კახა ბენდუქიძე

სხვა გზა არ არსებობს

ბოლო პერიოდში საქართველოში გატარებული რეფორმებით ბევრი ქვეყანა დაინტერესდა. არაერთი წიგნიც გამოიცა. სულ ახლახან თავისუფალ უნივერსიტეტში მსოფლიო ბანკის კავკასიის, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორის, ასად ალამის წიგნის – „კორუფციასთან ბრძოლა საჯარო სექტორში – საქართველოს რეფორმების ქრონიკები” – პრეზენტაცია მოეწყო. ტაბულა ამ რეფორმების ერთ-ერთ ავტორს და თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელს, კახა ბენდუქიძეს ესაუბრა.

რა არის რეფორმების ინტენსივობის მიზეზი, რატომ შემცირდა კორუფცია და რატომ ჰგონიათ ის ელიტური, რა იწვევს საქართველოს წინსვლას და პრობლემებს საერთაშორისო ინდექსებში, რა იყო 2007 წლის 7 ნოემბრის მიზეზი, გაუჩნდა თუ არა არსებულ რეფორმებს სოციალური დასაყრდენი და გაგრძელდება თუ არა რეფორმირება მომავალშიც – ამ და სხვა კითხვებზე კახა ბენდუქიძე ტაბულას მკითხველისთვის პასუხობს.

ბოლო წლებში საქართველოს რეფორმების წარმატებაზე არაერთი წიგნი გამოიცა. როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს საქართველოს რეფორმებისადმი ასეთ ინტერესს?

საქართველო 90-იან წლებში, 2000-იანი წლების დასაწყისში განიხილებოდა, როგორც ე.წ. failed state, წარუმატებელი ქვეყანა ან არშემდგარი ქვეყანა. მე მახსოვს გამოსვლები მსოფლიოს სხვადასხვა აუდიტორიებში, რომ საქართველოს პროექტი არ შედგა; ქვეყანამ მიიღო დამოუკიდებლობა, მაგრამ ვერ შეძლო ამის გამოყენება; მას არა აქვს არაფერი, კორუფცია შიგნიდან ჭამს, ეკონომიკა არ ვითარდება და ა.შ. საქართველო არ იყო ერთადერთი ქვეყანა, ვისზეც ამას ლაპარაკობდნენ, მაგრამ აღმოჩნდა ერთადერთი, რომელმაც სიტუაციის შემობრუნება შეძლო. ახლა იმაზე ლაპარაკი, რომ საქართველო არის არშემდგარი ქვეყანა, რთულია. ქვეყანას ბევრი პრობლემა აქვს. ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. მრავალი წლის ეკონომიკური განვითარება გვჭირდება იმისთვის, რომ მსოფლიოში ჩვენი ადგილი დავიკავოთ, მაგრამ იმას, რომ საქართველო არის არშემდგარი ქვეყანა, ვერავინ ვერ იტყვის. ეს არის ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი, რატომაც ამხელა ინტერესია მსოფლიოში საქართველოს მიმართ. თან საქართველომ შეძლო ამის გაკეთება ყველა მიმართულებით და არა მხოლოდ ერთი მიმართულებით.

2004-2007 წლებში საქართველოში სულ მცირე 70 რეფორმა გატარდა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ამდენი რეფორმა ერთდროულად არცერთ სხვა ქვეყანაში არ გატარებულა. ამ ნიშნით მსოფლიო ბანკმა ნომერ პირველ რეფორმატორად დაგვასახელა. რა იყო რეფორმების ასეთი ინტენსივობის მიზეზი?

ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა. მთავრობის ყველა წევრს მაშინ ჰქონდა განცდა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მცირე დრო იმისთვის, რომ შევცვალოთ სიტუაცია ძირფესვიანად და ეს იყო ამ განცდის შედეგად და იმ მანდატის საფუძველზე, რომელიც მაშინ მიიღო ხელისუფლებამ ხალხისაგან. ვარდების რევოლუციის ფაქტიური ლოზუნგი იყო – ასე ცხოვრება შეუძლებელია, ცხოვრება უნდა შეიცვალოს, არ უნდა იყოს კორუფცია. აი, ამან განაპირობა, ჩემი აზრით, რომ მაშინ ახალგაზრდა თუ არცთუ ისე ახალგაზრდა, უცხოეთში თუ აქ ნასწავლი მთავრობის წევრები ერთ მუშტად შეკრული იბრძოდნენ იმისთვის, რომ ჩატარებულიყო რეფორმები. მომენტები იყო, როცა, მახსოვს, ჩემი ოფისი კანონპროექტებს ამზადებდა და ჩვენ სამ ცვლაში ვმუშაობდით, რომ პარლამენტში არ დაგვეგვიანა: ერთი ცვლა ამთავრებდა დილით, მერე მასალებს უტოვებდა შემდეგ ცვლას, მერე მოდიოდა მესამე ცვლა, რომელიც მუშაობდა ღამით და ა.შ. შედეგიც, ვფიქრობ, სახეზეა.

ცენტრალური რეფორმა, რომელიც ამ პერიოდში გატარდა, კორუფციის დაძლევაა. საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, საქართველოში კორუფციის აღქმა ვარდების რევოლუციის შემდეგ საშუალოდ 10-ჯერ შემცირდა. როგორ ფიქრობთ, რა იყო ის მთავარი ხედვა, რომლის შემდეგაც ეს გარდატეხა მოხდა?

მე მგონი, უფრო სწორია ვთქვათ – მნიშვნელოვანი შემცირება, იმიტომ რომ კორუფციის დამარცხება არ არსებობს, არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი შემცირება – არის არა რეფორმა, არამედ რეფორმების შედეგი. მრავალი რეფორმის შედეგია ის, რომ ეს საშინელება, რომელიც ქვეყანას და მის რეალურ არსებობას ემუქრებოდა, დღეს აღარ ემუქრება. ის კი ჩასაფრებულია და ყოველთვის მზად არის, რომ თავი წამოყოს, მაგრამ მასთან მუდმივი ბრძოლაა საჭირო და მაშინ უკვე შეიძლება, რომ ქვეყანაში ნორმალური გარემო იყოს. ეს ძალიან ბევრი რამის შედეგი იყო. ერთი კომპონენტის გამოყოფა, რის შედეგად შეიცვალა კორუფციის დონე, ჩემი აზრით, შეუძლებელია. ამაში შედის ცხადია სამართალდამცავი სისტემაც, რომელიც ძალიან მკაცრად იბრძოდა და იბრძვის კორუფციის წინააღმდეგ. მაგრამ მარტო ეს არ იქნებოდა საკმარისი. ამაში შედის ეკონომიკური რეფორმები. მისი მეშვეობით ჩამოშორდა სახელმწიფო ჭარბ საქმიანობას, რაც ყოველდღიური კორუფციის წარმომქმნელი იყო. მაგალითად, სხვადასხვა ტიპის მაკონტროლებლები და ა.შ. ამაში შედის საგადასახადო რეფორმაც, რომელმაც შესაძლებელი გახადა საწარმოს არსებობა გადასახადების გადახდის შემთხვევაში. ეს იქამდე ფაქტიურად შეუძლებელი იყო. ან გადასახადები უნდა გადაეხადა საწარმოს და არსებობა შეეწყვიტა, ან უნდა ეარსება და არ გადაეხადა. აი, ყველა იმ რეფორმამ, რაც კი ჩატარდა საქართველოში, თავისი, დიდი თუ მცირე წვლილი შეიტანა კორუფციასთან ბრძოლაში.

პოლიტიკური ნება გაჩნდა?

ნება რომ გაჩნდა, ეს თავისთავად ცხადია. მეორეც – ფაქტიურად კორუფციის თეორიული შესაძლებლობა შემცირდა. მაგალითად, თქვენ თუ აღარ იძლევით რაღაც ტიპის ნებართვებს, შესაბამისად – ქრთამსაც ვერავინ აიღებს, მაგალითად, ნებართვების გაცემაში. თუ თქვენ აღარ აკონტროლებთ, მაგალითად, ვეტერინარული კლინიკების გახსნის საკითხს, ე.ი. ვერც ქრთამს ვერ აიღებს ვერავინ მაგაში. საჯარო

სექტორის ეს შემცირება ძალიან მნიშვნელოვანი იყო კორუფციის დაძლევისთვის.

ბოლო დროს ხელისუფლების კრიტიკოსები სულ უფრო ხშირად აპელირებენ ე.წ. ელიტური კორუფციის არსებობაზე. სხვა მოსაზრებით, ასეთი ცნება საერთოდ არ არსებობს. თქვენ როგორ ფიქრობთ?

ელიტური კორუფცია ისე, როგორც ეს წარმოუდგენია ზოგიერთ ოპოზიციურ ძალას, იგივეა, რომ მე გითხრათ, რომ აი, ამ ოთახში არის ძალიან ბევრი ნიანგი, მაგრამ ჩვენი ეშინიათ და არ ჩნდებიან. არის ვთქვათ გაფუჭებული მინისტრი და ჰყავს კრისტალურად სუფთა მოადგილეები, ან კორუმპირებული მოადგილეები და კრისტალურად სუფთა დეპარტამენტის უფროსები. ანუ ქვედა დონეზე ყველა სუფთაა: ეს ხალხი ხედავს ყველაფერს და ჩუმად არის. მისი უფროსი მექრთამეა, ის კი წყნარად აღიქვამს და პატიოსნად მუშაობს. ეს არის ზღაპრიდან მოტანილი სიუჟეტი. მეორე მოსაზრებით, ელიტურ კორუფციას ეძახიან ფაქტიურად საჯარო სამსახურის რეფორმის შედეგებს, კერძოდ, მაღალ ხელფასებს საჯარო სამსახურში. მათი აზრით, განსხვავება არ არსებობს: ადრე თუ იპარავდნენ, ახლა კანონით იღებენ მაღალ ხელფასებს. კრიტიკოსების თქმით, ესეც ელიტური კორუფციაა – ამ ხალხს ახლა აქვს სამი და ოთხი ათასი ლარიო, მაშინ კიდევ ჰქონდა 30 ლარი და 1500 ლარს იპარავდა და ეს არ ჯობია, ხომ უფრო ნაკლები ჰქონდა შემოსავალიო? რაღაც სისულელეები. ჩემი აზრით, ჯერ ერთი, ძალიან იოლია ამაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ შენ ამბობ, რომ არსებობს მოვლენა, რომელიც შენს მოწინააღმდეგეს ცუდად ახასიათებს, მაგრამ მისი აღმოჩენა და მასზე დაკვირვება შეუძლებელია. ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ ხდება, სადაც შეიძლება მთავრობის კრიტიკა, მაგრამ ეს ხალხი ამჯობინებს, იოლი გზით წავიდეს. იმის მაგივრად, რომ შეისწავლონ რა პრობლემებია, იბრძოლონ ამ პრობლემების დასაძლევად, ისინი ამ მოგონილ ელიტარულ კორუფციას აბრალებენ ყველაფერს. თუ ეს ჩემი მსჯელობა საკმარისი არ არის, მაშინ მოდით სექტორულად განვიხილოთ, სად არის ეს ელიტური კორუფცია? და რაში გამოიხატება? ენერგეტიკაში? ჯანდაცვაში? განათლებაში? პოლიციაში? თავდაცვაში? სია შეგიძლიათ გააგრძელოთ და პასუხებიც მოიკითხოთ.

საქართველოს მაღალი ქულები აქვს იმ რეიტინგებში, რომლებიც ზომავს ლიბერალურ ბიზნესგარემოს, მაგრამ მოიკოჭლებს იმ ინდექსებში, სადაც მეტი ყურადღება ეთმობა ინსტიტუციურ განვითარებას, ინოვაციას და ა.შ. როგორ ახსნით ამ ტენდენციას?

ეს ძალიან გასაგებია. რა მოხდა საქართველოში? ამ წლების განმავლობაში ჩვენ შევქმენით – და ახლა მთავრობა ამას აგრძელებს – პირობები. წარმოვიდგინოთ, რომ თქვენ გაქვთ მიწის დიდი ნაკვეთი. ეს ნაკვეთი გაასუფთავეთ სარეველებისგან, ამოიღეთ ქვები, ამოავსეთ დახრამული ადგილები, გაასწორეთ მიწა, გაიყვანეთ სარწყავი არხები, შემოღობეთ, სადღაც საფრთხობელებიც დადგით, რომ არ შემოესიონ ჩიტები, რომლებიც მოსავალს შეჭამენ. ახლახან დარგეთ ხეხილი. ამ ხეხილის გაზრდას დრო ხომ სჭირდება? დღეს ხილის ნერგები ჩაყარეთ, ხვალ მოსავალს ვერ მიიღებთ. საქართველო ახლა ამ სიტუაციაშია: მიწის ნაკვეთი გაიწმინდა, ქვების უმეტესობა ამოღებულია, სარეველები მოისპო, არხები გაკეთდა და ხეხილიც დაირგო. და არის თქვენი მეზობელი, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა ორასი წლის წინ (აშშ), ან კიდევ უფრო დიდი ხნის წინ (ინგლისი), ან 50 წლის წინ (სინგაპური). ცხადია, ახლა მათი ხეხილი ბევრად უფრო კარგ მდგომარეობაშია, იმიტომ რომ ის გაიზარდა. ჩვენ თუ შევისწავლით იმის მიხედვით, სად უფრო კარგადაა მომზადებული ნიადაგი, საქართველოში ეს ნიადაგი შეიძლება უფრო კარგად არის მომზადებული – მაგრამ იმის მიხედვით თუ შევისწავლით, სად არის უფრო დიდი ხეები და სად მეტი მსხმოიარობა აქვს, ცხადია იქ, სადაც ადრე იყო დარგული. შესაბამისად, ეს არის რეიტინგები, რომლებიც ზომავენ პირობებს, რომელშიც უნდა განვითარდეს ეკონომიკა და არის სხვა რეიტინგები, რომლებიც ზომავს, უკვე როგორ განვითარდა ეკონომიკა. აბსოლუტურად გასაგებია, რომ არავითარი ფანტასტიური რეცეპტი არ არსებობს იმისთვის, რომ ეკონომიკა, ვთქვათ, ორჯერ გაიზარდოს. ამას რამდენიმე წელი სჭირდება და არა – ერთი. მახსოვს, როდესაც ახლადდანიშნული მინისტრი ვიყავი, რამდენიმე დეპუტატთან ერთად მომიწია ვახშმობა, სატელევიზიო გადაცემის შემდეგ. იქ იყვნენ უმრავლესობიდანაც და ოპოზიციიდანაც და მეკითხებიან, ბატონო კახა, ევროპას რამდენ წელიწადში დავეწევითო. მე ვუთხარი, ამას წინათ დავთვალე და თუ ისეთ მდიდარ ქვეყანას ავიღებთ, როგორიც ლუქსემბურგია, მაშინ 70 წელი დაგვჭირდება-მეთქი. ლუქსემბურგი, რა თქმა უნდა, ძალიან მდიდარია და არცერთი ევროპული ქვეყანა ამ დონეზე არ არის განვითარებული, მაგრამ ამ 70-მა წელმა ძალიან დაზაფრა ჩემი თანამოსაუბრეები. რას ლაპარაკობთ, რა 70 წელი, გამორიცხულიაო. დავამშვიდე – ავსტრიას უფრო მალე დავეწევით, სლოვაკეთს კიდევ უფრო მალე, თურქეთს ძალიან მალე შეიძლება დავეწიოთ-მეთქი. არაო, სისულელეაო. ორი, ჰა სამი, მაქსიმუმ ოთხი წელი და ჩვეულებრივად დავეწევით ევროპასო. ვუხსნი, რომ შეუძლებელია – ეს ხომ ხარისხის ფუნქციაა: ზრდის სიჩქარეების განსხვავება ხარისხში აგყავს-მეთქი. ხარისხში აყვანამ ძალიან დააბნია ეს ჩემი კოლეგები. მიხვდნენ, რომ სერიოზული საქმეა და ერთმა ჩურჩულით მკითხა, ბატონო კახა, პრეზიდენტმა თუ იცისო. თითქოს სახელმწიფო საიდუმლოება იყო, რომ ჩვენ სამ წელიწადში ვერ დავეწევით ევროპას. ასეთი ილუზიები არ უნდა გვქონდეს. ეს არის ხანგრძლივი ყოველდღიური, ყოველთვიური, ყოველწლიური მუშაობის შედეგი. 2004 წლიდან საქართველოს ადგილი ამაღლდა მსოფლიოში, ანუ მსოფლიო ეკონომიკა გაიზარდა უფრო ნელა, ვიდრე საქართველოს ეკონომიკა. ჩვენ ბევრ ქვეყანას დავუახლოვდით, მათ შორის, განვითარებულ ქვეყნებსაც. ახლა მათთან გაცილებით უფრო ახლოს ვართ, ვიდრე რვა წლის წინ.

რეფორმებს – ანუ ბაღის გაწმენდას, თქვენ როგორც თქვით – ცხადია, თავისი სოციალური ფასი ჰქონდა. ამან ყველაზე თვალსაჩინოდ 2007 წლის 7 ნოემბერს იჩინა თავი. შეგვიძლია თუ არა დღეს ვთქვათ, რომ რეფორმების შეუქცევადობას სოციალური დასაყრდენი გაუჩნდა?

მე არ დაგეთანხმებით 7 ნოემბრის ფაქტის ასეთ შეფასებაში. იქ რამდენიმე ფაქტორი იყო. ხალხი, ვინც უკმაყოფილო იყო იმით, რომ რეფორმები ჩატარდა: რა თქმა უნდა, მათ დაკარგეს ფულის კეთების საშუალება. ეს შეიძლება ყოფილიყო ადამიანი, რომელიც მისაღებ გამოცდებში აკეთებდა ფულს, ასევე მებაჟე, ვინც განბაჟებაში იღებდა ფულს, ან ავტოინსპექტორი. თუმცა ამ ხალხის გარდა, მასის კონსოლიდაცია მოახდინა იმან, რომ ჩვენ 2007 წელს გვქონდა, ერთი მხრივ, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც სასიამოვნო და კარგია და მეორე მხრივ, შედარებით უფრო მაღალი ინფლაცია, ვიდრე მანამდე. მაშინ ამ ინფლაციას ჩვენ არ მივაქციეთ ყურადღება, არ მოვთოკეთ და ეს იყო, ჩემი აზრით, მთავარი მიზეზი იმისა, რომ 7 ნოემბერი შედგა. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ცხადია, ამ რეფორმებს თავისი ფასი აქვს: მაგალითად, ადამიანი, რომელიც მუშაობს სახელმწიფო უწყებაში და არაფერს აკეთებს და მერე რეფორმების შედეგად კარგავს სამუშაო ადგილს. ეს გარდაუვალია, ჩემი აზრით. ძალიან მარტივად გეტყვით: თუ არის ადამიანი, რომელსაც ურჩევნია 2003 წლის მარტში ცხოვრება, 2012 წლის მარტში ცხოვრებას – იმიტომ კი არა, რომ მაშინ უფრო ახალგაზრდა იყო, რაც ცხადია ძალიან სასიამოვნოა – არამედ იმიტომ, რომ მაშინ უფრო კარგი ცხოვრება ჰქონდა და თუ ეს ხალხი ბევრია, ამ რეფორმებს დიდი ფასი ჰქონია. თუ ეს ასე არ არის, მაშინ – არც პატარა. ამის ყველაზე მარტივი და გამჭვირვალე ტესტი, ჩემი აზრით, არჩევნებია. იმ პერიოდში იყო ორჯერ ადგილობრივი, მერე ვადამდელი საპრეზიდენტო და მერე საპარლამენტო არჩევნები. ახლაც ოქტომბერში იქნება არჩევნები და ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ. ჩემი აზრით, ეს არის დემოკრატიულ საზოგადოებაში მთავრობის მოქმედებების, თუნდაც იგივე რეფორმების ფასის შეფასების ყველაზე მარტივი გზა.

ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველო და მისი ხელისუფლება ფილოსოფიური არჩევანის წინაშე დადგა. მას უნდა გადაეწყვიტა როგორ აპირებდა სიღარიბის დაძლევას – სახელმწიფოს თუ თავისუფალი ბაზრის მეშვეობით. ვინ უნდა ყოფილიყო ქვეყნის მოდერნიზაციის მამოძრავებელი – საჯარო მოხელე თუ კერძო მეწარმე. დღეს რა მიმართულებით მიდის საქართველო?

პასუხი ძალიან მარტივია. ეგ ფილოსოფიური არჩევანი მხოლოდ ცუდ სახელმძღვანელოებში არსებობს. რამდენიც არ უნდა მოინდომოს ნებისმიერმა ხელმძღვანელმა ნებისმიერ ქვეყანაში, ეკონომიკა განვითარდეს იმის ხარჯზე, რომ მთავრობა იქნება ძალიან აქტიური და კარგ რაღაცებს გააკეთებს, ეს მაინც არ მოხდება. ეს შეიძლება მოხერხდეს ერთხელ ან ორჯერ, შერჩეულ შემთხვევაში. მასობრივად და მუდმივად ამის გაკეთება შეუძლებელია. ჩემს ახალგაზრდობაში გვასწავლიდნენ, რომ არსებობდა შეხედულება, თითქოს არსებობს პირველი და მეორე გზა, და კიდევ მესამე, სადაც არც სოციალიზმია, არც კაპიტალიზმი. ეს არის სრული სისულელე. იმიტომ რომ არსებობს მხოლოდ ერთი გზა. ეს არის ეკონომიკის განვითარება კერძო ინიციატივის საფუძველზე. ყველა სხვა გზა არ არსებობს. თუ კუბა და ჩრდილო კორეა არ მოგვწონს, უნდა ვაღიაროთ – ეკონომიკის განვითარება შეუძლებელია დიდ, ყველაფერში ჩარეულ

სახელმწიფოსთან: ან უნდა ეკონომიკა განვითარდეს და კერძო ინიციატივა არის მთავარი, ან ეკონომიკა უნდა ჩამყაყდეს და მაშინ სახელმწიფო ინიციატივა არის მთავარი. აქ არჩევანი არსებობს. არა როგორ განვავითაროთ ეკონომიკა, არამედ განვავითაროთ ეკონომიკა თუ არა. ეკონომიკას თუ ავითარებ, გზა უნდა მისცე კერძო ინიციატივას. თუ გინდა ეკონომიკა ჩამყაყდეს, მაშინ – სახელმწიფო ინიციატივას.

სწორედ ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე ხნის წინათ, ტაბულასთან ინტერვიუში მისურის უნივერსიტეტის ლექტორმა, დოქტორმა პიტერ კლაინმა, რომელიც თავისუფალ უნივერსიტეტში ლექციების კურსს კითხულობდა, თქვა, რომ მთავრობა, როგორც წესი, აქტიური მენეჯერის როლში სუსტია. მეორე მხრივ, ალბათ მსოფლიოში ცოტაა მთავრობა, ვინც ამ ცდუნებას უძლებს. როგორ ფიქრობთ, რატომ?

პოლიტიკოსები, სახელმწიფო მოხელეები, რომლებმაც თავის სფეროში წარმატებას მიაღწიეს, შეიძლება ხშირად უფრო განათლებულებიც არიან, ვიდრე კერძო სექტორის წარმომადგენლები. ძალიან ხშირია ილუზია, რომელსაც მეც შევხვედრივარ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ჩვენთანაც – სახელმწიფო მოხელეები ამბობენ, როგორ ვერ ხვდებიან ეს კერძო მეწარმეები რა არის გასაკეთებელი – ეს ხომ სწორია და ძალიან მარტივია და რატომ არ აკეთებენო. უფრო დეტალური შესწავლის დროს შეიძლება ნახოთ, რომ კერძო სექტორი სწორია, ამ ნაბიჯს რომ არ დგამს – ეს არ არის მომგებიანი, წამგებიანია. რისკებია, რომლებსაც შეიძლება ჩინოვნიკები ვერ ითვალისწინებენ. საქართველოში რამდენიმე ათეული ათასი ბიზნესმენია. ვერანაირი სახელმწიფო ვერ შეძლებს მათთან კონკურენციას ინოვაციურობაში, სხვადასხვა ვარიანტების გადარჩევაში, წარმატებაში და ა.შ. მაგრამ ილუზია იმისა, რომ მე, როგორც სახელმწიფო მოხელემ, შეიძლება რაღაც უკეთ გავაკეთო – რჩება. სახელმწიფოს მიერ გაკეთებული პროექტები, უმრავლეს შემთხვევაში, არის ნაკლებად ეფექტური, არაეფექტური რომ არ ვთქვათ.

თავისუფალი უნივერსიტეტის კვლევებისა და კონსულტაციების ჯგუფი რეფორმირებაში ეხმარება სუბსაჰარული აფრიკის ერთ-ერთ სახელმწიფოს, რუანდას. ქვეყანამ მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების სიადვილის ყოველწლიურ რეიტინგში წინა წელთან შედარებით 183 ქვეყანას შორის 50-დან უკვე 45-ე ადგილზე გადაინაცვლა. რა რეფორმები გაატარა რუანდამ თავისუფალი უნივერსიტეტის რჩევით და თუ არსებობს სხვა ქვეყნებიც, რომლებიც საქართველოს მაგალითს იზიარებენ?

რუანდის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის ცოტა დრო გვქონდა. ამიტომ ეს იყო ძალიან მარტივი რჩევები. ჩვენ დავარქვით ე.წ. მიკრორეფორმები, რომლებიც შეიძლებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებულიყო და, ამავდროულად, მოსახლეობის ეკონომიკურ აქტივობაზე მნიშვნელოვანი ეფექტი ჰქონოდა. გარდა ამისა, სხვადასხვა ფორმატში ასევე ვეხმარებით უკრაინის ხელისუფლებას, ყირგიზეთის ხელისუფლებას. ზოგიერთი რეფორმა, რომელიც უკრაინაში უკვე ჩატარდა, პირდაპირ აიღეს საქართველოდან – აქ გატარებული რეფორმის ანალოგი იყო და მის დანერგვაში ქართველი ექსპერტები მონაწილეობდნენ. ამათ გარდა, არის სხვა ქვეყნებიც, მაგალითად ჩრდილოეთ აფრიკის, სადაც ჩემი აზრით რეფორმირების ასევე კარგი შესაძლებლობებია. ზოგი ჩვენი რეფორმა ყველგან გამოდგება – მაგალითად, ფარმაცევტული რეფორმა, რომელიც საქართველოში 2009 წელს ჩატარდა. მე მასზე ვყვებოდი იანვარში, ვენაში, მნიშვნელოვან ეკონომიკურ თავყრილობაზე და ვაშინგტონის კონსენსუსის ავტორმა უილიამსონმა თქვა – ნეტავ რატომ ყველა ქვეყანა ასე არ აკეთებსო – დიდიც და პატარაცო. რაციონალურად აფასებდნენ ამ რეფორმას. ეს არც მემარჯვენე რეფორმაა, არც მემარცხენე. ეს არის უბრალოდ რეფორმა სიმარტივისკენ.

ბოლო დროს საერთაშორისო რეიტინგები იმაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რომ საქართველოში რეფორმირების ტემპი შენელდა. ეთანხმებით თუ არა ამ დაკვირვებას და როგორ ფიქრობთ, რა იწვევს ამას?

მოდით, ჩვენ მაგალითს მივუბრუნდეთ: ქვები ამოვიღეთ. არხები გავიყვანეთ. ცოტა რაღაც დაგვრჩა გასაკეთებელი: ღობე შემოსავლები ან ნერგები სწორად ჩასაყრელი, მაგრამ კიდევ ხელახლა რომ ყველაფერი გავიმეოროთ, ხომ შეუძლებელია? ჩემი აზრით, საქართველოში რეფორმების ტემპის შენელება ბუნებრივი პროცესია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეფორმები შენელდა, მაგრამ არ შეჩერდა. რაღაც რეფორმები ყოველთვის ტარდება, მაგალითად, ახალი საგადასახადო რეჟიმების და ადმინისტრირების კუთხით. ახლა საჭიროა მცირე რეფორმები, მათ შორის, მათი ტიუნინგი, რომ ეს ყველაფერი კარგად იყოს მორგებული.

ძირეული რეფორმები საჭირო აღარ არის?

როგორ არა. თქვენ იცით, მაგალითად, ჩემი შეხედულება იგივე სავალუტო რეგულირებაზე და სჭირდება თუ არა საქართველოს საკუთარი ვალუტა. ჩემი აზრით – არ სჭირდება. გარდა ამისა, ბოლო წლებში ბიუროკრატიის რევანში მოხდა და, ჩემი აზრით, კიდევ ერთი კარგი გაწმენდა სახელმწიფო უწყებების, ზედმეტი ფუნქციების და ჭარბი დასაქმების გატანით, ურიგო არ იქნებოდა. გარდა ამისა, არის რეფორმები, რომლებიც ვერ ჩატარდა. მაგალითად, ასეთია სატყეო რეფორმა. გასაგებია, რომ ადრე თუ გვიან ჩატარდება, მაგრამ როდის, არ ვიცი. ანუ, რომ ვთქვათ, რომ ყველა რეფორმა ჩატარდა – არასწორია. რომ ვთქვათ, რომ რეფორმები არ ჩატარდება – არასწორია. რეფორმები ჩატარდება, ოღონდ ისეთი ტემპით ვერა, როგორც ადრე ტარდებოდა.

 

 

 

კომენტარები