სეული

ობამას მიერ მედვედევისთვის პირად საუბარში ნათქვამი, შემთხვევით, საჯარო გახდა

დასავლეთის პრესა აქტიურად წერს სეულის სამიტის წინ, ბარაკ ობამას და დმიტრი მედვედევის ერთობლივი პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ობამას და მედვედევის გადალაპარაკებაზე. მისი შინაარსი ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა მიკროფონების გამო, რომლებიც პრეზიდენტებს ალბათ უკვე გამორთული ეგონათ. როგორც დასავლეთის პრესაში აღნიშნავენ: ”ობამა ჩართულმა მიკროფონმა გასცა.”

”დარწმუნებული იმაში, რომ არავინ უსმენდა, აშშ-ის პრეზიდენტი თავის რუს კოლეგას დაპირდა, რომ იქნება ”გაცილებით მოქნილი” აშშ-ის პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში.”- წერს იტალიური გამოცემა II Messaggero. გამოცემა შენიშნავს, რომ პრეზიდენტების ურთიერთგადალაპარაკება მათი ერთობლივი პრესკონფერენციის დასრულებისთანავე შედგა, რომ სწორედ ამ დროს გაისმა მიკროფონში ობამას ნათქვამი : ” ეს ჩემი უკანასკენლი არჩევნებია, გამარჯვების შემთხვევაში ვიხელმძღვანელებ მეტი მოქნილობით, ” მედვედევის პასუხი კი იყო: ”მე მესმის და ამას გადავცემ ვლადიმირს.”

გავრცელებული ცნობებით, ობამას რეპლიკა ”მოქნილობის” შესახებ მოჰყვა აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების ერთობლივ პრესკონფერენციაზე იმის დადასტურებას, რომ მხარეთა შორის უთანხმოება ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემების განთავსებასთან დაკავშირებით, უთანხმოებად რჩება. დასავლეთის პრესაში წერენ, რომ შემთხვევით გახმაურებულმა ეპიზოდმა რესპუბლიკელებს ძლიერი არგუმენტი აჩუქა. რესპუბლიკელების კანდიდატმა მიტ რომნიმ უკვე განაცხადა, რომ ამერიკელებს აქვთ უფლება იცოდნენ რა საკითხთან მიმართებით აპირებს აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტი იყოს ”მოქნილი.”  ბარაკ ობამა ამერიკულ პრესაში აქტიურად გააკრიტიკეს  სეულში, შემთხვევით  განსაჯაროებული ეპიზოდის გამო. 

 

კომენტარები