რეიტინგი

საქართველო და ქალთა ეკონომიკური აქტივობა

The Economist-მა ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების 2012 წლის ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველოს მაჩვენებელი ორივე – მსოფლიო და რეგიონის – საშუალო ინდექსზე მაღალია.

კვლევის შეფასებით, ქალები ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ის ფაქტი, რომ ქალები მამაკაცებთან ერთად უფრო აქტიურად ერთვებიან ეკონომიკურ ცხოვრებაში, მშპ-ის ზრდაზე დადებითად აისახება. კვლევის მონაცემებით, ევროპაში, 1995 წლიდან მშპ-ის წლიური ზრდის 25% სწორედ ქალთა გაზრდილ ეკონომიკურ აქტივობაზე მოდის.

საქართველო მსოფლიოს 128 ქვეყანას შორის 59-ე ადგილზე მოხვდა. იმისთვის რომ ქვეყანამ რეიტინგში მაღალი პოზიცია დაიკავოს, ქალებისთვის თანაბრად უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებას, ფინანსებზე წვდომას, განათლებას და პროფესიულ სწავლებას. ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ქალის სამართლებრივი და სოციალური სტატუსი და ზოგადი ბიზნესგარემო. ინდექსის მიხედვით, საქართველოში ყველა ეს პირობა უკეთესად სრულდება, ვიდრე მის უშუალო მეზობელ ქვეყნებში – სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი.

საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მე-18 ადგილზეა. კვლევის შეფასებით, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ყველა ქვეყანაში ქალებისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა საკანონმდებლო დონეზე წლიდან წლამდე უმჯობესდება. მაგალითად, უმრავლეს ქვეყნებში არსებობს კანონები, რომლებიც კრძალავს დისკრიმინაციას დასაქმების, საკუთრების უფლების, ჯანდაცვის და სხვა სფეროებში. თუმცა, კანონების აღსრულება და კონტროლი მაინც პრობლემად რჩება. კანონმდებლობით თუ მისი აღსრულებით, საქართველო ყველა უშუალო მეზობელ ქვეყანაზე წინაა.

The Economist-ის 2012 წლის ინდექსის მიხედვით, გლობალურად, ქალები ეკონომიკურად საშუალოდ უფრო აქტიურები არიან, ვიდრე წინა წელს იყვნენ. პრობლემური სფეროა ქალთა განათლება, განსაკუთრებით – ღარიბ ქვეყნებში, სადაც ზოგან სამართლებრივი შეზღუდვები არსებობს, ზოგან კი ქალების განათლებას და, შესაბამისად, მათ ეკონომიკურ აქტივობას კულტურული ნორმები აფერხებს.

ქალების ეკონომიკური შესაძლებლობების 2012 წლის ინდექსში პირველ სამეულში შედიან: შვედეთი, ნორვეგია და ფინეთი. მათი პირველობა ძირითადად განპირობებულია დასაქმების, საშუალო განათლების ხანგრძლივობის და ზოგადი ბიზნესგარემოს მაღალი მაჩვენებლებით.

მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგის ათეულში შემავალი ყველა ქვეყანა მაღალი შემოსავლების მქონე ჯგუფშია – ამ ჯგუფის შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 11.909 აშშ დოლარი და მეტია – მაღალი შემოსავალი ქვეყანაში ქალთა მდგომარეობას პირდაპირ არ განაპირობებს. კვლევის მიხედვით, საქართველო საშუალოზე დაბალი შემოსავლის ქვეყნების ჯგუფში შედის. ამ ჯგუფის შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 976-დან 3.855 აშშ დოლარამდეა. თუმცა, რეიტინგში საქართველო უფრო წინაა, ვიდრე საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე რუსეთი და თურქეთი.

Women’s Economic Opportunity Index

ზომავს ქალთა ეკონომიკურ აქტივობას. ინდექსი პირველად ჟურნალ The Economist-ის ანალიტიკური გუნდისა და მსოფლიო ბანკის გენდერული პროგრამის თანამშრომლობის შედეგად, 2010 წლის ივნისში გამოქვეყნდა. ქალების ეკონომიკურ შესაძლებლობებს აფასებს 5 მსხვილი კომპონენტის მიხედვით – შრომის კანონმდებლობა და დასაქმება, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, განათლება და პროფესიული სწავლება, ქალთა სამართლებრივი და სოციალური სტატუსი და ზოგადი ბიზნესგარემო. ეს კომპონენტები, თავის მხრივ, უფრო დეტალურ ინდიკატორებს მოიცავს. ინდიკატორები ზომავს ქალების სხვადასხვა – მათ შორის, საპენსიო ასაკის, სამუშაოს ტიპის არჩევის, ბანკიდან კრედიტის გამოტანის, საშუალო განათლების მიღების და სხვა კუთხით დისკრიმინაციის ხარისხს. The Economist-ის შეფასებით, ყველა ამ ფაქტორს დიდი გავლენა აქვს შრომითი ბაზრის ფორმირებაზე და პროდუქტიულობაზე.

 

 

კომენტარები