ტიბეტი

ტიბეტში თვითდაწვათა რიცხვი მატულობს

0 კომენტარი

წლიდან მოყოლებული, ბეიჯინის რეჟიმთან შეურიგებლობისთვის ხაზის გასასმელად, ოცდაათამდე ტიბეტელმა თავი დაიწვა. იანვრის შემდეგ დაახლოებით თხუთმეტი ამგვარი შემთხვევა აღინიშნა. ცოტა ხნის წინ, ცინხაის პროვინციაში, 44 წლის ფერმერის, სონამ სარჯიალის მიერ თავის დაწვას, ათასობით ტიბეტელის საპროტესტო გამოსვლა მოჰყვა. დემონსტრანტები ტიბეტში ჩინეთის რეპრესიულ მმართველობას აპროტესტებდნენ და გადასახლებაში მყოფი დალაი ლამას დაბრუნებას მოითხოვდნენ.

თავის დაწვის რელიგიურ რიტუალს დიდი ისტორია აქვს, თუმცა პოლიტიკური დატვირთვა გასულ საუკუნეში შეიძინა. დასავლური მედიის აქტიურმა გაშუქებამ კიდევ უფრო წაახალისა ბეიჯინის კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტები. ეს, ერთი მხრივ, მოწამეობის მიღწევის საშუალებაა. თუმცა ბუდიზმი არ ჰპირდება მარტვილებს რაიმე სახის უპირატესობას რეინკარნაციის შემდგომ. მეორე მხრივ, სუიციდს ალტრუისტული ბუნება აქვს – რაიმე სახის კოლექტიურ მიზანს ემსახურება. თვითდაწვის რიტუალი კატეგორიულად კრძალავს სხვებისადმი რაიმე სახის მატერიალური თუ ფიზიკური ზიანის მიყენებას, განსხვავებით ისლამური სუიციდური ტერორიზმისგან, რომელიც მიზნის მიღწევას თვითმკვლელობასთან ერთად სხვათა მკვლელობით ცდილობს. ბუდისტური დოქტრინები უარყოფს ინდივიდუალური პროტესტის ამ გზას. დალაი ლამამ თავის გამოსვლებში მრავალჯერ აღნიშნა, რომ ბუდიზმი გმობს საკუთარი თავის წინააღმდეგ ძალადობას. „თვითმკვლელობაც ძალადობის სახეობაა”, – განაცხადა მან ტიბეტელებისადმი მიმართვაში. ბუდისტისთვის თვითმკვლელობა დაუშვებელია. ითვლება, რომ ბუდიზმის მიმდევარმა ტანჯვა წყნარად და მოთმენით უნდა აიტანოს.

ტერორისტული თვითმკვლელობებისგან განსხვავებით, თავის დაწვით პროტესტებს ორგანიზებული სახე არ გააჩნიათ. მაიკლ ბიგსმა, ავტორმა წიგნისა „სიკვდილი მკვლელობის გარეშე”, 533 ინდივიდუალური შემთხვევის ანალიზის შემდგომ დაასკვნა, რომ პროტესტის მსგავსი სახეობა ძირითადად ინდუისტურ და ბუდისტურ კულტურებში გვხვდება და წინა შემთხვევის მიმბაძველობით არის განპირობებული. მეცნიერებმა მიმბაძველობითი სუიციდის ფენომენს, გოეთეს „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანის” მიხედვით, „ვერთერის ეფექტი” უწოდეს. გოეთეს პროტაგონისტის, ვერთერის, სუიციდი 2000-მდე ადამიანისთვის გახდა შთაგონების წყარო.

თავის დაწვას, როგორც პროტესტის გამოხატვის საშუალებას პირველად ტხიტ ქუანფ დუკმა მიმართა 1963 წელს. მან, საიგონის ცენტრალურ მოედანზე, ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა. ამით სამხრეთ ვიეტნამის მაშინდელი მთავრობის ბუდისტებისადმი მიმართულ დისკრიმინაციულ პოლიტიკურ კურსზე გაილაშქრა. იმავე სახით გამოხატა იან პალახმა პროტესტი 1968 წლის ჩეხეთის საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ. პრაღის გაზაფხულის შემდგომ ცეცხლის ალები არაბულ გაზაფხულსაც მისწვდა. 2010 წლის 17 დეკემბერს, ტუნისელი მუჰამედ ბუაზიზის მიერ თავის დაწვას სახალხო ამბოხები მოჰყვა, ეს ახლო აღმოსავლეთში რევოლუციათა საწყისი წერტილი იყო.

ტიბეტში თვითშემწირველთა უმრავლესობას ახალგაზრდა ბერ-მონაზვნები შეადგენენ. მათი ძირითადი ნაწილი კირტის მონასტერს ეკუთვნის, რომელიც ტიბეტური ნაციონალიზმის მთავარი კერაა. ბეიჯინი ტიბეტელ თვითმკვლელ ბერებს დალაი ლამას მიერ მოტივირებულ „შენიღბულ ტერორისტებს” უწოდებს. ხოლო გადასახლებული მთავრობის პრემიერ-მინისტრი, სობსანგ სანგაი, ტიბეტელთა სუიციდს ბუდისტური სწავლების წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას აბრალებს.

უკანასკნელი სამი წლის მანძილზე, ხელისუფლებამ, უამრავი ბერი თუ ტიბეტის ელიტის წარმომადგენელი დააპატიმრა და აწამა. ყოველ სუიციდს პარტიის განრისხება მოსდევს. ჩინელებმა ბევრი მონასტერი დახურეს და დალაი ლამას სურათის ქონაც კი აკრძალეს. პარტია უბრძანებს ტიბეტელებს გაიარონ „ხელახალი პატრიოტული განათლება”. ამ პროგრამით ბუდისტები იძულებულნი არიან დალაი ლამა დაგმონ და პარტიას მისცენ ფიცი. გარდა ამისა, ტიბეტის ავტონომიურ ოლქში შესაძლო მღელვარებების ჩასახშობად საჯარო ნაწილების დიდი რაოდენობაა განლაგებული. პროტესტის ეს ექსტრემისტული სახე ტიბეტელისთვის ერთადერთი გზაა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად.

კომუნისტური პარტია ცდილობს თავიდან აიცილოს მოვლენათა საჯაროობა, აკონტროლებს ინტერნეტს და სატელეფონო კავშირებს. ტიბეტის 2008 წლის აჯანყებიდან ოთხი წლისთავის მოახლოებასთან ერთად, ოფიციალურმა ბეიჯინმა სამოგზაურო სააგენტოები გააფრთხილა – 20 თებერვლიდან 31 მარტამდე უცხოელებს არ აქვთ უფლება იმოგზაურონ ტიბეტის ავტონომიურ ოლქში. სახალხო მღელვარების შემდეგ, ტონგრენის საჯარო უსაფრთხოების სამსახურში უბრალოდ არ პასუხობენ სატელეფონო ზარებს. თუმცა ტიბეტური ნაციონალიზმი ბეიჯინის რეპრესიების კვალდაკვალ ფენიქსივით ცოცხლდება ფერფლიდან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები