ძაღლის სასტვენი ქართულ პოლიტიკაში

„საქართველოში ამდენი აღმშენებლობა ერთად არ ყოფილა, როგორც ბოლო 5-6 წლის განმავლობაში”, – ეს სიტყვები მიხეილ სააკაშვილმა განახლებული აღმაშენებლის გამზირის გახსნაზე წარმოთქვა. „აღმშენებლობა” რიგითი ქართული სიტყვაა და შენობების, ინსტიტუტების შენებას, ეკონომიკის თუ სხვა სფეროების აღმასვლას შეიძლება ნიშნავდეს. თუმცა, ნაციონალური სენტიმენტებით ზედმეტად გატაცებულ ადამიანთა გონებაში, სააკაშვილი, ასოციაციურად, ძლიერებისა და გამარჯვების სიმბოლოს, დავით აღმაშენებლის გვერდით ან მაგიერ წარმოისახებოდა.

საჯარო ფიგურების გამოსვლებში ისტორიული კლიშეებით მანიპულირების მაგალითები არც ისე იშვიათია. ეს გასაკვირი არ არის: პოლიტიკურ ჯგუფებს, სხვადასხვა ორგანიზაციებსა თუ მედიას კონკურენტულ გარემოში გზის გასაკვალად ან მდგომარეობის შესანარჩუნებლად, აუდიტორიის მხარდაჭერა სჭირდებათ. თუმცა დემოკრატიის პირობებში ვერცერთი იდეა ან პოლიტიკური პლატფორმა ვერ მოახერხებს, ურთიერთგამომრიცხავი ღირებულებათა სისტემის მქონე ადამიანები თანაბრად მიიზიდოს. ამავდროულად, საჯარო ფიგურებს არ სურთ, დაკარგონ საზოგადოების სეგმენტი, რომელიც მათი ოფიციალური შეხედულებების ან პროგრამის მიმართ გულგრილია. თუმცა აღელვებთ თემები, რომელთა ხმამაღლა გაცხადება არც ისე მომგებიანია: ნაციონალისტური სენტიმენტები, რასიზმი, სექსიზმი თუ სხვა. ზოგჯერ ასეთი ფიგურები ცდილობენ, საზოგადოების მეინსტრიმული ჯგუფების კრიტიკაც აირიდონ და მარგინალური ნაწილის გულიც მოიგონ. ისინი საჯარო გამოთქმებში ხშირად ამბობენ ერთს და გულისხმობენ მეორეს.

არსებობს ასეთი ტერმინი – Dog-whistle politics (ძაღლის სასტვენის პოლიტიკა). ის სათავეს 90-იანი წლების ავსტრალიიდან იღებს და, როგორც წესი, ნეგატიური გაგებით გამოიყენება. ძაღლების საწვრთნელი სასტვენის მსგავსად, რომლის ხმას ცხოველი აღიქვამს, ადამიანი კი – არა, არსებობს მესიჯები, რომლებიც შეუმჩნეველი რჩება საზოგადოების ერთი ნაწილისთვის. სამაგიეროდ, კარგად ესმით სხვა ჯგუფებს და შესაბამის რეაქციასაც იწვევენ – მოწონებას, ინტერესების თანხვედრის განცდას. ჩვეული რიტორიკისგან გასხვავებით, სტვენას ერთდროულად ღია მნიშვნელობაც აქვს და დაფარულიც. ამიტომ, სწორად მოხმარების შემთხვევაში, მძლავრი იარაღი ხდება პოლიტიკოსების, სხვადასხვა ორგანიზაციების თუ მედიის ხელში.

როგორც წესი, რთულია დარწმუნებით თქმა, მართლაც ფარულ მესიჯთან გვაქვს საქმე თუ არა. ავტორს ყოველთვის შეუძლია, მისი არსებობა უარყოს. ამიტომ, შეფასებისას ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ შესაძლო ეფექტს, რომლის მოხდენაც შეუძლია ამა თუ იმ გამოსვლას საზოგადოებაზე.

„სტვენის” მაგალითები საქართველოშიც შეგვიძლია მოვიძიოთ. ხანდახან ეს მცდელობები უწყინარია და საზოგადოებას განსაკუთრებულ საშიშროებას არ უქმნის – მაგალითად, სააკაშვილისა დააღმაშენებლის ზემოთ მოყვანილ ანალოგიაში. თუმცა, ხშირად მათი არსებობა პრობლემური და სახიფათოა, რადგან ისეთი თემების გარშემო ტრიალებს, როგორიცაა ქსენოფობია, ეთნიკური თუ რელიგიური შეუწყნარებლობა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი. თანაც, სამიზნე ჯგუფები ფარულ ქსენოფობიურ გამონათქვამებს უფრო მარტივად იღებენ, ვიდრე ღიას – ასე თავს ნაკლებ მარგინალურებად გრძნობენ.

როგორც წესი, Dog-whistle ახასიათებს საზოგადოებებს, სადაც საჯარო ფიგურები საზოგადოების წნეხს განიცდიან. ისინი კრიტიკას ექვემდებარებიან და იძულებულნი არიან, საკუთარი მიზნები უფრო „პროფესიონალურად” შენიღბონ. საქართველოში, გამადიდებელი შუშის ქვეშ მნიშვნელოვანი მოთამაშეებიც კი არ ექცევიან – მიუხედავად კრიტიკის ქარცეცხლისა, მათი მიმართვების დეტალური ანალიზი იშვიათად კეთდება. ამიტომ, „გახსნილი სიხშირით” საუბარს აქ იმდენი ზიანი არ მოაქვს, რასაც დასავლეთის ქვეყნებში მოუტანდა.

სხვა ფიგურებს შორის, ღიად საუბრის ფასი უფრო მაღალია პოლიტიკოსებისთვის – ისინი მეტად ექვემდებარებიან კრიტიკას. გარდა ამისა, უარყოფითი რეაქციის გაზომვა მარტივია, რადგან რეიტინგსა და ამომრჩეველზე აისახება. მაგალითად, მარგინალური პრორუსული პოზიციების ღიად გამოხატვა საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის შემცირებით ან პოლიტიკური გაბანკროტებით „ისჯება”. ამის დასტურია, თუნდაც, ნინო ბურჯანაძის გასული წლების აქტივობები და საზოგადოებიდან მნიშვნელოვანი უკუკავშირის არარსებობა. შესაბამისად, პოლიტიკოსებს მეტად უწევთ შენიღბვა.

ამ მხრივ საინტერესოა პოლიტიკური გამოხმაურებები, რომლებიც გასულ წელს, რელიგიური გაერთიანებების სტატუსის ცვლილებას მოჰყვა. მაგალითად, ამ საკითხთან დაკავშირებით რესპუბლიკური პარტიის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ: „ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით (ყოველთა სომეხთა კათალიკოსის ვიზიტი საქართველოში და ა.შ.) შეიძლება დავასკვნათ, რომ საკითხი ნაჩქარევად გადაწყდა ამ მოვლენების ფონზეც. ჩვენთვის მიუღებელია უმნიშვნელოვანესი საშინაო საკითხის გადაწყვეტა … საზოგადოებისთვის უცნობი ფაქტორების ნიადაგზე მიღწეული გარიგების ფორმატში, რამაც შეიძლება დააზარალოს ჩვენი სახელმწიფოებრიობა” – შეგნებულად თუ შეუგნებლად, ეს აბზაცი კარგად იმუშავებდა ქსენოფობ ჯგუფებზე, შემდეგი „თარგმანით”: სომეხს (კათალიკოსს) გავლენა აქვს საქართველოს საშინაო პოლიტიკაზე, რაც ქართულ სახელმწიფოებრიობას საფრთხეს უქმნის.

ნოყიერი ნიადაგია რუსეთთან ურთიერთობის და ომის თემაც. მაგალითად, პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა კითხვაზე – არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, უპასუხა: „საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი”. ფართო საზოგადოებისთვის, ეს ფრაზა დადებით პასუხს ნიშნავს. ამასთან, განსხვავებულ ინტერპრეტაციას მისცემდნენ პრორუსული ჯგუფები, რომელთათვის საერთაშორისო თანამეგობრობა განსაკუთრებულ ავტორიტეტს არ წარმოადგენს. ანალოგიურად შეიძლება გავშიფროთ ირაკლი ალასანიას ფრაზა „კონფლიქტებით ნატოში არავინ შეიყვანს” და, ამავდროულად, რომ საქართველოს ესაჭიროება „რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობის აღდგენა, მისი ეკონომიკისთვის”.

საპირისპიროდ, ზოგიერთ ფიგურას ან ორგანიზაციას, მაგალითად, საპატრიარქოს და მის წარმომადგენლებს კრიტიკისგან არაფორმალური იმუნიტეტი იცავს. მრავალი შემთხვევა გვახსოვს, როდესაც მათი პირით ღია რასისტული და სქენოფობიური განცხადებები გაკეთებულა. ამას რეაქცია მოჰყვა, მაგრამ ფართო აუდიტორია (მრევლი) განსაკუთრებულ საგონებელში არ ჩაუგდია.

მეორე მხრივ, საპატრიარქოს უმაღლესი წარმომადგენლების განცხადებებში ხშირად გვხვდება ნაგულისხმევი გზავნილებიც. მაგალითისთვის, რელიგიური ორგანიზაციების სტატუსის ცვლილებისას, სომხების მიმართ ქსენოფობიური ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლეოდა პატრიარქის განცხადება: „როცა სომხებს უჭირდათ, ჩვენ მუდამ ვეხმარებოდით და როცა ჩვენ გვიჭირდა, ისინიც გვეხმარებოდნენ. ეს კანონი იმდენად რთული და საპასუხისმგებლოა, რომ შეიძლება ბოროტად იქნას გამოყენებული”.

საგულისხმოა აზიზიეს მეჩეთსა და ქართულ ძეგლებზე თურქულ მხარესთან გამართულ მოლაპარაკებებზე საპატრიარქოს ოფიციალური განცხადებაც: „საქართველოში მუსლიმები, ისევე, როგორც სხვა რელიგიის აღმსარებელნი … ყოველთვის კარგად გრძნობდნენ თავს. ამას, პირველ რიგში, ქართველი ადამიანის შემწყნარებლური ქრისტიანული ბუნება განაპირობებს”, – ეს ფრაზა, ცხადი მნიშვნელობის გარდა, ფარულ დატვირთვასაც ატარებს: ქართველ ქრისტიანს ბევრის ატანა უწევს, გარშემო მრავალი რამაა (რელიგიური უმცირესობები), რის მიმართაც „შემწყნარებლობა” გვიწევს.

აქვე ვკითხულობთ: „...ყოვლად მიუღებელია ოშკის და იშხანის გადარჩენის საბაბით ბათუმში ჩვენი ისტორიის მძიმე პერიოდის სიმბოლოს, აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა”. ამ ფრაზაში, ერთი მხრივ, ცხადად ჩანს ისტორიული ფაქტი – საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობა გასულ საუკუნეებში. კონტექსტის გათვალისწინებით, დამალული მხარე ასე ჟღერს: „მეჩეთის მშენებლობა თურქეთის/მუსლიმების დამპყრობლური პოლიტიკის გაგრძელებაა”.

მესიჯების გადაცემაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მედია. რიგ შემთხვევებში, ჟურნალისტები და კომენტატორები თავადაც არიან „სტვენის” ავტორები. მაგალითად, მედიამონიტორინგების უმრავლეს დოკუმენტებში აღწერილია, როგორ აშუქებენ ტელეარხები (მათ შორის, ნაციონალური მაუწყებლები, საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა) ეროვნული და რელიგიური უმცირესობების თემებს. უმცირესობებს წარმოაჩენენ არა სიუჟეტის სუბიექტად, არამედ ობიექტად – სხვები აკეთებენ მათზე კომენტარებს. ხანდახან „სტვენა” სიჩუმითაც გამოიხატება – ამბავზე, რომელზეც საზოგადოება რეაგირებას ელის, ხაზგასმულად დუმილის შენარჩუნება უკვე არის გარკვეული მესიჯი – მსგავსი რამ ნაციონალურ ტელეარხებზე ხშირად ხდება.

მედია აქტიურია ღია საუბარშიც. როგორც სხვადასხვა მედიამონიტორინგის შედეგებიც ადასტურებს, ქსენოფობია, ჰომოფობია და რასიზმი ღიად ძირითადად ბეჭდური მედიიდან მოედინება (ასავალ-დასავალი, ალია, კვირის ქრონიკა…). ტელემედიაში უმცირესობები ნაკლები სიხშირით შუქდება, თუმცა, თუნდაც გასართობ შოუებში, ხშირია სტერეოტიპული დამოკიდებულება – აქცენტები ეთნიკურ წარმომავლობაზე, რელიგიურ კუთვნილებაზე ან სექსუალურ ორიენტაციაზე.

ამ ეტაპზე, პოლიტიკური და საზოგადოებრივი კულტურის შედარებით დაბალი დონიდან გამომდინარე, საეჭვოა, საქართველოში საჯარო ფიგურათა უმრავლესობა სასტვენის პოლიტიკის „ხელოვნებას” კარგად ფლობდეს. კულტურის ამაღლებასთან ერთად, ღიად საუბარი არამხოლოდ პოლიტიკოსებისთვის გახდება საზიანო. ამიტომ, საჯარო ფიგურებს „სტვენის” უკეთ დაუფლება მოუწევთ, საზოგადოებას კი – მეტი ყურადღების მიქცევა შინაარსისთვის.

 

კომენტარები