გამოფენა

მე არის სხვა

Ich Ist Ein Anderer („მე არის სხვა”) – ასე ჰქვია ფრაიბურგის Kunstverein-ის საგამოფენო სივრცეში გამართულ გამოფენას, რომელზეც მთავარი – 25-მეტრიანი კედელი, ბერლინში მცხოვრებ ქართველ ფოტოგრაფს, დავით მესხს ეთმობა.

დავით მესხის შესახებ ტაბულაში ადრეც დაწერილა. ფოტოგრაფი უკვე რამდენიმე წელია, გერმანიაში ცხოვრობს. მისი ნამუშევრები პერიოდულად ჩნდება ევროპის სხვადასხვა გალერეებსა თუ ჟურნალებში. ტაბულა მესხს ბერლინში, გამოფენამდე რამდენიმე კვირით ადრე შეხვდა და დაგეგმილი გამოფენის შესახებ ესაუბრა.

როგორ შედგა შენი და ფრაიბურგის Kunstverein-ის თანამშრომლობა?

Kunstverein-ის დირექტორმა და კურატორმა, კაროლინე კედინგმა ჩემი ნამუშევრები ბერლინში, ერთ-ერთ გალერეაში ნახა, რის შემდეგაც პირადად დამიკავშირდა. გამოფენაზე მთავარი ექსპოზიცია ჩემი იქნება – 25-მეტრიან კედელს მითმობენ. ჯამში 5 ფოტოგრაფის ნამუშევრები გამოიფინება და გამოფენა 23 მარტიდან 6 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. სერია, რომლითაც კაროლინე დაინტერესდა, საქართველოშია გადაღებული – ქართველი ათლეტების ყოველდღიური ცხოვრება. მისი თქმით, ჩემს ფოტოებში კამერასა და ობიექტს შორის დიდი ინტიმი იგრძნობოდა, რაც იდეალურად შეესაბამებოდა მის მიერ დაგეგმილ გამოფენას.

ფრაიბურგის Kunstverein-თან თანამშრომლობა ბევრი ახალგაზრდა ხელოვანის კარიერაში მნიშვნელოვანი გარდატეხის ეტაპი აღმოჩნდა, იმედია, ჩემს შემთხვევაშიც ასე იქნება.

ბოლოს 2011 წლის გაზაფხულზე, ვენაში შევხვდით, შენი პერსონალური გამოფენის „Eternal Distance” („მარადიული დისტანცია”) გახსნაზე. მაშინდელი ექსპოზიციაც დიდწილად ათლეტების სერიას ეძღვნებოდა. ფრაიბურგშიც იმავე ნამუშევრების გამოფენას გეგმავ?

ფრაიბურგში ამ სერიის სხვა ფოტოები იქნება წარმოდგენილი, მათთან ერთად ჩემი სრულიად ახალი, 2012-ის ნამუშევრებიც გამოიფინება. განსაკუთრებით ის მომწონს, რომ ფრაიბურგი შვეიცარიის საზღვართან ახლოს არის, რაც სხვა ქვეყნიდან დამატებითი მაყურებლის ჩამოსვლას ნიშნავს.

თბილისში ძირითადად პრესასთან თანამშრომლობდი. ბერლინში რას საქმიანობ?

პრესასთან აქაც დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებდი, მაგრამ ბიუროკრატიული მიზეზების გამო, ეს ჯერჯერობით ვერ ხერხდება. თანაც, ძირითადი საგამომცემლო სახლები არა ბერლინში, არამედ ჰამბურგშია. მოცემულ მომენტში, უფრო კერძო შეკვეთებზე ვარ ორიენტირებული. სხვათა შორის, საქართველოსთანაც ვთანამშრომლობ. ერთ-ერთი ბოლო შეკვეთა თიბისი ბანკისგან იყო – 2012 წლის კალენდრისთვის 12 მწერალი და 12 ფოტოგრაფი ვმუშაობდით.

ვთანამშრომლობ ტაბულასთან – იგეგმება პროექტი „ფოტოგრაფის ერთი ფოტო”, რომელშიც სხვა ქართველ ფოტოგრაფებთან ერთად მონაწილეობას მივიღებ. გარდა ამისა, ჩემი ნამუშევრები მარტში ფრანგულ, ამერიკულ და გერმანულ ჟურნალებშიც დაიბეჭდება.

ვაპირებ ახალი სერიის გაკეთებას სერფერებზე. მაგრამ დამოუკიდებლად განხორციელება არ მინდა; იდეალური იქნება, თუკი რომელიმე გალერეასთან ვითანამშრომლებ და ამ სერიას მათთვის გადავიღებ. ძირითადად მაინც, პორტრეტებსა და პეიზაჟებზე მინდა მუშაობა. ბოლო დროს, პეიზაჟებზე ბევრს ვმუშაობ. ვენაში ჩემს გამოფენას „Eternal Distance”, ანუ „მარადიული დისტანცია” ერქვა. ახლა ვაკეთებ პროექტს სახელწოდებით „Impossible Distance”, ანუ „შეუძლებელი დისტანცია”. საბოლოო ჯამში, ეს ორი სერია გაერთიანდება. ძალიან

მომწონს კონკრეტული თემის გარეშე, მხოლოდ აბსტრაქტული იდეით ხელმძღვანელობა.

რამდენად გიწევს, ანგარიში გაუწიო გერმანული ბაზრის ტენდენციებს და რამდენად განსხვავდება ის ქართული ბაზრისგან?

სამწუხაროდ, აქაურ ბაზარზე უფრო დიდი მოთხოვნა პეიზაჟურ ფოტოებზეა, სადაც ინდივიდი უკან იწევს. ეს სტილი ჩემს ნამუშევრებში ადრეც იგრძნობოდა, მაგრამ როგორც კი ადამიანი წინ წამოვწიე, ფოტოების მიმართ ინტერესმა იკლო. როდესაც ადამიანთან ინტერაქცია არ არის, ნამუშევარი ზედმეტად „მარტოსული’’ გამოდის. ახლა ვცდილობ, ნელ-ნელა ის განწყობა, რასაც ადამიანების მეშვეობით გადმოვცემდი, პეიზაჟებზე გადავიტანო. სხვათა შორის, კაროლინე კედინგთან მიმოწერამ ჩემს დამოკიდებულებაში ბევრი რამ შეცვალა. როდესაც ვუთხარი, რომ სხვადასხვა სერიების ფოტოების განსხვავებული ფორმატებით გამოფენა მსურდა, მან გადაწყვიტა, რომ ჩემი ექსპოზიცია ნელ-ნელა ერთგვარი ინსტალაციის სახეს იღებდა. ეს შინაარსობრივად Kunstverein-ისთვის უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა. სწორედ ამან განაპირობა, რომ გამოფენაზე მთავარი კედელი მეთმობა.

 

 

კომენტარები