შრომითი უფლებები

შრომის უფლების თავისებურებები საქართველოში

პროფკავშირები მთავრობისგან უფლებების გაზრდას მოითხოვენ. მათ პეტიციით საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მიმართეს. ამ საკითხთან დაკავშირებით შარშან, იანვარში ვაშინგტონში აშშ-ის პრეფერენციების გენერალიზებული სისტემის (GSP) ფარგლებში ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა. იქ ყველა მხარეს შეეძლო საკუთარი არგუმენტები წარმოედგინა.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, ისევე როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარტნიორი ქვეყანა – აშშ, ყურადღებას სამ ძირითად პრობლემაზე ამახვილებენ. დასაქმებული ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს; პროფკავშირების მეტი კონკურენტუნარიანობისა და ავტონომიურობისთვის დადგინდეს საწევროს შეგროვების წესი და შრომითი კანონმდებლობის აღსრულებისთვის შეიქმნას ე.წ. შრომის ინსპექცია – ცენტრალიზებული ორგანო, რომელიც კანონმდებლობის აღსრულებას გააკონტროლებს.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოს შრომის კოდექსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოქნილია. დამქირავებლისა და დაქირავებულის ურთიერთობები კონტრაქტის საფუძველზე რეგულირდება. კონტრაქტი კი მოლაპარაკების საფუძველზე დგება. დაქირავებულს სრული უფლება აქვს დამქირავებელს საკუთარი პირობები შესთავაზოს, დამქირავებელს შეუძლია ისინი ან გაითვალისწინოს, ან – არა. კერძო შეთანხმების შედეგად, საბაზრო პრინციპები უკეთ არის დაცული. მაღალი და ღია კონკურენციის შედეგად ორივე მხარე იღებს იმას, რასაც დასაქმებისგან მოელის: დამსაქმებელი შესაბამისი კვალიფიკაციის კადრს, ხოლო დასაქმებული შესაბამის სამუშაო პირობებს და ანაზღაურებას. კერძო ურთიერთობაში წამოჭრილ ყველა პრობლემას ან კონტრაქტი არეგულირებს, ან უკიდურეს შემთხვევაში – სასამართლო.

მთავრობა, სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ საქართველოში პროფკავშირებს უფრო მეტი წევრი ჰყავთ, ვიდრე ყველა სხვა საშუალოზე ნაკლები შემოსავლის მქონე ქვეყანაში – მაგალითად, სომხეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი, უკრაინა. კოლექტიურ მოლაპარაკებებშიც საქართველოში დასაქმებულები უფრო დიდი რაოდენობით მონაწილეობენ, ვიდრე ისეთ სახელმწიფოებში, სადაც ამ მექანიზმს უფრო დიდი გამოცდილება აქვს დაგროვილი – მაგალითად, აშშ-ში ან ევროპის ბევრ ქვეყანაში.

საქართველოში, დაქირავებით აქტიური სამუშაო ძალის დაახლოებით 10%-ია დასაქმებული. ეს ის ნაწილია, ვისზეც შრომის კოდექსი ვრცელდება. CRRC-ის გამოკითხვის მიხედვით, პროფკავშირების წევრი 1%-ზე ნაკლებია. მაღალი უმუშევრობის პირობებში, დამატებითი საკანონმდებლო ბარიერები შრომის ბაზარზე დასაქმებას შეუშლის ხელს.

მაგალითად, ერთი რჩევის მიხედვით, საქართველომ უნდა აღადგინოს ერთიანი ინსპექცია. ეს უკანასკნელი კანონმდებლობის დარღვევებს შეისწავლის და რეაგირებას მოახდენს. ამ ტიპის მარეგულირებელი, ვარდების რევოლუციის შემდეგ აღარ არსებობს. აქტიური რეფორმირების პერიოდში ყველა ის ინსპექცია და მარეგულირებელი გაუქმდა, რომელიც კორუფციის საფრთხეს შეიცავდა. მსგავსი რეფორმების შედეგად, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, კორუფცია ყველა მიმართულებით, მათ შორის, შრომითი ურთიერთობების კუთხითაც შემცირდა.

კიდევ ერთი რჩევის შესაბამისად, კარგი იქნება, თუ საქართველოში პროფკავშირებისთვის საწევროს აკრეფის პროცედურა დაიხვეწება. საბჭოთა სისტემისგან განსხვავებით, თანამედროვე პროფკავშირის წევრობაც და საწევროს გადახდაც ნებაყოფლობითი უნდა იყოს. მაგალითად, ბევრ სახელმწიფო ორგანიზაციას აქვს გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულებები პროფკავშირებთან. ამ ხელშეკრულების საფუძველზე კავშირის საქმიანობისთვის თანამშრომლებს ხელფასის 1% საწევროს სახით ექვითებათ.

თუმცა, როცა ფოთის პორტსა და პროფკავშირებს შორის კოლექტიურ შეთანხმებას ვადა გაუვიდა და წევრებს ინდივიდუალურად წერილობითი თანხმობა უნდა გამოეთქვათ, რომ მზად იყვნენ ყოველთვიურად ხელფასის 1% დაქვითვოდათ, 1300 წევრიდან თანხმობა მხოლოდ 30-მა ანუ 2%-ზე ოდნავ მეტმა განაცხადა.

გაფიცვის უფლება ერთ-ერთია მათ შორის, რის უფრო გამარტივებასაც მთავრობა საერთაშორისო ორგანიზაციების რჩევით აპირებს. ჯერჯერობით მხოლოდ სამუშაო ვერსია არსებობს, თუმცა გაფიცვის მაქსიმალური ვადა შეიძლება გაუქმდეს. მთავრობა გაითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციების ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას – პროფკავშირების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. ამისთვის, პროფკავშირის შესაქმნელად წევრების აუცილებელ მინიმალურ ზღვარს, სავარაუდოდ, მთლიანად მოშლის. დღეს პროფკავშირის შესაქმნელად, სულ მცირე, 100 წევრია საჭირო.

 

კომენტარები