დიზაინი

Italdesign-ის ქართული გეგმები

0 კომენტარი

ინტერვიუ ფაბრიციო ჯუჯაროსთან

თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტს ახალი საპატიო დოქტორი ჰყავს: Italdesign-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯუჯაროების ცნობილი ოჯახის უმცროსი წარმომადგენელი, დიზაინერი და არქიტექტორი – ფაბრიციო ჯუჯარო. Italdesign-ი იტალიური დიზაინის უმსხვილესი ცენტრია. საწარმო 1968 წელს ტურინში ავტომობილების დიზაინის ყველაზე ცნობილმა ავტორმა და საუკუნის დიზაინერის ტიტულის მქონე ჯორჯეტო ჯუჯარომ დააარსა. დღეს მას შვილთან – ფაბრიციოსთან ერთად მართავს. 14 მარტს ჯუჯაროების ოჯახი თბილისს საინტერესო პროექტებით ესტუმრა.

საქართველოსთან დაკავშირებული გეგმებისა და პროფესიული საქმიანობის შესახებ, ტაბულა ფაბრიციო ჯუჯაროს ესაუბრა.

როგორ და ვისი მოწვევით მოხვდით საქართველოში?

ეს საერთო მეგობრების იდეა იყო. საბედნიეროდ, მყავს კოლეგები, რომლებიც ბევრს მოგზაურობენ მთელ მსოფლიოში. ისინი სხვადასხვა დროს პრეზიდენტ სააკაშვილსა და მინისტრებს შეხვდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ, გარდა ავტომობილებისა, ათი წელია არქიტექტურული პროექტებითაც ვართ დაკავებულები, გადაწყვიტეს, ჩვენთვის საქართველო გაეცნოთ.

როგორც ვიცი, ბათუმთან დაკავშირებით დიდი გეგმები გაქვთ...

ამ დროისთვის, ცოტა არ იყოს, ნაადრევია ამაზე საუბარი. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ დაწყების პროცესშია და ამ ეტაპზე, გადაწყვეტილი არაფერია. თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი დღეს საპატიო დოქტორის ტიტულით მაჯილდოებს და მე ჩემი მოხსენებისთვის უნდა წარვადგინო გეგმა, რომელსაც პირობითად დავარქვი ბათუმის განვითარების პროექტი. მისი განხორციელება საქართველოს ნებისმიერ ქალაქშია შესაძლებელი, მათ შორის, თბილისშიც. სავარაუდო გეგმაში ბევრი რამ ძალიან პროვოკატორულია.

გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, როგორად გესახებათ ათ წელიწადში ბათუმი, ან სხვა ადგილი. ვისთვის იქნება მიმზიდველი ფაბრიციო ჯუჯაროს დაპროექტებული ქალაქი?

იცით, დღევანდელი გადასახედიდან, ამ გეგმით ცოტა არ იყოს ვიხუმრე, ფანტასტიკის სფეროს მივმართე. თუმცა ამას სხვა თვალით ოცი წლის შემდეგ უნდა შეხედო. რაღაცები ოცი წლის წინაც წარმოუდგენლად ეჩვენებოდათ. თუმცა, არქიტექტორებმა ბევრ ისეთ გამოსავალს მიაგნეს, ვხვდებით, რომ ფანტაზია განხორციელებადია. მოგეხსენებათ, სატრანსპორტო სფეროში ორმოცწლიანი გამოცდილება გვაქვს და ვიფიქრე, ქალაქში, რომელიც თავიდან შეიძლება აშენდეს, რატომაც არ შეიძლება ძირითადი სატრანსპორტო საშუალებების მიწისქვეშ განთავსება. ამ გზით, ზედაპირზე მეტი სივრცისა და სიმწვანის შენარჩუნება და ქალაქში მხოლოდ ეკოლოგიური ტრანსპორტის გამოყენება, რისი საშუალებაც დღეს ბაზარზე უკვე არის. მიმზიდველი ქალაქები ის ადგილებია, რომელიც ფუნქციონირებს, ანუ მოქმედი და არა უბრალოდ, ლამაზი. ასე რომ, ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ფუნქციებს, როგორც ავტომობილების წარმოებაში, ისე არქიტექტურაში.

თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად დიზაინისა და არქიტექტურის სკოლის დაარსებას აპირებთ. რა იქნება ამ სასწავლებლის მთავარი მიზანი?

სკოლა გახდეს ნომერი პირველი სასწავლებელი თავის სფეროში.

ანუ ტურინსა და მილანში წასვლა აღარ გახდება საჭირო, დიზაინსა და არქიტექტურაში საუკეთესო განათლების მისაღებად?

არა, ამას ვერ ვიტყვი. რა თქმა უნდა, იცხოვრო გარემოსა და საზოგადოებაში, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება აქვს ამ კუთხით, სტუდენტისთვის დიდი უპირატესობაა. თუმცა, ჩვენ შევეცდებით ამ არეალში შევქმნათ სკოლა, სადაც ინფორმაციის სწრაფად გავრცელებისა და ახალი ტექნოლოგიების წყალობით, სტუდენტისთვის შეუძლებელი არაფერი იქნება. დღეს უკვე არის იმის საშუალება, რომ ვიყო ტურინში, თუნდაც, ჩემს ოფისში და იქიდანაც ძალიან მშვიდად ვატარო ლექციები საქართველოში.

თან სწავლების გამოცდილებაც გაქვთ...

კი, რამდენიმეჯერ მომეცა საშუალება: ესპანეთში და ტურინის პოლიტექნიკურში წამიკითხავს ლექციები. მაინცდამაინც სამაგალითო სტუდენტი არ ვყოფილვარ, მაგრამ ცხოვრების სკოლა მაქვს გავლილი, რომელიც ოცი წლის ასაკში მამაჩემის საწარმოში დავიწყე და, საბოლოო ჯამში, დიდი გამოცდილება დამიგროვდა. ვფიქრობ, გარკვეული ცოდნის გაცემა შემიძლია.

რა გასწავლათ მამასთან მუშაობამ?

მთავარი, რაც მამაჩემმა მასწავლა – დაპროექტების მეთოდი. ბუნებრივია, მას არ შეეძლო, ჩემი მუშაობისთვის სულ ედევნებინა თვალი და მითითებები გამუდმებით მოეცა. მაგრამ შეეცადა ესწავლებინა, რომ ერთ რამეზე გაჩერება არ ღირს და ნებისმიერი პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი.

თქვენი და მამათქვენის ავტოფარეხში მხოლოდ ჯუჯაროების შექმნილი ავტომობილებია, თუ სხვა დიზაინერების ნამუშევრებსაც შეხვდები?

ჩვენი ავტომობილები მუზეუმებშიც საკმარისადაა. მე პირადად, არ მიყვარს ჩემი დიზაინით შექმნილი მანქანის მართვა, იმიტომ რომ მას

კარგად ვიცნობ და ჩემთვის აღარაა საინტერესო. მამაჩემიც ასეა.

ამჟამად, ყოველდღიურად, რომელ ავტომობილს იყენებთ?

სხვადასხვა მანქანების მართვა მიყვარს, ძირითადად, კონკურენტების ავტომობილები მაინტერესებს, იმისთვის, რომ უკეთ გავერკვე სხვების საქმიანობაში. თუმცა, ყველაზე ხშირად ამჟამად VOLKSWAGEN TOUAREG-ს ვიყენებ, ჩემი კოლეგის დიზაინითაა შექმნილი და განსაკუთრებით მიყვარს, ალბათ იმიტომაც, რომ სახელი მე შევურჩიე და მერე VOLKSWAGEN-ს ვაჩუქე.

მამათქვენი – ჯორჯეტო ჯუჯარო საუკუნის დიზაინერია. კარიერის დასაწყისში, არ იყო რთული საკუთარი სახელის დამკვიდრება და მამის ჩრდილიდან გამოსვლა?

არა, არასდროს მიფიქრია ჩრდილიდან გამოსვლაზე, ყოველთვის საკუთარი საქმის კეთებაზე ვფიქრობდი. მამაჩემი, მიუხედავად ორმოცდაათწლიანი გამოცდილებისა, ძალიან თანამედროვედ აზროვნებს, რაც ჩვენს პროფესიაში აუცილებელია. ჩვენთვის ძველ ყაიდაზე აზროვნება სიკვდილს ნიშნავს. ამ მხრივ, ძალიან გაუმართლა, მის გონებას წლები ვერაფერს უშვება.

თუ არის გარკვეული კონკურენცია მამა-შვილს შორის, პროექტებზე მუშაობისას...

კონკურენცია არის და ჩხუბიც ხშირად მოგვდის. მას ჩემზე მეტი უკეთებია, მე კი მასთან შედარებით, მეტს ვმოგზაურობ. ბევრ რამეს სხვადასხვანაირად ვუყურებთ. საბოლოო ჯამში, ჩვენი განსხვავებული ხედვების, გამოცდილების ერთობლიობა და ეს კამათი ჩვენს კლიენტებს ძალიან სასიკეთოდ ადგება.

საქართველოში ჯუჯაროების რომელ ავტომობილებს შეხვდებით ყველაზე ხშირად?

საქართველოში ჯიპებია პოპულარული, ამ მარკით ბევრი არაფერი გვაქვს გაკეთებული. ისე, თუ არ ვცდები, რამდენიმე Daewoo Matiz-სა და Maserati Coupé-ს მოვკარი თვალი.

თქვენ მიერ განხორციელებული რომელი პროექტი მიგაჩნიათ ყველაზე წარმატებულად?

ავტომობილებიდან სამს დავასახელებ: პარადოქსია, მაგრამ ჩემ მიერ დაპროექტებული პირველი ექსპერიმენტული ავტომობილი Nazca, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გამოდგა. სულ ორ ეგზემპლარად გამოვუშვით. რადგან პირველი იყო, მასზე ყველაზე მეტხანს, რვა თვის განმავლობაში ვმუშაობდი. ეს დიდი ბედნიერებაა, იმის ფონზე, რომ დღეს ხანდახან ოცდაათ პროექტზე მიწევს ერთდროულად მუშაობა. ასევე დავასახელებდი Daewoo Matiz-ს, რომელსაც მთელ მსოფლიოში შეხვდები და ერთ-ერთ ბოლო, ასევე ექსპერიმენტულ ნამუშევარს VOLKSWAGEN-თან, რომელმაც სისწრაფის რეკორდი მოხსნა, საათში 322 კილომეტრს ავითარებს.

ამ სისწრაფით სად შეიძლება რომ იარო?

ამ სისწრაფით თუ იარე, ალბათ მთვარეზე მოხვდები. გერმანიაში, ზოგიერთ ზონაში არსებობს ავტობანები, სადაც სისწრაფეზე არ არის ლიმიტი, თუმცა, რეალურად, ვერსად ივლი. უბრალოდ, სისწრაფის მაჩვენებლის ზრდა, თავად ავტომობილის გაუმჯობესებას უწყობს ხელს და ამით VOLKSWAGEN-ის შესაძლებლობები ვაჩვენეთ. ეს მანქანა ხუთ ეგზემპლარადაა გამოსული და ერთ-ერთი ჩვენს მუზეუმში ინახება. რაც შეეხება წარმატებულ არქიტექტურულ ნამუშევარს, ასეთად საგანგებოდ ტურინის ოლიმპიადისთვის აგებული პავილიონი მიმაჩნია. ძალიან ფრთხილი სამუშაოს ჩატარება მოგვიწია. პავილიონი ბაროკოს ხანის მოედანზე დავდგით და ჩვენი მიზანი იყო, შეგვენარჩუნებინა ამ ისტორიული მოედნის სახე და, ამავდროულად, შეგვექმნა თანამედროვე წარმოდგენებისთვის შესაფერისი გარემო. მართალია, ამ პროექტმა დიდი კრიტიკა დაიმსახურა, რადგან ეს დროებითი კონსტრუქცია ადგილიდან დროულად ვერ აიღეს, მაგრამ თავისი ფუნქცია კარგად შეასრულა.

როდის აპირებთ საქართველოში დაბრუნებას?

მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ვნახოთ. იმედია, მალე მომიწევს დაბრუნება. საქართველოს ამჟამად კარგად არ იცნობენ, ისევე როგორც კორეას 20 წლის წინ, როდესაც იქ პირველმა მამაჩემმა დაიწყო ავტომობილის კეთება. თუმცა, დღეს კორეის საავტომობილო სახლი, ზოგიერთ ბაზარზე უკვე მესამე ადგილს იკავებს. დროა საჭირო და ვფიქრობ, რომ საქართველო ამგვარი სულისკვეთებით ბევრის გაკეთებას შეძლებს.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები