დაუდგენდნენ. მათი განსაკუთრებული შეშფოთება პარტიებთან გარიგებისთვის ამომრჩევლების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესაძლებლობამ გამოიწვია.

როგორც ტაბულასთან საუბრისას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა აღნიშნა, „პოლიტიკური სპექტრის ერთი ნაწილი ცდილობდა საზოგადოებისათვის (კანონის) სხვანაირი წაკითხვა მოეხვია თავზე, რის გამოც სხვადასხვა შიშები გაჩნდა”.

მისი თქმით, არსებული კანონი თავისი არსით არ ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. მისი მიღების შემდეგ, ამ დანიშნულებით კანონის გამოყენების ფაქტები არ არსებობს.

საბოლოოდ, გასულ კვირაში, კანონმდებლები და არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ ფორმულირებებზე შეთანხმდნენ. კუბლაშვილის თქმით, ეს არ ცვლის კანონის ძირითად არსს – ნებისმიერი პარტია ვალდებული იქნება გამჭვირვალე გახადოს თავისი პოლიტიკური ფინანსები და შემოწირულობები. ამავე დროს, უნდა გამოირიცხოს ნორმების ორმაგი წაკითხვისა და განსხვავებული ინტერპრეტაციის შესაძლებლობა.

დეპუტატებმა არასამთავრობოების შენიშვნების უმრავლესობა გაითვალისწინეს. კანონში აღარ იარსებებს პარტიასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული პირის ცნება, რომელიც წინა კანონში არ იყო ზუსტად განმარტებული.

ახალ რედაქციაში, პოლიტიკურ პარტიასთან კავშირი არა დამოკიდებულებით ამა თუ იმ პარტიის მიმართ, არამედ კონკრეტული აქტიურობით განისაზღვრება. რეგულირება გავრცელდება მხოლოდ იმ სუბიექტებზე, რომლებიც კონკრეტული პარტიის პოლიტიკური მიზნებისათვის მატერიალურ და ფინანსურ რესურსებს გაიღებენ.

ტაბულასთან საუბრისას საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს პროგრამების დირექტორმა ნინა ხატისკაცმა განაცხადა, რომ შეთანხმება კანონთან დაკავშირებულ თითქმის ყველა სადავო საკითხზეა მიღწეული. მისი თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ამა თუ იმ პირის კავშირი პოლიტიკურ პარტიასთან, პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვასთან არ იქნება დაკავშირებული.

კამპანიის „ეს შენ გეხება” მონაწილე ორგანიზაციებმა მიღწეული შეთანხმება დადებითად შეაფასეს. მათ მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ეს „არასამთავრობო სექტორის, მედიის და მოქალაქეთა ერთიანი ძალისხმევისა და საერთაშორისო მხარდაჭერის” შედეგია. ამას უნდა მოჰყვეს „სამოქალაქო საზოგადოების უფრო მეტი აქტიურობა თავისუფალი და სამართლიანი გარემოს შექმნისთვის”.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, პოლიტიკური ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევისათვის კონტროლის პალატამ ქართული ოცნება და მასთან დაკავშირებული პირები დააჯარიმა.

უწყების ინფორმაციით, დაჯარიმებული იურიდიული პირები სხვადასხვა გზით ახორციელებდნენ პოლიტიკური ორგანიზაციის – ქართული ოცნების – დაფინანსებას. მათ შორის, თანამშრომლებზე მაღალი ოდენობის პრემიების გაცემის მეშვეობით, რომლებსაც ისინი ქართულ ოცნებას ურიცხავდნენ.

კონტროლის პალატის ინფორმაციით, ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდის წევრთა უმრავლესობა ანაზღაურებას არა თავად ორგანიზაციის სახსრებიდან, არამედ ფიზიკური პირის – ბიძინა ივანიშვილის პირადი ანგარიშიდან იღებდა. ამ გზით ჩარიცხული თანხების მოცულობამ 400 ათას ლარს გადააჭარბა. ბიძინა ივანიშვილი დღეისათვის არ არის საქართველოს მოქალაქე და პოლიტიკური ორგანიზაციის დაფინანსების უფლება არ აქვს.

ამ დარღვევისათვის ივანიშვილი 2 მილიონ 700 ათასი ლარით დაჯარიმდა. მანამდე კი, მისი გუნდის არალეგალური დაფინანსებისთვის, ქართუ ჯგუფს, ქართუ მშენებელსა და ივანიშვილის კონტროლის ქვეშ მყოფ სხვა ორგანიზაციებს, ჯამში, 4 მილიონი ლარის ოდენობის სანქციები დაეკისრათ.

ქართული ოცნების ლიდერის განცხადებით, თავისი ქმედებებით ხელისუფლებამ „ნიღაბი ჩამოიხსნა” და მისი მომხრეების დევნას ახორციელებს.

ამასთან, 13 მარტიდან კონტროლის პალატამ ქვეყნის რეგიონებში ქართული ოცნების ოფისების გახსნასთან დაკავშირებით შემოწმებები დაიწყო. ასეულობით მოქალაქე დაიკითხა.

უწყების მტკიცებით, შემოწმებისას მრავალი დარღვევა გამოვლინდა – მათ შორის, პარტიის საოფისე ხარჯების დაფინანსება იურიდიული პირის მიერ, ასევე ხარჯების გაწევა „შავი” და არადეკლარირებული თანხებით. მოქალაქეების და პოლიტიკური აქტივისტების დაკითხვა, ამის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ემსახურებოდა.

ქართული ოცნების წარმომადგენლებმა კონტროლის პალატის მიერ ასეულობით მოქალაქის დაკითხვას „დაშინება და ტერორი” უწოდეს.

კამპანიის „ეს შენ გეხება” მონაწილეებმა კი გამოკითხვის პროცესში უწყების მხრიდან უფლებამოსილებათა გადამეტებისა და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე მოქალაქეებზე ზეწოლისა და მათი დევნის ნიშნები დაინახეს. განსაკუთრებული შეშფოთება იმან გამოიწვია, რომ მოქალაქეებს, რომლებიც კონტროლის პალატის დაკითხვაზე არ გამოცხადდნენ, უწყებები პოლიციიდან მიუვიდათ და სისხლისსამართლებრივი დევნა ემუქრებათ. ეს, არსამთავრობოების აზრით, უკანონოა.

ამ ფაქტებით სახალხო დამცველი დაინტერესდა. ომბუდსმენის აპარატმა საქმის წარმოება დაიწყო. სახალხო დამცველის განცხადებით, არსებობს ცნობები გამოკითხვის პროცესის გაშუქებაში ჟურნალისტებისათვის ხელის შეშლის შესახებ. დაკითხვაზე დაბარებულ პირებს ეზღუდებოდათ ადვოკატის მომსახურებით სარგებლობის უფლება.

კონტროლის პალატის ბოლოდროინდელი ქმედებებით შეშფოთება საქართველოში აშშ-ის ელჩმა გამოთქვა. ჯონ ბასის განცხადებით, „სრულფასოვანი განმარტებების ნაკლებობა იმ მეთოდების შესახებ, რომლითაც კონტროლის პალატა ახორციელებს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის აღსრულებას, ვერ შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას ამ უწყების, ან კონკურენტული საარჩევნო გარემოს მიმართ”.

თავის მხრივ, კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა უფლებამოსილების გადამეტების თაობაზე ყველა ბრალდება უარყო და ცნობებს ამის შესახებ სპეკულაცია უწოდა. ის გამოვიდა წინადადებით გამოკითხვის პროცესის აუდიო და ვიდეოჩანაწერებზე აღბეჭდვის თაობაზე. ბეჟაშვილის თქმით, „ზოგიერთი პოლიტიკური პარტიების მხრიდან” ათეულობით მილიონი ლარის „გაპრავება” ხდება. ამისთვის უამრავი სქემა მუშავდება, რომელთა მხილებითაც კონტროლის პალატაა დაკავებული.

როგორც ჩანს, პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის ახალი რედაქცია, არსებითად არაფერს შეცვლის სახელმწიფოს მიერ პარტიების არალეგალური დაფინანსების გამოვლენის შესაძლებლობების თვალსაზრისით. თუმცა, არასამთავრობო სექტორის შეშფოთების და შენიშვნების გათვალისწინება საზოგადოებაში ამ პროცესისადმი ნდობის ზრდას შეუწყობს ხელს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები