მუსლიმები

მუსლიმი ძმები

რევოლუციიდან ერთი წლის შემდეგ, ისლამისტებმა ეგვიპტის სათავეში მოსვლის რეალური მანდატი მოიპოვეს. მათთვის მთავარი გამოწვევა ქვეყნის დაუძლურებული ეკონომიკაა. ეგვიპტის მშპ, წინა წლის 1,85%-იან მაჩვენებელთან შედარებით, წელს მხოლოდ 0,4%-ით გაიზარდა. უცხოური ინვესტიციები ბოლო 12 თვის მანძილზე თითქმის ორმაგად შემცირდა. ეს ევგიპტურ ფუნტზე ხელისუფლების პროტექციონისტულმა პოლიტიკამ განაპირობა. სესხებზე საფასური იზრდება. ნაციონალური ვალუტის დევალვაცია, მრავალი ეკონომისტის აზრით, გარდაუვალია. 2012 წლის Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, ეგვიპტეს, 11,7%-იანი ინფლაციით, მე-100 ადგილი უჭირავს.

მუსლიმური საძმო მოსახლეობას ახალ „ეკონომიკური განვითარების პროგრამას” სთავაზობს. ეს ხედვა კორუფციისა და ქრონიკული უმუშევრობის აღმოფხვრას, მწარმოებლობისა და უცხოური ინვესტიციების ზრდას, სოფლის მეურნეობის სექტორში მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას ითვალისწინებს. საძმოს ეკონომიკური დოქტრინა ძველი laissez-faire (ჩაურევლობის) ტრადიციითაა გაჯერებული. მაგალითად, 1950-იან წლებში დაჯგუფება, ეგვიპტის ეკონომიკის ნაციონალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების გამო, პრეზიდენტ გამალ აბდელ ნასერის წინააღმდეგ იბრძოდა.

მუსლიმური საძმოს შეხედულებით, ისლამი საბაზრო ეკონომიკისა და თავისუფალი ბაზრის მომხრეა. ჯგუფი მხარს უჭერს დაბალ გადასახადებსა და ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას ყურანში შემდეგი სიტყვების გამო: „ვისაც ბაზარზე შეაქვს საქონელი, კეთილია, მაგრამ ის, ვინც მონოპოლიას ახორციელებს, ბოროტი”. ქვეყნის ღარიბი მოსახლეობა აღტაცებულია საძმოს ახალი მფარველობითი სისტემით, რომელიც კვებას, განათლებასა და ჯანდაცვას უზრუნველყოფს მათთვის.

პარტია საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგაციას შეხვდა. განიხილებოდა 3 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფის საკითხი. მასზე გასული წლის ზაფხულში ეგვიპტის სამხედრო ხელისუფლებას უარი ეთქვა. მუსლიმურმა საძმომ განაცხადა, რომ ეგვიპტისა და ისრაელის მიერ ერთობლივად მართულ ინდუსტრიულ ზონებში ვაჭრობას ხელს არ შეუშლის, რათა ორ პარტნიორს შორის მშვიდობიანი სავაჭრო ურთიერთობა განვითარდეს. 1979 წელს, რამდენიმე მსხვილი კონფრონტაციის შემდეგ, ეგვიპტე გახდა პირველი არაბული ქვეყანა, რომელმაც ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერა ხელი. თავიდან მუსლიმური საძმო კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მსგავს ქმედებას და ხელშეკრულების რევიზიას მოითხოვდა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კი თავისი პოზიცია შეარბილა. მათი აზრით, დაძაბულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ ეკონომიკურ ურთიერთობებზე გავლენა არ უნდა იქონიოს.

მას შემდეგ, რაც პალესტინელმა ტერორისტებმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთი ნაწილი დაბომბეს, ისრაელმა საპასუხო საჰაერო იერიში მიიტანა. ისლამისტებით დომინირებადმა პარლამენტმა კი საძმოს ახალი სტრატეგიის საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავა. მან ერთსულოვნად დაუჭირა მხარი ეგვიპტიდან ისრაელის ელჩის გაწვევისა და ისრაელში ბუნებრივი აირის ექსპორტის შეწყვეტის საკითხს. პარლამენტის ანგარიშში ნათქვამია: „რევოლუციური ეგვიპტე არასდროს იქნება სიონისტური გაერთიანების (ისრაელი) მეგობარი, პარტნიორი ან მოკავშირე, რომელსაც ჩვენ ეგვიპტისა და არაბული სამყაროს ნომერ პირველ მტრად მივიჩნევთ”.

ხაირატ ალ-შატირი მუსლიმური საძმოს და დღევანდელი პოლიტიკური ისლამის მოტორია. სწორედ ის კურირებს „ახალი ეგვიპტის” პროექტს. მუბარაქის რეჟიმის დროს ციხეში გატარებული წლებისას, სხვადასხვა ქვეყნის ელჩებთან, ტრანსნაციონალური კორპორაციების ხელმძღვანელებთან, ამერიკელ სენატორებთან და სხვა მაღალჩინოსნებთან შეხვედრასა და საძმოს ხედვების გაზიარებაზე მას მხოლოდ ოცნება შეეძლო. დღეს კი ეს რეალობად იქცა. მისი თქმით, ისლამი საჭიროებს დემოკრატიას, თავისუფალ

ბაზარსა და მოთმინებას რელიგიური უმცირესობებისადმი.

„მუსლიმური საძმო ღირებულებებზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც საკუთარი თავის გამოსახატავად სხვადასხვა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჯანდაცვისა და სოციალურ საშუალებებს იყენებს, მათი დანაწევრება დაუშვებელია”, – განაცხადა ბატონმა შატირმა. ხაირატ ალ-შატირი ზომიერებისა და მოდერნიზაციის დამცველადაა ცნობილი. მუსლიმურ საძმოს სწამს, რომ დემოკრატიული რეფორმები ეგვიპტის რენესანსს გამოიწვევს.

ჯგუფი მხარს უჭერს იმ ადამიანების უფლებებს, რომელთაც უფრო სეკულარული ხედვა აქვთ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში მონაწილეობაზე. თუ ისლამური სწავლების საჯარო ცხოვრებაში გამოყენებაზე აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშვა, საზოგადოება ნებისმიერი დავების დარეგულირებისათვის დემოკრატიულ მეთოდებს უნდა დაეყრდნოს. ამ არჩევანის პარამეტრები უნდა მოხაზოს როგორც პოლიტიკის, ეკონომიკის და სხვა დისციპლინების ექსპერტმა, ისე ისლამის ღრმა მცოდნემ.

ერთ-ერთი ლიბერალი კანონმდებლის, მუჰამად აბუ ჰამიდის აზრით, ბატონი შატირი ეგვიპტის მომავალი ხელისუფლების დე ფაქტო ზედამხედველია. ეგვიპტე ახლაც საძმოს საბჭოს მეშვეობით იმართება, განაცხადა ბატონმა ჰამიდიმ ინდოეთის საელჩოში ერთ-ერთი ღონისძიების დროს. პოლიტიკოსები, დიპლომატები, ბიზნესმენები, ყველა, შატირის ირგვლივ ტრიალებდა – „ეს მეტყველებს, თუ სად არის ძალაუფლება”.

მუსლიმური საძმოს ახალ პოლიტიკას ერთი დიდი პრობლემა ახლავს. ეს არაბული გაზაფხულის სინდრომია. საინტერესოა, როგორ შეუთავსებენ ისინი თავიანთ ისტორიულ რელიგიურ მისიებს უფრო თანამედროვე პლურალისტურ დემოკრატიას. რას უნდა ველოდეთ, როდესაც ისლამისა და თანამედროვეობის პოლიტიკური შეჯახება ხდება? როგორ განვითარდება ტურიზმი, თუ სალაფიტების მიერ შეთავაზებული შარიათის მკაცრი ნორმები დაკანონდება, რომლებიც ალკოჰოლისა და საცურაო კოსტიუმების აკრძალვას ეხება. მით უმეტეს, როდესაც ამ პოზიციას პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, ჰაზემ აბუ სალაჰ ისმაილი, იზიარებს.

შესაძლოა, კონსერვატიულმა ისლამურმა პოლიტიკურმა ფორმირებებმა გამალებული ბრძოლა დაიწყონ მოდერნიზაციასა და გლობალიზაციასთან. რადიკალი ისლამისტების წარმატება პოლიტიკაში უცხო არ არის. მაგალითისთვის ვაჰაბიტების საუდის არაბეთი და აიათოლას ირანი გამოდგება. მაგრამ ამ უკანასკნელთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი უმაგრებთ ზურგს. მათ, უდიდესი ნავთობრეზერვების დახმარებით, გარე სამყაროსგან განსაზღვრული დამოუკიდებლობა აქვთ. ეგვიპტეში, რადიკალებს ასეთი ფუფუნება არ გააჩნიათ. ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ისინი აფასებენ ბატონი შატირის ეფექტურობას.

ეგვიპტისთვის აუცილებელია გარე სამყაროსთან ინტეგრირება. „ჩვენ გლობალიზაციის წინააღმდეგ ვიქნებით თუ არა, ეს უკვე არჩევანის საკითხი აღარაა”, – განაცხადა ბატონმა შატირმა. ისინი პარლამენტში სტაბილურობის, ეფექტური მმართველობისა და უკეთესი ეკონომიკის დაპირებების გამო აირჩიეს. ბოლო არჩევნების მიხედვით, ეგვიპტელები სწორედ ისლამურ სახელმწიფოს ითხოვენ. ტექნოკრატიული მოდერნიზმისა და კონსერვატიული ღირებულებების ნარევი, მათ ისევ მრავალპარტიულ ერთეულად გადააქცევს და ამომრჩეველთა ხმებს დაუკარგავს.

მუსლიმურმა საძმომ ისლამური ნორმები უფრო უნივერსალურ კონსერვატიულ ღირებულებებად უნდა გადააქციოს. ამასთან დაკავშირებით მომავალში მნიშვნელოვანი საკითხი – აღმსარებლობის თავისუფლება წამოიჭრება.

რთულია ერთმანეთს შევადაროთ ისლამისტები და ომისშემდგომი ევროპის ქრისტიან-დემოკრატები. რელიგიური შეფერილობის ევროპული კონსერვატიული პარტიები, ისლამისტებისაგან განსხვავებით, სჯულის კანონის სახელმწიფო კანონად გამოცხადებას არ ითხოვენ. საძმო ზომიერი პარტია ვერ გახდება, თუ ამ საკითხში თავის პოზიციას არ გადახედავს.

მუსლიმური საძმოსთვის ანკარის ხელისუფლება მისაბაძი მაგალითია. თუმცა თურქეთის სიტუაცია ჩრდილოეთ აფრიკის ამ სახელმწიფოებისგან განსხვავდება. 1920-იან წლებში, ქემალ ათათურქის მეთაურობით, ქვეყანამ მდგრადი პროდასავლური პოლიტიკა დაიწყო. ათათურქის რეფორმებმა განაპირობა, რომ დღეს თურქეთის ეკონომიკა ერთ-ერთი დინამიკურად განვითარებადი ეკონომიკაა მუსლიმურ სამყაროში. ჩაკეტილიდან ღია საზოგადოებად ტრანსფორმაცია, არაბულ-მუსლიმური სამყაროსთვის ძალიან ნელი და მტკივნეული იქნება.

„ეგვიპტე არის პირველი სუნიტური ისლამური ექსპერიმენტი დემოკრატიაში”, – განაცხადა შადი ჰამიდმა. ის დოჰაში ერთ-ერთი ცნობილი კვლევითი ცენტრის დირექტორია. ექსპერიმენტის წარმატება, ალბათ, რეალობას ნაკლებად შეესაბამება.

 

კომენტარები