ჩრდილოეთ კორეა

ახალი კიმის დებიუტი

ჩრდილოეთ კორეა, ამერიკული დახმარების სანაცვლოდ, ბირთვული პროგრამის შეჩერებისთვის მზადაა. 29 თებერვალს მიღწეული შეთანხმებით, ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღის ტესტირებას, ურანის გამდიდრებას და გრძელი დისტანციის რაკეტების გაშვებას შეწყვეტს. ქვეყანა საერთაშორისო ინსპექტორების მიერ მთავარი რეაქტორის მონიტორინგზე თანხმობას აცხადებს. ბოლო ოთხი წლის მანძილზე პირველი შეთანხმება იზოლირებული სახელმწიფოს მხრიდან, ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ, პოზიტიური ნაბიჯია. თუმცა გარიგება ორი კვირის შემდეგ საფრთხეში ჩააგდო ფხენიანის განცხადებამ მომდევნო თვეში ორბიტაზე თანამგზავრის გაშვების შესახებ.

ჩრდილოეთ კორეისა და აშშ-ის ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრების სერია კიმ ჩენ ირის გარდაცვალებამდე დაიწყო. 2011 წლის ივლისიდან დღემდე, ორი სახელმწიფოს ოფიციალური პირები რამდენჯერმე არაფორმალურად შეხვდნენ ერთმანეთს. მათ 2009 წელს შეწყვეტილი პირდაპირი მოლაპარაკებების აღდგენაზე ისაუბრეს. პეკინში მიღწეული შეთანხმებით ჩრდილოეთ კორეა, ბირთვული მორატორიუმის გარდა, მზადყოფნას გამოთქვამს დაუბრუნდეს ექვსი მხარის მოლაპარაკებებს (ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა, აშშ, რუსეთი, ჩინეთი, იაპონია) ბირთვული პროგრამის შესახებ. თავის მხრივ, აშშ კომუნისტურ ქვეყანას 240,000 ტონა საკვებს მიაწვდის, რომლის განაწილებაზე მოსახლეობას შორის 100 ამერიკელი ინსპექტორი იზრუნებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა შეთანხმებას „სწორი მიმართულებით პირველი მოკრძალებული ნაბიჯი” უწოდა.

გარიგებას საფრთხეს უქმნის ჩრდილოეთ კორეის მოულოდნელი გადაწყვეტილება აპრილში ორბიტაზე თანამგზავრის გაშვების შესახებ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მას „ძალიან პროვოკაციული” უწოდა, რაც ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებს უხეშად დაარღვევს. სატელიტური ტექნოლოგიის გამოცდა 12-16 აპრილსაა დაგეგმილი, როდესაც ჩრდილოეთ კორეა სახელმწიფოს დამაარსებლის, კიმ ირ სენის, 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. უკანასკნელად ფხენიანმა თანამგზავრი 2009 წელს გაუშვა, რასაც გაეროს უშიშროების საბჭოდან დაგმობა და სანქციების გამკაცრება მოჰყვა. ამ ქმედებით ჩრდილოეთ კორეა არღვევს რეზოლუციებს ინტერკონტინენტალური ბალისტიკური სარაკეტო ტექნიკის გამოყენების შესახებ. თანამგზავრისა და რაკეტის გაშვების ტექნოლოგია თითქმის იდენტურია. ამიტომ აშშ თანამგზავრის გაშვებას რაკეტებისა და ბირთვული იარაღის განვითარების საფარად მიიჩნევს, როდესაც ფხენიანი მას მშვიდობიანი კოსმოსური პროგრამის ნაწილად აცხადებს. მიმომხილველთა აზრით, სატელიტის გაშვება ახალ ლიდერს, კიმ ჩენ ინს, ძალაუფლების გასამყარებლად სჭირდება, თუმცა ამით მან შესაძლოა აშშ-ის საკვებით დახმარება დაკარგოს. სხვა მოსაზრებით, შეთანხმების მოულოდნელი ცვლილება მოლაპარაკების ტაქტიკაა მეტი დათმობის მისაღებად ან, უბრალოდ, ჩრდილო კორეელთა მხრიდან გაუთვლელობა.

შეთანხმების შესრულების შემთხვევაში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მონიტორებს ჩრდილოკორეული ბირთვული პროგრამის შეფასების საშუალება მიეცემათ. 2010 წლის ნოემბრის უკანასკნელი ვიზიტისას ამერიკელი და სამხრეთ კორეელი ოფიციალური პირები იონბიონის რეაქტორის მასშტაბურობითა და მოდერნულობით გაოცებული დარჩნენ. რეაქტორი, სულ მცირე, ათასი ცენტრიფუგითაა აღჭურვილი. მიუხედავად ამისა, შეთანხმება გამოსავალი არაა და აშშ-სთვის რისკებს შეიცავს. დასავლური დაზვერვის სააგენტოების მონაცემებით, ფხენიანი ოთხიდან თორმეტამდე ატომური ბომბისთვის საჭირო პლუტონიუმს ინარჩუნებს. ვარაუდობენ, რომ დამალულ საწარმოებში მაღალ დონეზე გამდიდრებული ურანის გამოყენებით, მას უფრო მეტი იარაღის შექმნის შესაძლებლობა აქვს.

ისმის კითხვები, არის თუ არა კიმ ჩენ ირის შვილის, კიმ ჩენ ინის, სათავეში მოსვლა გარღვევა განდგომილი სახელმწიფოს ურთიერთობებში დასავლეთის მიმართ. სკეპტიკოსთა აზრით, ფხენიანის ნაბიჯი მხოლოდ მოკლე ვადაზე გათვლილი მცდელობაა საკვების დეფიციტის აღმოსაფხვრელად. ჩრდილოეთ კორეაში მოსახლეობის გამოკვება, 1990-იანი წლების შიმშილის შემდეგ, სერიოზულ პრობლემად რჩება. მან მრავალი ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მსოფლიოს კვების პროგრამის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის 40%-ს (რაც 8,7 მილიონს შეადგენს), კვების პროდუქტებით დახმარება დაუყოვნებლივ ესაჭიროება. სურსათის უკმარისობა 2011 წლის მძიმე ზამთარმა და ჩინეთიდან და სამხრეთ კორეიდან არსებული იმპორტის შემცირებამ კიდევ უფრო გააუარესა.

ჩრდილოეთ კორეისთვის ბირთვული იარაღის თემა, საერთაშორისო საზოგადოებასთან ვაჭრობის ობიექტის გარდა, პოლიტიკური გადარჩენის ინსტრუმენტია. კიმ ჩენ ინის მსგავსად, მამამისმაც, კიმ ჩენ ირმა, 1994 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, შეაჩერა პროგრამა, რომელიც 2002 წელს ისევ გააგრძელა. ბირთვული განიარაღების შესახებ მხარეები 2005 წელსაც მორიგდნენ, თუმცა სამი წლის შემდეგ ფხენიანმა საერთაშორისო ინსპექტორები იანბიონის მთავარი ბირთვული რეაქტორიდან გამოაძევა. მიმომხილველთა აზრით, ნაკლებად მოსალოდნელია 29 წლის ახალმა ლიდერმა უარი თქვას ბირთვულ პროგრამაზე, რადგან ამით საკუთარ პოზიციებს დაისუსტებს. სავარაუდოა, რომ ფხენიანი მათ გამოყენებას დასავლეთიდან სარგებლის მიღების ფორმით გააგრძელებს.

ჩრდილოეთ კორეა თითქმის მეორე ათწლეულია ბირთვულ შანტაჟს წარმატებით ახერხებს. ამ ხნის განმავლობაში აშშ-ის გაცხადებული მიზანი ქვეყნის სრული ბირთვული განიარაღებაა. რეგულარული კომპენსაციების მიუხედავად, ფხენიანმა პროგრამა უფრო მეტად განავითარა. საერთაშორისო სანქციები ჩინეთის მონაწილეობის გარეშე აზრს კარგავს, რადგან Washington Post-ის მონაცემებით, მასზე განდგომილი ქვეყნის ვაჭრობის 80% მოდის. არსებული სტრატეგიის ალტერნატივად კრიტიკოსები რეჟიმის ცვლილებას განიხილავენ, რომელსაც, სავარაუდოდ, საგრძნობი ადამიანური და ფინანსური დანაკლისი მოჰყვება. ისინი მიუთითებენ კიმ ჩენ ირის სიკვდილის შემდეგ ხელისუფლების ტრანზიციის გამოყენების გზებზე კორეის გაერთიანების დასაჩქარებლად. კიდევ ერთ პრაქტიკულ გამოსავლად ასახელებენ აშშ-ის მიერ ბირთვული კომუნისტური სახელმწიფოს არსებობასთან შეგუებას და ლოდინს, სანამ რეჟიმს საკუთარი არაეფექტურობა არ შეიწირავს.

2012 წელს მარადიული პრეზიდენტის და მოქმედი ლიდერის ბაბუის, კიმ ირ სენის, დაბადებიდან ასი წელი სრულდება. ამ წელს ოფიციალური იდეოლოგია, ჩუჩხე, „ძლიერ და მოწინავე ქვეყნად” გადაქცევას ვარაუდობდა. ამის სანაცვლოდ, სტალინიზმის უკანასკნელ ბასტიონს ბირთვული მუქარით მხოლოდ მოსახლეობის მძევლად აყვანა და გამოსასყიდის მოთხოვნა შეუძლია.

კომენტარები