უნგრეთი

ევროპის ურჩი ბავშვი

0 კომენტარი

ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, 495 მილიონი ევრო, რომელიც უნგრეთს ბუდაპეშტის განვითარების ფონდის ფარგლებში უნდა მიეღო, არ გადაურიცხოს. სანქციის მიზეზი ბუდაპეშტის საბიუჯეტო დეფიციტი გახდა, რომელიც ევროკავშირის მიერ დაწესებულ ნორმას აღემატება. ასეთი დეფიციტი სხვა, უფრო დიდ ქვეყნებსაც აქვთ, მაგალითად – ესპანეთსა და საფრანგეთს. თუმცა საბჭომ მხოლოდ უნგრეთის „დასჯა” გადაწყვიტა. ეჭვობენ, რომ ამის მიზეზი არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ ბრიუსელსა და ბუდაპეშტს შორის შექმნილი საკანონმდებლო ორთაბრძოლაცაა. ევროკავშირი უკმაყოფილოა ორბანის მიერ გატარებული საკანონმდებლო რეფორმებით და მას დემოკრატიის დონის შემცირებაში ადანაშაულებს. ეკონომიკურ „სანქციამდე” ორი კვირით ადრე, ევროკავშირმა ოფიციალურად მისცა უნგრეთს ერთთვიანი ვადა ახლადმიღებული კანონების შესაცვლელად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას ლუქსემბურგში, ევროპის სასამართლოს წინაშე წარდგენა მოუწევს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის რეაქცია ძალიან მკაცრი იყო. 1848 წლის ჰაბსბურგების წინააღმდეგ მომხდარი რევოლუციის წლისთავზე, პარლამენტის წინ შეკრებილ 100 ათას ადამიანს პრემიერმა განუცხადა: „ჩვენ არ ვიქნებით კოლონია. უნგრელები არ იცხოვრებენ უცხო ძალების ბრძანებების მიხედვით, ისინი არ დათმობენ საკუთარ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას... როგორც ევროპელი ერი, ჩვენ ვითხოვთ ისეთივე სტანდარტებს, როგორიც სხვა ერების მიმართ აქვთ. ჩვენ არ ვიქნებით მეორეხარისხოვანი მოქალაქეები”. ამ სიტყვებით ორბანმა ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელი შეღავათს უკეთებს დიდ ქვეყნებს, რომელთაც ბიუჯეტთან პრობლემები აქვთ (ესპანეთი, საფრანგეთი), უნგრეთის შემთხვევაში კი – პირიქით, სანქციებს მიმართავს. ორბანმა ევროკავშირი საბჭოთა კავშირსაც კი შეადარა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ბაროზომ ამგვარი შედარება დემოკრატიის არცოდნად შეაფასა.

დავა ევროკავშირსა და უნგრეთს შორის უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ცდილობს საკუთარი რეფორმები დაიცვას, ევროკავშირი კი უნგრეთში დემოკრატიის ბედზე წუხს. გასული თვის პლენარულ სხდომაზე ევროპარლამენტმა, სოციალისტური, ლიბერალური და მწვანეთა ჯგუფების მხარდაჭერის შედეგად რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი „სერიოზულ შეშფოთებას” გამოხატავდა უნგრეთის სასამართლოსა და ცენტრალური ბანკის შესახებ მიღებული კანონების თაობაზე. რეზოლუცია ევროკომისიას მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთოს ევროკავშირის ხელშეკრულებების დაცვისთვის და უზრუნველყოს უნგრეთის ცენტრალური ბანკის და სასამართლოს დამოუკიდებლობა.

სასამართლოს კანონში შესული ცვლილებები, რომელზეც ევროკავშირი უნგრეთს ედავება, სახელმწიფოს საშუალებას აძლევს მოსამართლეები ერთი ოლქიდან მეორეში გადაიყვანოს, თუნდაც მათი ნების საწინააღმდეგოდ. პრეზიდენტს საშუალება მიეცა მოსამართლეს საპენსიო ასაკის შემდეგაც შეუნარჩუნოს სამსახური. ამასთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეზღუდა ბიუჯეტთან და საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებული საქმეების განხილვის უფლება. ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობის შემცირების მიზნით, კომისიის თქმით, ორბანის მთავრობამ მიზანმიმართულად შეარჩია ცენტრალური ბანკის და მომიჯნავე სამსახურების თანამშრომლები და ხელფასები შეუმცირა.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ორბანის გუნდმა რადიკალური საკანონმდებლო რეფორმები დაიწყო. მთავრობამ ახალი კონსტიტუცია მიიღო, რომელშიც აკრძალა აბორტი, ქორწინება კი ქალისა და მამაკაცის ერთობად განსაზღვრა. ევროკავშირმა ეს ორივე ნორმა მიუღებლად ჩათვალა, ევროკავშირის ქვეყნების დიდი ნაწილი საპირისპირო მიმართულებით მიდის და ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებას ცდილობს. მათი თვალთახედვით, ეს უკან გადადგმული ნაბიჯია.

დიდი ხმაური მოჰყვა ორბანის გუნდის კანონს, ქვეყნის გარეთ მყოფი ეთნიკური უნგრელების დაცვის შესახებ. განსაკუთრებით გაღიზიანდა სლოვაკეთი, სადაც ბევრი ეთნიკური უნგრელი ცხოვრობს. ორბანის განცხადება ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევად განიხილეს.

ორბანის მთავრობას მედიის შესახებ კანონის გამოც ედავებიან. ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს თქმით, კანონი მედიადამოუკიდებლობას ამცირებს. კანონმდებლობა ძლიერი საზედამხედველო ორგანოს შექმნას ითვალისწინებს, რომელიც მედიის ობიექტურობას და დაბალანსებულობას გააკონტროლებს. ორბანის თქმით, ახალ მედიაკანონში ისეთი არაფერია, რაც სხვა ევროპული ქვეყნების კანონმდებლობაში არ გვხვდება. მოგვიანებით კანონის ნაწილი სასამართლომ გააუქმა, ორბანმა კი ეს სასამართლოს დამოუკიდებლობის მტკიცებულებად გამოაცხადა.

2 წლის წინ საპარალამენტო არჩევნებში ფიდესმა ხმათა ორი მესამედი მოიპოვა. ორბანის მთავარი დაპირება ქვეყნის პოლიტიკის კომუნიზმის ნარჩენებისგან გაწმენდა და „სისტემის გადატვირთვა” იყო. პრემიერ-მინისტრის ეს დაპირება რეალურ პრობლემებზე იყო დაფუძნებული. მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, უნგრეთში კომუნისტური რეჟიმი რევოლუციით კი არ დაამხეს, არამედ კომპრომისის საშუალებით შეიცვალა. ძველი სისტემის დეფექტები, განსაკუთრებით კი – გაუმართავი გადასახადების სისტემა და ვალზე დამოკიდებულება, ქვეყნის აწმყოს გადმოჰყვა. დეკომუნიზაციის არასრული პროცესი მხოლოდ უნგრეთისთვის არ არის დამახასიათებელი. იმავე პრობლემას პოლონეთში კაჩინსკიც ხედავდა და ორბანის მსგავსად, ისიც ცდილობდა სისტემის გაწმენდას.

გარდა ქვეყნის პრობლემებისა, ორბანის მიზანი უნგრეთისთვის ევროკავშირისგან მეტი დამოუკიდებლობის მოპოვება იყო. პრემიერის ხედვით, ევროპა სუსტდება და უნგრეთმა მისგან დამოუკიდებელი კურსის გატარება უნდა შეძლოს. ეს ევროკავშირიდან გასვლას არ გულისხმობს. ორბანმა მრავალჯერ აღნიშნა, რომ უნგრეთი ევროკავშირის ნაწილი უნდა იყოს.

თუმცა ქვეყნის სრული დეკომუნიზაცია და სისტემის გადატვირთვა არცთუ ისე მარტივი გამოდგა. ორბანს მძიმე ეკონომიკური პრობლემები ერგო და რეფორმების აუცილებლობა ნამდვილად არსებობს. 1990-იან წლებში მცირე რეფორმებმა უნგრეთში საცხოვრებელი პირობები გააუმჯობესა. თუმცა მალევე, ხელისუფლებაში მოსულმა სოციალისტურმა მთავრობამ, საჯარო ვალი 53%-დან 80%-მდე გაზარდა. ეს ყველაფერი ეკონომიკურ კრიზისამდე მოხდა, კრიზისმა კი ქვეყანა კიდევ უფრო დააზიანა. ორბანი ეცადა ეკონომიკური რეფორმა ისე გაეტარებინა, რომ ქვეყანა დანარჩენი ევროპის მსგავსად კრიზისში არ აღმოჩენილიყო ჩათრეული. თუმცა ორბანის ეკონომიკური პოლიტიკა, ზოგის შეფასებით, არასწორი მიმართულებით წავიდა. ამის მაგალითი, კერძო საპენსიო ფონდის ნაციონალიზაციაა. ამან ინვესტორები შეაშინა და ისედაც მძიმე პირობებში მყოფი ქვეყანა, კიდევ უფრო უკან დასწია. უნგრეთი კვლავ ევროკავშირის და საერთაშორისო ფინანსურ დახმარებაზეა დამოკიდებული.

შიდა პოლიტიკის ზოგიერთ არასწორ მიმართულებას გარე წნეხიც ემატება. ევროკავშირი არ დაუშვებს, ქვეყნებმა მისგან დამოუკიდებლად რადიკალური რეფორმები გაატარონ. ასეთ მოქმედებას ევროკავშირის იმპერიული პოლიტიკაც კი უწოდეს. უნგრეთში, ევროკავშირის ამ ქმედებებს, ბევრი, ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ჩარევად განიხილავს. მათი თქმით, უნგრეთი აკმაყოფილებს დემოკრატიის მოთხოვნებს – ხელისუფლებას ხალხი ირჩევს და კონსტიტუციური კონტროლის მექანიზმებიც არსებობს.

ბრიუსელთან დაპირისპირებაში ბუდაპეშტი სულ უფრო იზოლირებულია, რაც ორივე მხარეს აზარალებს. ამას უნგრეთისთვის მძიმე ეკონომიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს. დამარცხებულია ევროკავშირიც: ბუდაპეშტის იზოლაციით იგი გავლენას კარგავს ამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, რაც ევროკავშირის დემოკრატიულ იმიჯზე უარყოფით გავლენას ახდენს. ამასთან ერთად, ბუდაპეშტზე დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გააუარესებს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ უნგრეთის ეკონომიკურ მდგომარეობას. ეს კი ისევ ევროკავშირის პრობლემად იქცევა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები